მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ამ მომენტისთვის, სად იმყოფებიან შეწყალებულები და ამ კითხვით ჩვენ, მათ ადვოკატებს მივმართეთ.
ირაკლი ჩომახაშვილი: ასლან ბეჟანიძის მდგომარეობა გაუარესებულია
„ადვოკატებმა სამართლებრივი დოკუმენტი შევადგინეთ და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართეთ. უშუალოდ, ჩემს მიერ შედგენილ დოკუმენტში ის ფაქტობრივი გარემოებები იყო აღწერილი, რასაც ადგილი პროცესუალური დარღვევების დროს ჰქონდა, სისხლის სამართლებრივი დევნისა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩვენთვის საუარესო გადაწყვეტილების დროს. ასევე აპელირება გავაკეთე ასლან ბეჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს სამართლებრივი დოკუმენტი ადვოკატებმა შევადგინეთ.
ასლან ბეჟანიძეს საკმაოდ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ პრობლემებს. შესაბამისად, ისიც იქიდან იყო განპირობებული, რომ მან პირველ ინსტანციაში ჩვენება ვერ მისცა. ფაქტობრივად, ეს ადასტურებდა იმას, რომ შეუძლებელი იყო მას ეს დანაშაული ჩაედინა. შეხვედრის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საქმესთან დაკავშირებული საკითხები არ გაგვიხილავს. თუმცა, პოზიცია უცვლელია და ის დანაშაულს არ აღიარებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია ვინაიდან სასჯელს იხდიდა“, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
თეონა ქორიძე: რამაზ დევაძე განიცდის ყველა კომენტარს, რომელიც მასთან დაკავშირებით კეთდება
„რამაზ დევაძე საქართველოშია. გათავისუფლების შემდეგ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მქონდა. შეწუხებულია ამ ამბებით, მაგრამ არ მგონია კონკრეტულად მხოლოდ ამის საქმეს ეხებოდეს ეს. განიცდის ყველა კომენტარს, რაც მასთან დაკავშირებით კეთდება.
რაც შეეხება შეწყალებას, პრეზიდენტს 5-ჯერ მივმართეთ. მათ შორის გიორგი მარგველაშვილსაც“,- ამბობს თეონა ქორიძე.
გიორგი ყავლაშვილი - ზურაბ ნადირაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიგვიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ზურაბ ნადირაძის ადვოკატი, გიორგი ყაველაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ არც მას და არც მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ. ამ საკითხთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონია.
ცნობისთვის, ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.
ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.
16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძეც, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი შეწყალებული 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ზურაბ ნადირაძეა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება, სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.