საზოგადოება „რწმენის პატიმრების“ გათავისუფლებას ელოდება

საზოგადოება „რწმენის პატიმრების“ გათავისუფლებას ელოდება

ვარდებიანი რეჟიმის უსამართლობა საკუთარ თავზე მართლმადიდებელმა ბიჭებმაც იწვნიეს, რომლებიც ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის გამო ციხისთვის უდანაშაულოდ გაწირეს. ამ ბიჭებს უკვე უწოდეს რწმენის პატიმრები. მაშინ ამბობდნენ, რომ სიტყვებისთვის „ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს“ ამ ბიჭებს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სამარცხვინოა, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოს სახელით გაასამართლეს, მაშინ, როცა ისინი სწორედ საქართველოსთვის უმძიმეს წუთებში ავლენდნენ თავგანწირვას.

2008 წლის აგვისტოში, როცა ჩვენი ხელისუფალნი საქართველოდან გარბოდნენ, როდესაც პროზექტურის ხელმძღვანელიც კი ამდენი გვამის დანახვისას ჩაკეცილი ტიროდა, ამ ბიჭებს გორის ჰოსპიტალში საშინელ მდგომარეობაში მყოფი დაჭრილები და მიცვალებულები საკაცეებით გადაჰყავდათ...

ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება ამერიკის მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმა მოითხოვა, რასაც ამ ბიჭების დაკავება მოჰყვა.

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებს შეეძლოთ, ციხის კედლებიდან თავი დაეღწიათ, თუ არჩადენილ დანაშაულს „აღიარებდნენ“, მაგრამ რატი მაისურაძემ მაშინვე აღნიშნა, საქართველო ციხედ იქცა და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ციხეში ვიჯდებიო. თუმცა ნამდვილ საპყრობილეშიც რატი მაისურაძემ ჩეჩენი მუსლიმანი ქრისტიანულად მონათლა. მართალია, მართლმადიდებელ ბიჭებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას თავიდანვე სთავაზობდა, მაგრამ განსასჯელებმა ცალსახად უარი განაცხადეს, – ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს ცილს ვერ დავწამებთო. როდესაც მათ განაჩენს უცხადებდნენ და ისინიც გალობით ეგებებოდნენ უსამართლობის ზეიმს, უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა, მამაოები ფეხზე ამდგარნი ხვდებოდნენ ამ ახალგაზრდებს, როგორც საამაყო სულიერ შვილებს.

ციხეში ყველაზე რთული პირობები რატი მაისურაძემ გამოიარა. იგი მერვე საპყრობილიდან არ გადაჰყავთ სხვა საპყრობილეში, სადაც მიწაზე ფეხის დადგმა მაინც შეიძლებოდა. არადა, ჟურნალისტებს კარგად გვახსოვს, რომ სწორედ რატი მაისურაძე იდგა უსამართლობის სადარაჯოზე, იგი იცავდა უნივერსიტეტიდან უსამართლოდ დათხოვნილ ლექტორებს, მოითხოვდა გირგვლიანისა და სხვა ახალგაზრდების მკვლელებისა და ჯალათების დასჯას, იგი იდგა 7 ნოემბრის აქციაზე... სხვათა შორის, ნოემბრის აქციებისას გაიტაცეს კიდეც, სასტიკად სცემეს და უთხრეს, „გირგვლიანი 2“-ის სცენა გათამაშდებაო.    

For. ge მართლმადიდებელი ბიჭების ადვოკატს ბესარიონ ქარცივაძეს ესაუბრა.

როგორც ვიცი, თავის დროზე უწმინდესმაც ითხოვა ამ ბიჭების გათავისუფლება.

