ირაკლი ალასანია: „ამერიკის ასეთი ნათელი და მკვეთრი პოზიცია, აქამდე მე არ მომისმენია“

ირაკლი ალასანია: „ამერიკის ასეთი ნათელი და მკვეთრი პოზიცია, აქამდე მე არ მომისმენია“

თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მხარდაჭერილი საქართველოში კმაყოფილი დაბრუნდა. ამ ვიზიტმა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ დასავლეთი ოპოზიციურ სპექტრს მხარს უჭერს საარჩევნო გარემოს ცვლილებებისთვის ბრძოლაში. ამიტომ, ფიქრობს, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და მთელს ოპოზიციურ სპექტრს მოლაპარაკების მაგიდასთან ეპატიჟება. სწამს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება.

 

დასავლეთში ვიზიტის მიზანი მხოლოდ საარჩევნო გარემოს ცვლილება არ ყოფილა, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიზნესზე ზეწოლაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და 2012–13 წლებში ხელისუფლების ცვლილებაზე.

 

თუმცა, უმჯობესია, ამ ყველაფერზე თავად ისაუბროს და ახსნას იმ ოპტიმიზმზის მიზეზი, რომელიც აშკარად ეტყობა. პრესა.გე-ს სტუმარია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია.

 

– ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი საქარველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკული მხარისთვის გაგვეცნო „თავისუფალი დემოკრატების“ ხედვა საარჩევნო გარემოზე და საქართველოს განვითარებაზე. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თვითონ როგორ ხედავს ამერიკული მხარე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ზოგადად, ამერიკულ–ქართული სტრატეგიული პარტნიორობის მომავალს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის ასეთი ნათელი და მკვეთრი პოზიცია, აქამდე მე არ მომისმენია.

 

ამერიკული მხარის ხედვა მართლაც საინტერესოა, რადგან ენდიაის და აირაის კვლევები აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს იძლევა, ვიდრე რეალობაში გვაქვს. ვის ინფორმაციას ეყრდნობიან თეთრ სახლში?

– ენდიაის და აირაის კვლევები ცალკე საკითხია, მაგრამ მათ აქვთ ინფორმაციის მიღების საკუთარი წყაროები და ძალიან რეალისტურ სურათს ფლობენ საქართველოში ეკონომიკურ–სოცალურ მდგომარეობის შესახებ, ფლობენ ინფორმაციას წვრილი, საშუალო და ყველა დონის ბიზნესზე ზეწოლის შესახებ და როგორი კონტროლი აქვს აღებული, საგადასახადო სამსახურებს ბიზნესებზე.

 

სხვათა შორის, ეს თემები ჩვენი განხილვის მთავარი საგანი იყო და, რომ ეს ყველაფერი, 2011–12 წლებში ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს სოციალურ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ დეფიციტზე დემოკრატიაში, რაც ადგილობრივმა არჩევნებმა გამოავლინა.

 

სამ მნიშვნელობან საკითხზე გვაქვს სრული თანხვედრა, როგორც ობამას ადმინისტრაციის წევრებთან, ისე – სახელმწიფო დეპარტამენტთან და სენატის და კონგრესის ორივე მხარესთან (როგორც რესპუბლიკელებთან, ისე – დემოკრატებთან), რომ, პირველი – საქართველოში 2012–13 წლებში უნდა ჩატარდეს რეალურად თავისუფალი არჩევნები. ამ ორი წლის განმავლობაში, ისინი მხარს დაუჭერენ საარჩევნო გარემოს შეცვლის იმ მოლაპარაკებას, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული. და მეორე – პირველად საქართველოში, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს.

 

იქნებ, დააკონკრეტოთ რას გულისხმობენ მხარდაჭერაში.

– მხარს უჭერენ სწორედ იმ პროცესს, რომ საქართველოში პუტინიზაცია არ განხორციელდეს და გადაეცეს ხელისუფლება თავისუფალ არჩევნებში არჩეულ პოლიტიკურ ძალას. ამ ორ საკითხში არის პოზიციების აბსოლუტური თანხვედრა და, რაც მთავარია, საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის პოლიტიკა ამ ორი განმსაზღვრელი ელემენტით განისაზღვრება. ეს არის პოზიცია, რომელიც ობამას წარმომადგენლებმა ჩემთან შეხვედრისას დააფიქსირეს.

