სამტრედიიდან for.ge-ს რედაქციაში ოთხი თვის წინ ავტომატის ჯერით დაცხრილული პაატა ტაბიძის ძმა, გიორგი ტაბიძე მოვიდა და დახმარება გვთხოვა, იმ იმედით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მისი ძმის მკვლელობის საქმეს გულისხმიერებით მოეკიდება და სამართალი იზეიმებს. გიორგი ტაბიძის განმარტებით, გამოძიება ადგილიდან არ იძვრის და მის ოჯახს საქმის ვითარებას არ აცნობენ.
მასთან დამშვიდობების შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდით იმერეთის სამხარეო პოლიციის ერთ-ერთ გამომძიებელს მერაბ შენგელიას, რომლისგანაც შევიტყვეთ, რომ ძიება დასრულდა და საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. გიორგი ტაბიძეს ხელმეორედ ვესაუბრეთ - ძიების დასრულების შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო და გაოცება გამოხატა. გამომძიებელმა მერაბ შენგელიამ კი ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხა და მერაბიშვილისდროინდელი ტერმინი გამოიყენა - “მიმართეთ პრესცენტრს“.
გიორგი ტაბიძე: მინდა გთხოვოთ წერილის მომზადება იმ უსამართლობის შესახებ, რაც მე და ჩემმა ოჯახმა ვიწვნიეთ - 36 წლის ძმა, პაატა ტაბიძე მომიკლეს. მას შემდეგ 4 თვე გავიდა და ძიება ადგილიდან არ იძვრის.
2012 წლის 14 ივნისს ღამის ორ საათზე პაატა სახლიდან გაიყვანეს. დილის შვიდ საათზე, სახლთან ახლოს, ე.წ. გაზის ტრესტთან გარდაცვლილი ვნახეთ - ავტომატიდან ნასროლი ექვსი ტყვიიდან პაატას ხუთი ჰქონდა მოხვედრილი, ორი წინა მხრიდან და სამი უკნიდან; რომ წაიქცა, ეტყობა კონტროლი გაუკეთეს.
რას საქმიანობდა თქვენი ძმა?
- დროებით უმუშევარი იყო.
სახლიდან ვინ გაიყვანა?
- ალეკო ნიკოლეიშვილმა გაიყვანა - მერაბ მეფარიშვილი გეძახისო. მეფარიშვილმა ნიკოლეიშვილი დამძახებლად გამოიყენა. წინა დღით, 13 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე ნიკოლეიშვილმა ჩემს უბანში ჩემი ძმის, პაატას ტელეფონი იკითხა. იქიდანვე დაურეკა. ამ დროს ჩემი ძმა სახლში იყო და ფეხბურთს უყურებდა, ბავშვი გულზე ეწვა. ნიკოლეიშვილმა გასვლა და შეხვედრა სთხოვა. ამ შეხვედრაზე უთხრა, რომ მერაბ მეფარიშვილს მისი ტელეფონის ნომერი სჭირდებოდა. ჩემმა ძმამ თავისი ნომერი დაუწერა და გაატანა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნიკოლეიშვილმა ხელმეორედ დაურეკა და უთხრა - მერაბ მეფარიშვილი ამა და ამ ადგილას გიცდისო. ჩემი ძმა სახლიდან გავიდა. შემდეგ რა მოხდა, რაზე ისაუბრეს, ეს კაცმა არ იცის. დაახლოებით ღამის ორ საათზე მეზობლებმა ავტომატის სროლის ხმა გაიგონეს. მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 40 მეტრში დასახლებული ადგილია.
სად არის ახლა ეს ორი ადამიანი - მეფარიშვილი და ნიკოლეიშვილი?
- ნიკოლეიშვილი დაკავებულია და ამბობს, რომ მან ჩემი ძმა მეფარიშვილთან მიიყვანა და იმის შემდეგ იქ რა მოხდა, არ იცის, რადგან იქიდან წამოვიდა. ვეჭვობთ, რომ მკვლელი მეფარიშვილია. პოლიციაც იგივეს მიდასტურებს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეს ადამიანი კაცის დაჭრის გამო იძებნებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად - ის ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა, ხალხი ამას ხედავდა.
ხომ შეიძლება საპროცესო შეთანხმებით იყო გათავისუფლებული?
- როგორ გეკადრებათ?! პოლიცია მის სახლში პერიოდულად მიდიოდა და ჩხრეკას ატარებდა.
