ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა. იგი ქუთაისიდან თბილისისკენ მოემართება. მართალია, ამ ქმედებით ახალაია გმირის მანტიას ვერ მოისხამს, მაგრამ, ცხადია, რაღაცამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებს, რომ თავდაპირველად იგი მოვლენებს თურმე იმიტომ განერიდა, რომ არ უნდოდა ხელისუფლების გადაბარების პროცესისთვის ხელი შეეშალა. მით უფრო, იგი ისე წავიდა საქართველოდან, წერილიც კი არ დაგვიტოვა და შაშკინის მსგავსად ეპისტოლარულ მემკვიდრეობაზე არც უფიქრია. საზოგადოება იმთავითვე შეთანხმებული იყო, რომ, როგორც წესი, მართლები არ გარბიან, ახალაიებს კი გასაქცევი მართლაც ჰქონდათ...
რამ აიძულა ბაჩო ახალაია, დაბრუნებულიყო?! იმან ხომ არა, რომ იცოდა 21-ე საუკუნეში კუკუდამალობანა არაფერში გამოადგებოდა, იქნებ, ქართულ ციხეში უფრო უსაფრთხო ვითარებაა, ვიდრე საზღვარგარეთ, თუ მართალია, მოარული შეხედულება, რომ ლოპოტას ხეობაში ჩადენილი დანაშაულისთვის ჩეჩნები მასზე შურისძიებას გეგმავდნენ, ისევ საქართველოში უსაფრთხოდ ყოფნა არჩია?!
მოკლედ, გამართლდა როლანდ ახალაიას სიტყვები: ჩემი შვილები დასასვენებლად არიან წასულნიო. თუმცა, ბაჩო ახალაიასთან ერთად არ ჩანს დასვენებული დათა ახალაია.
ბაჩო ახალაიას ნაბიჯის შემდეგ საინტერესოა, დაიწყება თუ არა საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა ოდისეა ანუ დიდი დაბრუნება?! კონკრეტულად, დაუბრუნდებიან თუ არა ქვეყანას ადეიშვილი, შაშკინი, დათა ახალაია და სხვა მაღალჩინოსნები?!
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახელით გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური ცილისმწამებლური კამპანია მის წინააღმდეგ. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ავრცელებს სპეკულაციებს, თითქოს იგი დამნაშავეა ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დატოვა ქვეყანა და გაექცა მართლმსაჯულებას. თუმცა ახალაია ირწმუნება, რომ ქვეყანა დროებით დატოვა, რადგან არ უნდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ იგი რამენაირად ხელს შეუშლიდა 1-ელი ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს.
ახალაია დღესაც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, თუმცა ოქტომბრის არჩევნებს მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს. თანაც სურს, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაფლანგოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი.
„მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას და ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს... მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემს მიმართ ადასტურებს, მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებების შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ, პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას,“ - აცხადებს ახალაია და დასძენს, - ამაყობს, რომ მათ წელში გატეხეს კრიმინალური სამყარო.
„რუსთავი 2“- სთვის მიცემულ ინტერვიუში კი აღიარებს, რომ ბოლო დროს იმდენი რამ გაიგო საკუთარი თავის შესახებ, კინაღამ თვითონაც დაიჯერა მასზე ნათქვამი ჭორები.
უფრო მეტიც, პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში უშუალო მონაწილეობას იგი არ აღიარებს, რადგან თურმე თავდაცვის მინისტრობისას არათუ სასჯელაღსრულების სისტემისთვის, საკუთარი თავისთვისაც კი არ ეცალა.
არც პოლკოვნიკ თეთრაძის დაღუპვის მიზეზებში ერკვევა. უბრალოდ, იცის, რომ ეს ადამიანი ციხეში გულის შეტევით გარდაცვლილა და სჯერა ამ ვერსიის.
ჩვენ დავინტერესდით, საზოგადოებამ როგორ აღიქვა ახალაიას დაბრუნება. პარლამენტარ კობა დავითაშვილს აინტერესებს, რატომ იძლევა ბაჩო ახალაია ინტერვიუებს და არა - ჩვენებებს და ამ შეკითხვით პროკურატურას მიმართავს. ეკა ბესელია კი ირწმუნება, თუ ბაჩო ახალაია მზადაა, კითხვებს უპასუხოს, ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით გახორციელდება. მით უფრო, რომ საზოგადოებას ახალაიას მიმართ ბევრი კითხვა დაუგროვდა. ზვიად ძიძიგურის თქმით კი, 2 ოქტომბრის შემდეგ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ბევრ მასალას ანადგურებდნენ. ამის მიუხედავად, ნებისმიერი უკანონობის დასამტკიცებლად შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტი და მამხილებელი დოკუმენტი წარმოჩინდეს, რომელიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა. ამდენად, ძიძიგურის აზრით, ბაჩო ახალაიას ე.წ. რიხიანი განცხადებები იმ იმედს უკავშირდება, რომ საქმეები შეიძლება იყოს მიმალული და სათანადო პასუხი ამა თუ იმ ჩინოვნიკს ვერ მოიკითხოს, მაგრამ გამოძიებას არავინ უნდა გაექცეს.