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიება იხილებოდა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ასევე, რამდენიმე მეუფემ მიმართეს სასამართლოს, რათა ამ ახალგაზრდების დაკავების სანქცირება არ მომხდარიყო და საპატიმრო სანქცია არ გამოეყენებინათ მათ წინააღმდეგ. პატრიარქისა და რამდენიმე მეუფის მსგავსი თხოვნა თუ მოწადინება არ ყოფილა უახლოეს ჩვენს ისტორიაში. თუმცა ეს თხოვნა სრულად იქნა იგნორირებული. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზეც  უწმინდესის ქორეპისკოპოსმა და მეუფეებმა, ასევე, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, როგორც დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ, შალვა ნათელაშვილმა, ნიკა ლალიაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ არ მომხდარიყო ამ ბიჭებისთვის საპატიმრო სანქცირება. ანალოგიურად ესეც იგნორირებული იყო. ასე რომ, ბიჭები გასამართლდნენ და მათ მიესაჯათ ოთხი წელი და ექვსი თვე. ისინი პატრიარქმა სხვა პატიმრებთან ერთად მოინახულა №8-ე დაწესებულებაში და სულიერი თუ ზნეობრივი მხნეობა და სიძლიერე უსურვა, ასევე, მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. ჩემთვის ცნობილია, რომ პატრიარქმა სთხოვა ბატონ სოზარ სუბარს, როდესაც საპყრიბილეში შებრძანდა, რომ თავის მრევლს, სულიერ შვილებს შეხვედროდა. ჩემთვის გაუგებარია, ამ რვა ახალგაზრდის დაკავებას რატომ არ უყურებენ, როგორც სინდისის პატიმრების თემას. ფაქტობრივად, საქმიდან გამომდინარე, ჟურნალისტიკურ საქმიანობაში ხელშეშლა არ მომხდარა. ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ქალბატონი ჯანგირაშვილი რამდენჯერმე აცხადებდა, რომ მისი, როგორც ჟურნალისტის მიმართ 2010 წლის მაისში, როდესაც გადაცემა „ბარიერი“ შედგა, არანაირი ხელშეშლა არ მომხდარა. რაც შეეხება ხულიგნობას, ესეც ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა, რადგან არანაირი ქმედება, რომელიც ხულიგნობის ქვეგრძნობის წინაპირობაა და სამართლებრივად, მას მიზანშედეგობრივად რაღაც გარემოება უნდა უსწრებდეს, არ ყოფილა. ასე რომ, თუ არ არის ქმედება და მიზანშედეგობრიობა, გამოდის, რომ დასჯადობა იყო იმ დროისთვის სხვისთვის დასანახი რეალობით. ეს ბიჭები სამაგალითოდ დასაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ თემის აჟიტირება მოხდა. მოგეხსენებათ, რა ფაქტმაც გამოიწვია მათი დასჯა. ყველა ქრისტიანისთვის საკმაოდ მძიმედ წასაკითხმა დეისაძის წიგნმა. შესაძლოა, ამ ახალგაზრდა კაცს აქვს თავისი ხიბლი აზროვნებაში, შესაძლოა, იგი ფიქრობდა, რომ, თუ ის დაწერდა წიგნს ისეთი თემით, ისეთი სლენგით, მისაღები თუ მიუღებელი ტერმინოლოგიით და, პლუს ამას, შინაარსობლივად ღვითსმშობლის გმობით, საკუთარი დედის, დის, საკუთარი ბიოლოგიური აღტკინების წარმოდგენით, ორი არატრადიციული ორიენტაციის პირის ნააზრევით, ქმედებებით, მათი კმაყოფილებით თუ დაუკმაყოფილებლობის ასახვით, ამას თავისი მკითხველი ეყოლებოდა. ყველას აქვს თავისი „ნიჭიერება“ თუ „ზენიჭიერება“ ან უმეცრება. ზოგი ამ უმეცრებით რაღაცას აღწევს. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ამას გარკვეული პროტესტი მოჰყვა. ვფიქრობ, ნებისმიერ ქრისტიანს ეს წიგნი წაკითხული რომ ჰქონდეს, იტყოდა, ასე არ შეიძლება, ახალგაზრდამ, ქართველმა თუ სხვა პირმა, ღვთისმშობლის გმობის მთელი ისტერია შემოიტანოს. ეს ქილიკია ამ თემაზე.

დასავლეთის თვალის ასახვევად და დემოკრატობის სათამაშოდ მოხდა ამ ბიჭების დაკავება? იმ დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავისუფლების ინსტიტუტის ბინძურ კამპანიას შეეწირნენ ბიჭები.

