„არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ურთიერთობების ახალი სქემა და ახალი ვერსია უფრო მაღალ დონეზე იქნას შემუშავებული," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის ვიზიტს და ამ ვიზიტიდან გამომდინარე ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს.
ვახტანგ ძაბირაძე: ეს ვიზიტი ძალიან დროული და საჭირო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც პრობლემები შეიქმნა ბევრ საკითხთან მიმართებაში და განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობებთან, გაჩნდა გარკვეული მოლოდინები, მანამდე საზოგადოებაში განჩნდა გარკვეული ეჭვები და ხელისუფლების მიმართ უნდობლობა მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის მოვლენები მოხდა. ჩემი აზრით, ეს ვიზიტი პირველ რიგში არის იმისთვის, რომ საზოგადოების უმრავლესობაში დააცხროს ვნებათაღელვა და დაამშვიდოს, ამ ეტაპზე ესაა ყველაზე მნიშნელოვანი შედეგი.
ვიზიტი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ საბოლოო შედეგებზე ლაპარაკი ადრეა, ამის შემდეგ ალბათ უფრო დეტალურად იქნება საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში. მართალია ამ ვიზიტის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ველოდები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ურთიერთობების ახალი სქემა და ახალი ვერსია უფრო მაღალ დონეზე იქნას შემუშავებული.
ნატოს პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, ალბათ უფრო მობილური გახდება და შესაძლოა რაღაც ახალი პროგრამაც დაიწყოს.
„რ": საქართველოში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოდის.რას შეიძლება დავუკავშიროთ ეს ვიზიტი?
ვ.ძ: შტაინმაიერის ვიზიტზე ჩვენი ხელისუფლება ირწმუნება, რომ არაფერ კავშირში არაა არავისთან და არაფერთან, მაგრამ საქართველოს მოსანახულებლად რომ არ ჩამოდის, ესეც ფაქტია, მის ჩამოსავლას შემიძლია ვუწოდო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვნახოთ კონკრეტულად ამ ვიზიტის შედეგები როგორ აისახება საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე.
შტაინმაიერის გეგმა უკრაინის ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად მიიღო, თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი ცოტა სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს. ამ შემთხვევაში საქართველოში შტაინმაიერის ვიზიტი, არ გამოვრიცხავ, უკავშირდებოდეს საგარეო ურთიერთობებს. არ მგონია საუბარი იყოს (ოკუპირებული ტერიტორიების) განსაკუთრებულ სტატუსზე. თუ ლაპარაკია განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე, ამაზე საუბარი საქართველოში 90-იან წლებში უკვე იყო, ჯერ კიდევ სოხუმის დაცემამდე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე, ანუ ვითარება ისაა, რომ განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ვითარებას არ ცვლის, მგონია, რომ საქართველოში შტაინმეიერის ვიზიტი ნატო-საქართველოსა და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს უფრო უკავშირდება, თავის დროზე მაპის წინააღმდეგი 2008 წლის გაზაფხულზე იყო გერმანია საფრანგეთთან ერთად. გარდა ამისა, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი აღარ იქნება, ამიტომ ჩვენს ურთიერთობებზე შესაძლოა ჰქონდეს რაღაც იდეა.
„რ" გიორგი ქობულიას პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივებს როგორ შეაფასებთ?
ვ.ძ: გიორგი ქობულიასთან მიმართებაში სკეპტიციზმი მქონდა მაშინაც, როცა ის დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად იმიტომ, რომ განცხადება, რომელიც მან მაშინ გააკეთა, რომ ფული ბევრი აქვს და აღარ უნდა, მომეჩვენა, რომ ადამიანური ურთიერთობების მორალის მხრივ კონტექტიდან იყო ამოვარდნილი. ასეთი განცხადება არც გამიგონია და მსოფლიოში არც არავის გაუკეთებია.
ქობულია საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა, მაგრამ ეს ორგანიზაცია მოსკოვშია და არა სხვაგან, ქართულ საზოგადოებაში გარკვეული შეშფოთებაა იმიტომ, რომ რეალურად ძალიან გააქტიურდა და თვალნათლად ჩანს რუსული ლობი, ქართულ სახელისუფლებო თუ პოლიტიკურ სივრცეში, ასეთ ვითარებაში მგონია, რომ ქობულია მთლად საკუთარი პოლიტიკური ამბიციებით არ უნდა მოქმედებდეს, მის ქმედებებში კიდევ უნდა იყოს სხვისი პოლიტიკური მიზნები, ეს ივანიშვილთან კვეთაშია თუ სხვასთან, არ ვიცი.
თუ ქობულია არჩევნებზე რაღაც პროცენტებს მიიღებს, დიდი ალბათობით ის იქნება „ქართული ოცნების" მხარდამჭერი კოალიციის შემადგენლობაში, თუმცა მე ვუსმინე მას და ამბობს, რომ გუნდს აგროვებს და მოხდება თუ არა ამ გუნდის შეთანხება, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობა-არმოღვაწეობაო. აქაც გარკვეული კითხვები ჩნდება, რასაც მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოსვლის შესახებ ბოლომდე მიღებული არაა. ასევე ისიც, რომ ნულოვანი ბარიერიც თითქოს მაცდურია, 14 ათასი ხმა თითქოს არაფერია, მაგრამ არჩევნების დრო ხმები იმდენად გაჭირდება, რომ ამ ოდენობის ხმების მიღებაც საკმაოდ პრობლემატური ხდება-ხოლმე. რამდენად აქვს ქობულიას ამის შანსი, ალბათ ამაზე დასაფიქრებელია.
„რ": ვანო მერაბიშვილი უახლოეს თვეებში საპატიმროს ტოვებს, როგორ ფიქრობთ გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ მოღვაწეობას და შეცვლის თუ არა პოლიტიკურ წესრიგს მისი მოღვაწეობა?
ვ.ძ: ვფიქრობ, რომ მისი გამოჩენა უფრო მოსალოდნელია „ევროპულ საქართველოს" ფლანგზე, თუმცა მას აქვს როგორც დადებითი, ისე საკმაოდ უარყოფითი იმიჯი და რამდენად სიკეთის მომტანია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, ესეც საინტერესოა, თავისთავად ის, რომ მერაბიშვილი ციხეშია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ასამართლებენ, რომლებიც მისი ზეობის პერიოდში უვადო მოსამართლეებად ინიშნებიან, ეს თავისთავად აბსურდზე მიგვანიშნებს, ეს ხელისუფლების პოლიტიკის ზიგზაგებზე და გაურკვევლობაზე მეტყველებს.
მერაბიშვილისთვის ალბათ აჯობებს, რომ ოთხწლიანი პერიოდი ჩააგდოს, ანუ შესაძლოა ის ოპოზიციონერობდეს, მაგრამ არა იმ მიმართულებით, რომ იყოს რომელიმე პარტიის ლიდერთა რიგებში, არ მგონია, რომ ამან სიკეთე მოუტანოს. ერთი გამონაკლისია - თუ მისი ყოფნა „ევროპულ საქართველოში" არ განიხილება, როგორც ხმების ჩამომრთმევი „ნაცმოძრაობისთვის".