საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ.
ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის“ პროექტშია აღნიშნული.
სებ-ის ცნობით, კოდექსის მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.
კერძოდ, დოკუმენტში მათ შორის გაწერილია თუ რისი უფლება აღარ ექნება ფინანსურ ინსტიტუტს მომხმარებელთან ურთიერთობისას. კერძოდ, როგორც სებ-ის მიერ შემუშავებულ პროექტშია აღნიშნული, ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება:
მომხმარებლის და/ან საკონტაქტო პირის/უფლებამოსილი წარმომადგენლის შევიწროება, ზეწოლა და/ან მათ მიმართ სხვაგვარი რეპუტაციის შემლახავი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება;
მომხმარებლის და/ან საკონტაქტო პირის/უფლებამოსილი წარმომადგენლის სიტყვიერი, ფიზიკური ან შეურაცხყოფა;
მომხმარებლების ვადაგადაცილებული სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება. აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის, სიის სახით, მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის, ეროვნული ბანკისთვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
„ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მომხმარებლების და/ან საკონტაქტო პირების/უფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართ გამოიყენოს მუქარა და მიაწოდოს ინფორმაცია ისეთ შესაძლო ქმედებებზე, რომელიც ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. მათ შორის, ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება:
მომხმარებელს და/ან საკონტაქტო პირს/უფლებამოსილ წარმომადგენელს მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია ვალდებულების მოცულობაზე, ვადასა და სამართლებრივ სტატუსზე;
არასწორად წარუდგინოს თავი, მათ შორის, მოჩვენებითად წარუდგინოს თავი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლად და/ან სხვა ინსტიტუტთან დაკავშირებულ პირად;
მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ვალდებულების გადაუხდელობა გამოიწვევს მომხმარებლის თავისუფლების აღკვეთას;
ნებისმიერი ისეთი სახის წერილობითი კომუნიკაციის გამოყენება, რომელიც მოტყუებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წერილი გამოგზავნილია სხვა უწყებიდან (მაგალითად სასამართლო და მსგავსი), გარდა თვით ფინანსური ორგანიზაციისა და/ან მესამე პირისა, რომელზეც გასხვისდა ან რაიმე სხვა ფორმით სამართავად გადაეცა ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხი.
მომხმარებელს და/ან საკონტაქტო პირს მიაწოდოს ინფორმაცია ისეთი ქმედების გამოყენების შესახებ, რომლის შედეგადაც ფინანსური ორგანიზაცია გახდება მომხმარებლის ქონების მფლობელი და/ან შეძლებს მის განკარგვას, იმ შემთხვევებში, თუ: კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან/და ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, რომ ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დაისაკუთროს და/ან განკარგოს ქონება; ფინანსური ორგანიზაცია რეალურად არ აპირებს ქონების დასაკუთრებას და/ან განკარგვას, არამედ მხოლოდ მომხმარებლის დაშინების ან/და შეცდომაში შეყვანის მიზნით აწვდის მას ამ ინფორმაციას; კანონმდებლობით იზღუდება აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ქმედებების განხორციელება,“-აღნიშნულია პროექტში.
აღსანიშნავია, ისიც რომ სებ-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებელს მხოლოდ მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე დაუკავშირდეს. აღსანიშნავია, ისიც, რომ პირთან დაკავშირება დღის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში უნდა მოხდეს.