ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მოვათვსებდი მსხვილმან–მსხვილმანებს ჩემთან, კარცერ–ლუქსში, სულ ანა–ბანათი დავაწყებინებდი – იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არა, თანმიმდევრულ მეთოდშია საქმე – და იქამდე მეყოლებოდნენ გამოკეტილნი, სანამ „შვლის ნუკრის ნაამობობის“ კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი... და არ გეგონოთ, რომ კარცერ–ლუქსის ფინანსური საკითხი არ მაქვს გადაწყვეტილი – სხვადასხვა „დოსააფებთან“ და საწევროებთან ერთად შემოვიღებდი გადასახადს კარცერ–ლუქსთათვის, ეს იქნებოდა ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი, თვეში – მანეთი, და ერთის მხრივ ეს არც ისე ბევრია, რადგან თვეში მხოლოდ ერთ ბოთლ ცუდ ღვინოს უდრის – ქართველი კაცისთის დიდი ამბავი...
(გურამ დოჩანაშვილი, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“)
ბევრი ამბები არ მომხდარა, უფრო სწორად, ბევრი კი იყო, მაგრამ ყველა ერთ ამბავში, ანუ ერთი ამბავი იყო და წვრილ–წვრილად მოყოლა–გახსენება არ ღირს, მთლიანობაში ჯობს, ერთიანობაში, აი ისე, ერთ დროს და მერეც და ახლახანაც ხშირ–ხშირად რომ გაიძახოდნენ – ახლა საჭიროა ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაციაო და ამ საქმიდან არაფერი რომ არ გამოვიდა, თუმცა ბოლოს კი გამოჩნდა ჯანსაღი ძალა, მაგრამ აგერ უკვე ერთი თვე გადის, ყველა მასში ცდილობს კონსოლიდაციას და კონსოლიდაციას კი ვღებულობთ, მაგრამ ჯანსაღი ძალის ამბავში რაღაც არ მომწონს და უფრო მეტიც – არ მომწონს რაღაც–რაღაცეები.
პირდაპირ საქმეზე გადავალ, საქმე კი ნიუსია, რამდენიმე ნიუსი და ეს რამდენიმე ნიუსიც საკმარისია იმისათვის, რომ შევიცნოთ, თუ ვინ ვართ ჩვენ. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი კახეთის ერთ–ერთ სოფელში, ქვემოღვრისნეხვში ერთი მსახიობის თეატრის ჩასვლა და მონოლოგები. ვიმეორებ – საკმარისია რამდენიმე ნიუსი, ნიუსთა ნაგლეჯებიც კი. მაშ ასე – უკვდავი „ინტერპრესნიუსი“ და პურის რიგში ტრაგიკულად ჩაკარგული თერაპევტი წარმოგიდგენთ:
„ხუთ მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გასულმა დეპუტატმა გოგი ლიპარტელიანმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, კახა ოქრიაშვილმა და სერგო ხაბულიანმა უმცირესობაში გაერთიანებაზე უარი პარლამენტში შესვლისთანავე თქვეს. მათ რიგებს ორი დღის წინ ოფიციალურად ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილიც შეუერთდა. გოზალიშვილის უმცირესობიდან წასვლით დამოუკიდებელ დეპუტატებს ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცათ“.
ეს მოხდა პარლამენტში. ფოთის საკრებულოში კი, მოხდა ეს:
„ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა დღეს - ალექსანდრე თოფურიამ და ენვერ სიჭინავამ ოფიციალურად დატოვა.
ფრაქციის დატოვების შესახებ ორივე მათგანმა შესაბამის კომისიას გუშინ მიმართა. საკრებულოს უმრავლესობამ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. დღევანდელ სხდომას თოფურია და სიჭინავა არ ესწრებოდნენ“.
