360 მლნ ლარიან პარლამენტში კვლავ წვიმს. ქუთაისში წვიმის მოსვლა უკვე საკანონმდებლო ორგანოში წვიმის ჩასვლასთან ასოცირდება. ნალექისგან შენობის დაცვას მთასვლელები ცდილობენ, კერძოდ, შუშის სახურავს ე.წ. სილიკონისა და გერმეტიკის წებოთი ამუშავებენ, მაგრამ მათი შრომა ჯერჯერობით უშედეგოა, რადგან წვიმა შენობაში გუბეებს ისევ აყენებს. ორგანოში მოწყობილია კაფეტერია, რომელიც ამ ეტაპზე, უფუნქციოა, რის გამოც დეპუტატები უკვე „აწუწუნდნენ“ და აპარატს პრობლემის მოგვარება დაავალეს, თუმცა, ალბათ, კაფეტერია სრული დატვირთვით მხოლოდ სასესიო კვირას იმუშავებს, რადგან საკომიტეტო კვირაში, პარლამენტში სულ რამდენიმე კანონმდებელი დადის.
როგორც ჩანს, „დეცენტრალიზაცია“ შუშის შენობაში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატისა და აპარატის სრული კოლექტივის გამოკეტვას გულისხმობს. უწყება დეპუტატების ნაკლებობას ხშირად განიცდის, რასაც მღრღნელებსა და კოღოებზე ვერ ვიტყვით. ერთ-ერთი კანონმდებელი იმასაც ხუმრობს, რომ პარლამენტში კაბინეტთან ახლოს, თაგვიც კი მოიშინაურა. მღრღნელებისთვის ინფრასტრუქტურა მართლაც მოწყობილია, მაგრამ პარლამენტი ადამიანებისთვის არაკომფორტულია, ნაწილობრივი კომფორტის შესაქმნელად კი, შენობას დამატებით 15-17 მლნ ლარი სჭირდება, მაგრამ პრინციპში, შენობას ეს თანხა ეყოფა თუ არა ესეც სამკითხაოა, რადგან პარლამენტის მშენებლობის პროცესის შემსწავლელ დეპუტატთა ჯგუფს უწყების პროექტიც კი არ აქვს. საქმე ისაა, რომ პარლამენტის მშენებლობა საკმაოდ ბურუსით მოცულია და შესაძლოა, უახლოეს მომავალში, საკითხის სამართლებლივი შესწავლა მოხდეს. საქმეს ისიც ართულებს, რომ რამდენიმე ასეულ მილიონიანი შენობა კერძო სამართლის იურიდიულ პირს - შ.პ.ს. სახელმწიუფო უზრუნველყოფის სააგენტოს ეკუთვნის, ანუ, დეპუტატები შენობაში უკანონოდ იმყოფებიან. უკანონობასაც რომ თავი დავანებოთ, შენობის მდგრადობის შესახებ ჯერჯერობით დასკვნაც კი არ არსებობს, შესაბამისად, დეპუტატების, მედიის წარმომადგენლებისა და აპარატის თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
რადგან, აპარატის წარმომადგენლებს შევეხეთ, მათ ქუთაისურ ყოფაზეც მოგახსენებთ. აპარატის თანამშრომლები საკუთარ საქმიანობას როგორც თბილისში, ასევე ქუთაისშიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ქვეყანას ზოგიერთი დეპუტატისგან განსხვავებით, მართლაც ემსახურებიან. თუმცა, ვინაიდან, უმეტესი მათგანი უწყებას დედაქალაქიდან „საპარლამენტო დედაქალაქში“ გადმოყვა და ოჯახის წევრები - მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები და ა.შ. თბილისში დატოვეს, მათ თვალებში სევდას შენიშნავთ, მაგრამ რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, მათ თვალებში ნაპერწკალი ისევ აანთო. ქუთათურებს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან, მაგრამ იმ დღეს ელოდებიან, როცა სახელმწიფო ბიუჯეტს ქუთაისში მათი არსებობისთვის გამოყოფილ 300-400 ლარიან დანამატს უკან დაუბრუნებენ და ოჯახის თბილ კერას ეწვევიან. რაც შეეხება ქუთაისელების განწყობას, მათ ტერმინის - დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა ხიბლავთ, მაგრამ უკვე თავადაც ხედავენ, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობის შესრულება ჯერჯერობით შეუძლებელია და აცხადებენ, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა კარგია, მაგრამ ამაზე უკეთესი ის იქნებოდა თუ 360 მლნ ლარს ძველი ხელისუფლება იმერეთის მხარეს ჩაურიცხავდა, რითაც უამრავი პრობლემა გადაწყდებოდა, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესის - წყალზე გრაფიკის მოშლა და გზების ყველა სახლამდე მიყვანა მოხდებოდა. თუმცა, არა ისე, რომ ერთი ქუჩა 21-ე საუკუნეს ასახავდეს და მეორე საქართველოს 90-იან წლებს.