 

ამას პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებული მდგომარეობა მედიის და პოლიციის კუთხით. მედია ნამდვილად არ არის თავისუფალი, გვქონდა საუბარი, რომ სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოხდეს ცვლილება, რაც ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება მაქსიმალურად მიაწვდინოს ხმა საზოგადოებას. ანუ, პირველ და მეორე არხზე უნდა იმართებოდეს დებატები და განხილვები. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს მე–2 არხის დაფარვის მასშტაბები.

 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, ვინ დგას „რუსთავი–2“–ის და „იმედის“ უკან – ვინ არიან მათი მფლობელები და ვინ არიან ჩართული მათ ყოველდღიურ მართვაში. ჩვენი ხედვით, ესენი არიან სააკაშვილი და მისი გუნდი, მაგრამ ამას ფორმალურადაც სჭირდება გარკვევა და, აქედან გამომდინარე, აშშ პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ეს გაირკვეს.

 

ინტერესი ერთია, მაგრამ მეორეა ჩვენი ხელისუფლებს პოლიტიკური ნება. ეს პოლიტიკური ნება კი ხელისუფლებამ 10%–ან ოფშორებში მოაქც. ამის შემდეგ, კიდევ გაქვთ იმედი, რომ „რუსთავი–2“–ის და „იმედის“ მესაკუთრეების თემა გაიხსნება?

– პირადად მე ნაკლები ილუზია მაქვს „რუსთავი–2“–თან და „იმედთან“ დაკავშირებით. ისინი დარჩებიან ხელისუფლების უწყებად და პროპაგანდისტულ მანქანად. თუმცა, პირველ და მეორე არხთან დაკავშირებით მაქვს იმედები, რომ გარღვევის გაკეთება შეიძლება.

 

ამისთვისაც საჭიროა პოლიტიკური ნება...

– კი, მაგრამ იქ არის ჩემი, თქვენი და საზოგადოების თანხები. ამიტომ, ამ მოთხოვნის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებს უფრო უადვილდებათ. სწორედ, მათი ზეწოლის შედეგი იყო, როცა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო არჩევნების ბევრად უფრო ობიექტური გაშუქება. მესამე თემა პოლიციის საკითხია, რომელზეც წელიწადნახევარია „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვებიც საუბრობენ – პოლიცია უნდა ემსახურებოდეს კანონს და არა მმართველ პარტიას.

 

ამის კონტროლი როგორ წარმოგიდგენიათ?

– გეტყვით, რა მექანიზმი შევთავაზეთ ხელისუფლებასაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ჩვენ გვაქვს მეტ–ნაკლებად წარმატებული მაგალითი – არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც მონაწილეობდნენ შსს–ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და, სადაც ჩართული იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, ჩვენი პარტიიდანაც იყო კონკრეტული პიროვნება. ამ ჯგუფში თითოეული ზემოქმედების და რეპრესიის ფაქტზე ხდებოდა საკითხის წამოწევა და სამართლიანობისთვის რომ ვთქვათ, საკმაოდ ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენელი ცდილობდა და აგვარებდა ამ საკითხებს. ამის შემდეგ, ამ ადამიანების მიმართ დევნა წყდებოდა.

 

თუმცა, ეს არ უნდა იყოს არჩევნებამდე მხოლოდ, სამი კვირით ადრე. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამას ჰქონდეს მუდმივმოქმედი ჯგუფის ხასიათი, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩემი აზრით, ეს არის ერთ–ერთი სწორი ფორმა, რომლითაც ჩვენ შევზღუდავთ და მინიმუმამდე დავიყვანთ პოლიციის არასწორ რეპრესიულ ნაბიჯებს. შესაძლოა, 100%–ით არ იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი, მაგრამ ეს არის მექანიზმი, რომლის გამოყენება მიმაჩნია აუცილებლად და სწორედ ეს არის ხელისუფლებასთან ჩემი მოლაპარაკების ერთ–ერთი საგანი.  

 

როგორ აფასებთ ობამასა და სააკაშვილს შორის შეხვედრას?

– ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა, რადგან პირდაპირი ლაპარაკი სწორედ ამ თემებზე შედგა. დარწმუნებული ვარ, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, ამ მხარდაჭერაში კი ჩვენც და ამერიკელ პარტნიორებსაც გვესმის ერთი რამ, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და ამისთვის აუცილებელია ძირფესვიანად შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ეს იყო ჩემი ვიზიტის მთავარი განსახილველი საკითხი.