გასულ კვირაში საჭირო და აუცილებელი იყო ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაცია, ჯანსაღი ძალა კი, გოგი ლიპარტელიანის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია. როგორც ჩანს იმავე ცომით არიან მოზელილნი ენვერ სიჭინავა და ალექსანდრე თოფურია. და განა მხოლოდ ისინი? გოგი ლიპარტელიანები ჯერ კიდევ ბევრია!.. მეტი სარგებელი კახა ოქრიაშვილს!.. ბათუმს ქათქათას... რაც შეეხება ბათუმს. მომდევნო ნიუსი ბათუმს შეეხება: „ბათუმის საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, პარტია დატოვეს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გენადი თებიძემ, აგრეთვე, დავით კასარაძემ და ნუკრი დოლიძემ“.
„იყო სიბნელე და უკუნი. ამოვიდა მზე და გამოანათა. გაიხარა მშრომელმა ხალხმა“ – თქვეს გოგილიპარტელიანებმა და კახაოქრიაშვილებმა, დაიკაპიწეს სახელოები და შეუდგნენ ქართველი ერის ოცნებების ასრულებას.
90–იან წლებში იყო ბანკი „დრო“ და ბევრს ემახსოვრება, რომ მაშინდელი ტელევიზიებით აქტიურად ტრიალებდა ამ ბანკის სარეკლამო რგოლი: საათის ისარი ტრიალებს. ისარს ხან ნაჯახს ჩაკრავენ, ხან მშვილდიდან ესვრიან, ხელყუმბარებით შეუვარდებიან, ბომბს აუფეთქებენ, მჟავას მიასხამენ, აგინებენ... საათის ისარი კი, მაინც ტრიალებს, ტრიალებს და ჩნდება ტიტრი – „დროს ვერაფერი შეაჩერებს“.
ამ სლოგანში, რა თქმა უნდა, „ბანკი დრო“ იგულისხმებოდა, ამ ბანკს ვერაფერი შეაჩერებსო.
და ახლა, როცა ამოვსების პირას მყოფ ჩეჩმას ვირთხები ტოვებენ, ასე მგონია, რომ დრო გაჩერდა და პოეტები რომ ამბობენ, „შეჩერდი, წამო, რა მშვენიერ ხარ“–ო, მინდა მთელი ხმით ვიბღავლო – როდემდე უნდა იყო შეჩერებული, შეჩემის შეჩერებულო!
დროს ვერაფერი შეაჩერებსო... ტყუილი ყოფილა, ანაც ჩვენ ვერ გაგვიგია და იქნებ, ძველებს ასე ჰქონდათ ნათქვამი – „მედროვეებს ვერაფერი შეაჩერებთ“.
ვნახოთ, ვნახოთ... ისე კი, ხანდახან მედროვეების შეჩერებაც არის შესაძლებელი.
„ყველაფერი, რაც კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია. არ მსურს, რომ ჩემს გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან“, - აღნიშნული იყო გია ქავათარაძის განცხადებაში.
ეს ის გია ქავთარაძეა, რომელიც... ყველამ კარგად იცის – რომელიც, და აღარ შევუდგები იმის გახსენებას, როდის რა თანამდებობას იკავებდა და, ეგ კი არ არის მთავარი, როდის რა თანამდებობას იკავებდა, არამედ ის, თუ რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც ის თანამდებობები ქავთარაძის მიერ იყო დაკავებული. მედროვეებს მართლაც ვერაფერი შეაჩერებთ და ქავთარაძის სიტყვები „...ჩემს გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება“ სწორედ ამაზე მეტყველებს.
შენ რა იცი, რა ელოდება და როგორ ელოდება? შენ ის იცი, შენ რა გელოდება – შეწუხებული და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი კახა კალაძე არ გაწირავს შეწუხებულ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილ გია ქავთარაძეს და მისთვის რამეს აუცილებლად მოიფიქრებს.
