უგულავამ უკუსვლა ჯერ ვერ იკისრა

უგულავამ უკუსვლა ჯერ ვერ იკისრა

გიგი უგულავა ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. თბილისის მერიას წლის ბოლომდე სოციალური დახმარების პროგრამებისთვის საჭირო 20 მილიონი ლარი შემოეხარჯა და ახლა აქეთ-იქეთ აწყდება. საქართველოს მთავრობის პოზიცია უკვე კატეგორიულია - მერიამ შეასრულოს ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე!

უახლოეს დღეებში თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობის პროექტს, რომლითაც წლის ბოლომდე სახელმწიფო სოციალური პროგრამები აღდგება.

დედაქალაქის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ირაკლი აბესაძის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად მერიის მთავარ მიზნად რჩება, გაგრძელდეს იმ სოციალური დახმარებების გაცემა, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეჩერდა.

აბესაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად რამდენიმე განხილვა შედგა.  ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ პროცესის დაჩქარების მიზნით კი, რათა სოციალური დახმარებების გაცემა უწყვეტად გაგრძელდეს, თბილისის მერია გეგმავს საქართველოს მთავრობას მიმართოს და განსახილველად წარუდგინოს პროექტი, რომლითაც 2012 წელს სახელმწიფო პროგრამები აღდგება.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით, სამი პროგრამის - უფასო სამედიცინო დაზღვევის, სოციალურად დაუცველებისათვის სოციალური დახმარებების და ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, თბილისის მერის წინადადება ამ სახელმწიფო პროგრამების აღდგენის შესახებ იქნება. უზრუნველყოფს თუ არა პროგრამების დაფინანსებას მერია, ჯერჯერობით უცნობია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც ირაკლი აბესაძემ განუცხადა, სამივე პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი წლის ბოლომდე დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა და ეს თანხა თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვა პროგრამებზე უკვე გადაანაწილა.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებით, აღნიშნული პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ამავე წლის 31 ოქტომბერს კი, საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილება გააუქმა.

გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის თვითნებური გადაწყვეტილების შესახებ ორი სამინისტრო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: ტრანსპორტის, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, უშუალოდ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და დედაქალაქის მერიას ეკისრება.

„19 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯები, საბიუჯეტო კანონმდებლობის სრული დარღვევით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტს გადასცა, რითაც 2012 წელს 25 მილიონი, ხოლო მომავალ წელს 78 მილიონი ლარი, დამატებითი ვალდებულება დააკისრა. 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საკრებულომ, დაჩქარებული წესით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამოიღო აღნიშნული პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯები.

თბილისის მერიამ სადაზღვევო კომპანიებს ოფიციალური წერილით მიმართა სადაზღვევო ხელშეკრულებების ნაადრევად შეწყვეტის თაობაზე და მიზეზად თანხების უქონლობა დაასახელა. ეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წლის განმავლობაში, ტრანსფერის სახით გამოყოფილი 450 მილიონი ლარიდან დედაქალაქს ცხრა თვის მანძილზე ათვისებული ჰქონდა 75%.

აქედან, ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი, 9 თვის განმავლობაში მერიას დახარჯული ჰქონდა 17 მილიონი ლარი, შესაბამისად, დარჩენილი იყო 13 მილიონი ლარი. სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი 52 მილიონი ლარიდან, დახარჯული იყო 30 მილიონი ლარი, დარჩენილი - 22 მილიონი.  ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებისათვის გამოყოფილი 35 მილიონიდან ათვისებული იყო 20 მილიონი ლარი და დარჩენილი რეზერვი შეადგენდა 15 მილიონ ლარს“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 19 დღის შემდეგ მაშინ, როცა მიმდინარეობდა ხელისუფლების გადაბარების პროცესი.

„ეს საკითხები გადაბარების პროცესის მიმდინარეობისას, არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე არ დასმულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ გაიცემა აღნიშნული თანხა, რადგან კანონში 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ ვალდებულების ასაღებად არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ აღდგეს თბილისის ბიუჯეტი ძველი პარამეტრებით და დაუბრუნდეს 18 ოქტომბრისათვის არსებულ სტატუს-კვოს, თბილისის მერიამ შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.