„ევროპული საქართველოს“ ახალი წინასაარჩევნო ტაქტიკა, რომლითაც ამომრჩევლის გაზრდას ცდილობს - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ გიგი ბოკერიას განცხადებას, რომ არ არის მომხრე ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ივანიშვილი ციხეში წავიდეს.
ანალიტიკოსთა შეფასებით, „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს, მათთვის ელექტორალურად წამგებიანია და ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან განსხვავდება. ასევე ცდილობენ იმ ამომრჩეველზე იმუშაონ, რომელსაც არც „ნაციონალები“ უნდა და არც „ოცნება“, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით, არჩევანს ისევ მმართველ პარტიაზე აკეთებს.
გიგა ბოკერიამ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას „ივანიშვილი ციხეში“. როგორც მან აღნიშნა, ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას წინა ხელისუფლების მეტნაკლებად მასობრივი დევნა არ მოჰყვეს.
„ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, თუ რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი“, - განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველო“ ამის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და „ფეისბუქზე“ სტატუსი დაწერა: „გამარჯვება „ქოცებზე“ და „ევრო-ქოცებზე“ მალე საქართველოში“.
„სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება მათ, ვინც მას ებრძოდნენ იმავე მეთოდებით, როგორც თვითონ მოქმედებს დღეს,“ - ასე უპასუხა ბოკერიამ „ნაცმოძრაობის“ ლიდერს.
ამასთან, ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ივანიშვილის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილება არის ეროვნული ამოცანა.
„თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ხალხმა, თან თქვენც დააძრეთ 2012-ში,“ - ასეთი რეაქცია ჰქონდა ბოკერიას განცხადებაზე მმართველი გუნდის წევრ ნუკრი ქანთარიას.
ბოკერიას კვლავ პოლიტიკურ ველზე ყოფნა ქანთარიამ ხელისუფლების მთავარ დანაშაულად შეაფასა.
„ერთ ძალიან კარგ და დიდებულ ამბავს მინდა გამოვეხმაურო. გუშინ თუ გუშინწინ ყური მოვკარი და მერე მოვუსმინე ჩვენი სასიქადულო დეპუტატის, ბატონი ბოკერიას წინასაარჩევნო სტრატეგია ტრალი-ვალის და სიმართლე რომ გითხრათ, გულზე მომეშვა. მინდა, „ოცნების“ წევრებსაც მივულოცო ეს სასიხარულო ამბავი, რომ თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს, მეგობრებო.
„არ ვიცი... ეს მართლაც დიდი ამბავია. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ გვაქვს ან ვეცოდებით – არა, პოლიტიკურად ეს თურმე ძალიან სწორი იქნება და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო. არადა, ჩვენი მთავარი დანაშაული, ვფიქრობ, ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები დასრიალებთ ისევ პოლიტიკურ ველზე.
„მე არ ვარ დარწმუნებული და არ ვიცი, სიგარეტი გეჭირა თუ არა, მაგრამ იმდენად სპეციფიკური ხმა გაქვს, რომ ძალიან მეეჭვება, რომ ვერ ამოეცნე ცხონებულ სულხან მოლაშვილს და ირაკლი ბათიაშვილიც არ ცდება, როდესაც ამბობს, რომ მისი უსამართლო დაჭერის ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყავით თქვენ“, - განაცხადა ქანთარიამ.
ანალიტკისო ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადება ახალი წინასაარჩევნო პოლიტიკური ტაქტიკაა. ძაბირაძის აზრით, მათ ამით სურთ ორი რამის მოგება: ერთი - ცდილობენ საზოგადოების თვალში დაამტკიცონ, რომ „ნაციონალების“ სატლიტები არ არიან და ცალკე, დამოუკიდებელი ახალი პოლიტიკური ძალაა. ამით საერთო ამომრჩევლის გადაბირება უნდათ. მეორე ამოცანაა, რომ მიიპყრონ იმ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველის ყურადღება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რევაშინსტული დაბრუნების ეშინია და მხოლოდ ამის გამო აძლევს ხმას „ოცნებას“. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში და თუ ამის აუცილებლობა იქნება, „ნაციონალებთან“ ყოველთვის ითანამშრომლებენ.
„ევროპული საქართველო“ ცდილობს, რომ თავისი ამომრჩეველი რამენაირად გაზარდოს. მათ და „ნაციონალებს“ ფაქტობრივად ერთი ამომრჩეველი ჰყავს, ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ამ ამომრჩევლის გადაბირება მოახდინონ. არის კონკურენცია და ამ შეჯიბრობის რეჟიმში „ევროპელებმა“ წინასაარჩევნო პოლიტიკური თამაში დაიწყეს.
„სხვათა შორის, „ნაციონალებიც“ იგივეს ცდილობენ და აი, ამ ამომრჩევლის გადაბირების პროცესში ერთმანეთს უპირისპირდებიან.
„ევროპული საქართველო“ ასევე „ოცნების“ ელექტორატის გადაბირებასაც ცდილობს. ადამიანების, რომლებსაც არ მოსწონთ ახლანდელი მთავრეობა, მაგრამ „ნაციონალების“ რევანშისტური დაბრუნების შიშით, ხმას ისევ მათ აძლევენ. ამიტომაც „ევროპელების“ ეს გათვლები სწორი და ლოგიკურია. ამ პარტიას ამომრჩევლის სხვა წყარო არ აქვს და ამიტომ ამ მეთოდს მიმართა“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ბოკერიამ ხალხის მოთხოვნას ფეხი ყველაზე კარგად აუწყო. მისი აზრით, ბოკერია ხვდება, რომ აქტუალური აღარ არის 2012 წლის პათოსი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და ამ მესიჯით ამომრჩევლის გადაბირებას პოლიტიკოსი ვეღარ შეძლებს. ასევე დაინახა, რომ სააკაშვილის უკან დაბრუნების შიშით, რომელიც მუდმივად დასჯით და დაჭერებით იმუქრება, ისევ „ოცნება“ ხეირობს. „ევროპელებს“ კი სურთ, რომ მიმტევებელი პოლიტიკოსების როლის თამაშით, ახალ ძალად წარმოჩინდნენ და „ნაციონალებისგან“ დისტანცირება მოახდინონ.
„ბოკერიას ეს განცხადება არცთუ უჭკუა, რადგანაც ის კარგად ხვდება, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა სხვა არის და აქ სამართლიანობის აღდგენის დაპირება, როგორც 2012 წელს ჭრიდა, აღარ გაჭრის.
„ამასთანავე, მას გათვლა რამდენიმე მიმართულებით აქვს. ერთის მხრივ უნდა, რომ „ნაციონალებისგან“ გამიჯნული იყვნენ და მეორეს მხრივ, ცდილობენ ისეთი ამომრჩეველი მიიზიდონ, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული, თუ ვინ უნდა და თან „ნაციონალების“დაბრუნებისაც ეშინია. ბოკერიას ახალი საარჩევნო ტაქტიკა ევროპულ პოლიტიკოსობაზეა გათვლილი და ცდილობს ქართულ რეალობაში რაღაც ახალი დაამკვიდროს“, - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.