- ერთი რამ ვიცი, მე პატივი მქონდა, ამ ბიჭების ადვოკატი ვყოფილიყავი. ვამაყობ, რომ მათი გვერდში დგომით სიმართლეს ვამტკიცებდი, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი სივრცით ჩვენ ვერაფერს გავხდით და შეუვალი იყო პროკურატურის პოზიცია, მოსამართლეთა ხედვა. პირველ ინსტანციაში მოსამართლე იყო მილერი ხარებავა, მეორეში, თუ არ ვცდები - ოთარაშვილი. ორივემ ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი.

ქალბატონი მანანა კობახიძე ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ ისინი მორწმუნე ბიჭები არიან და მოთმინებით, ვაჟკაცურად იტანენ პატიმრობას. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, მათზე ციხეში ზეწოლა განხორციელდა?

- შესაძლოა, მანანა, როგორც ქალბატონი, ასეთნაირად უყურებდა ამ სულით ძლიერი ვაჟკაცების პატიმრობას, მაგრამ არის თემა, რომელსაც მამაკაცები, მაპატიეთ და, ქალბატონების წინაშე, არ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სულიერ გვემას განიცდიდნენ ან ფიზიკურ ზეწოლას, რადგან თავმოყვარეობის რაღაც საზომი არსებობს, რომლის იქითაც ვაჟკაცი არ გადავა.

გამოდის, გარკვეული ზეწოლა მათზე ხორციელდებოდა?

- შემიძლია, გადაჭარბების გარეშე ერთი რამ გითხრათ, მე ბიჭებისგან ვიცი, რომ მათ მიმართ წინააღმდეგობა, დამამცირებელი მოპყრობა არ ყოფილა. პირიქით, იყო მათი სულიერებისადმი პატივისცემა. ვერ წარმოიდგენთ, მათ მიმართ როგორი პატივისცემა ჰქონდათ მანდატურებს, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს, როგორ ეფერებოდნენ თვალებით, უსურვებდნენ მათ სიმხნევეს, როგორ უნდოდათ ამ ბიჭებისთვის შვების სიტყვის თქმა. ეს არის მთელი ერთი თემა, რომელზეც შეიძლება, წიგნი დაიწეროს. ჩემთვის გაუგონრად, ამოუცნობად ერთ-ერთი მათგანი - რატი მაისურაძე მერვე საპყრობილეში რჩება. დანარჩენები სხვადასხვა საპყრობილეებში არიან გადაყვანილნი. ერთადერთი რატი გვყავს მერვე საპყრობილეში და მე ვფიქრობ, ეს გარკვეული ანომალიაა, როდესაც კაცს მისჯილი აქვს და არ გადაგყავს. ეტყობა, ვიღაცას არ უნდოდა მისი გადაყვანა. ის საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფებოდა, მაგრამ სულიერებამ და გაუტეხლობამ გადაატანინა. რა თქმა უნდა, მათზე იყო ფიზიკური ზემოქმედებაც, ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მაგრამ ვიმეორებ, ისევ სულიერმა თანადგომამ და სულიერების სიძლიერემ გადაატანინათ. დაკავებისას ერთ-ერთი - დავით შალამბერიძე სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო, რამდენიმე მათგანი სასულიერო პირის გზას დაადგება და მათ არჩევანს მივესალმები.

რატიზე უშუალო ზეწოლა განხორციელდა?

- რა და როგორ იყო, ალბათ, თვითონ რატი იტყვის, მაგრამ ვამბობ, რომ გაუგებარია, რატომ არ გადაჰყავთ რატი მაშინ, როცა მძიმე კატეგორიის დამნაშავეები გადაჰყავთ სხვადასხვა ზონებსა და საპყრობილეებში. ვფიქრობ, ეს იყო სულიერად გატეხვის ერთგვარი ფორმა. მერვე საპყრობილე ყველაზე ცუდი ადგილია, რადგან, თუ პატიმრები ელემენტარულად სხვა საპყრობილეებში მიწაზე მაინც დადიან, გლდანში მიწაზე საერთოდ ვერ დადიან, ისინი არიან საკნებში და მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატთან შეხვედრისას გამოდიან ეზოში. სხვა შემთხვევაში, მიწაზე ფეხს ვერ დგამენ, ჰაერს ვერ სუნთქავენ.

რატომ გამოარჩიეს რატი ამ უარესი პირობებისთვის?

