არჩილ კბილაშვილი: თუ მოსამართლის დანაშაული გამოიკვეთება, იგი  პასუხისგებაში მიეცემა

არჩილ კბილაშვილი: თუ მოსამართლის დანაშაული გამოიკვეთება, იგი პასუხისგებაში მიეცემა

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იშვიათი კადრი, რომლის პროფესიონალიზმისა და პატიოსნების შესახებ კითხვები არ გაჩენილა, გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი გახლავთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოება მოუთმენლად ელის საქართველოში მართლმსაჯულების აღსრულებას, ნათელია, რომ ყველაზე რთული სამუშაო მას მოელის. უკვე ცნობილია, რომ წინა ხელისუფლებისგან  განსხვავებით, ამჯერად საქმეები საჩვენებელ დაჭერებსა და ბინებში შევარდნაზე არ იქნება აგებული. თუმცა ფაქტია, რომ ხალხი ინიციატივის აღებას სწორედ ახალი ხელისუფლებისგან მოელის. მათ შორის, დიდი მოლოდინია, რომ სისხლის თუ სამოქალაქო საქმეებში მხილებული დამნაშავე მოსამართლეები გასამართლდნენ.

For.ge-ს სტუმარია მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.

თავის დროზე ჩვენთან საუბარში თქვენ იუმორით შენიშნეთ, რომ საქართველოდან გაქცეული დამნაშავე მაღალჩინოსნები, თუკი პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებდნენ და არ შეიცვლიდნენ იმიჯს, ისე მართლმსაჯულებას ვერ დაემალებოდნენ. დღეს შაშკინი გაქცევისა და ჯარის მიტოვების გამო თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც აღმოჩნდა, როლანდ ახალაია შვილებს ასვენებს“, მიხეილ სააკაშვილს კი, როგორც ამბობენ, მაროკიში, ფეშენებლური სასახლის მშენებლობა დაუსრულებია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აინტერესებს, ძალიან ხომ არ გახანგრძლივდება ყოფილი მაღალჩინოსნებისშვებულება?“ მით უფრო, თქვენ განაცხადეთ, რომ გახმაურებულ საქმეთა გარდა, გაქცეულ მაღალჩინოსნებს ფინანსურ დარღვევებზეც მოუწევთ პასუხისგება.

- შეკითხვებში ქვეტექსტები არის, მაგრამ ძალიან პირდაპირ და მარტივად ვიტყვი, რომ ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება როდესაც დაიწყება, ამა თუ იმ სამინისტროში არსებულ ფინანსურ ხარჯებზე რა შედეგსაც დააყენებს გამოძიება, იმას განვახორციელებთ. გამოიკვეთება მინისტრის, მოადგილის ან სხვა პირის პასუხისმგებლობა? შესაბამისად, მივცემთ პასუხისგებაში. არ გამოიკვეთება - არ მივცემთ. თუ საქართველოში არის პასუხისგებაში მიცემული პირი, თავისთავად, მოვიწვევთ და, პროცესუალურად, პასუხისგებით რა ფორმებიც არის განსაზღვრული, მას ის სტატუსი ექნება. თუ არ არის საქართველოში, მაშინ შესაბამის ქვეყანას, სადაც იგი იმყოფება, ანალოგიური შუამდგომლობით მივმართავთ. ერთი სიტყვით, გავაკეთებთ იმას, რაც კანონითაა გაწერილი.

ერთგან თქვენ აღნიშნეთ, რომ გახმაურებულ საქმეთა გარდა, მათ ფინანსურ დარღვევებზეც მოუწევთ პასუხისგება. ეს შეკრებითობის პრინციპით მოხდება და მათ გახმაურებულ დანაშაულებებს ფინანსების გამო პასუხისგებაც დაემატება?

- სიმართლე გითხრათ, ეს განცხადება ზუსტად არ მახსოვს, როგორი კონტექსტით ვთქვი. იმიტომ კი არა, რომ რამეს უარვყოფ, უბრალოდ, რომ მეთქვა, ფინანსურ დარღვევებსა და ვალებზე მოუწევთ პასუხისგება-თქო, მე ჯერ არ ვიცი, რა ფინანსური დარღვევებია და რომელ პასუხისმგებლობაზეა საუბარი. უბრალოდ, ალბათ, კონტექსტის აზრი ის არის, რომ, თუ ასე მართლაც მოხდა, ეს პასუხისმგებლობა დადგება. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე წინასწარ ვიცი რომელიმე ფინანსური დარღვევის შესახებ.