ახალაიას დაბრუნებამ ფორუმელებსაც მისცა განსჯის საშუალება და მათ საკუთარი შეხედულებები გამოხატეს:
„ისე, ჩანს, ბაჩანა ჩაჯდომას დათანხმდა. მაგარი იქნება, მამა პარლამენტში, ერთი შვილი ციხეში, მეორე - „პაბეგში“.
„ახალაიას ან ძალიან ცუდად აქვს საქმე, ან ძალიან კარგად, რადგან ასეთ თამამ ნაბიჯებს დგამს. საინტერესოა, რომელი ვარიანტი აღმოჩნდება სწორი?!“
„რატომ ჩამოვიდა და აქა ვარ, გამასამართლეთო?! რაღას ელოდებით, მიდით, ასამართლეთ!“
„მე მალვაში ვიყო და ვანომ ისეირნოს თბილისის ქუჩებშიო?“
„სუბარმა დაიბარა, ჩამოდი, ციხეები თავზე გვემხობაო“.
„ადამიანი ისე არ უნდა მოიქცე, რომ თავი „არ გამოგეყოფოდეს“. აქ ქურდებზე არაა საქმე მხოლოდ, აქ საქმე მის მიერ ნაცემ, ნაწამებ, დაღუპულ ხალხზეა“...
„ესე მალე დაამთავრა სწავლა? რა წერილების წერა აუტყდათ მიშას ნამინისტრალებს?“
„როგორც მინიმუმ, ვაჟკაცური ნაბიჯია.. როგორც მაქსიმუმ, იმედი აქვს, რომ ვერაფერს უპოვიან“.
„ანუ ყურად იღო გაფრთხილება, რომ აქაურ ციხეში ყველაზე უსაფრთხოდ იქნება“.
„ეჭვი მაქვს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ახლებისგან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს“.
„საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი კურდღელი ადეიშვილი გამოდგა“.
„კაცო, ესეც დეპეშებით გველაპარაკება?“
„რა გულის ამაჩუყებელია...თან წამებული იქნება ნაცმოელთათვის, ბაჩანა წამებული“.
„ამბობენ, ჩეჩნებმა ძმები ახალაიების ლიკვიდაციისთვის ჯილდო დააწესეს და იმიტომ ხომ არ ბრუნდება?“
„მან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ციხეში მისი უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება, ვიდრე ნებისმიერ ქვეყანაში“.
For.ge პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან შეეცადა გაერკვია, ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნება მისი შინაგანი სურვილით მოხდა თუ ვინმეს რჩევით?!
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმაზე იყო გათვლილი, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნების გამბედაობა ეყო. თუმცა ფაქტია, რომ საზღვარგარეთ ასე მოკლევადიანი გასეირნებით ეშმაკის მოციქული ანგელოზად ვერ გადაიქცეოდა.
„თუ გავადევდნებთ თვალყურს, როგორი გზავნილები იწერება ჩვენს მედიაში იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არც მოიცადეს არჩევნების საბოლოო შედეგთა გამოცხადებამდე, გაიპარნენ და გაქრნენ ქვეყნიდან, ყველას ახასიათებს ერთი ავტორის ხელწერა, ისინი ამაყობენ საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში საკუთარი მოღვაწეობით, ისინი არ გაურბიან არცერთ კითხვას. თუ ასეა, მაშინ რად გარბიან? შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ისინი ყველაფერზე აგებენ პასუხს და არა ვინმე სხვა, მაფიქრებინებს, რომ რომელიმე ინკოგნიტო ადვოკატი წერს ამ ტექსტებს და ამ ადვოკატს საკუთარ თავზე პრეზიდენტის დაცვა აუღია. რკინიგზიდან დაწყებული, თავდაცვითა და პოლიციით დამთავრებული, თურმე ყველაფერზე პასუხს აგებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ უწყებებს ხელმძღვანელობდნენ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პრეზიდენტის მიმართ რაიმე სასაყვედურო აღარ დაგვრჩეს. უფრო სწორად, კრება უნდა დარჩეს მხიარული.
