გაფიცული ფოთის პორტი

გაფიცული ფოთის პორტი

ფოთში უკვე მეორე დღეა გრძელდება ფოთის პორტის თანამშრომლების გაფიცვა. პორტის ტერმინალის მუშა-მოსამსახურეები ხელფასების მომატებას ითხოვენ. 2 ნოემბერს პორტში საპროტესტო აქცია  ნავსადგურის  იმ  თანამშრომლებმაც გამართეს, რომლებიც  სამსახურიდან ერთი წლის წინ დაითხოვეს. მათგან 20-მა ქალმა,  საქმეების გადახედვისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. პორტის ყოფილი და ამჟამინდელი მუშა-მოსამსახურეების გაფიცვას პორტის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული თბილისიდან საგანგებო  პრესკონფერენციით გამოეხმაურა და  მუშებს გაფიცვის შეწყვეტისა და კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, გაფიცვის გამო ფოთის პორტმა უკვე იზარალა ასობით ათასი დოლარით და თუ ასე გაგრძელდა, ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო იმიჯზე.

 ფოთის პორტში დილიდან ხმაური იყო. ნავსადგურის მუშების იმ ნაწილს, რომელიც მეორე დღეა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გაფიცულია, პორტის ყოფილი თანამშრომლებიც შეუერთდნენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მიმართეს.

 ნავსადგურის მუშები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის პორტი  მთლიანად პარალიზებულია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნავსადგურის ფლოტის ბუქსირ „პატრიოტის“ ცვლის კაპიტანი გოჩა ჩემინავა გვეუბნება, რომ  ადმინისტრაცია მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს, არც ძველი დაპირებები შესრულებულა:

 ”გვპირდებოდნენ, რომ დამსახურების, ცოდნის, პროფესიონალიზმის მიხედვით განისაზღვრებოდა ხელფასები. ასე არ მოხდა. ხალხს კი ნდობა დაკარგული აქვს. ამიტომ ჩვენ არ გვჯერა, რასაც ისინი  ამბობენ. მოვიდნენ და ჩვენ დაგველაპარაკონ და, რაც მთავარია, იანვარში კი ნუ გადადებენ დაპირებებს, ახლავე შეასრულონ. უკვე რა ხანია პორტში არსებულ ვითარებას ვაპროტესტებთ. არ გვინდოდა გაფიცვის მოწყობა, მაგრამ ყურად რომ არ იღეს ჩვენი საჩივრები, ამან გამოიწვია ის, რაც დღეს აქ ხდება”.

 პარალელურად, ფოთის ნავსადგურში პორტის ყოფილმა თანამშრომელმა 20-მა ქალმა შიმშილობა დაიწყო. ისინი - სულ 386 ადამიანი - სამსახურიდან გასული წლის დეკემბერში დაითხოვეს. მათ პორტის ადმინისტრაციამ ერთწლიანი ფულადი კომპენსაცია დაუნიშნა, რომლის ვადაც დეკემბერში იწურება. აქციაზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ ამის შემდეგ ისინი ყოველგვარი სახსრების გარეშე რჩებიან.

 ”უვადო შიმშილობას ვიწყებთ. მართალია, იურიდიულად არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ საქმეს მოვიგებთ, რადგან ჩვენი ხელით გვაქვს ხელი მოწერილი დოკუმენტაციაზე, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ასეთი უკიდურესი ფორმით გამოგვეხატა პროტესტი. რა დავაშავეთ, რისთვის გაგვიშვეს? მე აქედან არ გავალ და ვიჯდები და ვიშიმშილებ”, - ამბობს ლოლა სიჭინავა.