პრობლემების არსებობის მიუხედავად, რა ეტაპზეა, პარლამენტის მშენებლობა და მოხდება თუ არა „საპარლამენტო ქალაქიდან“ დედაქალაქში ქვეყნის უმაღლესი ორგანოს დაბრუნება for.ge პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრა:
პარლამენტის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროების წარმომადგენლებს შეხვდით. მათგან რა ინფორმაცია მიიღეთ, რა ეტაპზე მშენებლობის პროცესი?
- შენობას ვიზუალურად თუ შეხედავთ, შეიძლება ჩათვლოთ, რომ მშენებლობის პროცესი დასრულებულია, მაგრამ ბევრი რამ გასაკეთებელია როგორც ტერიტორიის კეთილმოწყობის თვალსაზრისით, ასევე შენობის შიგნით. სავარაუდოდ, დამატებით 15-17 მლნ ლარის სამუშაოებია შესასრულებელი. ყველაფერს, რომ თავი დავანაბოთ ამ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნაც კი არ არსებობს და არ ვიცით, ამ მხრივ, საქმე როგორ იქნება. აქედან გამომდინარე, კანონს ვარღვევთ და იმ შენობას ექსპლუატაციას ვუწევთ, რომელიც მიღებული არ არის. გარდა ამისა, შენობა კერძო სამართლის იურიდიული პირის - შ.პ.ს. სახელმწიუფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა და საექსპლოტაციო ხარჯებს თვითონ უნდა იხდიდეს, რასაც არ აკეთებენ და გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. თუმცა, სანამ შენობას არ ჩაგვაბარებენ, მანამდე ამ თანხებს, ისინი გადაიხდიან. ამასთან, მთელი რიგი სამუშაოები სამართლებლივად პრობლემადტურად მიგვაჩნია, რადგან სამუშაოებში გადახდილია 340-360 მლნ ლარი და შენობა ისევ დასამთავრებელია. საინტერესო ის არის, რომ ამ სამუშაოების დადასტურებას ქუთაისის ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომელი ახორციელებდა, რომელმაც საერთოდ არ იცოდა შენობაში თუ რა და როგორ კეთდებოდა, მაგრამ სამუშაოებს მაინც ადასტურებდა. კანონმდებლობით კი, ეს მას არ ეხებოდა, რადგან ეს შენობა მეხუთე კატეგორიისაა და მას არც ნებართვის გაცემის უფლება ჰქონდა და არც შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა ევალებოდა. ეს საქმე საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს უნდა გაეკეთებინა, რომელიც ეკონომიკური სამინისტროს შემადგენლობაში შედის. საქმე აქაც დარღვევასთან გვაქვს და როგორც იურიდული, ასევე ფინანსური საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, დამატებითი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
პარლამენტის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია. შენობის გარეთა პერიმეტრიც მოსაპირკეთებელია. სამუშაოების შეჩერების ბრძანება ვინ გასცა და მშენებლობის პროცესი თუ გაგრძელდება?
- მშენებლობა ვისი დავალებით არის შეჩერებული, ამას ვერავინ ამბობს. თუმცა, მშენებლები აცხადებენ, რომ სამუშაოები რომ გააგრძელონ, ამისთვის მთავრობის დასტური სჭირდებათ და სწორედ აქ არის დიდი კითხვის ნიშანი, რადგან ახალმა მთავრობამ იმაზე რატომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც ძველი ხელისუფლების მიერ უნდა ჩაბარებულიყო? პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტს, მთელი რიგი საკითხები ვინ უნდა შეისწავლოს - კომიტეტებმა, საქმე აუდიტს უნდა გადაეცეს თუ საკითხის სამართლებლივი შესწავლა მოხდეს.
დეპუტატთა სამუშაო ჯგუფს შენობის პროექტიც კი არ აქვს. შესაბამისად, არ იცით, მშენებლობის პროცესი რა ეტაპზეა, თუმცა, თქვენი ინფორმაციით, სამუშაოებს ვინ კურირებდა, კვალი ვისთან მიდის?
- სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ქუთაისის მერიიდან დამატებით ხალხი გამოვიძახეთ და ინფორმაცია მოვითხოვეთ - თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა, მაგრამ ესეც კი არ იციან. არადა, 70 მლნ ქუთაისის მერიას აქვს გადახდილი.