შეკრებითობის პრინციპით მოხდება მათი დანაშაულის გამოვლენა?

- თუ კანონი არ შეიცვალა და რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედებისთვის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, მართლაც შეკრებითობის პრინციპი ამოქმედდება, მაგრამ თუ შეიცვალა, შეკრებითობა აღარ იქნება.

ბოლო ხანს გენპროკურატურაში სარჩელები შევიდა პრეზიდენტის წინააღმდეგ, მათ შორის, ჯონდი ბაღათურიამაც შეიტანა სარჩელი პრეზიდენტის მიმართ და იქ ფინანსურ დარღვევებსა და კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას. მაინტერესებს, პროცესუალურად როგორ მოხდება მისი დაკითხვა? იგი მაინც პრეზიდენტია და პასუხისგებაში მიცემა რთული ხომ არ იქნება?

- საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ხელშეუვალია და, რომ არ შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა პრეზიდენტობის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი განცხადება, რომელიც შინაარსობლივად მისი მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შეიცავს, შესწავლილ იქნება არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში, სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში და, თუკი იმ აზრამდე მივალთ, რომ ეს მტკიცებულებები საკმარისია პასუხისმგებლობაში მის მისაცემად, მაშინ უკვე უნდა მივმართოთ პარლამენტს იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად. ეს არის კანონი. ჩვენი მხრიდან საქმის გართულებულად შესწავლა არ მოხდება. თუ იმ დასკვნამდე მივედით, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, გადავცემთ პარლამენტს და უკვე მისი საქმეა, რას გააკეთებს.

მოგეხსენებათ, პარლამენტშიც შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ამ შემთხვევაში, რაღაცნაირად პარლამენტის საგამოძიებო კომისიისა და გენპროკურატურის ფუნქციების დუბლირება, ფუნქციების გაორება ხომ არ მოხდება?

- არ მოხდება, რადგან, ელემენტარულად, კომუნიკაცია გვექნება და იმ საკითხებს, რომელსაც საგამოძიებო კომისია შეისწავლის, პარალელურ რეჟიმში ჩვენ არ შევისწავლით. ეს არის და ეს. ამდენად, გაორებას არ ექნება ადგილი.

საზოგადოებაში ასეთი მოლოდინიცაა, რომ გახმაურებული საქმეების პარალელურად, უნდა დაისვას იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არაერთი დანაშაული ჩაიდინეს. ამ საკითხს როგორ უყურებთ და მოხდება თუ არა საზოგადოების სამართლიანი სურვილის დაკმაყოფილება, რომელთაც დამნაშავე მოსამართლეების ნახვა, უბრალოდ, აღარ სურთ ამ პოსტებზე?

- მოსამართლის მიერ შესაძლო დანაშულის გამოძიება სხვაგვარად ხდება. მინიმუმ, უნდა მოხდეს იმ განაჩენის ან იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც უკანონოა. მისი გაუქმების შემდეგ უნდა გამოიკვეთოს დანაშაულებრივი ქმედების აშკარა ნიშნები, რის შემდეგაც მოსამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის განსხვავებული პროცედურები არსებობს. თუკი შესაბამისი მასალა, მონაცემები, ფაქტობრივი ინფორმაცია იქნება, თავისთავად ცხადია, გამოძიებას არაფერი დააბრკოლებს. თუ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ამა თუ იმ მოსამართლის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მაშინ უკვე მოქმედებს შესაბამისი პროცედურები. კონკრეტულად რა მოხდება, პასუხისმგებლობაში მიცემისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩართვას ითვალისწინებს კანონი, თუ სხვა რამეს, რა პროცედურებიც გათვალისწინებულია, ის შესრულდება. გამონაკლისი ამ მხრივაც არ იქნება. ჩვეულებრივ, საერთო წესის მიხედვით, ყველა პირის მიმართ, ჩინიანი იქნება თუ უჩინო, გამოძიება კანონის ფარგლებში წარიმართება. რაც შეეხება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობას, მას იმუნიტეტი იცავს თუ განსხვავებული პროცედურაა მისი პასუხისგებაში მიცემისთვის, რა პროცედურაც იქნება დადგენილი, მას მივმართავთ. ეს არის ფორმულა.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, მოსამართლეთა მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი უშუალოდ მოსამართლეთა არაკომპეტენტურობასაც უკავშირდებოდეს. უკვე გამოიკვეთა, რომ ყოფილი ხელისუფლება თითქოს ცდილობს, მოსამართლეთა არაკომპეტენტურობას მიაწეროს ის, რაც, სავარაუდოდ, შეგნებულად ჩაიდინეს მოსამართლეებმა. არაკომპეტენტურობას ამოფარება მათთვის დამცავი მექანიზმი ხომ არ იქნება?

