კვირის ბოლომდე ენერგოტარიფების მიმართულებით გარკვეული მონახაზი გაჩნდება.
საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას 7-8 ნოემბერსს შეხვდება. შეხვედრის თემა ტარიფები იქნება, რომელიც, კალაძის განცხადებით, საზოგადოებაში ყველაზე აქტუალურია. მანამდე კი მინისტრი ენერგოკომპანიებთან სინჯავდა ძალებს.
«როგორც კი მინისტრად დავინიშნე, მე და ჩემმა გუნდმა ამაზე მუშაობა პირველივე დღიდან დავიწყეთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრები დავაგრძელებთ ამ შეხვედრებს ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც ენერგეტიკის სფეროში საქმიანობს. ჩვენ ალბათ, მიმდინარე კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს მარეგულირებელ კომისიასთან გვექნება შეხვედრა. იცით, რომ მე, როგორც მინისტრს, პირდაპირი ბერკეტები არ მაქვს, რომ ჩემი ბრძანებით ტარიფების დაწევა მოხდეს. არსებობს კონტრაქტები, არსებობს მემორანდუმები, რომელიც გაფორმებულია იმავე «თელასთან», «ენერგო პროსთან» და ეს ყველაფერი გადასახედია», - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მოსახლეობას ახლო მომავალში ეცოდინება, თუ რამდენად და რამდენით არის შესაძლებელი ტარიფების დაწევა.
«ჩვენ არ გვქონდა საშუალება, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში შევსულიყავით, რომელიც საპარტნიორო ფონდში შედის და იქ არსებულ სიტუაციას გავცნობოდით. თუმცა ახლა უკვე ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდება თუ რა ხდება ამ კომპანიაში. ამდენად, გაზზეც, საწვავზეც, ახლო მომავალში ეცოდინება მოსახლეობას, რამდენად და რამდენით არის შესაძლებელი ტარიფებისდაწევა», - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტარიფების შესაძლო შემცირებაზე „თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. შეკითხვაზე რამდენად მზად არიან ელექტროენერგიის ტარიფში საკუთარი წილი შეამცირონ და რეალურად ხედავენ თუ არა რესურსს ტარიფის შესამცირებლად, „თელასში“ პასუხისაგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას საჭირო დროს გენერალური დირექტორი გაახმაურებს. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ „ენერგო პრო ჯორჯიაშიც“.
ამჟამად არსებული ხელშეკრულებების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიწ. მას არ მიაჩნია მართებულად ის, რომ კომპანია შემოდის ქვეყანაში, დებს ინვესტიციებს და 5 წელში მთლიანად სურს ჩადებულის ამოღება.
«არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ კომპანიები შემოდიოდნენ და მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით მომხმარებელთა უფლებებს არღვევდნენ», – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი., კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად არ აისახება.
«საქართველოდან არცერთი ინვესტორის გაგდებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ სამართლიანი მოთხოვნების დაყენებას. ის, რომ საქართველოს მოქალაქე იხდის იმავე ტარიფს, რასაც განვითარებული ქვეყნის მოქალაქე, არის აბსოლუტურად არასწორი», – დასძენს ეკონომიკის მინისტრი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფებზე ფასებს კანონმდებლობით და კომპანიების მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს. სემეკი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების ორგანოა, რომელიც სახელმწიფო ორგანობისგან დამოუკიდებელია. კომისია 5 წევრისგან შედგება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. ერთ-ერთ წევრს კი, პრეზიდენტი კომისიის თავჯდომარედ 6 წლის ვადით ამტკიცებს. სემეკის დაფინანსების ძირითად წყაროს ლიცენზიების მქონე კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური წარმოადგენს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი კომისიის დაფინანსება იმ კომპანიებისგან, რომლის ზედამხედველობასაც იგი ახორციელებს, არც ისე მისაღები პრაქტიკაა.
2012 წლის 5 აპრილის მონაცემებით, ლიცენზიის მქონე კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის განაწილებას უზრუნველყოფენ, არიან სს «თელასი» (1998 წლიდან), სს «კახეთის ენერგოდისტრიბუცია» (2003 წლიდან) და სს «ენერგო პრო-ჯორჯია» (2007 წლიდან).
ეკონომიკის ექსპერტი შოთა მურღულია (რომელიც ორიოდე დღის წინათ რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა) აღნიშნავს, რომ დაფინანსების 90% სწორედ ისეთ მსხვილ კომპანიებზე მოდის, როგორიცაა, მაგალითად, „თელასი“.
«მარეგულირებელის მთავარი დამფინანსებელი მსხვილი კომპანიებია, ამიტომ დიდი შანსია, რომ კომისია მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებისას სუბიექტური იყოს. ვფიქრობ, ინსტიტუციურად გადალაგება დასჭირდება მარეგულირებელს. ვერ ვხედავ არსებით განსხვავებას, თუ ამ ორგანოს სახელმწიფოზე დამოკიდებულებაა ცუდი, ბიზნესზე დამოკიდებულება რატომ შეიძლება იყოს კარგი», - ამბობს მურღულია.