- ავთანდილ ზუმბაძეც დიდხანს ჰყავდათ მანდ, ის სულ რამდენიმე თვის გადაყვანილია სხვაგან. იგი ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში პირდაპირ დააპატიმრეს. მოგეხსენებათ, იგი კამერით კადრს იღებდა. სხვათა შორის, კადრებში მხოლოდ ორი პირის დაკავება ჩანს - ზუმბაძის და დავით შალამბერიძის, რომელიც დგას და ხმას არ იღებს. რატი იქ არ დაუჭერიათ. ეს არის საერთოდ ანომალია, რაც მის მიმართ მოხდა. კადრების თანახმად, თავიდან არავის იჭერდნენ, უცებ ვიღაც ტელეფონით იღებს გადაწყვეტილებას და იწყებენ დაჭერას. თავიდან მალხაზ ჯანგირაშვილის შვილიც დააკავეს, ნინო ჯანგირაშვილის ხმაც ისმის, რა გინდათ ჩემს ძმის შვილთან, ხელი გაუშვითო. თუმცა ამის შემდეგ იგი დაკავებული არ მინახავს. ეტყობა, გაუშვეს. შალამბერიძე და ზუმბაძე კი დააკავეს, შემდეგ ქუჩაში აიყვანეს ზვიად ბლიაძე. ეს ის ბიჭია, რომელსაც მამა გარდაეცვალა, როდესაც მისი დაკავების ფაქტი გამოცხადდა. ვფიქრობ, ძალიან ცუდად მოექცნენ ამ ოჯახს, რადგან პატიმრის შესახებ კოდექსში წერია, რომ შეიძლება ჭირისუფლობის დროს პატიმარი გარე ბადრაგირების რეალობით სახლში გამოსათხოვარ პანაშვიდზე იქნას მიყვანილი. ამის მიუხედავად, ეს ბიჭი საკუთარი მშობლის სატირალში არ გაუშვეს, რაც დიდი  უზნეობა იყო. რაც შეეხება რატის, თავიდან იგი არ დააკავეს. რატი, ისევე, როგორც აფხაიძე, გაბედავა და გურჩიანი (რომელიც იმ დროს მე-12 კლასელი იყო, იგი ყველაზე მეტად სცემეს) სამი დღის შემდეგ დააკავეს. გურჩიანს სახეზე მრავალი სილურჯე ჰქონდა. იგი იძახდა, დამკითხეთ, ვინ მცემა, არ გაინტერესებთო? ლევან ჩაჩუა და დანარჩენები ჯერ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციაში მივიდნენ, ოპერის უკან და უთხრეს, აქ სამი დაჭერილი ბიჭი მოიყვანეს, ჩვენ თვითმხილველები ვართ, არანაირი წინააღმდეგობა მათგან არ ყოფილა, არავინ უცემიათ და ხელი არავისთვის შეგვიშლია, დაგვკითხეთო. მათ უთხრეს, ეს ბიჭები აქ არ არიან, ქალაქის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილნიო. ამიტომ ამ რვიდან ხუთი ბიჭი გაემართა ქალაქის სამმართველოში, ოთხი საათის განმავლობაში ელოდნენ პასუხს. მათგან ყველაზე პატარა ცუდად გახდა, კომოციო ჰქონდა, ძლიერ ნაცემი იყო, ამდენი ლოდინი ვერ აიტანა და საბოლოოდ ოთხნი დარჩნენ - რატი მაისურაძე, გაბედავა, გურჩიანი და ჩაჩუა. ისინი ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, თუ როდის მოხდებოდა მათი დაკითხვა, რათა მიეცათ ჩვენება. მოგვიანებით ჩვენ ვერ მოვიპოვეთ მასალა, თუ ვინ შეიყვანა ისინი შენობაში. მოგეხსენებათ, ქალაქის სამმართველო დახურული ზონაა და იქ საშვთა ბიურო მოქმედებს. მათი აყვანა კი იმ დროს ხდებოდა, როდესაც საშვთა ბიურო არ მუშაობდა, მაგრამ არსებობდა ჟურნალი, რომელსაც შესასვლეთან მჯდარი ოფიცრები ავსებდნენ. ეს ჟურნალები და ჩანაწერები, თუ ვისი ბრძანებით აიყვანეს ზემოთ, რატომღაც გაქრა. ბიჭები სათითაოდ აიყვანეს, სართულებზე გააჩერეს, კიდევ სამი საათის განმავლობაში არაფერი უკითხავთ და უცებ ყველანი დაიჭირეს. ამის მერე წაუყენეს ბრალდება.

