ორი ქალაქის საპარლამენტო რებუსები

ორი ქალაქის საპარლამენტო რებუსები

პარლამენტი თბილისში დაბრუნება იმდენად გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისში უკვე საკანონმდებლო შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი იწყება, ქუთაისის პარლამეტის აშენების საკითხს კი, სავარაუდოდ, პროკურატურა მიხედავს, რადგან წარმოუდგენლად დიდი თანხა უკანონოდ არის გახარჯული. 

რუსთაველის N8-ში საკანონმდებლო ორგანოსთვის საჭირო პირობების შექმნაში შესაძლოა, „ქართუ ჯგუფი“ ჩაერთოს. აპარატის ტექნიკური ნაწილის თანამშრომლები თბილისში უკვე დაიბარეს. ამ დროისთვის, არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა მიმდინარეობს.

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი, ზურაბ მარაქველიძე თბილისში, პარლამენტის შენობის შესწავლის პროცესის დაწყებასა და ამ მიზნით ქუთაისიდან დადაქალაქში მისი თანამშრომლების გამგზავრებას ადასტურებს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ თავად პარლამენტის აპარტი თბილისში არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს.

„ვიცი, რომ რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია შენობაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, მაგრამ მასში თავად პარლამენტის აპარატი ჩართული არ არის, რადგან შენობა პარლამენტს არ ეკუთვნის და საპარტნიორო ფონდისთვისაა გადაცემული. რაც შეეხება აპარატის თანამშრომელთა იქ მისვლას, მოგეხსენებათ, პარლამენტის აპარატში ადამიანები წლებია მუშაობენ. მათ კარგად იციან, რა სიტუაცია იყო შენობაში პარლამენტში ქუთაისში გადასვლამდე, რა სიტუაციაა ახლა და რა განსხვავებები არსებობს დღეის მდგომარეობით“, - განაცხადა მარაქველიძემ, რომელმაც იქვე საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

პარლამენტის ძველი შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის საქმეში „ქართუ ჯგუფის“ ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე „ქართუს“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი დავალება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, „თუკი ამის სურვილი იქნება, „ქართუ“ პროცესში დიდი სიამოვნებით ჩაერთვება“.

„როგორც ცნობილია, ჩვენ გარკვეული სარემონტო და სამშენებლო სიმძლავრეები გვაქვს. უამრავი სკოლა, საავადმყოფო, კულტურული ძეგლი აღგვიდგენია და აგვიშენებია. თუ იქნება შეკვეთა პარლამენტთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ. მე, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ ქვეყნის ხელისუფლება პოლიტიკურ ცენტრში უნდა იყოს. როგორც ეკონომიკური, ასევე ფინანსური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით გაუმართლებლად მიმაჩნია ორი დედაქალაქის არსებობა. პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მივესალმები და, თუ მივიღებთ შესაბამის დავალებას, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

თბილისში პარლამენტის დაცლა ივლისში დაიწყო. აგვისტოში შენობიდან უკვე გატანილი იყო ყველა მოძრავი ქონება – ტექნიკური საშუალებები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. ნაწილ-ნაწილ დაიშალა პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები და პლენარულ სხდომათა დარბაზი; გახორციელდა კომუნიკაციების სისტემების დემონტაჟიც.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მფლობელის,  „საპარტნიორო ფონდისთვის”, შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ახალ მთავრობას რაიმე წინადადებით არ მიუმართავს და არც საკითხი განხილულა.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, თბილისის პარლამენტის შენობა ფონდის ბალანსზე რამდენიმე თვის წინათ გადავიდა.

დეპუტატთა ჯგუფი კი, რომელიც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, მიიჩნევს, რომ ახალი შენობის თემა სამართლებლივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

მათი მონაცემებით, პარლამენტის მშენებლობისთვის 360 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, დარჩენილია დამატებით 20-30 მილიონი ლარის სამუშაოები.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე განმარტავს, მშენებლობის დამკვეთია შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რაც, ტყემალაძის შეფასებით, არასწორია.

„როგორც ირკვევა, სააგენტომ არ იცის, რა უნდა გაკეთებულიყო. კერძოდ, ვიღაც მშენებლებს ეტყოდა: ეს უნდა გაკეთდესო, ისინი კი, უპასუხებდნენ: ამდენი უნდა გადაიხადოთო და პროცესი ამ დონეზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მივმართავთ, რომ საკითხის სამართლებლივი შესწავლა მოხდეს, რადგან ის საკმაოდ სერიოზულ სამართლებლივ შესწავლას მოითხოვს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო პროცესის დასრულებას დამატებით 20-30 მლნ ლარი სჭირდება, თუმცა უნდა დასრულდეს თუ არა მშენებლობა, ტყემალაძე ვერ აკონკრეტებს.

„პროექტი ხელთ ჯერ არ გვაქვს და არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. შენობა ექსპლუატაციაში შესული არ არის და მის მდგრადობაზე დასკვნა არ არსებობს. პრინციპში, კანონს ვარღვევთ, რადგან ექსპლოატაციას ვუწევთ შენობას, რომელიც ვისი საკუთრებაა, ვერ გავარკვიე“, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.