როგორც აქამდე ჩანდა, ამ მშენებლობას ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი კურირებდა, რისთვისაც მას პრეზიდენტმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც ქუთაისის ახალ პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა ჩატარდა ორდენი გადასცა. მას რაიმე პასუხისმგებლობა არ ეკისრება?
- ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ უწყებას მხოლოდ ის ჰქონდა დავალებული, რომ მშენებლობის პროცესისთვის არაოფიციალური ზედამხედველობა გაეწიათ და მავანს და მავანს კონტაქტებში დახმარებოდნენ, რომ მშენებლობა არ შეჩერებულიყო. მშენებლობას კი, არაოფიციალურად ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობდა.
ახალი პარლამენტის მშენებლობის ხარჯები ახალი ხელისუფლების მოსვლამდე გასაიდუმლოებული იყო. თუ გაარკვიეთ, ამ თანხებს, ვინ ფარავდა?
- ეს თანხები, ბიუჯეტიდან არ მიდიოდა, არამედ კერძო სამართლის იურიდიული პირის - შ.პ.ს სახელმწიუფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრები იყო, მაგრამ ამ თანხებს, ის თუ საიდან მოიპოვებდა, აი ეს არის საინტერესო. როგორც ირკვევა, მას ევროობლიგაციებიდან შემოსული რაღაც გარკვეული თანები ჰქონდა, ასევე გაზისა და ნავთობის კორპორაციიდან აქვს თანხები ნასესხები, რომელიც დასაფარია. ეს საკითხი, შესასწავლია, მაგრამ მას გადასესხების უფლება არ ჰქონდა, რადგან გადასესხების უფლება შეიძლება ჰქონდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირზე, ისიც მხოლოდ ბანკის საშუალებით, მაგრამ შეფასებაში ფრთხილი ვარ და სანამ ვიტყვი, რომ დანაშაული არსებობს, ამას ოფიცაილური გამოკვლევა სჭირდება. ამასთან, ასევე სხვა წყაროები არსებობდა, კერძოდ, სახელმწიფო ქონებას პრივატიზებას უკეთებდნენ, თუმცა, რამდენად სამართლიანად ამას ვნახავთ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა არ არსებობს, თუმცა, ფაქტია, რომ შენობა საკმაოდ უხარისხოდ თუ ნაჩქარევად არის აშენებული. დღემდე, შენობაში წვიმა ჩამოდის, იბზარება მინები და ა.შ. პირველადი შეფასებით, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები?
- სანამ დასკვნა არ იქნება დადებული, რომელიც პასუხიმგებლობის აღებას გულისხმობს, რომ შენობა უსაფრთხოა, მანამდე ჩვენი აქ ყოფნა უკანონოა და ჯვარი გვწერია რაღაც რომ მოგვივიდეს, გვეტყვიან - თქვენი ბრალია ბატონო შენობაში რას შემოდიოდითო.
დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ბინების ქირის ხარჯების დასაფარავად დანამატის სახით, ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა. კანონმდებლებისთვის - 667 ლარი, ხოლო თანამშრომლებითვის - 300-400 ლარი. ამას ემატება პარლამენის კომუნალური გადასახადები და ამბობენ, რომ თვეში ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით - 200 ათასი ლარი იქნება. ამ ხარჯების ფონზე კი, ვხედავთ, რომ დეპუტატები ქუთაისის პარლამენტში სიარულით თავს არ იკლავენ, თუ არ ჩავთვლით პლენარული სხდომების კვირას. ქვეყანა მზად არის, რომ ამ ტიპის ხარჯები გაწიოს?
- ეკონომიკური ხარჯები თუ რა რაოდენობას შეადგენს, ამას შევისწავლით. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები რომ ჩამოვიდნენ, ამისთვის სამივლინებო ხარჯები გაიწევა და ესეც დამატებით ფინანსებს მოითხოვს. ერთი თვის განმავლობაში, ხარჯები როგორი იქნება, ამას დავითვლით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ზედმეტი ხარჯი თავიდან იქნეს აცილებული.
პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის მოტივად დეცენტრალიზაციას ასახელებდნენ, თუმცა, ამ იდეის ავტორი აკაკი ბობოხიძე მიმდინარე კვირას, საპარლამენტო კომიტეტის სხდომას თავად არ დაესწრო. საკანონმდებლო ორგანოს იმერეთში გადმოტანა, თავიდანვე იყო თუ არა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი?