 

ანალოგიური იყო ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც ბრიუსელში, ანალოგიური მიდგომები აქვს  ევროკავშირსაც, იმიტომ, რომ რეალურად, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის სააკაშვილის დეკლარირებული პოლიტიკა  აბსოლუტურად განსხვავდება მისი რეალური ნაბიჯებისაგან – ბიზნესზე ზეწოლა, მართლმსაჯულების არარსებობა, და, რაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკურ–სოციალური პოლიტიკა, რომელიც დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის და, რომელიც არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ ტოვებს სოციალური დაცვის განცდით. ყველაფერი ეს აღელვებს ყველას და აქეთკენ იქნება მიმართული მათი ძალისხმევა, ისევე, როგორც – ოპოზიციის. 

 

აქვე მინდა ჩვენი ვიზიტის კიდევ ერთ ნაწილს შევეხო… ეს იყო ნიუ–ორკში, სადაც შევხვდით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებს სამშვიდობო ოპერაციების კუთხით და პოლიტიკურ საკითხებში. მე გავეცანი მათ ხედვას, როგორ აპირებს გაერო გააქტიურდეს საქართველოში და შევთავაზე ჩემი მოსაზრებები, რა უნდა გაკეთდეს გალის რაიონში იმისთვის, რომ მეტად დაცული იყოს ჩვენი მოსახლეობა. აგრეთვე, ვისაუბრეთ ზოგადად, ქვეყნის რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებზე და მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებზე.

 

სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემას „ფიგაროს“ მისცა ინტერვიუ, რომ საქართველოში არ განმეორდება პუტინიზაცია. ეს იყო პასუხი ობამას შეხვედრისა? ვგულისხმობ, პირდაპირ ხომ არ მიუთითეს მას, რომ ამის დაშვება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია?

– მე აღვნიშნე, რომ დამოკიდებულება ზუსტად ასეთია ამერიკის პოლიტიკის გადაწყვეტილების მიმღებთა წრეებში. მე არ დავსწრებივარ შეხვედრას და ბუნებრივია, ზუსტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ფორმით იყო ეს ნახსენები, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი იძულებული გახდა, ასეთი განცხადება გაეკეთებინა.

 

ობამა–სააკაშვილის შეხვედრა ექსპერტთა ნაწილისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ ამერიკას სურდა სააკაშვილისგან მიეღო პირობა, რომ იგი მორიგ პროვოკაციულ ომში არ ჩაებმეოდა რუსეთთან და ამით, კიდევ ერთხელ, უხერხულ სიტუაციაში არ ჩააყენებდა დასავლეთს. ის, რაზეც თქვენ საუბრობთ ქართული დემოკრატიის განვითარება ბევრი ფიქრობს, რომ ფარსია და ამერიკას, იქნება თუ არა საქართველოში დემოკრატია, დიდად არ ანაღვლებს...

– ეს არის აბსოლუტიურად საპირისპირო რამ იმისა, რაც რეალურად ხდება. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ საქართველოში, დემოკრატიის არა მხოლოდ განვითარება, არამედ გამარჯვება არის ქართულ–ამერიკულ სტრატეგიების  მთავარი ამოცანა. ეს ნათელია ყველა ნაბიჯით, რასაც ამერიკა დგამს საქართველოსთან მიმართებაში. ამერიკა მხარს უჭერს საარჩევნო გარემოს მოლაპარაკების პროცესს, რასაც ღიად აფიქსირებს და მხარს უჭერს და მათი პოზიცია ამაზე ნათელი  ვერ იქნება.

 

რას ნიშნავდა სარკოზის განცხადება – ნატოს კარი ღია იქნება მანამ, სანამ საქართველოს საზღვრები არ დადგინდება?

– სარკოზის განცხადება არის ის რეალობა, რაც აქამდე იყო ჩვენთვის ცნობილი – ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დახურულია მანამდე, ვიდრე საქართველოს ექნება ტერიტორიული პრობლემები რუსეთის  ფედერაციასთან. ეს მხოლოდ ერთ ადამიანს არ ესმოდა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვიმუშაოთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ურთიერთობები აფხაზ ხალხთან, ცხინვალის რეგონთან დაიწყოს ნდობის აღდგენით,  ეკონომიკური და სავაჭრო ბერკეტებით. ასევე უნდა გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ნორმალიზებისკენ. ეს იქნება ხელშემწყობი ჩვენი ინტეგრაციისა ევროკავშირში.

