უკანონო ქონების დაკანონების ახალი გზა

უკანონო ქონების დაკანონების ახალი გზა

ის უძრავი ქონება, რომელსაც აქამდე სახელმწიფო, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკანონოდ თვლიდა, შეიძლება დაკანონდეს.  ამისთვის კი რამდენიმე ცნობის აღება და ცოტაოდენი თანხის გადახდა იქნება საჭირო. სამაგიეროდ, უკანონო ქონების პატრონებიც და ისინიც, ვინც მათ ამ ქონების ხელში ჩაგდებაში დაეხმარნენ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.

 

უძრავი ქონების არაკანონიერი მფლობელების ნაწილს საკუთრების ლეგალიზებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საშუალებას კი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მომზადებული კანონპროექტი აძლევს, რომელიც „ქონების ლეგალიზების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტი 2007 წლის 1-ლი იანვრამდე კანონდარღვევით მისაკუთრებული ქონების ლეგალიზების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 2012 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება იმ უძრავი ქონების ლეგალიზება, რომლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები კანონდარღვევით არის შედგენილი 2007 წლის 1-ელ იანვრამდე.

როგორც კანონპროექტში არის განმარტებული, კანონდარღვევით უნდა იყოს შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

კანონდარღვევით შედგენილი ამ დოკუმენტების მფლობელებს,ქონების ლეგალიზებისთვის ქონების ნორმატიული ფასის გადახდა მოუწევთ. ხოლო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, მცხეთაში, დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურში და ანაკლიაში, ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარს გადაიხდიან. კანონში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მესაკუთრეც და ლეგალიზაციის განმახორციელებლი პირიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. ასევე, შეწყდება დაწყებული სისხლის სამართლებრვი დევნა უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზაციის განმახორციელებელი პირის მიმართ.

 

კანონპროექტის ავტორები ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე, ანდრო ალავიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არცერთ მათგანს არ სურს, თუ რატომ გახდა ამ ცვლილების მიღება საჭირო და რაც მთავარია, რა მიზანს ემსახურება.

თუმცა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანი არის „უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის დამატებითი გარანტიების შექმნა.

 

ხელისუფლების ამ მიზანს კი ექსპერტები და პოლიტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ. როგორც „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, „უკანონო უძრავი ქონების დაკანონება, რა თქმა უნდა, შეუწყობს ხელს ბაზრის განვითარებასაც და საკუთრების უფლებების დაცვასაც, მაგრამ პრობლემა არის ის თუ რა ქონებაზეა ლაპარაკი და რატომ არის ეს ქონება უკანონო“.

 

ამგვარ პრობლემას ხედავს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილიც.

 

„შეიძლება ერთი შეხედვით ეს ინიციატივა მართლაც კარგი ჩანდეს. აბა რა სჯობს, ადამიანებს თუ საკუთრება დაუკანონდებათ და ამის გამო შექმნილი პრობლემები მოეხსნებათ. თუმცა, მაინტერესებს, რატომ დადგა ასე უცებ ხელისუფლება ასეთ კეთილშობილურ განწყობაზე, რომ ასეთ დათმობაზე მიდის. არჩევნების წინა პერიოდი რომ იყოს, კიდევ რაღაცას იფიქრება ადამიანი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძალიან ბევრ კითხვას ჰბადებს.

 

პირველ რიგში კი იმას, თუ საბუთი არის უკანონოდ გაცემული, ხომ უნდა მოიძებნოს ის, ვინც ეს უკანონოდ გასცა და დამნაშავე დაისაჯოს. მაგრამ ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს და დააკვირდით, ეს ეხება 2007 წლამდე პერიოდს, ანუ იმ პერიოდს, როდესაც ამ საბუთებს თავადვე გასცემდნენ და ახლა უნდათ, რომ ეს ადამიანები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ. და ეს ყველაფერი მოქალაქეების ხარჯზე, ვინაიდან მათ მოუწევთ გარკვეული თანხის გადახდა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ვიღაცის ხელში ძალიან ბევრი ასეთი ქონებაა მოხვედრილი და ახლა ამის დაკანონება უნდა. მე ამ ინიციატივაში სხვა მიზანს ვერ ვხედავ“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.