იმ დროს ყველას გვახსოვს, რომ უზომოდ გახანგრძლივდა სარეკლამო ჭრა ტელეკომპანიაკავკასიაში“. რა ხდებოდა იმ წუთებში

 - მანამდე სტუდიაში იყვნენ ბექა მინდიაშვილი, თეო ხატიაშვილი, სერგო რატიანი, ნინო ზურიაშვილი, მეორე მხარეს კი ისხდნენ ნანა დევდარიანი, ლევან ჩაჩუა და მალხაზ გულაშვილი. სენსიტიური თემა წამოიჭრა და გულაშვილმა თქვა, არსებობს ჩანაწერები, საგაზეთო პუბლიკაციები, რომ შენ, ბექა მინდიაშვილო, ხარ ერთ-ერთი ორდენის წევრი. მალტის ორდენზე იყო საუბარი. ამას მოჰყვა გაღიზიანება. შესაბამისად, ადგა ბექა მინდიაშვილი და თქვა, ვაცხადებ, ესენი არიან ფაშისტური ორგანიზაციები და მათი საქმით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები. ამის შემდეგ დატოვა სტუდია. მას გაჰყვა თეო ხატიაშვილი, ზურიაშვილი. ცოტა ხანს კიდევ დარჩა რატიანი, შემდეგ მანაც დატოვა სტუდია. ქალბატონმა ნინომ გამოაცხადა რეკლამა. რეკლამა იყო ოთხწუთიანი, თუმცა 18 წუთს გაგრძელდა. ამ 18 წუთის განმავლობაში ბადე იყო დაკიდებული, რომ რეკლამა მიმდინარეობდა. მოგვიანებით ბრალდებამ მტკიცებულებებად წარმოადგინა შიდა და გარე ჩანაწერები, ე.წ. სტუდიის კამერები და თვითონ „კავკასიის“ ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები, თუ გარეთ რა ხდებოდა. არცერთ კადრში, ამ რვა ბიჭიდან არცერთი არ ჩხუბობს და არ ბილწსიტყვაობს. სინამდვილეში, იქ ასეთი რამ მოხდა, პირთა ჯგუფმა იძალადა აქუბარდიაზე და დავით აქუბარდია დაზარალებულად იქნა ცნობილი. გვარად გეგეჭკორი იყო ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომელი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ამ ბიჭებს ეს არ ჩაუდენიათ. მათ ვინმეს ცემისა და შეურაცხყოფის ბრალდება წარდგენილი არ ჰქონიათ. ამდენად, ერთი მხრივ, აქუბარდია და გეგეჭკორი დაზარალებულად იყვნენ ცნობილნი, რადგან მათზე ფიზიკურად იძალადეს, მეორე მხრივ კი, ბიჭებს წაუყენეს ბრალდება ხულიგნობასა და ჟურნალისტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. ჩვენ გვქონდა პარადოქსული პროცესები, როდესაც მე და მანანა კობახიძე, დაცვის სახით, ვამბობდით, რომ უდანაშაულობა სახეზე იყო და, ასევე, დაზარალებულის ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილიც ჩვენს ფლანგზე იჯდა და არა წესისამებრ, სხვა ადგილზე. მალხაზ ჯანგირაშვილიც აცხადებდა, რომ არანაირი წინააღმდეგობა, ზიანი, ზარალი არ გამოუწვევიათ ბიჭებს. კადრებში ჩანდა გადაბრუნებული სკამები. ჩვენ ვეუბნებოდით, ეთქვათ, ვინ გადააბრუნა სკამები. ყველაზე მეტი მოწმეები პოლიციელები იყვნენ. დაკითხული მოქალაქეები კი ამბობდნენ, რომ ამ ბიჭებს ეს არ ჩაუდენიათ. ამის შესახებ თვითონ დავით აქუბარდიამაც აღნიშნა.

საქმე სტრასბურგში რატომ არ გაიგზავნა?