- იცით, რა არის? დანაშაული არის ის, როდესაც მოსამართლე იქნება თუ რომელიმე მოხელე, განზრახ ჩადის უკანონო ქმედებას. არსებობს, ასევე, გაუფრთხილებლობის რაღაც დოზაც და არსებობს არაკომპეტენტურობაც. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, არ ვსაუბრობთ არაკომპეტენტურობაზე, კანონის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციაზე, რომელიც ორ ან სხვა ადამიანს შეიძლება განსხვავებულად წარმოედგინოს. იმ შემთხვევაში, თუ მივალთ იმ აზრამდე, რომ მაგალითად, მოსამართლე პასუხისგებაში იქნას მიცემული, აუცილებლად უნდა არსებობდეს ძალიან მკაფიო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ წინასწარი განზრახვით მოხდა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალ სტანდარტს ავიღებთ და, არავითარ შემთხვევაში, შეცდომას, ინტერპრეტაციას, გაუგებრობას, გაუფრთხილებლობის რაღაც დოზას არ მივიჩნევთ საკმარისად, რომ პასუხისმგებლობის საკითხი გამოვკვეთოთ. მაქსიმალურად ზედა სტანდარტის მოთხოვნების ფარგლებში ვიქნებით, რომ არანაირი ეჭვი არ დარჩეს, თითქოს, იქ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას ან ანგარიშსწორებას.

მაგრამ ამით შესაძლოა, ისარგებლონ მოსამართლეებმა და საქმე, რომლითაც უშუალოდ იყვნენ დაინტერესებულნი, არაკომპეტენტურობით ჩადენილ ქმედებად წარმოაჩინონ: არ ვიცოდი, ასე ვიგულისხმე და .. ამის გამოსარიცხად გამოსავალს თუ ხედავთ?

- ასე არ არის, რომ მოსამართლეებმა ისარგებლონ. არსებობს ფაქტები და ის ფაქტები უკვე იძლევა შეფასების საშუალებას. ასეთ ფაქტებს სხვადასხვანაირად ვერ შეხედავს ორი ან სამი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, იმდენად ცალსახა იქნება იმ ფაქტების გააზრება, რომ არავის არ დარჩეს სხვაგვარად გააზრების შესაძლებლობა.

პროკურატურაში ახალი კადრების აყვანის თემასაც შევეხოთ. გამოითქმის ასეთი მოსაზრებაც, რომ, თუ ღირსეული კადრების სიმწირეა, იქნებ, მაინცდამაინც  იურისტები არც იყვნენ საჭირო და სხვა კადრი აგეყვანათ? ჩვენ გვახსოვს ცნობილი ფრანგი გამომძიებლის ვიდოკის მაგალითი, რომელმაც გაწმინდა პარიზი კრიმინალებისგან.

- პირველი, ის, რომ შერჩევის დროს ვცდილობთ კრიტერიუმი პატიოსნება და პროფესიონალიზმი იყოს. უბრალოდ, ის მოსაზრება, თუნდაც არაპროფესიონალი იყოს, ოღონდ პატიოსანი, არ იმუშავებს, თუნდაც იმიტომ, რომ კანონებთან გვაქვს საქმე და საქმე უნდა გამოიძიონ. ეს ორი კრიტერიუმია. განცხადება უკვე სამი ათასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა, ყველა მათგანი იურისტი უნდა იყოს, გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და სამართალდამცავ ორგანოში, ადვოკატად ან მოსამართლედ მუშაობის გამოცდილებით.