საქართველის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისა და მთავრობის კანცელარიის შენობაში გადასვლისკენ მოუწოდებს. როგორც ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლის და მთლიანად მომსახურების ხარჯები შემცირდება.
"პრეზიდენტის სასახლის და პირადად მის მომსახურეობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც მკვეთრად შემცირდება. არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, თუ რატომ რჩება სააკაშვილი პირველ პირად, როცა მას 5 წელიწადში, ანუ იანვარში საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება, თუმცა ეს ცალკე საკითხია და მოგვიანებით შევეხები. მაგრამ ამორალურია, რომ მისი მომსახურეობა ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროდან პრეზიდენტის თვითმფრინავზე 800 000 ლარი ირიცხება ყოველწლიურად. ასეთი დაფინანსებები აღარ იქნება. მისი სასახლე, სადაც ახლა ცხოვრობს, ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს, მას შეუძლია გადმოვიდეს მთავრობის კანცელარიაში, სადაც 11-ე სართულზე ზუსტად იგივე ფართია, რაც მთავრობის კაცელარიაში პრემიერ-მინისტრისთვის არის გამოყოფილი. ეს სართული და ლიფტიც დალუქულია, კეთილი ინებოს სააკაშვილმა და აქ გადმობრძანდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ხარჯების შემცირებით ძალიან დიდი თანხის დაზოგვა მოხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მომსახურეობიდან დაზოგილი თანხები, უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარდება და აღარ დაფინანსდება ხარჯები, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის ფუფუნებას ხმარდებოდა. ივანიშვილისთვის გეუგებარია, პრეზიდენტი სააკაშვილი რა ლოგიკით იშენებდა ამდენ სასახლეს, მაშინ, როცა კანცელარიაშიც, ქუთაისის პარლამენტშიც და მთავრობის სასახლეშიც კი აქვს უზარმაზარი ფართი გამოყოფილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. მისი მშენებლობის დაწყებისთანავე, ჟურნალისტები, ოპოზიციის და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა დაჯდა რეზიდენციის მშენებლობა, მაგრამ რეალური ციფრი დღესაც უცნობია. თავად სააკაშვილმა მაშინ განაცხადა - „ის, რაც ჩვენ დავხარჯეთ, თუნდაც ამ სასახლის მშენებლობაში, ეს არის 0,17%-0,18% საქართველოს საერთო ხარჯების, ეს არის პრაქტიკულად ძალიან ცოტა“. პრეზიდენტის მიერ დასახელებული პროცენტები ექსპერტებმა დაიანგარიშეს და დაახლოებით 50-60 მლნ ლარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი 800 მლნ ლარს ასახელებდნენ. სტუდია „მონიტორის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ვერსიით, ეს თანხა 100-დან 900 მლნ დოლარამდე მერყეობს, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, სახელმწიფო უწყებები კი, რომლებიც ამ საკითხზე პასუხისმგებლები არიან, ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასოდეს გასცემდნენ.
ასევე გასაიდუმლოებულია ის თანხა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა უჯდება. თუკი რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებით სააკაშვილმა თუნდაც ბუნდოვანი განმარტება გააკეთა, რეზიდენციის შენახვასთან დაკავშირებით მინიშნებაც კი არ გაკეთებულა. ამიტომ დაახლოებითაც კი არ არის ცნობილი ის თანხა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი სააკაშვილის რეზიდენციის შენახვაზე ხარჯავს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს არ იქნება მცირე თანხა და საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთადაც აწვებოდა. ამიტომ ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის სააკაშვილისთვის გაკეთებულ მოწოდებას სახელმწიფო კანცელარიაში გადაბარგების თაობაზე.
ალბათ მიხეილ სააკაშვილისთვის მოულოდნელი იქნებოდა პრემიერ-მინისტრის ამგვარი მოწოდება და უცნობია, რას მოიმოქმედებს იგი ამის საპასუხოდ, მაგრამ თუნდაც მან ავლაბრის რეზიდენცია დატოვოს, ეს შენობა უკვე აშენებულია და თუ მასში პრეზიდენტის რეზიდენცია არ იქნება განთავსებული, ცხადია, მას რაიმე დანიშნულება უნდა მოეძებნოს. უცნობია, ახალ ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული გეგმა თუ აქვს ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით და რა ფუნქციას შეასრულებს იგი, ამას ალბათ მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ივანიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებებს გთავაზობთ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ივანიშვილის ინიციატივას სწორსა და დროულს უწოდებს, რადგან ქვეყანას ჯერ რეზიდენციის მშენებლობა დაუჯდა ძალიან ძვირი, ახლა კი მის შენახვაზეც სოლიდური თანხა იხარჯება. ექსპერტის აზრით, რეზიდენციის დატოვება სააკაშვილის მხრიდან მორალური ნაბიჯი იქნებოდა და აქვე ხუხაშვილი მას მოუწოდებს, ძველი დრო გაიხსენოს, როდესაც მეტროთი მგზავრობდა და ახლაც იგივე გააკეთოს.
„პრეზიდენტ სააკაშვილს ჩემი მხრიდან მოვუწოდებ, გაიხსენოს ის ძველი, კეთილი დრო, როდესაც მოკრძალებულობანას თამაშობდა და მეტროთი მგზავრობდა და ახლაც იგივე გააკეთოს. ამასთანავე, სახელმწიფო კანცელარიის ერთი სართული სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა იქ იმუშაოს“, - ამბობს ხუხაშვილი.
