„თუ მოსამართლეების ეს სია გავიდა, მაშინ „ოცნება“ ამომრჩეველს დაკარგავს“

„თუ მოსამართლეების ეს სია გავიდა, მაშინ „ოცნება“ ამომრჩეველს დაკარგავს“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გასაუბრება იურდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გრძელდება. 25 სექტემბერს, მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატები მოსამართლე  შოთა გეწაძეს შეკითხვებს უსვამდნენ. მასთან მწვავე  კითხვები ჰქონდათ, როგორც მმართველი გუნდის წევრებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს და „ევროპული საქართველოს“ წევრებს. არ არის გამორიცხული, რომ მისი კანდიდატურა მწვავე კითხვებიდან გამომდინარე „ოცნებამაც“ ჩააგდოს. გეწაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011-2017 წლებში მოსამართლე შოთა გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის წევრი ისიც იყო და მისი განხილვას პარლამენტში პრობლემები  2018 წლის დეკემბერში შეექმნა. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია და ის იმ 5 მოსამართლე კანდიდატს შორის კვლავ აღმოჩნდა, რომლებიც წინა სიაშიც იყვნენ. 

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე, პარლამენტარმა  ბექა ნაცვლიშვილმა რამდენიმე კითხვა დაუსვა. ერთ-ერთი  კითხვა 2012 წლის შემდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში ლევან მურუსიძის როლს შეეხებოდა.  კითხვები ასევე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზეც იყო. გეწაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ ეს შერეული ტიპის მმართველობა იყო, თუმცა სასამართლო მაშინ დამოუკიდებელი იყო და მას არავინ შეხებია.

შოთა გეწაძე ასევე   გახმაურებული საქმის   დაღესტნელი აქტივისტის, მიკაილ კადიევის საქმის მოსამართლეა. ამ საქმეს სააპელაციო სასამართლო 2017 წელს განიხილავდა. შოთა გეწაძემ 2 სხვა მოსამართლესთან ერთად 2017 წლის ოქტომბერში მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, რაც, როგორც მაშინ მისი ადვოკატი ამბობდა, რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემას და შესაბამისად, მის გაწირვას ნიშნავდა.

“ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა მოსამართლე შოთა გეწაძეს ჰკითხა, იცნობს თუ არა რუსეთში, კერძოდ, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, მათ შორის ციხეებში არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.

“ეს შეფასებები მე წავიკითხე, რამდენიმე წლის წინანდელია. დღესაც გარკვეული პათოსი ნარჩუნდება, თუმცა ისიც არის მითითებული, რომ ციხეებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესების გზაზეა. საერთაშორისო ორგანიზაციები ასე წერენ”, – განაცხადა გეწაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ გეწაძემ ასევე, უცნაური პასუხი მურუსიძესთან დაკავშირებით გასცა.

„გეწაძეს ვკითხე, როგორი იყო სააკაშვილის მმართველობა. იყო ეს დემოკრატიული თუ ავტორიტარული. მან კი მიპასუხა, რომ ეს შერეული ტიპის მმართველობა იყო. აბა, ასეთ კითხვაზე რა უნდა ვთქვა? ანუ გამოდის, რომ ისიც ამ მმართველობის მონაწილე იყო. სასამართლო სისტემა იყო ზუსტად ის ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილი ამ მმართველობისთვის იყენებდა. ასევე უცნაური პასუხები აქვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ამბობს, რომ მურუსიძეზე სიტყვა ლიდერი არ მოსწონს. პირდაპირ ამ ადამიანს ვერ აკრიტიკებს. გეწაძესთან დაკავშირებით მეეჭვება, რომ მას „ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს. ეს ადამიანია ზუსტად ივანიშვილის მოქალაქების შეჩერებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი.

„ასევე მეეჭვება მოსამართლე ალანია რომ გავიდეს. მის მიმართ ვიცით, რომ დეპუტატ კობა კობალაძეს ყველაზე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. მუხროვანის ამბოხი იყო სწორედ ყველაზე მძიმე საქმე, რომელიც ამ ქალბატონის მოსამართლედ მოღვაწეობის პერიოდში იძებნება. არ ვიცი ზოგადად სია ჩავარდება თუ არა, მაგრამ ძალიან რთული სიტუაცია რომ გვაქვს, უკვე სამი მოსამართლის გამოკითხვიდანაც კარგად გამოჩნდა“, -აცხადებს ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების გასაუბრების პროცესი საკმაოდ მძიმეა და ნათლად აჩენს იმ რთულ სიტუაციას, რომელიც სასამართლო სისტემაშია ჩაბუდებული. ფიქრობს, რომ მოსამართლე გეწაძე, რომელიც სიაში რიგით მესამეა, საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. დეპუტატი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი ავტორიტარულ რეჟიმსა და დამოუკიდებელ მმართველობას ვერ არჩევს, უკვე ჩაგდების კანდიდატია.

„გეწაძეს მხარი კი არ უნდა დაუჭირო, საერთოდ მოსამართლეობიდან უნდა გააგდო. კაცი პირველი, მეორე კურსის საკითხებს ვერ ძლევს და რა არჩევაზეა საუბარი. რასაც დავაკვირდი ახლა, წინა დღეებში მოსამართლეობის გასაუბრების ტაქტიკა შეცვლილია. ანუ ივანიშვილმა ახლა ჩათვალა, რომ ჯობია, რომელიმე მოსამართლეს ათქმევინონ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული იყო.

თუმცა ვერ გათვალეს, რომ ავტორიტარული მმართველობის პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა. მიხვდა ივანიშვილი, რომ არ უღირს ახლა არჩევნები წააგოს იმის გამო, რომ ალანია უვადო მოსამართლე გახდეს.

ეს მოსამართლეები უვიცობის, უშინაარსობის, უემოციობის, ყველაფრისგან დაცლილი ხალხია. ბნელეთის მოციქულები დღის შუქზე გამოდიან და რეალურ სახეს აჩვენებენ. თუ ამ ხალხის კანდიდატურები გავიდა და სია არ ჩავარდა, „ოცნება“ თავისავე ამომრჩეველს დაკარგავს. იმ ხალხს, ვისზეც ეს ხელისუფლება დგას და ამ კანდიდატებს გადაყვება“,-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

სოციალისტი ამომრჩევლებს არ გვაინტერესებს, არც ეს სია და არც სხვა სია, არც ის მოსამართლეები ვინ იქნებიან! დარწმუნებული ვართ ყველა ღირსეულად გაართმევს თავს მოვალეობებს საკუთარი ოჯახის წინაშე!
5 წლის უკან