„ეს არის ვაჟკაცური საქციელი, რადგან ქავთარაძემ დაინახა მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და მიიღო მყისიერი და სწორი გადაწყვეტილება. გია ქავთარაძის პროფესიონალიზმთან და იურისპრუდენციაში განსწავლულობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ციხის ბუნტთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები დასასმელი იყო. თავისთავად ის, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე ინიშნება ადამიანი, რომელსაც ამ კითხვებზე პასუხი არ გაუცია, ბუნებრივია, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდა“ – მამუკა არეშიძის ეს სიტყვები თავისთვად ბადებს კითხვებს. მაგ: ქავთარაძემ კი დაინახა მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, მაგრამ ციხის იმ კადრებისა არ იყოს, მაინცდამაინც უნდა დაენახა? ვერ გრძნობდა?
დანახვა არ არის მთავარი, მთავარი გაგებაა, გაგება კი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც ქორწინების პირველი ღამე პატარძლის გარეშე. და, საერთოდ, მედროვეებს ვერაფერი შეაჩერებთ, მაგრამ მათი შეყოვნება–წაბორძიკება კი ნამდვილად ხელგვეწიფება და ძალიან მარტივადაც – ამოვქექოთ, ვინ რა პრემიებს იღებდა იმ წლებში და ყველაფერს მივხვდებით. ჩავიკითხოთ ღირსების ორდენის კავალრების სია და ყველაფერი ნათელი გახდება. კითხვები და ეჭვები არსებობს, კითხვებს უნდა გაეცეთ პასუხები, ეჭვები უნდა გაქარწყლდეს, თორემ ის, ვინც გუშინ თანამშრომლებს უბღვერდა, მიშა რატომ არ დაალაიქეთო, თანამშრომლებს დღეს ისევ უბღვერს – რატომ არ ივიწყებთ, მიშას არდალაიქების გამო რომ გიბღვერდითო.
„ახლობელი თუა სერგეენკო, გააგებინე, ნადარეიშვილი და ალავიძე არც პროფესიონალები და არც ერთგულები არ არიან“ – ასეთი შეტყობინება მივიღე მეგობრისგან და, ასე ვაგებინებ.
„გია ქავთარაძის ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ ამ საკითხზე ღია იქნება და ალბათ, ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ეს მისასალმებელია“ – ესეც მამუკა არეშიძის სიტყვებია... თუ რამეში ვარ დარწმუნებული, ეს არის ის, რომ ქავთარაძე არც ერთ კითხვას არ გასცემს პასუხს, ან კი რა კითხვები უნდა გქონდეს ადამიანთან, რომელიც იუსტიციის სამინისტროს 2005–2007 წლებში ხელმძღვანელობდა? მაღლა – ღმერთი, დაბლა – არქივი და ინტერნეტი.
არა, რა... დიდი რომ გავიზრდები, ასე 80–85–ის რომ ვიქნები, აუცილებლად გავიჩხერ წამალს და აუცილებლად გავიჩითები რამე თანამდებობაზე. ხომ უნდა ვიცოდე, რა არის ამისთანა ან ერთი და ან მეორე, ვერაფრით რომ ვერ ეშვებიან?!
ნათქვამია, ერთი რაღაცის ჭამას ღორი არ შეეშვებაო. როგორ არ შეეშვება? კოხტად დათლილი შამფურები და იმის ჯანი! ოღონდ, „ზეწოლა“ და ეგეთი სიტყვები არ გამაგონოთ.