ამდენად, ექსპერტი ეჭვობს, რომ ბაჩო ახალიას ტექსტი მისივე შეთხზული იყოს. უბრალოდ, ეს გახლავთ სრულიად მკაფიო გზავნილი ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგებისგან, რომ ყველა გაქცეული კი არ გაიპარა, არამედ გაფრინდა, რადგან ანგელოზები, ზოგადად, დაფრინავენ ხოლმე. ახლა კი უკან შემოფრინდნენ ეს ანგელოზები, თანაც, ყველა პასუხს გასცემენ ნებისმიერ კითხვას და შესაბამისად, იბერია გაბრწყინდება ნაციონალური მოძრაობის ხელში.
პარლამენტარ გია ცაგარეიშვილს აინტერესებს, ჯერ სად გარბოდა ბაჩო ახალაია და შემდეგ მის მიერ ასე რიხიანად გამოთქმული მოსაზრებაც ბევრ კითხვას აჩენს, პირველ რიგში, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან, როგორც წესი, ქვეყნიდან ის ადამიანები გარბიან, რომლებსაც რაღაც აქვთ დაშავებული.
„თუ ვინმეს კითხვა აქვს ამ სუბიექტისადმი, რა თქმა უნდა, ეს კითხვები დასმული უნდა იყოს და პასუხებიც უნდა იყოს გაცემული. თუ კითხვები არ არსებობს, ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მე ვფიქრობ, სავარაუდოდ, კითხვები ბევრი იქნება. არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, მაგრამ არა მგონია, კითხვები არ არსებობდეს ახალაიასა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით“.
ამასთან, გია ცაგარეშვილისთვის წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში სადმე დაიმალოს და მოუსავლეთში გადაიხვეწოს ადამიანი. ამდენად, მისი თქმით, ინტერპოლის საუკუნეში თუ გინდა, ჯუნგლებში დაიმალე, თუ გინდა, მის იქით, ყველგან გიპოვნიან და ჩამოგაბრძანებენ, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს.
„თუ არ ხარ შეფარებული ჰუგო ჩავესს ან ვიღაც ჭკუიდან გადაცთენილ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, არ მეგულება დედამიწის ზურგზე წერტილი, სადაც შეიძლება, ადამიანი დაიმალოს. ახალაიასნაირი ტიპები მიჩვეულნი არიან ფუფუნებაში ცხოვრებას, უზარმაზარ დაცვას. ის სპეცრაზნელთა სრული სიაც, რომლებიც მონაწილეობდნენ დარბევებში, საგულისხმო ინფორმაციაა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის. მთელი ეს ჩამონათვალი ადასტურებს ამ ვაჟბატონის უკანონო ქმედებებს. მე რომ ვიყო პროკურატურის წარმომადგენელი, მარტო ამ სტატიაზე დაფუძნებით, აუცილებლად დავიწყებდი ძიებას“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მასვე ახსენდება იმ შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა, რომლებზეც თავის დროზე ირაკლი ალასანია საუბრობდა. ეს კი ახალიაების დამქაშობითა და პირდაპირი მითითებით განხორციელდა სამეგრელოში. გია ცაგარეიშვილს ციხის ბუნტის სისხლში ჩახშობის არაერთი მტკიცებულებაც ახსენდება, ყველა ეს ბოროტება კი შეიარაღებული ძალების ვეტერანის სერგო თეთრაძის საშინელი მკვლელობით დაგვირგვინდა. უფრო მეტიც, მისი ინფორმაციით, მეგის ქარდავამ ეს დანაშაული ახალაიას უშუალო მითითებით განახორციელა. ამდენად, გია ცაგარეიშვილი ასკვნის, რომ ახალაიების ოჯახმა სისხლიანი კვალი დაამჩნია საქართველოს დღევანდელობას.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ახალაიას დაბრუნებას პარტიულ ინტერესებს უკავშირებს. ის ფაქტი, რომ ერთი მინისტრი გაიქცა და არ ბრუნდება, მეორეც გაიქცა და არ მოდის, ხოლო მესამეც სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს, ამ ერთი ციცქნა ქვეყნისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. მეტიც, სამი საკვანძო მინისტრი (შსს, იუსტიციისა და თავდაცვის), ანუ სამი ძალოვანი მინისტრი გაქცეულია. ეს რომ გარემოს დაცვის ან სოფლის მეურნეობის მინისტრები იყვნენ, სხვა საქმეა, მაგრამ აღნიშნული პირები ძალოვანები არიან და ეს უარყოფითად მოქმედებს ნაციონალების რენომეზე.