რა საერთო ჰქონდათ თქვენს ძმასა და მეფარიშვილს?
- ადრე მეგობრობდნენ. ახლა რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდათ, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. შესაძლებელია, ვინმეს დაყაჩაღება შესთავაზა. ჩემი ძმა ქურდობის მცდელობის მუხლით ნასამართლევი იყო, წელიწადი და 1 თვე იჯდა, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ორი შვილი ჰყავდა. მისი მესამე შვილი დღე-დღეზე გაჩნდება.
რა იცით მეფარიშვილზე, გარდა იმისა, რომ იძებნებოდა?
-13 წლის იყო, კაცი რომ დაჭრა და ამის გამო სასჯელს იხდიდა. გათავისუფლების შემდეგ მსგავსი რამ მოხდა და კიდევ დაიჭირეს. მესამედაც დაჭრა კაცი და როგორც ზემოთ გითხარით, 9 თვე ეძებდნენ. ახლა პოლიციელები მეუბნებიან, ძებნილი არ იყოო. არადა, თავად მეფარიშვილი ამბობდა, რომ მას ეძებდნენ. ამასობაში, როგორც გითხარით, პერიოდულად პოლიცია სახლში აკითხავდა და ჩხრეკას ატარებდა.
და პარალელურად სამტრედიაში ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა?
- თავისუფლად დადიოდა. ავტომატგადაკიდებული რომ არ ყოფილიყო, ძმას ხომ ვერ მომიკლავდა?!
რა სტადიაშია სისხლის სამართლის საქმე?
- ძიება დაწყებულია მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებით.
რამდენად ობიქტურად და ეფექტურად იძიებენ ამ საქმეს?
- რეალურად, ვერანაირ გამოძიებას ვერ ვუყურებ. პოლიცია საქმის ვითარებას არ მაცნობს. ადვოკატს ავიყვან-მეთქი და, პროკურორი ვარ, მე ვარ შენი დამცველი და რად მინდა ადვოკატიო, - მითხრა პროკურორმა. არ ვიცი რა ვქნა - ოთხი თვეა მეფარიშვილი გაქცეულია, კაცმა არ იცის მისი ასავალ-დასავალი. სამტრედიაშია მისი ოჯახი, 27 წლისაა, ორი შვილის მამა.
თუ საქართველოში ვერ პოულობენ, მაშინ ინტერპოლით ხომ უნდა გამოაცხადონ ძებნა, მაგრამ არაფერს მეუბნებიან. სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხე, მაგრამ რად გინდა?! საქმე ადგილიდან არ იძვრის, ეს ნიკოლაიშვილიც სულ ტყუილად ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
კონკრეტულად ვის მიმართეთ?!
- სხვაზე რომ აღარაფერი გითხრათ, მერაბიშვილის “ფეისბუქზე“ 50 წერილი დავდე. ძმა მომიკლეს, მომაქციეთ ყურადღება, გამოიძიეთ ეს საქმე, რომ ჩვენი ოჯახი ყველანაირად დაცული იყოს, რადგან შესაძლებელია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგეს და მე შემომივარდეს სახლში-მეთქი, - ეს იყო, ამგვარი შინაარსის წერილებს ვწერდი.
გაქვთ იმის მოლოდინი, რომ შესაძლებელია სახლში შემოგივარდნენ?
- რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არსებობს, რადგან არ ვიცი ძმა რისთვის მომიკლეს.
რა ვერსიები აქვს გამოძიებას?
- ეგენი რას მელაპარაკებოდნენ, ვერ ვგებულობდი. თქვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, შესაძლებელია “რაზბორკა“ იყოო. ჩემს ძმას მეფარიშვილთან “სარაზბორკო“ არაფერი სჭირდა, პაატამ მასთან კონტაქტი დიდი ხნის წინ გაწყვიტა. ასე რომ, ეს ვერსია რეალობასთან ახლოს არ არის.
საქმეს იმერეთის სამხარეო პოლიცია იძებს, მაგრამ ვერც მაგათი გამოძიების გავიგე რაიმე და ვერც ვერაფერი დავადგინე. სააკაშვილის “ფეისბუქზეც“ დავდე წერილი.
რა ტიპის გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ამგვარ აქტიურობას?
- არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ეგენი არჩევნების ციებ-ცხელებაში იყვნენ და ჩემთვის ეტყობა ვერ მოიცალეს. თავად შევიტყვე, რომ მეფარიშვილზე ძებნა 22 ივნისს გამოაცხადეს. 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების პერიოდი რომ მოახლოვდა, მეფარიშვილის საძებნელად აღარავის ეცალა. ფაქტიურად, ბოლო სამი თვეა მეფარიშვილს აღარავინ ეძებს. არავინ იცის ცოცხალია, მკვდარია, საქართველოშია, გასულია თუ როგორ არის.
ადვილი შესაძლებელია, რომ მეფარიშვილი პოლიციელებთან იყო შეკრული. აბა სხვანაირად ამდენ ხანს რატომ ვერ პოულობენ?! თან, ბავშვობიდან ვიცნობ და მას თავში იმდენი ტვინი არ აქვს, რომ რაღაც დამოუკიდებლად გაეკეთებინა. უამრავი ადამიანია იმის მომსწრე რომ “პერეეზდზე“ ლუდს სვამდა, ეს ძებნილი კაცი, მოდიოდა და მისი სახლის უკან, მეზობლის საღორეში ათევდა ღამეს. მკვლელობიდან ოთხი თვეა გასული და გამოძიება ადგილიდან არ იძვრის.
ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და შინაგან საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრს მივმართავ, რათა საქმის გამოძიება კონტროლზე აიყვანოს და მოხდეს დროული და ობიექტური გამოძიება. ბატონ ღარიბაშვილს ვთხოვ ამ საქმეს გვირგვინი დაადგას, როგორც წესი და რიგია. მინდა სამართალმა იზეიმოს, ისე, როგორც ცივილურ ქვეყანას და საზოგადოებას შეშვენის.
ჩემი ძმის მკვლელობის საქმეს იძიებს იმერეთის სამხარეო პოლიცია. პროკურორი არის დავით სიმონია, ხოლო გამომძიებელი - მერაბ შენგელია. სამტრედიის პოლიცია, ასე ვთქვათ, გაფუჭებული ტელეფონის როლს ასრულებს და ასე რომ არ იყოს, ეს საქმე უკვე გამოძიებული და დასრულებული იქნებოდა.
დაკავებულ ნიკოლეიშვილს ტვინს გაუთავებლად უბურღავენ. თუ დამნაშავე არ არის, გამოუშვან, რა უნდათ იმასთან?! და თუ დამნაშავეა, კანონის სიმკაცრით აგებინონ პასუხი. თუ რაიმეთი დახმარება შეგიძლიათ, დამეხმარეთ - ეგებ გამარკვევინოთ რა ხდება; მე არაფერს მეუბნებიან და ეგებ თქვენ გითხრან. პროკურორი მეუბნება, ძებნილს მე ვერ დავაკავებ, ეგ პოლიციის საქმეაო და პოლიცია კიდევ არ ინძრევა. ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს, რომ რაიმეს აკეთებენ, რაღაცას მიაკვლიეს და რაიმე გამოავლინეს.
მითხრეს, მკვლელობის ადგილიდან 200 მეტრში ძაღლმა კვალი დაკარგაო. ჩემი ძმის დაკრძალვიდან მეხუთე დღეს იქ სამი ცალი “ლუგერის“ ტყვიის მასრა აღმოვაჩინე. დავუძახე, მოვიყვანე პოლიციის უფროსი, კრიმინალური პოლიციის უფროსი, ექსპერტი. გადაიღეს სურათები, ხელი მოკიდეს, წაიღეს და ერთი თვის მერე მეუბნებიან, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არარეგისტრირებული იარაღიდან არის ნაროლიაო. ამის მერე მივუგე - ეჭვი არ გიჩნდებათ, რომ მკვლელობის ადგილას მესამე პირიც იყო, ჩემი ძმა ხომ ავტომატის ტყვიებითაა გარდაცვლილი-მეთქი?! ხელი ამიქნიეს - მასე ხალხი გამოდის და ისვრისო.
ახლა თქვენ გეკითხებით - რომელი შტერი გამოვიდოდა და ისროდა არარეგისტრირებული იარაღიდან, მაშინ, როცა დამნაშავეს თუ უდანაშაულოს ციხეებში პანტაპუნტით ყრიდნენ?! თან იმ ადგილიდან ას მეტრში, ტრასის პირზე პატრული დგას ხოლმე.