იყო და არა იყო რა, გასულ კვირაში იყო ასეთი ნიუსი – „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ფოთის მერის დანიშვნაში „ეკა ბესელიას ჩარევით“ შეშფოთებულია. „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ფოთის მერის დანიშვნის პროცედურებში „ეკა ბესელიას ჩარევის გამო“ შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ფოთის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში რამდენიმე ათეულ მხარდამჭერთან ერთად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი...“
აქ ან უნდა ვთქვა „მდააა“ ანაც მრავალწერტილი უნდა დავსვა, მრავალწერტილში კი ერთი აზრი გამიელვებს: „მეტი ტკბილეული უნდა ვჭამო. ამბობენ, მეხსიერებას უხდებაო... „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“... პირველად მესმის თუ, მთელი ეს წლები ხმალამოღებულები იბრძოდნენ? ან, იქნებ აქამდე არავინ ერეოდა ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში და იმ ასოციაციას არც ჰქონია შეშფოთების მიზეზი?“
საერთოდ კი, „პირველი ქვა იმან მესროლოს“ პონტში ვიტყვი, რომ პირველი შეშფოთება იმან გამოთქვას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში აღშფოთბული იყო, ასეთი კი, მერწმუნეთ, ძალიან ბევრია, თუმცა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციას“ ვერაფრით ვიხსენებ და იქნებ ტკბილეულს რომ არ ვეტანები იმის ბრალია?
ისა და, რამე რო იყოს „საქართველოს პირადი ცხოვრების ეროვნული ასოცოაცია“ არ არსებობს? და თუ არსებობს, რა აზრის არის იმ მოსაზრებებზე, რომელიც გასულ კვირაში გამოითქვა? კერძოდ: „აბსოლუტურად შესაძლებელია, პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები. უშუალოდ ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს – ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა, თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი ხედებია. მთავარია, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას“.
ისე, მოქალაქე მანანა მანჯგალაძე ამბობს, შენობა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს სულაც არ არის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაო და, რა ვქნათ – დავუჯეროთ? ვიცით და გვჯერა, რომ შენობა სულაც არ არის სააკაშვილის საკუთრება, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ, რომ იქ რაღაც ფუნქციონირებს, მით უმეტეს – ქვეყნისთვის საჭირო რამ. და ვერც იმას დავიჯერებ, რომ სააკაშვილი არის მოქალაქე. მო–ქალაქ–ეები და ქალაქ–ელები ასე არ იქცევიან, ასე იქცევიან მო–ქალ–აქეები და ქალ–აქელები.
ასეა თუ ისე, მოუწევს მიშას სახელმწიფო კანცელარიაში გადაბარგება და ის მაინტერესებს, კახეთის მამულებს რა ბედი ეწევა? „მე თუ არ ვიცი ვაზის მოვლა, მაშ ვინ იცისო“ – რომ ამბობდა, ყველაზე მაგარი ის იქნება, 7–8 წლის შემდეგ ხონის კოლონიაში ვიზიტით მყოფ სახალხო დამცველს რომ ეტყვის – მე თუ არ ვიცი ჩაის კრეფა, აბა ვინ იცის და, ეგ რა არის, 7–8 წლის შემდეგ უფრო მაგარი ვიქნებიო.
აი, ასე დავფრინავ ოცნებებში, მაგრამ ვის რას ვუშავებ? აი, მიხოს თვითმფრინავი და ფრენა კი, თურმე თვეში 800 ათასი ლარი გვიჯდებოდა და გასულ კვირაში ირაკლი ალასანიას მიერ გამოთქმულ პროტესტს დავით დარჩიაშვილმა პროტესტითვე უპასუხა – პრეზიდენტის ფრენა სახელმწიფოებრივ საქმედ მიმაჩნიაო.
ვაფრენ ამ დარჩიაშვილზე და ხომ იცით, ფანები თავის კერპს ავტოგრაფებს რომ თხოვენ, შეკითხვებს რომ დააყრიან ხოლმე... ავტოგრაფი მერე იყოს, მანამდე კი დარჩიაშვილთან ერთი შეკითხვა მაქვს – პრეზიდენტის ფრენები და გაფრენები (ლიოტჩიკ, ნალიოტჩიკ...) ჰო, მაგრამ პრეზიდენტის ხოხვაც სახელმწიფოებრივი საქმეა? გორში და რამე... პარიზელებისა და კარალეთელების თვალწინ.
