რა იყო ეს - მორიგი რუსული მახე, თუ ივნისში დაშვებული ტაქტიკური შეცდომის გასწორების სურვილი

რა იყო ეს - მორიგი რუსული მახე, თუ ივნისში დაშვებული ტაქტიკური შეცდომის გასწორების სურვილი

რუსეთის ტაქტიკული სვლა, ან გამიზნული ხაფანგი, რომელშიც შესაძლოა საქართველო შეიტყუოს - ასეთია შეფასებები და ეჭვები საქართველოში  ლავროვისა და ზალკანიანის  შეხვედრაზე.  თბილისში უკვე მსჯელობენ, რა ჩაიფიქრა რუსეთმა და 2008 წლის ომის შემდეგ შეჩერებული უმაღლეს დონეზე ურთიერთობის განახლება რატომ  მოინდომა.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ დღეს რუსეთს  საქართველოსთან ან უკრაინასთან, ან ორივესთან  ერთად სჭირდება, რომ ურთიერთობა დაათბოს. თუმაც ეს ისე უნდა მოახერხოს, რომ არსებული ვითარება კონფლიქტების თვალსაზრისით არ შეიცვალოს. მათი აზრით, მსგავსი შეხვედრებიდან საქართველო სასარგებლოს არაფერს უნდა ელოდოს და იფრთხილოს, რადგანაც რუსეთის მიერ დაგებულ მახეში არ მოხვდეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ამ შეხვედრით გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც ქვეყანა უნდა დაელოდოს. მათივე თქმით, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყება, დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება მხოლოდ დეოკუპაციის თემა.

ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ არსებობს რუსეთთან ურთიერთობების ორმხრივ ფორმატში გადასვლის საფრთხე, რასაც საქართველო უნდა მოერიდოს. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ დასავლელი პარტნიორები ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღარ აიღებენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ შეხვედრიდან საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო შედეგს არ უნდა ველოდოთ.  რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ინტერესს, როგორც ექსპერტი ამბობს, ეს შეხვედრა შეიძლება 2020 წლის არჩევნების კონტექსტშიც განვიხილოთ.

მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ეს შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორია, რომლითაც მას პრორუსული ხმების მობილიზება უნდა. ძაბირაძე ამბობს, რომ  ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავჯერ გვქონდა მცდელობა მათთან დიალოგის, რომელიც ყოველთვის იმით მთავრდებოდა, რომ  რუსეთი ჩვენთვის მიუღებელ სვლებს აკეთებდა.

„რუსეთის მხრიდან რაიმე დათმობას არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, არ უნდა ველოდოთ ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, რადგან თუ მას ამის გაკეთება სურს, მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება ჟენევის ფორმატი.

„რუსეთს თუ მართლა რეალურად უნდა გარკვეულ დათმობაზე წასვლა, მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ეს მოხდეს არა საქართველოსთან დიალოგში, არამედ სწორედ ჟენევის ფორმატში. დღეს რუსეთს აუცილებლად სჭირდება საქართველოსთან ან უკრაინასთან, ან ორივესთან  ურთიერთობა დაათბოს, თუმცა ისე, რომ არსებული ვითარება არ შეცვალოს, დატოვოს ისე როგორც არის. ამიტომაც მათგან რაიმეს მოლოდინი არ მაქვს და არც უნდა გვქონდეს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სერგეი ლავროვის და დავით ზალკანიანის შეხვედრიდან  დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და რამე განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ.

ბატიაშვილი ამბობს, რომ ვიცით რუსეთი როგორი პარტნიორია და მიცემულ სიტყვას როგორ  ასრულებს. მისივე თქმით, არალეარული მოლოდინები არ უნდა გაგვიჩნდეს, რადგანაც რუსეთი მსგავს ნაბიჯს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დგამს.

„ამ შეხვედრიდან დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს. რაზე უნდა ესაუბრათ ლავროვსა და ზალკანიანის - რომ დეოკუპაცია მოხდება ჩვენი ქვეყნის და ჯარს გაიყვანენ? ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ბევრჯერ გვაქვს უკვე ნანახი, ამ მოლაპარაკებების საბაბით და გამოყენებით, საკუთარი ინტერესები როგორ გაუტარებიათ. მსგავსი მოლაპარაკებებიდან ფუჭი იმედები არ უნდა შევიქმნათ.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ  იმედი და მოლოდინი აქვთ, რომ მსგავსი შეხვედრებით რუსეთთან მიმართებაში რაღაცას შეცვლიან. ამ ფუჭი იმედებით კი მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ბევრმა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა უკვე კარგად დაინახა რუსეთთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას რა ფასი აქვს“, -ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“. 

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თორნიკა შარაშენიძე „რეზონანსთან“  ფიქრობს, რომ თუ ლავროვი ზალკანიანს მოლაპარაკებებით ბორდერიზაციის შეჩერებას დაპირდება და ეს საკითხი მოგვარდება, რატომაც არა. თუმცა, ამის ილუზია, რა თქმა უნდა,  ნაკლებად არსებობს. შარაშენიძის აზრით, რუსეთი შეცდა, როდესაც 20 ივნისის მოვლენების ფონზე საქართველოს სანქციები დაუწესა და ამიტომაც ახლა მის გამოსწორებას ცდილობს.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს ინიციატივა რუსეთის მხრიდან მოდის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ შეხვედრის ინიციატორი ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა.

„თუ ბორდერიზაციას გააჩერებენ და ამაზე მიდის მოლაპარაკება, კი, ბატონო, ამაზე კარგი რა არის. თუმცა, თუ ამ შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ისევ მუქარები წამოვიდა, რა თქმა უნდა, შეხვედრა აღარ უნდა შედგეს.

„აუცილებელია ასევე გავიგოთ რა იყო საუბრის  მთავარი თემა. მე როგორც ვიცი, ამ შეხვედრის ინიციატორი რუსეთი იყო.  მგონია, რომ 20 ივნისის სანქციების გამოსწორება უნდათ. გარკვეული მიზანი რუსეთის მხრიდან ამ შეხვედრას რომ აქვს, ფაქტია. მოლაპარაკება და დიალოგი ცუდი არასდროს არ არის, მაგრამ გააჩნია რაზე და ვისთან. თუ რუსეთი აქეთ ისევ მუქარებს დაიწყებს და ეს შეხვედრები ამისთვსი უნდათ, ეს უკვე სრული უაზრობა გამოდის“, - აცხადებს შარაშენიძე „რეზონანსთან“.

Katana . ლავროვმა თქვა, ეს ქართული მხარის ინიციატივა იყოო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ იძახის, ეს ჩვენი იმიციატივა არ ყოფილაო - რა გამოდის, ჩემი ინიციატივა იყო, აბა?
თუ, ერიდებათ იმის გამხელა, რომ მათი ინიციატივა იყო? რატომ? - დალაპარაკება არ ვარგა, მავთულხლართებთან შარვლების ჩახდა და მოწინააღმდეგე მხარისთვის შიშველი უკანალების ჩვენებაა უკეთესი ფორმა?
5 წლის უკან