მას არ აქვს ინფორმაცია, რა თანხა იხარჯება ავლაბრის რეზიდენციის შენახვაზე, მაგრამ ამბობს, რომ მინიმუმ ათეულობით მილიონზეა საუბარი, რაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ყოვლად წარმოუდგენელი თანხაა.
„აქ მხოლოდ უშუალოდ რეზიდენციის შენახვაზე არ არის საუბარი. ჩვენს პრეზიდენტს უყვარს ფრენები და კიდევ ბევრი რამ. ეს ხარჯები ნამდვილად შესაკვეცია და ეს საკითხი კომპლექსური მიდგომით უნდა გადაწყდეს. რადგან მიხეილ სააკაშვილმა ხალხის დემოკრატიული არჩევანი აღიარა და ხალხის ახალი რჩეული მას ასეთი მოკრძალებულობისკენ მოუწოდებს, სწორედ ამიტომ ვამბობ, გაიხსენოს ის ძველი დრო, როდესაც კარგი ბიჭი იყო, და შესაბამისად მოიქცეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება საკითხს, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეიძინოს ავლაბრის რეზიდენციამ, თუკი მას პრეზიდენტი დატოვებს, ამასთან დაკავშირებით გიგა ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს შენობა ქართველ ხალხს ეკუთვნის, რადგან ხალხის ფულით არის აშენებული. ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ შენობისთვის ფუნქციის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა მოეწყოს და საზოგადოების მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს, რა უნდა განთავსდეს ავლაბრის რეზიდენციაში. ერთი, რაც გია ხუხაშვილმა დანამდვილებით იცის, არის ის, რომ ეს შენობა არ უნდა დაინგრეს, რადგან მისი მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდა.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მოწოდება მოულოდნელი იქნებოდა, თუმცა ამ საკითხის მოგვარება განსაჯაროების გარეშე მოგვარებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუ უბრალოდ შემცირდებოდა იმ შენობის მომსახურების დაფინანსება.
„გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში იმ შენობაში მისი მფლობელი ძალიან იშვითად ჩნდებოდა და იქ ძირითადად ადმინისტრაცია საქმიანობდა. ასეა თუ ისე, საკითხი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, ხარჯების შემცირების სხვა საშუალებაც იარსებებს და უპრიანი იქნება შენობის და თანამდებობის ერთდროული გათავისუფლება, იქნება ეს ახალი საკონსტიტუციო ვადა, თუ მოქმედი პრეზიდენტის საკუთარი ნება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციის შესაძლო ახალ დანიშნულებას, ექსპერტი მოუწოდებს ყველას, ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი სიმბოლოებთან ბრძოლით არ დაიწყონ, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი და მას უნდა ჰქონდეს რეზიდენცია. რეზიდენციის ნაცვლად რაიმე სხვა ნაგებობის აშენება კიდევ ახალ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც პოლიტოლოგს გაუმართლებლად მიაჩნია.
„შეიძლება ვინმეს ამ შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის გახსნა უნდოდეს, შეიძლება ასეთი მსურველებიც გაჩნდნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ საკითხს უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ. არ არის საჭირო ხელისუფლების ცვლილებისას დროშის, გერბის ცვლილება და ა.შ. შესაბამისად, პრეზიდენტის სასახლეც, რადგან იგი უკვე აშენებულია და უზარმაზარი თანხაც დაჯდა, უნდა შენარჩუნდეს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლო და უნდა იყოს კვლავ პრეზიდენტის სასახლე განურჩევლად იმისა, რა ფუნქციების მატარებელია კონსტიტუციის ამა თუ იმ ვერსიის მიხედვით არჩეული პრეზიდენტი“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საკითხისადმი ჯანსაღ მიდგომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს და უმუშევრობა კატასტროფულ ზღვარს აღწევს, შეუძლებელია პრეზიდენტი იჯდეს ისეთ რეზიდენციაში, როგორიც დღეს სააკაშვილს აქვს.
„მე შესანიშნავად მესმის, რომ მდიდარ, წელში გამართულ სახელმწიფოში პრეზიდენტი ასეთ სასახლეში უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ჯერ ასეთი რამისგან ძალიან შორს ვართ. მით უფრო, რომ წინა ხელისუფლების დღის წესრიგში ხალხის კეთილდღეობა, ხალხის ნიჭისა და უნარის განვითარება არ შედიოდა. ამიტომაც ისინი, როგორც კორპორაცია „სახელმწიფოს“ იდეოლოგები აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც გამოადგებოდათ, ესიამოვნებოდათ და ეს სასახლეც სწორედ ამ კორპორაცია „სახელმწიფოს“ ფარგლებში ნააზრევის შედეგია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში ყველანაირი საშუალება არსებობს არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის, არამედ მთავრობის მუშაობისთვის და რაღაც სპეციალური სასახლეები საჭირო არ არის“, - ამბობს დემურ გიორხელიძე.
იგი მიიჩნევს, რომ მინისტრებს კარგი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, აპარატიც უნდა იყოს პროფესიული, მოქნილი, მცირერიცხოვანი და მათ მუშაობას სრა-სასახლეები არ სჭირდება. რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციის ხარჯებს, გიორხელიძე აცხადებს, რომ დაუზუსტებელ რიცხვებზე დაყრდნობით საუბარს მოერიდება. იგი მიიჩნევს, რომ ამასთან დაკავშირებით დასკვნა კონტროლის პალატამ უნდა დადოს და ეს რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.