ჰოდა, ისიც ხომ არის ნათქვამი – მხოხავად შობილს არ ძალუძს ფრენაო და, თუ ფრენა არ ძალუძს, რად უნდა თვითმფრინავი? შემოუჯდეს გოგა ხაჩიძეს ველოსიპედზე და წავიდა ჰეეე, ის ცხოვრება აღარ არის... ოღონდ, ტრეკი და ველობილიკი კი არა, არამედ – კახეთის ტრასა. ბოლოში ფინიშის ლენტი კი არა, არამედ – კოხტად დათლილი შამფურები და მამაპაპური „ზაოდობა“ შილდაში, რადგან ახლა ნოემბერია და სანამ მაისი მოვა...
ნოემბერია, მოვა მაისი...
„თსუ კავკასიის ჰარვარდად უნდა ვაქციოთ. ეს კი სამი მიმრთულებით უნდა მოხდეს. უნდა გაძლიერდეს აკადემიური სწავლება და უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა შეიქმნას საწარმოები, სადაც სტუდენტები პრაქტიკებს გაივლიან. იქ უნდა მივიდეს ჩვეულებრივი ბავშვი და 4 წლის მერე გახდეს „ოქროს ბავშვი“, - განაცხადა გასულ კვირაში გია მაისაშვილმა, ოღონდ მანამდე თქვა, ჩემს სურვილს თსუ-ს რექტორობის შესახებ ახალი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა აქვსო, უფრო მანამდე კი სურვილი გამოთქვა – უნივერსიტეტის რექტორობა მინდაო.
კაცო, ხომ არის „ლიდერთა სკოლის“ რექტორი და მეტი რაღა უნდა? და, საერთოდ, რა უნდა მაგ კაცს, თავს ვერ დაგვანებებს? მე ხომ ეგრევე მოგონებებში გადავვარდები ხოლმე და ახლაც მახსენდება რაღაც–რაღაცეები... კობა კარანაძე იტყოდა ხოლმე ვინმეზე (წინასწარ დიდი პარდონი), ამას ან შიგ აქვს და ან თავს იშიგავებსო, ხოლო კოტე ანდრიაძე დასძენდა – ეგ რაც მიწის ზევით არის, ორი იმდენი შიგ აქვსო. ამაზეც პარდონი.
„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ – თუ როდესმე მექნება პატივი, რომ მონაწილეობა მივიღო „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვაში, იმედი მაქვს, ამ სტრიქონებს მე დამითმობენ. ეს სამომავლო პერსპექტივაა, გასულ კვირაში კი კოკი იონათამიშვილისგან სწორედ ის წარმოდინდა, რაც კოკისა შიგან დგას, ანუ „სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვა საჭირო არ არის“.
თავის მოავადმყოფება გამიგია, თავის მომკვდარუნება გამიგია, თავის მოგიჟიანება გამიგია... თავის მოშიგავებაც გავიგეთ. მთავარია გაგება და გაგებულის გათვალისწინება. გაგებულის გათვალისწინებით კი, საპრეზიდენტოსთან ერთად, ადგილობრივი არჩევნებიც მოგვდგომია კარს...
აეჰ!.. კოკი დავსვათ კოკაზე!!!
თუ გახსოვთ, ზაფხულში ასეთ სათაურზე ვხალისობდით – „ვანო მერაბიშვილმა წიწიბურას ყანა დაათვალიერა“. თქვენი არ ვიცი, მე კი გასულ კვირაში ასეთ სათაურზე ვიცინე – „ვახტანგ ბალავაძემ ქუთაისში ღვარსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა“. ბარემ ტექსტიც: „...თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტისთვის მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება. მისი დასრულების შემდეგ სარდაფების დატბორვის პრობლემა 6500-მდე ოჯახს მოეხსნება“.
