მიხეილ სააკაშვილის ჰიტები

მიხეილ სააკაშვილის ჰიტები

ჩვენი კორესპონდენტი, საქართველოს მოქალაქე YouTube-ზე საუკეთესო პოსტსაბჭოთა ვიდეოებს დაეძებს.

ამბობენ, რომ პოლიტიკა უშნო ხალხის როკენროლია. ხშირად ეს შეფასება სწორია. თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ესთეტიზმის დეფიციტი პოლიტიკაში სულაც არ აფრთხობს მუსიკოსებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი საქართველოა.

პრეზიდენტ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში პოპჩარტები აშკარად იქცა ბრძოლის ველად, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მისდამი და მისი პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი მუსიკოსები და ისინი, ვინც ურჩად ემტერებოდა. ეს ჩარტები, ამავე დროს, თანამედროვე საქართველოს პოლიტიკის სიმღერად ქცეულ პატარა ისტორიასაც წარმოადგენს. მე „რადიო თავისუფლების“ ლუკაშენკოს ბრწყინვალე ფლეილისტმა შთამაგონა და გადავწყვიტე ისეთი ჰიტპარადი წარმოგიდგინოთ, რომელიც ან მიხეილ სააკაშვილის შესახებ მოგვითხრობს, ან მისით, მიშათია (ასე ეძახის მას ყველა) შთაგონებული.

1.„მიშა მაგარია“. ეს სიმღერა დაწერა და გადაიღო გოგა ხაჩიძემ, ბოიბენდის ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც პოლიტიკოსად იქცა. ვიდეოკლიპში მოქმედება იშლებოდა ახლად აღდგენილ  მთიან ქალაქ-ექსპონატ სიღნაღში, სადაც ბავშვები დროშის ფრიალით დახტოდნენ. კლიპი 2007 წელს გამოვიდა, ზუსტად მაშინ, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ ფურცლებმა ცვენა იწყო. სიმღერას იმედისმომცემი ტექსტი გასდევდა: „ჩვენ შევაღებთ კარს ევროპასა და ნატოში“. ეს უხერხული, ჰიტისმაგვარი სიმღერა გამოჩნდა და ხაჩიძე გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნეს, რაც იმის დასტურია, რომ მლიქვნელობა წარმატების საწინდარია. ქვევით სიმღერის კარაოკე-ვერსიას გთავაზობთ, თუ ქართულ ანბანში გაერკვევით, შეგიძლიათ თქვენც წაუმღეროთ.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=bmez8Fbv3_4

2. 2007 წლის ბოლოს საზოგადოებაში სააკაშვილით უკმაყოფილება მატულობდა და ოპოზიციური პარტიების ჭრელმა ნაკრებმა მისთვის ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქციებით პრობლემების შექმნა გადაწყვიტა. ეს ექსტრავანგატური ნაწარმოები, რომელიც მიტინგების დასაწყისისთვის მომზადდა, უცნობს ეკუთვნის, საქართველოს ყველაზე ცნობილ რეპერს. უცნობი, ლევან გაჩეჩილაძის ძმაა, პროტესტის ლიდერის, რომელსაც ყველა გრეჩიხად იცნობს და რომელმაც 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილთან წააგო. სიმღერას „დედა ენა“ ჰქვია. „დედა ენა“ პირველი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოა. კლიპის დასაწყისში, მას ნერონი-სააკაშვილი ცეცხლში ისვრის.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=eOaCBO4MGis

3. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მომხდარი კონფლიქტი ბევრი ქართველისთვის მუდმივი გლოვის მიზეზია. დაახლოებით 250,000 ადამიანი ეთნიკური წმენდის დროს გამოაძევეს პრორუსმა სეპარატისტებმა. მაგრამ სააკაშვილის მთავრობის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით, საშინელი იყო. იმის მაგივრად, რომ სეპარატისტებთან მოლაპარაკებები დაეწყო, ის იარაღის ჟღარუნს მოყვა და ისეთ სიმღერებს უკვეთავდა, როგორიც იყო „გამარჯობა, აფხაზეთო ჩვენო“. ამ ვიდეოში, ცნობილი საბჭოთა მსახიობები, პოპვარსკვლავები და ბავშვები, საავტომობილო გზით, მატარებლითა და გემით დაკარგული პროვინციისკენ მიეშურებიან. სევდიანი ამბავია, რადგან ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვი უკვე დამოუკიდებლად განიხილავს, ათასობით რუსი სამხედრო დგას, ბევრს ამ მსახიობთაგან, ალბათ, ვერ შეაძლებინებს ასეთივე მოგზაურობას რეალურ ცხოვრებაში.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=pQz8HKfjFY4

4. საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ომმა 2008 წელს იფეთქა. თვეებით ადრე სააკაშვილის მთავრობამ დიდი ფული ჩადო პროქართულად განწყობილ ოს პოლიტიკოსებში, რომლებიც ცდილობდნენ ტერიტორიის ბანდიტი ბოსი, ედუარდ კოკოითი გაეძევებინათ. ეს პროექტი, რომ არა ომი, შეიძლება წარმატებული გამომდგარიყო, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანებს ამ პროექტიდან ეს მოუხეშავი ძალისხმევა დაამახსოვრდათ: სიმღერა სათაურით „კოკოითი, ფანდარასტ“ – „ნახვამდის, კოკოითი“. საქმე ისაა, რომ ოსურად „ნახვამდის“ ასე ჟღერს -„ფანდარასტუ“, სიმღერაში კი სიტყვა ისეა შეცვლილი, რომ ისმის შემდეგი – „კოკოითი პედერასტ“.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ia2UGflVzPQ

5. ბევრს ეგონა, რომ რუსეთის ინტერვენცია და ოკუპაცია სააკაშვილს დასასრულს უქადდა, მაგრამ მუხედავად პუტინის მუქარისა – „მე მას კვერცხებით დავკიდებ“, სააკაშვილი თავის პოსტზე დარჩა და დღესაც იქ არის. რუსულ-ქართული ურთიერთობები უიმედოდაა გაყინული,  თუმცა 2009 წელს კომიკურმა სიტუაციამ  ვითარება შეამსუბუქა. ლაპარაკია ვიდეოზე, რომელიც საქართველოს „ევროვიზიის“ კონკურსზე უნდა წარედგინა. სიმღერას ერქვა We don’t Wanna Put In და რუსეთის ლიდერის გვარის ნაძალადევ კალამბურს წარმოადგენდა: „ჩვენ არ გვინდა პუტ ინ/ნეგატიური განწყობა კლავს კაიფს/მე უბრალოდ სროლა მინდა/და კიდევ  დისკოთეკა ამაღამ“. მაგრამ ვაი, რომ სტეფანემ და 3G-მ ვერ მოახერხეს ამ ნომრის მოსკოვში შესრულება, რადგან „ევროვიზიის“ წარმომადგენლებმა ეს სიმღერა, პოლიტიკური გზავნილის გამო, კონკურსიდან მოხსნეს.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=F9Wp0IEl1yw

6. ბედნიერი ერი. 2009 წელს, როდესაც ომისშემდგომმა აპათიამ დაისადგურა, კიდევ უფრო მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა. მათი ორგანიზატორი ისევ უიღბლო ოპოზიცია იყო და ყველაფერი ეს მშვენივრად აისახა ანრი ჯოხაძის სიმღერაში. მისამღერი ჯოხაძემ ქართველი პოეტისგან, ილია ჭავჭავაძისგან ისესხა. ამ მისამღერში ის რიტორიკულად კითხულობდა – „ჩვენისთანა ბედნიერი, განა სადმე არის ერი?“. ეს ვიდეო, რომელიც ტალანტის დემონსტრირებას წარმოადგენდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობით იწყებოდა და თითქმის ყველა მთავარ პოლიტიკურ ფიგურას დასცინოდა. მასში პაროდირებული იყო ამ სიაში დასახელებული მე-2, მე-3 და მე-5 სიმღერები და აქვე ისიც მოხერხდა, რომ 1984 წლის კლასიკური ფილმი, „მონანიებაც“, გაეხსენებინათ.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=RHGrlKdfnrI

7. პოლიციის კლიპი 3 – პოლიციელი ბავშვები. 2010 წელს ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა, სააკაშვილის მთავრობა პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარ თავს უმღეროდა დითირამბებს. ეს უცნაური სარეკლამო კლიპი (საყოველთაო აღიარებით) ქვეყნის (ბრწყინვალე) პოლიციას ეძღვნებოდა. პატარა ბავშვები სხვადასხვა სახის კრიმინალს ებრძოდნენ, ყველა პატარა უნიფორმაში იყო გამოწყობილი. 1 წუთსა და 45 წამზე ცოტა არ იყოს პირქუში ეპიზოდი თამაშდება – პატარა ბაჭიის მკვლელობა არის ნაჩვენები. ეს არ იყო ერთადერთი კლიპი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მომზადდა. გარდა ამისა, ეს ვიდეო იმდენად მოეწონათ სომხეთში, რომ მისი რიმეიქი გადაიღეს და თითქმის ყოველი კადრი გაიმეორეს.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=nGolyUylDkQ

8. 2012 წლისთვის სააკაშვილისა და მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოპულარობამ სერიოზულად იკლო. ოპოზიცია, რომელსაც სათავეში მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა, ბოლოს და ბოლოს გაერთიანდა. მაგრამ რომ არა ვიდეოები, რომლებშიც ნაჩვენები იყო პატიმრების გულისამრევი წამება ქვეყნის სახელგანთქმულ ციხეებში, მიშას პარტიას შესაძლებელია მაინც მოეხერხებინა 1 ოქტომბრის არჩევნებში ხმების უმრავლსობის მოპოვება. მაგრამ ვიდეო აჩვენეს და ამას მათი დიდი მარცხი მოჰყვა. ეს ვიდეო ქართველების უმეტესობის აღშფოთებას გამოხატავს. კლიპი ყველაზე პოპულარული როკ და ელექტრომუსიკოსების თანამშრომლობით შეიქმნა. სიმღერას პირდაპირ დაარქვეს – „სისტემა უნდა დაინგრეს“. ვიდეო სკანდალიდან სამ დღეში იქნა ნაჩვენები. ტექსტი ბრაზიანია. მომღერლები იმ ვიდეოკადრებს იხსენებენ, რომელშიც პატიმრებს ცოცხით აუპატიურებენ: „მე ვერ დავხუჭავ თვალებს და ვერ გავდგები განზე, როდესაც სისტემა სისტემატურად გვ-ავს თავზე. გონს მოდით, რა უნდა მოხდეს კიდევ? ეს ყველაფერი ახლავე უნდა დამთავრდეს. თუ თავის არიდებას შეეცდებით, არ გაგიკვირდეთ, როდესაც უკანალში თავად გაგიყრიან ცოცხს“. და კიდევ დაუვიწყარია ფრაზა – „დავაფსი თქვენ პაგონებს“.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=RtzkbzPBFJs

9. ხალხი ხშირად მეკითხება – მართალია, რომ ივანიშვილს, რომელიც ახლა საქართველოს პრემიერმინისტრია, ალბინოსი რეპერი შვილი ჰყავს? კი, ეს აბსოლუტური სიმართლეა. ბერა ასრულებს სიმღერას „ქართული ოცნება“, მამის კოალიციის სიმღერას, ამ კოალიციასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დადის ხმები, რომ ივანიშვილი ბერას მუსიკალურ კარიერაზე მილიონებს ხარჯავს, მოუწყო არტსტუდია და საუკეთესო ჰიპ-ჰოპ პროდიუსერებს ქირაობს – ზოგიერი ხუმარა იმასაც კი ვარაუდობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მისი შვილის კარიერის მხარდაჭერა იყო. ნახეთ ვიდეო და თავადვე გადაწყვიტეთ, კარგად დაიხარჯა ფული თუ არა.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=53kyQ9WkRFo

10. არჩევნები დასრულდა, სააკაშვილი ელეგანტურად ელის თავისი ვადის დასრულებას, ხოლო მისი პარტია ოპოზიციაშია. ალბათ, მოვიდა იმის დრო, რომ საქართველოში ვნებები ჩაცხრეს. აი, ამ განწყობით გთავაზობთ ჩინეთის შეიარაღებული სახალხო პოლიციის მამაკაცთა გუნდს, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას, „სულიკოს“ ასრულებს.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Ym5H8NBlVZw

foreignpress.ge