გიორგი ჟვანია საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

გიორგი ჟვანია საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ჩემმა დამლაგებელმა იწინასწარმეტყველა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ჟვანია, იმქვეყნიური სამყაროდან დაბრუნდა და ქართველთა ვარაუდით, თან ლურსმნები და კუბოები წამოიღო ქვეყნის ახალი ოპოზიციის ლიდერებისთვის. ხელისუფლების სტაბილურ გადაცემას, რომლის იმედიც ყველას გვქონდა, ფილმ High Plains Drifter-ის ვერსია დაემუქრა.

გიორგი ჟვანიამ, ყოფილი პრემიერმინისტრის ძმამ, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, გასულ კვირას ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი ძმის მკვლელობა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ბარამიძის მიერ იყო ინსცენირებული. მან თქვა, რომ საქმის გამოძიება ხელახლა უნდა დაიწყოს.

2005 წლის 3 თებერვალს გამთენიისას ზურაბ ჟვანია და გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუფოვი მკვდრები იპოვეს ნაქირავებ ბინაში თბილისში. ოფიციალური ვერსიით, მათი სიკვდილის მიზეზი გაზის გამათბობელი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგი იყო. მათი გარდაცვალება მიჩნეულ იქნა უბედურ შემთხვევად, მაგრამ ეჭვები მანამდე გაჩნდა, ვიდრე გვამებს გაკვეთდნენ.

იმ მომენტში, თითქმის ყველა ამბობდა, რომ ეს „ფეესბეს“ გაკეთებული იყო, რადგან რუსები ამას ყოველთვის აკეთებდნენ. ქართველები ამბობენ, რომ რუსებმა გაანადგურეს ნაციონალისტი ილია ჭავჭავაძე, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და პოლიტიკური ლიდერები გია ჭანტურია და მერაბ კოსტავა 1990-იან წლებში. „გარე ძალებს“ ყოველთვის დესტაბილიზაცია შეჰქონდათ საქართველოში.

რუსეთისკენ ხელის გაშვერა არ შეწყვეტილა. ზოგი ფიქრობდა, რომ სააკაშვილმა ჟვანიას სიკვდილით ისარგებლა, რადგან ჟვანია ოპოზიციის ჩამოყალიბებას გეგმავდა. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მაშინ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების მომხრე თავდაცვის მინისტრი იყო და შემდგომში მმართველ გუნდს განუდგა, ასევე ამტკიცებდა, რომ პრემიერმინისტრის სიკვდილში სააკაშვილის ადმინისტრაცია იყო გარეული.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალური ბიუროს გამოძიება ემთხვევა ოფიციალური გამოძიების შედეგებს, შეკითხვები პასუხგაუცემელი რჩება. ადამიანების უმეტესობა მომწამვლელი ნახშირჟანგით ძილში 15 წუთში იღუპება, მაგრამ ჟვანია მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო იუსუფოვი – სამზარეულოს იატაკზე. მოწამვლის სიმპტომებია თავბრუსხვევის შეგრძნება, გულისრევა და თავის ტკივილი. თუკი ჟვანია და იუსუფოვი ინტოქსიკაციის ქვეშ არ იყვნენ, მაშინ მათ როგორ ვერ შენიშნეს, რომ რაღაც რიგზე არ იყო?

ახლა როდესაც სასამართლოები სააკაშვილის უღლისგან გათავისუფლდა, გიორგი ჟვანია საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ამისათვის მან კარგი დრო ვერ შეარჩია; არჩევნების შემდგომი არეული სიტუაცია ჯერ არ დალაგებულა, და ის უკვე ქვეყნის ყოფილი ლიდერების დასჯას ითხოვს. გარდა ამისა, საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლად არასდროს ფუნქციონირებდა, და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მოსამართლეები ახალი უფროსის პირობებში იმავეს არ გააკეთებენ.
Foreignpress.ge