იმედი მაქვს, ამ 6500 ოჯახში საქართველოს პარლამენტიც იგულისხმება. აჰა... ანეკდოტი გამახსენდა – სომეხი რო ამბობს, სამაგიეროდ მაგარი კონიაკი გვაქვსო. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ძალიან მაინტერესებს, იმ 6500 ოჯახიდან ერთი ოჯახი მაინც თუ ამაყობს გაკვასკვასებული პარლამენტით და გაზიზინებული ველობილიკით.
ეჭვი მეპარება. რაშიც თავიდანვე არ მეპარებოდა ეჭვი, იყო ის, რომ სანთელ–საკმეველი თავის გზას არ დაკარგავდა. არც დაუკარგავს – ნინო კალანდაძე და ვერა ქობალია არ დაიკარგნენ და გასული კვირიდან მოყოლებული გიგი უგულავას პირადი მრჩევლების ფუნქციებს ასრულებენ. ჯერ–ჯერობით, არსად ჩანან ნინა წკრიალაშვილი და სოფო ნიჟარაძე. ავ თვალს არ დავენახვებითო – ალბათ, ასე ფიქრობენ და აკი არც გვენახვებიან!
გასულ კვირაში კიდევ ერთი მოსახდენი მოხდა – ზურაბ არსოშვილმა „თელასის“ კომერციული დირექტორის თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, არსოშვილი „თელასთან“ შეთანხმების საფუძველზე თანამდებობაზე 1-ლი ნოემბრიდან აღარ იმყოფება.
ამბობენ, პროგნოზის კეთება უმადური საქმეაო... იმდენ უმადურობას გადავყრივარ, რომ ბარემ ერთიც მიემატოს. ზურაბ არსოშვილი გიგი უგულავას პირად მანტიორად დაინიშნება – ასეთია ჩემი პროგნოზი და თუ პროგნოზი გამართლდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნაციონალებთან მიმართებაში დადასტურდება ის დიაგნოზი, რომელსაც კობა კარანაძე და კოტე ანდრიაძე მავანთან მიმართბაში სვამდნენ, მე კი ნაციონალებთან მიმართებაში დავსვი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ცხოვრება ჩვენი აღსავსეა მოულოდნელობებით, მაგრამ ბევრჯერ მომხდარ მოულოდნელობას ტენდენცია ეწოდება, გასული კვირის ტენდენცია კი, გითხრათ სიმართლე, სულაც არ მომეწონა.
ტენდენცია იყო ასეთი – ქურდები ქურდობენ, მათხოვრები მათხოვრობენ, ბოზები ბოზობენ.
და რას აკეთებდნენ ამ დროს ნაბოზრები? რას და – ქურდობდნენ კიდეც, მათხოვრობდნენ კიდეც და, ღორისა და იმის არ იყოს, არც ბოზობაზე აუღიათ ხელი.
„საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციით გაიხსნა და 8 ნოემბერს, ბანკირის დღეს დასრულდება“ – რას არ გაიგებ კაცი, როდესაც „ინტერპრესნიუსთან“ მეგობრობ! რას არ გაიგებ და... მთავარი ხომ გაგებაა?
დავზოგოთ, მაგრამ – რა? არაფერი მაქვს დასაზოგი და არც დანაზოგი გამაჩნია.
მოდით, ერთმანეთი დავზოგოთ. მოდით, ისიც დავზოგოთ, ნულოვანი ტოლერანტობაო და ადგილზე გაანადგურეთო – რომ იძახდა. დავზოგოთ და ერთი ველოსიპედი შევუნარჩუნოთ. ერთი ველოსიპედი, ერთი სართული სახელმწიფო კანცელარიაში და ერთიც – ლიფტი. ვფიქრობ, საკმარისია, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ეგეც ბევრი იქნება.
ა.ს. (ანგარიშის საქმეა) – დიდი განათლებული კაცი იყო, – ამბობდა სევერიონი, თვალები უჟუჟუნებდა, სულ წასულიყო ხელიდან – ჩოთქი არ სჭირდებოდა, ანგარიშობდა ისე...
(გურამ დოჩანაშვილი, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟრაძე“)