- რეგლამენტის მიხედვით განისაზღვრა, რომ ერთი კვირა სასესიოა, ხოლო მეორე კვირა ამომრჩევლებთან შეხვედრას უნდა დაეთმოს, რაც პირობითია, რადგან მოდით, წავიდეთ და ვნახოთ, ვინ რომელ ამომრჩეველს ხვდება. არ მგონია, რომ დეცენტრალიზაცია ქვეყნის პარლამენტს უნდა ეხებოდეს, რადგან დედაქალაქი თბილისია. დეცენტრალიზაციის ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, კონტროლის პალატაა, სადაც ვერც თავჯდომარეს ნახავთ და ვერც მის მოადგილეებს, გარდა აფხაზეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარისა, რომელიც პარალელურად უწყების ხელმძღვანელის მოადგილეცაა. ეს ქუთაისში დასვეს და ეს არის და გორის ციხე. ეს არ არის დეცენტრალიზაცია და კონტროლის პალატა, ან თბილისში უნდა დაბრუნდეს, ანდა, ყველა ქუთაისში უნდა ჩამოვიდნენ და არა ისე, რომ სადაც გავიღვიძებ, იქ კაბინეტი მქონდესო.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, არსებული საკანონმდებლო ორგანოს ისტორიული შენობის გაყიდვა ვერ მოესწრო. თუმცა, ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის დარბაზების, ასევე პლენარული სხდომების დარბაზის დემონტაჟი განხორციელდა. შენობიდან ინვენტარი გატანილია. საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებაზე საუბარია, თუმცა, ეს პროცესი რა ვადებს მოითხოვს?
- მიგვაჩნია, რომ პარლამენტი ქვეყნის დედაქალაქში უნდა იყოს. თუმცა, თუ ვინმე პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მიზანშეწონილობას დაამტკიცებს, არც მე და არც ჩემი კოლეგები წინააღმდეგები არ ვიქნებით, რომ ქუთაისში ვიმუშაოთ. ამ მომენტისთვის მიმაჩნია, რომ მთავრობასთან ერთად პარლამენტმა ხელიხელჩაკიდებულმა უნდა იმუშაოს და დრო წინ და უკან სიარულს კი არ უნდა მოვანდომოთ, არამედ უნდა ვისხდეთ და საქმის წარმოება უნდა მიმდინარეობდეს. ამასთან, პარლამენტის ქუთაისში არსებობა კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ამას ცვლილება სჭირდება, მაგრამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სამუშაოების ჩატარება უკვე შესაძლებელი იქნება. იქ არაფერი ისეთი არ არის დანგრეული, იატაკია აყრილი, რომელიც ისედაც უნდა გამოცვლილიყო და ეს პრობლემა არ არის, თუმცა ინვეტარი და ავეჯი გატანილია და სად არის წასული და ვისთან, ეს არ ვიცით. ამის მოტივი კი ის იყო, რომ შენობაში სხდომა არ უნდა ჩატარებულიყო.
პარლამენტიდან ინვენტარი და ავეჯი რამდენიმე დღის განმავლობაში გაჰქონდათ. შესაბამისად, ამ საქმის კურსში მაღალი თანანმდებობის პირებიც იყვნენ. ამ საკითხზე, პასუხისმგებლობა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს არ ეკისრება?
- განკარგულება ვინ გასცა გასარკვევია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ შენობა ყოფილ პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის საპარტნიორო ფონს გადასცა, რომელიც ახლა იმ შენობაშია განთავსებული.
პარლამენტის თბილისში დაბრუნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ გყავთ. უმცირესობას ექვსკაციანი ჯგუფი გამოეყო, რომლებმაც ფრაქცია შექმნეს, თუმცა, საკითხზე აზრთა თანხვედრის მიუხედავად, უმრავლესობა მაინც არ გამოგდით. „ნაციონალების“ მაჟორიტარებთან კონსულტაციებს თუ მართავთ, რომ უმცირესობის რიგები დატოვონ?
- კონსულტაციებს არ ვმართავთ, მაგრამ რამდენიმე დეპუტათან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და მათ დრო სჭირდებათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. ჩვენ კი, არავის არ დავაჩქარებთ, თუ მოხერხდება ძალიან კარგია, თუმცა, ვფიქრობ, რომ თემატური უმრავლესობა შეიქმნება და პარლამენტის გადასვლაზე თანხმობას უმცირესობიდანაც ბევრი განაცხადებს.
რაც შეეხება ქუთაისში არსებულ პარლამენტის 360 მლნ შენობას, თუ გაქვთ გადაწყვეტილი ამ შენობას რა ბედი ეწევა?
- ამ შენობაში რა განთავსდება, არ ვიცით, რადგან ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ეს რეკომენდაცია არქიტექტორებმა უნდა მოგვცენ. მათ უნდა თქვან, ეს შენობა თუ რაში უნდა იყოს გამოყენებული. შეიძლება ეს იყოს - უნივერსიტეტი, სავაჭრო ცენტრი, ფილარმონია თუ დასავლეთ საქართველოს სერიოზული ეკონომიკური ცენტრი, მაგრამ ეს საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ.