დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, რომ საპარტნიორო ფონდი ისეთივე ფორმით შენარჩუნდეს როგორც აქამდე იყო, ოღონდ ახალი ხელმძღვანელობით. ნიკა გილაურის ნაცვლად, მას ირაკლი კოვზანაძე ჩაუდგება სათავეში.
კოვზანაძე ფონდის ახალი ხელმძღვანელი უკვე დასახელდა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, კოვზანაძის კანდიდატურას რამდენიმე თანამდებობაზე განიხილავდნენ, თუმცა როგორც პრემიერი აცხადებს, საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტი შეურჩიეს.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კოვზანაძეს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. „მოხიბლული ვარ, მისი წარსულით, გნებავთ, ოჯახური მდგომარეობით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება თავად ფონდს, როგორც პრემიერმა თქვა, იყო მსჯელობა თუ რა ფორმით გააგრძელებდა ეს ფონდი მუშაობას, თუმცა როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ დარჩება ისე, როგორც არის და გააგრძელებს მუშაობას, ხოლო შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა როგორი იქნება ეს ფონდი. ამასთან, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საინვესტიციო სააგენტო ამ ეტაპზე დარჩება ისეთივე სტრუქტურად როგორიც არის.
რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება საპარტნიორო ფონდის მიმართ? იმიტომ, რომ ეს არის სტრუქტურა, რომელიც განკარგავს უმსხვილესი სახელმწიფო ორგანიზაციების აქტივებს. „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აქციათა 100%, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” აქციათა 100%, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” აქციათა 100%, “თელასის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციები და სხვა მრავალ სახელმწიფო საწარმოები სწორედ საპარტნიორო ფონდის განკარგულებაშია.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდი რამდენიმე მიმართულებით კარგ პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფერო. ამიტომ, პირველ რიგში, შეაფასებენ ამ პროექტებს და გადაწყვეტენ, რომელი მათგანი გაგრძელდეს ან რა მიმართულებით წავიდეს. მომზადდება კანონპროექტი, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს ფონდის საქმიანობაში და მას უფრო გამჭვირვალეს გახდის.
ცნობისთვის, ირაკლი კოვზანაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქმიანობს და იმავდროულად არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბანკებისა და ფინანსების კათედრის გამგე. რამდენიმე წლის წინათ კი კოვზანაძე პარლამენტის წევრი იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა.
აქამდე კი საპარტნიორო ფონდს ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრემიერობის შემდეგ დაინიშნა. იგი უქმად ყოფნას არ აპირებს და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
როგორც გილაურმა განაცხადა, საქართველოს არ დატოვებს და კერძო სექტორში მოსინჯავს ძალებს.
„კონკრეტულად სად გავაგრძელებ საქმიანობას, მალე გავიგებთ“, - აღნიშნა გილაურმა.
ფონდში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ რკინიგზის ყოფილი შეფი ირაკლი ეზუგბაია, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა ყოფილი მინისტრები ბაკურ კვეზერელი და დიმიტრი გვინდაძე, ასევე ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია.
სამომავლოდ საპარტნიორო ფონდის უმთავრესი ამოცანა, საკუთრებაში არსებული კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდა იქნება. ფონდის ახლადდანიშნული ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ის ამ და სხვა ძირითად მიმართულებებს, ფონდის უკვე ყოფილი უფროსის ნიკა გილაურის მოადგილეებთან და სხვა თანამშრომებთან ერთად განიხილავს.
მისი ინფორმაციით, ფონდი ჯერჯერობით არსებული სტატუსით განაგრძობს მუშაობას. სამომავლოდ იგეგმება რეორგანიზაცია, რაც ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა იქნება. შესაბამისად ფონდის წესდება შეიცვლება.
ფოდნდი ახალი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე კადრების შესაძლო გადახალისებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.