სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბათიაშვილის მიმართ დარღვეული იყო სამართლიანი განხილვის უფლება და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დააკისრა.
AMBEBI.GE-მ თვალი გადაავლო უახლოეს წარსულში, იმ გახმაურებულ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფომ წააგო და ზიანის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხების გადახდა დაეკისრა.
ერთ-ერთი ასეთია ე.წ კორტების საქმე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა, თუმცა როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ვადის ამოწურვამდე სახელმწიფოს 4 დღე აქვს დარჩენილი და ვაზაგაშვილებისთვის ამ თანხიდან ჯერ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 12-წლიანი განხილვის შემდეგ, სარჩელზე "ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 18 ივლისს გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სამთვიანი ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს იწურება.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაზაგაშვილებმა კომპენსაცია მიიღეს, თუმცა როგორც მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედამ, ციალა ვაზაგაშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"არავის ჩაურიცხავს თანხა, სიმართლე გითხრათ არც კი მახსენდება, რომ უნდა მიგვეღო ეს კომპენსაცია. ღმერთის წინაშე ვამბობ, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, არაფერს ცვლის. ზურას ვერავინ გამიცოცხლებს! ადამიანს რომ სიხარულის განცდის უნარს წაართმევენ, ფული იქ რამეს შეცვლის?! არც ისეთი გაჭირვებული ვარ, რომ მიჩერებული ვიყო ამ თანხაზე. თუ მაინცდამაინც გადმომცეს, ზურას სულის მოსახსენიებლად ისევ გაჭირვებულებს დავურიგებ" - გვითხრა შვილმკვდარმა დედამ.
ე.წ. კორტების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, რომლითაც სტრასბურგმა დაადგინა, რომ საქართველოში არ იყო დაცული ადამიანის უზენაესი უფლება - სიცოცხლის უფლება. სტრასბურგის სასამართლომ საქმეს მიღებისთანავე მიანიჭა პრიორიტეტი და განაცხადა, რომ დარღვეული იყო ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება).
გარდაცვლილის მშობლებმა, იური ვაზაგაშვილმა და ციალა შანავამ სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს, მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოში ეს საქმე გამოძიებულად და დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ე.წ. კორტების საქმეზე არავინ დასჯილა.
22 წლის ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართლდამცავების მანქანაში ჩაცხრილეს. მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ "ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.
საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. სპეცოპერაციის გახმაურებული საქმე 2015 წლის 2 თებერვალს გახსნილად გამოცხადდა. პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.
პროკურატურამ თითქმის 9 წლის წინანდელი ოპერაცია გამოაცხადა სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ "შეიარაღებულ თავდასხმად" და განაცხადა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ემსხვერპლა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას შურისძიებას.
გამოძიების ინფორმაციით, სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა, რათა ერთის მხრივ, შური ეძია 2006 წლის აპრილში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დაკავებული მისი ძმის გამო, რომელიც ამ დანაშაულში ალექსანდრე ხუბულოვმა ამხილა, ხოლო მეორეს მხრივ, "ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის" ფარგლებში "დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯი დაემკვიდრებინა".
ვაზაგაშვილების ოჯახური ტრაგედია ამით არ დასრულებულა. 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს იური ვაზაგაშვილი. ის შვილის სასაფლაოზე აფეთქდა.
უფროსი ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში იბრძოდა სიმართლის დასადგენად შვილის მკვლელობის საქმეზე და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას. ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ ზოგიერთი სამართალდამცველი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, კვლავაც რჩებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ "მფარველობაშიც" კი დაადანაშაულა.
აფეთქებიდან რამდენიმე კვირაში პროკურატურამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედებოდა იური ვაზაგაშვილის აფეთქების მოწყობა. ეს იყო პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. პროკურატურის თანახმად, მისი დნმ-ის გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის გიორგი სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელზეც სტრასბურგმა საქართველოს სახელმწიფოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო. ქართულ მართლმსაჯულებას საერთაშორისო დონეზე აღიარებული მსხვერპლები, ყველა ხელისუფლების დროს ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ყველაზე ხშირად სიცოცხლის უფლების ხელყოფაში ადანაშაულებს. კომპენსაციები დაზარალებულებზე ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების გამო, საქართველოში მოქალაქეები ორმაგად ზარალებიან.
მთავარია, კორტების საქმის ნაცი მოსამართლე ახლა უზენაესის უვადო მოსამართლედ არ იყოს წარდგენილი!..