- საქმე სტრასბურგში არ გაიგზავნა. ამ ბიჭებთან მქონდა შეხვედრა, მათ თქვეს, რომ ისინი არიან ქრისტიანები, მართლმადიდებლები, მორწმუნეები, თავს სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ და მათთვის შინაგანად მიუღებელია, დამდგარიყო საქმე, ვთქვათ, „ლევან ჩაჩუა საქართველოს წინააღმდეგ“, „ზვიად ბლიაძე საქართველოს წინააღმდეგ“... სტრასბურგში სხვანაირად საქმეები არ წარმოებს. ისინი ამბობდნენ, რომ, სინამდვილეში, მათ სამშობლო არ უპირისპირდება და ისინი თავს უფლებას არ მისცემენ, სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეეტანათ. სხვათა შორის, ლევან ჩაჩუამ ჰკითხა მოსამართლე მილერ ხარებავას, ჩემი ადვოკატი - ბესარიონ ქარცივაძე როგორ მოგმართავთო? მან უპასუხა, ბატონი ბესარიონი ყველა პროცესზე მეუბნება, თქვენო ღირსება, და ასეთნაირად მომმართავსო - მაშინ ამ სახელის ღირსი გადაწეყვეტილება მიიღეთო. ჩვენ ჩამოვყალიბდებით და შესაძლოა, ახალ პროკურორს მივმართოთ. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს ეს ბიჭები, რადგან მათ საქართველოს სახელით მიესაჯათ, რატისა და ავთო ზუმბაძეს კი სასჯელი კიდევ დაემატათ. რამდენიმე პირმა მოგვიანებით განცხადება შეიტანა და თქვა, რომ ილიას უნივერსიტეტის წინ ესენი ჩვენ გვცემდნენო. არადა, არცერთი კადრი არ არსებობს, პირიქით, ისეთი კადრები გვაქვს, რომელიც თვითონ პროკურორმა მტკიცების სახით წარმოადგინა, რომ თავად ის დაზარალებული, ვინც იდგა პროცესზე, თვითონ დარბოდა, სცემდა ვიღაცებს, ძალადობდა.

ფაქტია, რომ თავის დროზე მათ მიმართ შეწყალება არ განხორციელდა. რამდენი დარჩათ მოსახდელი?

- 2010 წლის ივლისში დადგა განაჩენები, ორი წელი მათ ივლისში გასდით და კიდევ ორ წელზე მეტი რჩებათ. ზუმბაძესა და მაისურაძეს კი ახალი ბრალი წარედგინათ და კიდევ დაემატათ სასჯელი. ამდენად, მათ რჩებათ სადღაც ხუთწელიწადნახევარი. ჩვენ ველოდებით ახალ სახალხო დამცველს, რადგან მაშინდელმა სახალხო დამცველმა ამ თემასთან დაკავშირებით სამარცხვინო პოზიცია დაიკავა. პარლამენტიც სამარცხვინოდ მოიქცა, ერთადერთი დეპუტატი, რომელიც მხარს გვიჭერდა, ლორთქიფანიძე იყო.

სასამართლო პროცესზე მათ ბიზანტიური გალობა შეასრულეს.

- მოსამართლე მილერი ხარებავამ განაჩენის ძალიან დაბალ ხმაზე წაკითხვა დაიწყო. ამ დროს რატომღაც, არ ვიცი, რა პროვოცირებისთვის, ან ვისი მოწადინებით, ერთ-ერთი იქ მყოფის რაცია ჩაერთო და გაცხადდა, რომ სასამართლოს ეზოში შემოდიოდნენ პიკაპები. პიკაპები მართლაც შემოვიდა, მათ ძალიან ბევრი ნიღბიანი შემოჰყვა. ამან გარკვეული აგრესია გამოიწვია, რის ფონზეც დარბაზიდან ხალხის ძალით გაყვანა დაიწყეს. ადამიანებს ძალით მიათრევდნენ, ქეჩოში ჰკიდებდნენ  ხელს. ამან ბიჭების აღტკინება გამოიწვია. როგორია, მოსამართლე განაჩენს კითხულობს, დარბაზიდან კი ოჯახის წევრები გაჰყავთ მიუღებელი მეთოდებით, მათ შორის, შვილები, მამები, მეგობრები, მათი მამაოები. ბადრაგი დაიბნა, რადგან ამდენი სპეცნაზელი, მანდატური შემოვიდა, გაივსო დარბაზი. ამ დროს ერთ-ერთმა ბიჭმა მკითხა, ბატონო ბესო, რა ვქნათო? მე ვუთხარი, ხელი არ გაანძრიოთ-მეთქი - რომ ვიგალობოთო? იგალობეთ-თქო - დავეთანხმე. სადღაც ნახევარ საათზე მეტხანს გალობდნენ.