 ფოთის პორტში მიმდინარე გაფიცვას 2 ნოემბერს პორტის გენერალური  დირექტორი ჯოზეფ ქროულიც გამოეხმაურა. ქროული ამბობს, რომ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა კონსტრუქციული დიალოგია და არა გაფიცვა, რადგან პორტის გაჩერება დააზარალებს არა მხოლოდ მუშებს, არამედ იმ კომპანიებს, რომლებიც პორტის მუშაობაზე არიან დამოკიდებულნი:

 ”ამ ყველაფერმა, შესაძლოა, ძალიან სერიოზული გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ პორტი არ იმუშავებს, პორტის მომხმარებლები სხვა გზას იპოვიან ტვირთების გადასაზიდად და როცა ერთხელ კარგავს პორტი ტვირთს, მისი უკან დაბრუნება ძალიან რთულია. ჩვენი შეთავაზება მუშებისადმი საკმაოდ გულუხვია და ღირს განხილვად. ამიტომ მოვუწოდებთ მათ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს დაუყოვნებლივ”.

 ქროულის თქმით, გასულ წელს ფოთის ნავსადგურში მომსახურე პერსონალის ხელფასები 20%-ით გაიზარდა, მომავლისათვის კი დაიგეგმა კომპენსაციისა დ და სარგებლის სისტემა, რაც გულისხმობს ყოველი წლის აპრილში თანამშრომელთა ხელფასების გადახედვას და, ინფლაციისა დ მათი პროფესიონალიზმის შესაბამისად, ხელფასების გაზრდას. თუმცა წელს ამ თარიღმა იანვარში გადმოინაცვლა და სწორედ იანვრიდან მოიმატებს ნავსადგურის მუშების ხელფასები 20%-ით, ხოლო ე.წ. რეზერვისტების (ადამიანების, ვისაც სამუშაოს არსებობის შემთხვევაში იძახებენ) ხელფასები   დაუყოვნებლივ 40%-ით გაიზრდება.

 საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ფიქრობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წამოწყებულ გაფიცვებს პოლიტიკური საფუძველი აქვს. მუშების გაფიცვის, დევნილების მიერ შენობებში შეჭრისა და ციხეებში რეგულარული არეულობის ფაქტები, მისი აზრით, დესტაბილიზაციისა და ახალი მთავრობის დისკრედიტაციის  კარგად მართული მცდელობა უფროა, ვიდრე სოციალური პროტესტი. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს გამოიძიოს, თუ ვინ დგას ამ ერთდროულად  წამოსული საპროტესტო ტალღის უკან, კონკრეტულად ფოთის პორტის მუშების გაფიცვის თაობაზე კი აცხადებს, რომ პორტის მუშების გაფიცვა გამოიწვევს ქალაქ ფოთის პარალიზებას და, ზოგადად, ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას:

 ”ფოთის პორტი, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პუნქტი, არ შეიძლება პარალიზებული იყოს გაურკვეველი პიროვნებების მიერ, რომელთაც მანიპულაციის გზით შეცდომაში შეჰყავთ პატიოსანი და გულუბრყვილო მუშები, რათა, საბოლოოდ, კრიმინალური გზით მიაღწიონ მიზანს. საერთაშორისო სავაჭრო  პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ უფლებებს,  მაგრამ გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმური და პოლიტიკურად მოტივირებულია, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის იმიჯზე. გვინდა მოვუწოდოთ მთავრობას, მიიღოს სწრაფი ზომები ქვეყანაში არასტაბილურობის აღსაკვეთად, არასტაბილურობისა, რომელიც თანაბრად საფრთხეში აგდებს როგორც უცხოელი ინვესტორის, ისე ქართველი ბიზნესმენების საქმიანობას”.

 შეგახსენებთ, რომ დანიურმა კომპანიამ „ეი პი ემ ტერმინალსმა“, რომელიც ახლა ფოთის პორტს მართავს,  არაბული კომპანია „რაკიასგან“ ფოთის პორტის აქციების 80% გასული წლის აპრილში შეიძინა. ეს კომპანია  მსოფლიოს მასშტაბით 50 პორტს ფლობს.