2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია. ფინანსთა სამინისტრომ დაჩქარებული ტემპით იმუშავა და გადამუშავებული ბიუჯეტი კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოაქცია - 5 ნოემბრამდე პროექტი პარლამენტში შევა.
“კონსოლიდირებული მუშაობით მოვახერხეთ და ისეთი ბიუჯეტი შევიმუშავეთ, რომელშიც გათვალისიწინებულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდება. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირებები არ იგეგმება, ასევე არ შემცირდება ხელფასები, უბრალოდ, აღარ განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლის საჭიროებაც არ არსებობს, მაგალითად, გეზ-ების მშენებლობა. თუმცა მიმდინარე პროექტები, მათ შორის, საბაჟოების რეაბილიტაცია დასრულდება”, - განაცხადა ხადურმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2013 წელს თავად ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 10%-ით შემცირდება.
ყველაზე მნიშველოვანი ის არის, რომ ბიუჯეტში “სხვა ხარჯები” აღარ იქნება. გაიწერება მხოლოდ “სხვა ხარჯების” დამატებები და დეტალურად იქნება გაწერილი რაში დაიხარჯება ეს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან მოყოლებულ;ი “სხვა ხარჯები” მუდმივად იზრდებოდა და შარშან მილიარდსაც გადააჭარა. საზოგადოებისთვის კი უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა კონკრეტულად ეს ხარჯები.
წლევანდელის მსგავსად ყველზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის სექტორს ექნება. ეს უპირველესად გამოწვეულია საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებისა და პენსიების ზრდით.
განათლების ბიუჯეტი კი შემცირების ნაცვლად, გაიზრდება.
მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი თანხები მიმართოს სტუდენტების დაფინანსებისკენ.
“ჩვენი მიზანია სტუდენტების დაფინანსება გავაორმაგოთ და რაც შეიძლება, მეტი ფული მივმართოთ უნივერსიტეტებისკენ”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ყველას აინტერესებს იგეგმება თუ არა სწავლის გადასახადის ზრდა. მარგველაშვილის თქმით, სწავლის საფასურს განათლების სამინისტრო არ ზრდის და ამას თავად უმაღლესი სასწავლებლები აკეთებდნენ.
რაც შეეხება საშუალო სკოლებში სწავლების ბრიტანული მოდელის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც, საშუალო სკოლებში სწავლა, შესაძლოა, 10-წლიანი გახდეს და ბოლო ორი წელი უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაწესდეს, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ბიუჯეტში მუხლობრივი შემცირებებიც საკმაოდ იქნება. მაგალითად, საგაისოდ თბილისის მერიისთვის 100 მილიონი ლარით ნაკლები არის გათვალისწინებული. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 445 მილიონი ლარის ტრანსფერს ითვალისწინებს ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს ყველაზე დიდი ტრანსფერია რაც კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქისკენ განხორციელებულა.
„მკვეთრად შევამცირებთ ქალაქის ტრანსფერს და მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ძალიან ხშირად გაურკვეველი პროექტები – ფესტივალები, კონცერტები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც მაშინვე დაეთანხმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი.
2013 წელს მწირი ბიუჯეტი ექნება უშიშროების საბჭოსაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უშიშროების საბჭოს მდივანი თავისი უწყების დასაფინანსებლად 30 მლნ ლარს ითხოვს, რაც მისი თქმით, ეს საკმაოდ მაღალია.
“მსგავსი უფლებები და მოვალეობები აქვს ზაქარეიშვილის უწყებასაც და ამ უწყების დაფინანსება 1 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უშიშროების საბჭოს დაფინანსება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ცუდი დღე ელის „პრეზიდენტის ადმინისტრაციისაც. პრემიერმა დაუფარავად განაცხადა, რომ მთავრობა აღარ გამოყოფს სახსრებს, რომელიც მხოლოდ ერთი პირის ფუფუნებას ემსახურებოდა.
„ამდენი დევნილის, ამდენი გაჭირვებულის პირობებში, მიმაჩნია, რომ ამორალურია ასეთ სასახლეში ცხოვრება“, – ხელი პრეზიდენტის სასახლისკენ გაიშვირა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია წელიწადში 800 000 ლარს მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადზე ფლანგავს.