„ცოტა უცნაურია ერგნეთის შეხვედრა ასეთი შედეგით რომ დასრულდა. ნიუ იორკის შეხვედრას რაღაც გავლენა უნდა მოეხდინა," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთში ქართული და ოსური მხარის მორიგი უშედეგო შეხვედრის შესახებ საუბრისას.
ერგნეთში რიგით მეხუთე ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. განსახილველი თემა ჩორჩანა-წნელისის ტყის მონაკვეთზე განთავსებული საგუშაგოები იყო. საქართველოს ხელისუფლებამ 30 აგვისტოს ჩორჩანის ტყეში საპოლიციო საგუშაგო განათავსა, რასაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. ოსურმა მხარემ საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვეს, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, საგუშაგოს დემონტაჟს არ აპირებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა, ცხინვალის წარმომადგენელთა ხისტი პოზიციის გამო, კონსტუქციული დიალოგის წარმართვა ვერ მოხერხდა.
პაატა ზაქარეიშვილი ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად შეთანხმების მიღწევაში ხედავს. მისი განცხადებით, გარკვეული გზა უნდა მოინახოს იმისათვის, რომ ვითარება კვლავ უცვლელი არ დარჩეს.
„ორივე მხარემ უნდა გადახედოს პოზიციებს და შეჯერდნენ, როგორ იპოვონ საერთო გამოსავალი, თუმცა, ალბათ მოსკოვმა უნდა უკარნახოს ცხინვალს რაღაც ნაბიჯების გადადგმა. ალბათ ქართველებს და ოსებს აწყობთ ის, რაც ხდება - ასეთი გაურკვეველი და დაძაბული ვითარება. როგორც ჩანს, ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას აპირებენ. ვნახოთ მოსკოვი რას მოიმოქმედებს, მასზეა დამოკიდებული მხარეები რა შედეგებზე გავლენ.
„საჭიროა ორმხრივი გადაწყვეტილება; თავისთავად საინტერესოა რაზე ილაპარაკეს ზალკანიანმა და ლავროვმა. ისინი აუცილებლად შეეხებოდნენ „გამყოფი ხაზის" პრობლემას, როგორც მავთულხლართებს, ისე წნელისთან დაკავშირებით არსებულ დაძაბულობას.
„ვითარება სტაბილურია, არც რთულდება და არც განიმუხტება. შეიძლება ასე გაგრძელდეს დიდი ხანი. ეს არავის აწყობს, ან შეიძლება ვიღაცას აწყობდეს; დარჩეს ერთი ქართული საგუშაგო, ორი თუ სამი - ოსური," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, 2 ოქტომბერს აღარ შედგება გეგმური ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა, რადგან მონაწილეობაზე უარი ცხინვალის მხარემ განაცხადა.
საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებათა ფორმატში გაგრძელდება, რომელიც ჟენევაში მომავალ კვირაშია დანიშნული.
რაც შეეხება ახალგორის ე.წ. საზღვრების ჩაკეტვას, ირაკლი ანთაძის თქმით, ამ თემას ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვდერაზეც ისაუბრეს; მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან, ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს დაუკავშირეს. ამაზე ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. თუმცა, მეორე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია არც ამ საკითხში ჰქონია.
ცნობისათვის, საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო.