რა ფორმით მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხი, მის დარღვევებსა თუ გადაცდომებზე, როგორ მივაღწიოთ შედეგს და როგორ ჩამოვყალიბდეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებად? ყოველგვარი სხვა შესავლის გარეშე ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს “რესპუბლიკელ” თინა ხიდაშელთან.
ქართული დელეგაციისა და 80 ლისაბონელი მეძავის ინციდენტის მსგავსი ინფორმაციები, როცა ვრცელდება საზღვარგარეთ, რა შედეგი მოჰყვება ხოლმე ამგვარ პუბლიკაციებს? რამდენად დამაჯერებელია, რომ ქართული დელეგაცია ასე მოიქცა და რა რეაგირება უნდა ჰქონოდა ქართულ მხარეს ამ ისტორიაზე?..
თინა ხიდაშელი: - “ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცე, იმაზე მეტი ინფორმაცია მჭირდება, ვიდრე მოვისმინე. ნამდვილად არ ვიცი, ეს ინფორმაცია სიმართლეა, არ არის სიმართლე, სინამდვილეში რა მოხდა. ყველა ლეგიტიმური წყარო ამას უარყოფს, მაგალითად - სასტუმროს ადმინისტრაცია, უცხოელებიც, რომლებიც იქ იყვნენ. ამას უარყოფს ქართული დელეგაციაც. ნუ, ქართული დელეგაცია რომ ამას უარყოფს გასაგებია, მაგრამ სასტუმროს ადმინისტრაციის უარყოფა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ძალიან ბევრი ფაქტი და სკანდალი ხშირად, სწორედ, სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან ყოფილა გახმაურებული მსოფლიოში. ანუ ეს აზრი თავისთავად აპრიორი არ არის, რომ ისინი ამას არ ამბობენ. როცა ადმინისტრაცია კომენტარს აკეთებს, ან ადასტურებს, ან უარყოფს... ლისაბონის ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია უარყოფს.
ეს იმდენად სერიოზული საკითხია, იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან რთულია ხელაღებით საუბარი, როდესაც ზუსტად ვიცი, როგორ მუშაობს ყვითელი პრესა, ძალიან ბევრ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით. ყვითელ პრესაში ყველაზე ადვილია დაფინანსებული სტატიის დაბეჭდვა და ტყუილის ტირაჟირება. ნამდვილად არ მინდა, ყვითელი პრესის მორიგი მსხვერპლი გავხდე, ამიტომ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ვიცით, ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი.
ვინ არის ვალდებული, ხალხს უთხრას სიმართლე, რა მოხდა ლისაბონში..
- თქვენ ხართ ვალდებული. ჟურნალისტების პირდაპირი მოვალეობა და ფუნქციაა ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას მიჰყვეთ ბოლომდე, შეეცადოს, გაარკვიოს სიმართლე და მერე ის, რასაც გაარკვევს, მიაწოდოს საზოგადოებას. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც პირველი სკრიპკა ჟურნალისტია. თორემ, ხელისუფლებამ უკვე თქვა, რომ ეს ასე არ არის. მოსთხოვო რეაგირება იმას, ვინ ამბობს, რომ სარეაგირებო ფაქტი არ არის, ცოტა უცნაურია, ხომ?
ზოგადად რომ გავიხსენოთ მასაჟისტის ისტორია, პლაჩიდო დომინგოს კონცერტზე მთელი პარლამენტის წასვლა და ამისთვის სხდომის გადადება, რა ქცევასთან გვაქვს საერთოდ საქმე? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”აირზენამ” რეისი დანიშნა ბათუმში და ბილეთი 120 ლარი ღირდა. თან ამ დროს პარლამენტის წინ ხალხი იყო შეკრებილი.
- პლაჩიდო დომინგოს კონცერტზე მთელი პარლამენტი რომ წავიდა,
აქ შეგვიძლია, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ. ქუჩაში ხალხის შეკრება რომ იყო და მაშინ წავიდნენ, ეს არაა პრობლემა, სხდომა რომ გადადეს კონცერტის გულისთვის, ეს არის ცუდი.…
ანუ, ჩვენ ქვეყანაში გვყავს პარლამენტი, რომელიც ამბობს, რომ კონცერტზე მივდივართ და ამიტომ სხდომას აღარ ვატარებთ. პლაჩიდო დომინგო კი არა, ვინც არ უნდა მღეროდეს, სხდომა ამისთვის არ უნდა გადადებულიყო. ამის გამოა ჩვენი პარლამენტი არასერიოზული, ამის გამოა ყველა ის პრობლემა რომელიც ჩვენ გვჭირს და არა იმიტომ, რომ ვთქვათ, 120 ლარი საიდან აქვთ, ბილეთის ფული გადაიხადონ. ნუ, ახლა, ვიცით, რომ აქვთ მაღალი ხელფასიც და კიდევ სხვა შემოსავლებიც, რაც ამგვარი ფუფუნების საშუალებას აძლევს მათ.
სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო მთავრობა. ეს ზუსტად ვიცით და კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა სესია გადადეს კონცერტის გულისთვის. რომელიმე ქვეყანაში, ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი რამ რომ განეცხადებინა, ძალიან მაგრად დასცინებდნენ. თუმცა, მხოლოდ დაცინვით, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლებოდნენ. ამის შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება არასერიოზული იქნებოდა, რადგან ძალიან რთულია ასეთი ადამიანი სერიოზულ პარტნიორად ჩათვალო პოლიტიკაში.
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს ყველაფერი ნორმალურია, ლოგიკური, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი პრობლემა, არავითარი რეაქცია ასეთი ტიპის ამბებზე არ აქვს. ითვლება, რომ ნორმალურია, მერე რა მოხდა... დიდი ამბავი ახლა... ვიდრე ასეთი იქნება დამოკიდებულება, არაფერი შეიცვლება. მაინცდამაინც კაცი უნდა მოკლა ქუჩაში, რათა ვიღაცამ ჩათვალოს, რომ პრობლემაა შენში? რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ ამ ტიპის დარღვევებზე, გადაცდომებზეა საუბარი, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, მაშინვე გეტყვიან, რა მოხდა, შენ არ წახვიდოდი კონცერტზე?
როცა ამ ტიპის პრობლემებზე საზოგადოებას არ აქვს პროტესტის განცდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე საზოგადოებას აქვს პრობლემა. დამოუკიდებლობის 20-წლიან პერიოდში, რა მოხდა: ხალხი დაიღალა, ხელი ჩაიქნია, პროტესტის გრძნობა აღარ აქვს, თუ რა სჭირს საზოგადოებას? თქვენმა მეუღლემ თქვა კარგი ფრაზა, არ უნდა დაიღალო შენი მოქალაქეობრივი როლის შესრულებითო...
- არ ვიცი, დაიღალა, ცოტა ისეთი თემაა.. იმისთვის, რომ მოქალაქეობით დაიღალო, მოქალაქე უნდა იყო ჯერ.. დაიღალას ნაწილს სწორედ იმიტომ არ ვეთანხმები, რომ პირველ ნაწილში გვაქვს პრობლემა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. ეს არ არის მოქალაქეებისგან შექმნილი ქვეყანა, ჯერჯერობით. ამის ბრალია ეს ყველაფერი. საქართველო არის კარგი ადამიანების ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის მოქალაქეების ქვეყანა. ვიდრე მოქალაქეები არ გავხდებით, საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობის განცდით, მანამდე ძნელია საუბარი.
ჩვენ არ ვიცით ჩვენი ადგილი სახელმწიფოში, ჩვენ არ ვიცით, რა უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებას, ჩვენ არ ვიცით, რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს ამ ხელისუფლებას... სუფრასთან რომ დაჯდები და ადამიანის მიმართ სიყვარული ან სიძულვილი გაგიჩნდება, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ხელისუფლებასთან.…ან გვიყვარს, ან გვეზიზღება. ან 97%-ით ვაძლევთ ხმას, ან ქვას ვესვრით, რომ გადმოვაგდოთ და გავაძევოთ. იქ შუაში რომ ბევრი პრობლემებია და ამას მოგვარება სჭირდება, ამაზე არავინ ფიქრობს.
ამ დროს, შუაში არის ასეთი რამ: მაგალითად, საბიუჯეტო სახსრების არასწორი გამოყენება. “რესპუბლიკელები” მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში ისევ არის კორუფცია და გაცილებით უფრო მძიმე ფორმით, ვიდრე იყო მანამდე, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ ჩათვალა, ბიუჯეტი მათი ჯიბის ფულია და როგორც უნდათ ისე ხარჯავენ.. ახალი წლის გაფორმებებზე მილიონები რომ დაიხარჯა და ამხელა თანხა უაზროდ გაისროლეს ჰაერში, ამაზე საზოგადოებას ასეთი განწყობა აქვს: კი მაგრამ, სახლში ხომ არ მიაქვთ? იმისი განცდა, აღქმა, რომ სინამდვილეში ეს მათი ჯიბიდან ამოღებული, მათი კეთილდღეობიდან მოპარული ფულია, არავის აქვს. საზოგადოებას ესმის თეთრი და შავი: ან მოიპარე და სახლში წაიღე, ან არაფერი.
მაგალითად სააკაშვილის რეზიდენცია. დავიღალეთ ამ თემაზე ლაპარაკით, საიდან დაფინანსდა, რა დაჯდა და რატომ. ამ დროს ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდებით, რომელიც გეტყვით, რომ არ იქნება სააკაშვილი და სახლში ხომ არ წაიღებს? სახლში ნამდვილად არ წაიღებს, ნამდვილად შემდეგი პრეზიდენტი შევა იმავე სასახლეში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რაში გვჭირდებოდა საერთოდ?
იმ 200 მილიონად, რაც ეს სასახ;ლე დაჯდა, რამდენი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა ამ ქვეყანაში? უამრავი სოციალური სახლის აშენება შეიძლებოდა, სადაც დღეს რომ ქუჩაში ცხოვრობს, ის ადამიანი შევიდოდა და იცხოვრებდა, ასეთი კი – ბევრია. აშენდებოდა მინიციპალური საავადმყოფო, სადაც გაჭირვებული და უბედური მოქალაქეები მივიდოდნენ და იმკურნალებდნენ. ფილტვების ანთებით ბავშვები აღარ მოკვდებოდნენ საქართველოში, რადგან მათ მშობლებს ანტიბიოტიკის ფული არ აქვთ. აი, ამის გაგება არ არის ქვეყანაში,
უკიდუროსებებშია საზოგადოება ჩაფლული. ეს იმის ბრალია, რომ არ არის სამოქალაქო თვითშეგნება. ვიდრე თვითშეგნება არ გაიზრდება, მანამდე სულ ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვეყოლება.
გაიზარდა წყლის გადასახადი, ამბობენ ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადებიც გაიზრდება. საზოგადოება პროტესტს მხოლოდ სამზარეულოებში გამოთქვამს. ვინ უნდა მოახდინოს ამ პროტესტის კონსოლიდაცია იგივე სოციალურ თემაზე?
- მე გეტყვით, ძალიან მარტივ რაღაცას – ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც სულ მემახსოვრება და სამაყოდ მექნება, როგორც ამ საზოგადოების წევრს, არის ერთი პატარა აქცია, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე ჩატარდა.. საბურავები დაწვა ხალხმა. ეს იყო ყველაზე მაგარი აქცია, რაც საქართველოში ყოფილა, რადგან ხალხი გამოვიდა და თქვა, მორჩა რა, გვეყოფა ამდენი ელექტროენერგიის გათიშვა. ზამთარი მოდიოდა გაზი არ იყო, შუქი არ იყო და ხალხმა თავისით მოაწყო აქცია. მეზობლებმა მოაწყვეს ეს აქცია.
როდესც ასეთი ამბები მოხდება ქვეყანაში, მერე უკვე შეუძლიათ ადამიანებს ხელი გაიშვირონ პოლიტიკოსების მისამართით და თქვან: მაგალითად, თქვენ, “რესპუბლიკელები” სად ხართ და რატომ არ უკეთებთ ორგანიზებას მოვლენების რაღაც ერთ კალაპოტში თავმოყრას, თუნდაც სერიოზული პოლიტიკური პროცესის წარმართვას.
არაფერი გვეშველება, ვიდრე ასე იქნება: ვიღაცა პოლიტიკური ლიდერი გადაწყვეტს, ვაიმე, რაღაც ძალიან უკან ვარ რეიტინგებში. არიქა, ერთი დიდი დაყვირება მჭირდება რუსთაველის გამზირზე. მოდი, ამ ხალხს კიდევ ერთხელ მივიყვან იქ, ვაყვირებ, შემდეგ სახლში გავუშვებ, რადგან არაფერი აქედან არ იქნება, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ, მე ხომ დავბრუნდები რაღაცა ფორმით ქართულ პოლიტიკაში. რა, ნაკლები უპასუხისმგებლობაა აქეთა მხარეს, მარტო ხელისუფლებაზე რომ ვსაუბრობთ? თანაბრად და ერთნაირად ექცევა ხალხს ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი.
7 წელია “რესპუბლიკელები” ვლაპარაკობთ (ბევრი სხვაც, მარტო ჩვენ არა), რომ ქვეყანაში ბიზნესს აქვს პრობლემები. 7 წელია ამ ოფისში ერთი კაცი ვერ ვნახე მოსული, რომელიც იტყოდა, კი, ბატონო, აგერ ვარ, ერთად ვიბრძოლოთ. ასე არაფერი გამოვა, შენთვის სახლში იჯდე და სამზარეულოში წუწუნებდე, ელოდებოდე, ვიღაცა გმირი გამოვარდება და თავის თავზე აიღებს ყველა დარტყმას, იმიტომ, რომ შენ ბედნიერი ცხოვრება შეგიქმნას. ბოდიშით, მაგრამ ასეთი რაღაცეები არ ხდება.
მინიმუმ ის მაინც გვჭირდება ჩვენ, როცა ხელისუფლებას ვებრძვით ბიზნესის გათავისუფლებისთვის, ბიზნესმენმა დაადასტუროს, რომ მას პრობლემა აქვს, არ გამოვიდეს “რუსთავი-2“-ის კამერის წინ და არ იძახოს, არა, როგორ გეკადრებათ, მე პრობლემებს არავინ მიქმნის. აბსურდამდე მივდივართ ხომ? იცავ ვიღაცას, ვისაც შენი დაცვა არ სჭირდება.
ამ შემთხვევაში შიშის მომენტს ვერ გამოვრიცხავთ. განწყობა ასეთია, მაინც არაფერი გამოვა, მერე ცალ-ცალკე დაგვაწიოკებენ...
- რისი ეშინიათ? ხელისუფლების? იცით, რა არის, მე მაგ ამბის არ მჯერა. ვფიქრობ, ეს შიში ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რომელიც ამ ადამიანებმა მოიგონეს, რათა თავი იმართლონ და მორალურად არ გატყდნენ თვითონვე. სხვა ყველა ვერსიაში მათ ღირსებას უკვე სერიოზული პრობლემა ექმნება, ამიტომ მოიფიქრეს რომ ეშინიათ ხელისუფლების, რომელიც ან მათ დაიჭერს, ან ნათესავს, ან შვილს დაუჭერს. სინამდვილეში ეს ძალიან ვირტუალური შიშია, რადგან იმ კარგი ქართული ფილმის გმირისა არ იყოს, მილიონებს ვერ დაგვიჭერენო რომ ამბობს, ზუსტად ეს ამბავია ამ შემთხვევაში. ასე არ ხდება, რომ ხელისუფლება უცებ ადგეს და რეპრესიები დაიწყოს. ამას სააკაშვილი ვერ გააკეთებს.
სხვათაშორის, დაბურულ მინებთან დაკავშირებულმა სახალხო უკმაყოფილებამ ინტერნეტფორუმებზე, ერთმა-ორმა საპროტესტო შეკრებამ, ხელისუფლება აიძულა, რომ უკანა გვერდითა მინების დაბურვის პროცენტული მაჩვენებელი აეწია და ეს მინები აღარ არის გამოსაცვლელი...
- ძალიან ბევრი ეგეთი რაღაცა მოხდება, თუ საზოგადოება მიხვდება, რომ პროტესტი მონკრეტულ თემებზე უნდა გამოხატოს, თანაც მაშინვე, როცა ეს პრობ;ლემა იქმნება. აი, ახლა წყლის გადასახადი გააძვირეს თბილისში, არავინ ხმას არ იღებს, მხოლოდ ბრიფინგები ჩატარდა. მე ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე ვილაპარაკებ ამაზე, მერე ვიღაც კიდევ ილაპარაკებს და დამთავრდა. პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. საბავშვო ბაღების დაფინანსება განახევრდა და იანვრიდან არავინ იცის, რა იქნება. ეს ერთი საშუალება მაინც ჰქონდათ მშობლებს, რომ უფასოდ საჯარო ბაღებში დაჰყავდათ შვილი და დრო ჰქონდათ, ემუშავათ, რათა ოჯახში შემოსავალი შეეტანათ, ხვალიდან ესეც აღარ ექნებათ.
გეთანხმებით, ელექტროენერგიის მომატებაზე იქნება მალე საუბარი. გაზის კომპანიაც რიგში დგას. წყალმა დაიწყო და უკვე გააკეთა ეს. წყლის გადასახადი რომ მოიმატებდა მთელი საარჩევნო კამპანია ამაზე ვლაპარაკობდი, ვიღაცეები კი ამბობდნენ, წყალი უფასოდო. შეუძლებელი იყო წყალის გადასახადი არ მოემატებინათ, ისეთი ხელშეკრულება აქვს დადებული სახელმწიფოს ამ კომპანიასთან. თავი მოიკლა გიგი უგულავამ, 20-ჯერ მაინც გააკეთა განცხადება, ოპოზიციას ცუდი სიზმრები აქვს ეტყობაო.
ძალიან მალე აახდინა ოპოზიციის ცუდი სიზმრები გიგი უგულავამ... საბოლოო ჯამში, რას ვეუბნებით დაბნეულ, გულგრილ თუ შეშინებულ საზოგადოებას, რომ არ უნდა დანებდეს, არ უნდა შეშინდეს, მუდმივად უნდა ჰქონდეს პროტესტის გრძნობა, თუ უნდა ჩამოყალიბდეს მოქალაქედ და ეს პროტესტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხარ რევოლუციონერი?
- აბსოლუტურად... და კიდევ ერთს ვეტყვი, აუცილებელია, რომ ეს პროტესი არ იყოს ასოცირებული მანცდამანც 100 ათას ადამიანთან, 100 ათას ქართველთან ქუჩაში. აი, ის, რაც მაშინ მოხდა 2002 წელს, საბურავები რომ დაწვა ხალხმა, ასეთი პროტესი სჭირდება დღეს თქვენ საქართველოს. მეზობლების, კონკრეტული სკოლის პედაგოგების პროტესტი სჭირდება (და არა - სრულიად საქართველოს პედაგოგების), სადაც ყველაზე კარგად ჩანს პრობლემა. ამ დროს, მართლაც ყველაზე ადვილია, ხელისუფლებას დაანახო რა არის პრობლემა და აიძულო მოაგვაროს ის.