 

არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ საქართველოს უარის თქმა მოუწიოს საკუთარ ტერიტრიებზე?

– არავითარ შემთხვევაში! ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ არავინ გვთხოვს ამას, ეს ჩვენ უნდა ვთქვათ უარი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ჩვენს ქვეყანაში ხალხმა ისეთი ხელისუფლება აირჩიოს, რომელიც უარს იტყვის საკუთარი ტერიტორიების მთლიანობაზე. მე ამას არც კი ვუშვებ.

 

ახლა, შიდა პოლიტიკაზეც ვისაუბროთ, პირველ რიგში, „სახალხო კრებაზე“ გკითხავთ – იმის მიუხედავად, რომ თქვენი პოზიცია ცნობილია, უშვებთ თუ არა იმ აზრს, რომ კრებას ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს?

–მე მართლაც დიდ პატივს ვცემ ყველა მოქალაქეს, რომელთაც საკუთარი პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატა რუსთაველის გამზირზე. მათაც და ჩვენც სრული საფუძველი გვაქვს, რომ ეს პროტესტი ღიად დავაფიქსიროთ. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენი კონსტიტუცური უფლებაა, ეს არის ადამიანების განწყობა, რომელიც არ უნდა დამალოს დემოკრატიულ ქვეყანაში არავინ. თუმცა, ეს განწყობის დაფიქსირება და პოლიტიკური ცვლილებისკენ ნაბიჯის გადადგმა ქუჩიდან რომ არ მოხდებოდა, ეს ყველას კარგად გვესმოდა, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და საზოგადოებასაც.

 

ამიტომ, არ მგონია, რომელიმე საღ პოლიტიკურ ძალას ჰქონოდა ილუზია, რომ „სახალხო კრების“ შეკრება რუსთაველის გამზირზე მოიტანდა რაიმე პოლიტიკურ ცვლილებას. ამიტომაც ვთქვი, რომ ასეთი განწყობის საზოგადოებაში შეტანა არის არაგულწრფელობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქის ქუჩაში გამოსვლით ეს ხელისუფლება არ შეიცვალა. ეს არ არის ის გზა, რომლითაც სააკაშვილისნაირ ხელისუფლებას დაამარცხებ.

 

ამ ადამიანების დამარცხების ერთადერთ გზა არის ის, რომ მათ მოედანზე იბრძოლო.  მათი მოედანი კი არის მოლაპარაკების ფორმა და სწორედ იქ უნდა შევაცვლევინოთ საარჩევნო გარემო და ამ არჩევნებში დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“, რისი შანსიც არსებობს. ამიტომ მოვუწოდებ ამ ადამიანებსაც, პროტესტის გამოხატვა აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ნახოს – რასაც „რუსთავი 2“ და „იმედი“ აჩვენებს, იმისგან განსხვავებით, ქვეყანაში განსხვავებული რეალობაა და ჩვენ ვემზადოთ იმისთვის, რომ ეს საპროტესტო განცდა და მუხტი გადავთარგმნოთ საარჩევნო ელექტორალურ წარმატებაში, ანუ, დავამარცხოთ სააკაშვლის „ნაციონალური მოძრაობა“.

 

თქვენ ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ ოპოზიციამ პირველად შესთავაზა ხელისუფლებას დიალოგის კონკრეტული ფორმა და ეს განასხვავებს მას სხვა მოლაპარაკებებისგან, რაც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს. თუმცა, რამდენად იმედიანად ხართ, როცა თქვენს გვერდით მოლაპარაკებების მაგიდასთან მჯდომი პარტიები თან თქვენთან არიან და თან ქუჩის აქცებზე?

– ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი მხარს უჭერენ იმ ცვლილებას და მე და ჩემს კოლეგებს აძლევენ მანდატს მოლაპარაკებისთვის. საქართველოში ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ აუკრძალავს. რა თქმა უნდა, მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს რამდენად გონივრული, სწორი ნაბიჯი იყო, როცა „ფორუმი“ თუ „კონსერვატიული პარტია“ „სახალხო კრებას“ შეუერთდა, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, ჩვენი გაერთიანების ძლიერი მხარე ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუკრძალავთ. საარჩევნო ცვლილებისთვის შევთანხმდით, რომ 5 პრინციპული პოზიცია გვექნება და ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, ხოლო სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ ვამძიმებთ ერთმანეთს.