შეგიძლიათ, გვითხრათ, უშუალოდ მაინც ვისი პატიმრები იყვნენ ეს ბიჭები - სააკაშვილის, მერაბიშვილის?

- ვერ გეტყვით, შეიძლება ყველასი ერთად, ან ცალ-ცალკე. ძალიან რთული თემაა. ამ ბიჭებიდან არცერთს არ ვიცნობდი. მოგვიანებით ვთხოვე მანანას, საქმეში ჩართულიყო, რადგან რვავე ბიჭის საქმე საკმაოდ შრომატევადი გახლდათ. მე და მანანას წლების ურთიერთობა გვაქვს, ერთ უმაღლესში ვსწავლობდით, ერთ ფაკულტეტზე, ორივეს ისტორიული გვაქვს დამთავრებული. მასთან ერთად სხვა პროცესებიც მქონია. მე და მანანა რომ შევედით ციხეში, მე-12 კლასელმა, იცით, პირველად რა გვკითხა? - ბანკეტი რომ მაქვს, არ გამიშვებენო?! წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო. სხვათა შორის, იქ ცუდი განცხადებები გაკეთდა არასამთავრობოების მხრიდან. გულსატკენი იყო, რომ საზოგადოების რამდენიმე ნათელი სახე ტელეკომპანია „კავკასიაში“ იმ ღამით მივიდა და ემოციურ განცხადებას აკეთებდა ისე, რომ ფაქტი არ იცოდა. ძალიან მომეწონა ალეკო ელისაშვილის პოზიცია, რაც ზნეობის მაგალითია. შემდგომში პროცესზეც როდესაც მოვიდა, მან თქვა, მე მინდა საზოგადოებასა და ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, როცა ეს ამბები გავიგე, სუფრიდან ავდექი და ტელევიზიაში მივედი, ბახუსში ვიყავი და ემოციურად გამოვხატავდი განცდებს. მერე, როდესაც დავფიქრდი, მთლად ასე საქმე არ იყოო. ალეკოს ზნეობა აღმოაჩნდა და ეს აღიარა, სხვებმა კი არ თქვეს. ვფიქრობ, ცოტა ხანში ყველა ჩვენგანი ციხიდან მათ გამოსვლას მივესალმებით. მათთვის დასრულდა ერთი დიდი ფურცელი, ჩვენთვის კი მეორე დიდი ფურცელი, ზნეობის, მორალისა და ასეთი ბიჭების მოსაფერებელი ფურცელი გადაიშლება.

აღნიშნულ პროცესზე ტელეკომპანია „კავკასიის“ ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი For. ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ დაკავებული ახალგაზრდები უკანონო პატიმრები არიან. უფრო მეტიც, ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი დაკითხვისას აფიქსირებდა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ამ ადამიანებს ხელი არ შეუშლიათ. ზოგიერთი მათგანი აშველებდა მხარეებს და სიტუაციას აწყნარებდა კიდეც. ამიტომ მათი მოთხოვნა ამ ადამიანების უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება იყო.

„საზოგადოება ამ ბიჭების გათავისუფლებას მოითხოვს. ახალი ხელისუფლების ხელში ყველა საქმე გადაიხედება, რომლის კანონიერებაც ეჭვქვეშაა. წინათ შეწყალებებს სააკაშვილი ახორციელებდა და გასაკვირი არ არის, რომ აქამდე ეს ბიჭები შესაწყალებელთა საიაში ვერ მოხვდნენ“.

მალხაზ ჯანგირაშვილის თქმით, ეს ადამიანები „კავკასიის“ საქმიანი რეპუტაციის  შელახვის მიზნით დაიჭირეს. ეს კი პირდაპირ შსს-ში, ვანო მერაბიშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ამის შესახებ მან პირველ და სააპელაციო ინსტანციაში არაერთხელ განაცხადა.