„თვითონ პარტია თუ კიდევ აპირებს სამომავლოდ თავისი ავტორიტეტის შენარჩუნებას, რათა შემდგომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რასაკვირველია, დაბეჯითებით ურჩევს სამივე მინისტრს, დაბრუნდეს და წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. სანამ ძიება არ დაიწყება, არავინ იცის, რა სამხილები და იურიდიული მტკიცებულებები არსებობს. საკმარისი არ არის, დათო აქუბარდია თუ გამოვა ეკრანზე და იქ ცეცხლს დაანთებს და ყველას დახვრეტასა და ჩამოხრჩობას მიუსჯის. ერთია, საზოგადოებრივი აზრი და მეორეა, იურისპრუდენცია და კანონი. შესაძლოა, ახალაიას აქვს გარანტრიები, რომ მას ვერაფერს დაუმტკიცებენ,“ - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მანვე ნაციონალური მოძრაობის რეპუტაციის აღდგენისა და შემდგომ არჩევნებში მონაწილეობისთვის სხვა მაღალჩინოსნების დაბრუნებაც საჭიროდ მიიჩნია. ამდენად, უნდა დაბრუნდნენ ყველანი - ადეიშვილი, დათა ახალაია და სხვები. პოლიტოლოგის აზრით, ისინი დაიქირავებენ ყველაზე ძვირადღირებულ ადვოკატებს და სულაც არაა გამოსარიცხი, იმის იმედი ჰქონდეთ, რომ რაღაცას ვერ დაუმტკიცებენ, რაღაცის სამხილი აღარ იქნება. მით უფრო, რომ დრო გასულია.
„ჩვენ არ ვიცით, იმავე ციხის ბუნტში და სხვა საქმეებში რა სამხილები არსებობს. შეიძლება, ვინმე თვითმხილველი იყოს და იცოდეს, რეალურად რა მოხდა, მაგრამ სასამართლო ამას მტკიცებულებების გარეშე არ მიიღებს“.
ამასთან, სოსო ცინცაძესაც ძნელად დასაჯერებლად მიაჩნია, რომ თურმე 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ახალაია ახალი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესისთვის ხელშეშლას მოერიდა და იმიტომ წავიდა. ამ აზრის საწინააღმდეგოდ პოლიტოლოგს ვანო მერაბიშვილის მაგალითი ახსენდება, რომელიც არსად წასულა და არც არავისთვის ხელი არ შეუშლია. უფრო მეტიც, მისი აზრით, დღეს მერაბიშვილის საკითხი უაღრესად საინტერესოა, რადგან გაცილებით მძიმე დანაშაულისთვის მას ხელს ადებს გოგლა ჟვანია და პირდაპირ პრემიერ-მინისტრის მკვლელობას აბრალებს. თუმცა ვანო მერაბიშვილი არსად მიდის, ისტერიულ განცხადებებს არ აკეთებს და საკუთარ მომხრეებს ძალიან მშვიდად ხვდება.
„თუ მერაბიშვილს არ ეშინია, ადეიშვილს რისი უნდა ეშინოდეს? უბრალოდ, შეიძლება აქ იყოს ბრბოს შიში, ლინჩის კანონი, რომ დამთხვეული ხალხი შეუვარდება ან ქუჩაში ეცემა და ხეზე ჩამოჰკიდებენ. ამის მიუხედავად, მერაბიშვილი თურმე დადის ნაციონალების ოფისში, შეხვედრებიც ჰქონია მომხრეებთან და ესეც უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ უკვე შეწყდა გადაბირებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. უბრალოდ, როგორც ჩანს, ახალაია, ცხელ გულზე გაერიდა, სანამ ვნებათაღელვა დაცხრებოდა,“ - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ბევრჯერ მომხდარა. ესა თუ ის პირი სამშობლოში დაბრუნებულა და ზოგიერთი მათგანი გამართლებულა კიდეც. ამდენად, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ პარტიის სიცოცხლისუნარიანობის დასამტკიცებლად აუცილებელია გაქარწყლდეს ყველა ეჭვი, რაც მისი ლიდერების მიმართ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტიის ლაქად მუდამ დარჩება. უფრო მეტიც, ოთხი წელი ისე გავა, რომ უკან მოხედვას ვერ მოვასწრებთ. ამიტომ მომავალ არჩევნებში ნაცმოძრაობა ვერ წარდგება ასეთი შავი ფურცლით, რადგან ყველა, ვისაც არ დაეზარება, მათ წამოაძახებს, ჯერ შენი წევრები ჩამოიყვანე, გავასამართლოთ და მერე იყარე კენჭიო.