 

ეგ გასაგებია, მაგრამ ბრძოლაში როდესაც მიდიხარ, პარტნიორის მიმართ ნდობა არ უნდა არსებობდეს?

– მე ასეთი განწყობა მაქვს, საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, წარსულს რომ გადავხედოთ, ერთმანეთს არავინ უნდა ვენდოთ. ამიტომ, მე აპრიორი ნდობით მივდივარ იმ ბრძოლაში პოლიტიკურ ძალასთან და პიროვნებასთანაც.

 

თქვენ ასეთი ნდობით წახვედით ადგილობრივ არჩევნებზეც...

– ნდობით წავედი იმიტომ, რომ ვენდობი მოქალაქეს და პარტიის წევრებიც მოქალაქეები არიან. მე მჯერა, რომ მათ საქართველო ისე უყვართ, როგორც მე და ამიტომაც ვაძლევ ყველას შანსს, რომ თუ სურვილი აქვს, გახდეს ჩვენი პარტნიორი. უნდობლობამ, ერთმანეთის იზოლირებამ და ერთმანეთთან დაპირისპირებამ უკვე გვაჩვენა რა შედეგიც დადგა. ამიტომაც გათელილი გზით აღარ წავედით, წავედით ერთმანეთისკენ ხელის გაწვდის გზით საერთო საქმის წარმატებისთვის.

 

ჩემი აზრით, ეს გზა არ არის გათელილი, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების გზა, მაშინ, როდესაც პოლტიკურ ოპონენტსაც მტრად არ აღიქვამ და მე მგონი, ეს ის არის, რაც ხალხს უნდა. დამერწმუნეთ, მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და ვხვდები ძალიან ბევრ ჩვეულებრივ ადამიანებს, ვისაც თავიანთ ზურგზე აქვთ გადატანილი გაჭირვება, ისინი შეხვედრისას ხშირად მეუბნებიან: „თქვენში მოგვწონს ის, რომ არ ეძებთ მტრებს“. ჩემი აზრით, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა. სწორ გზაზე ვდგავართ, ჩვენი პრინციპული პოზიციიდან გადახვევა არ იქნება, რადგან გვწამს, რომ ეს არის წარმატების და გამარჯვების საფუძველი. სხვა პარტიებსაც მოვუწოდებთ, რომ ამ გზით იარონ და თუ არა, ეს მათი გადაწყვეტილებაა.

 

თქვენი ამ პრინციპების გამო, თქვენ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების სატელიტ პარტიას გიწოდებთ, ეს თქვენს რეიტინგზე არ მოქმედებს?

– ნაკლებად. ის პარტიები, რომლებიც ამას ამბობენ, მათი რეიტინგი საერთოდ არ არსებობს, პულსიც კი არ ესინჯებათ.

 

თქვე გესინჯებათ პული?

– რეიტინგებს თუ გადახედავთ, პულსი გვესინჯება.

 

უშვებთ თუ არა, რომ ხელისუფლება წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე?

– გამოვრიცხავ.

 

რატომ?

– ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკურ–სოციალური მდგომარეობიდან და იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რაც აღებული აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობასთანაც. პირველ რიგში, საარჩევნო გარემოს რეფორმა უნდა დასრულდეს და ჩემთვის მთავარი ეს არის. ხვალ რომ  არჩევნები ჩატარდეს, იგივენაირად – არადემოკრატიულად ჩატარდება, როგორც ადრე ტარდებოდა და რეალურად ხალხის მიერ მხარდაჭერილი ძალა ვერ გაიმარჯვებს.

 

მითუმეტეს, ეს აწყობს ხელისუფლებას...

– არა, მათ იმდენი ვალდებულებები აქვთ აღებული, რომ ამის გაკეთება პოლიტიკურად, სუიციდური იქნება.

 

რატომ? ამისთვის შეუძლია სოციალური ბუნტი გამოიყენოს...

–მე ჩემს აზრს გეუბნებით, თორემ მოვლენები შესაძლოა სხვაგვარადაც განვითარდეს.

 

და ბოლოს „ქართულ პარტიაზე მინდა გკითხოთ“  მათაც ისე უყურებთ, როგორც „სახალხო კრებას“?

– რას აპირებენ, რა გეგმა აქვთ და რას სთავაზობენ საზოგადოებას – მე რეალურად  დღემდე ვერ გავიგე. მე ვიცნობ ბევრ მათგანს და მგონია, რომ საქართველოს ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ, მაგრამ მათ რიცხვში არიან ადამიანები, რომელთა არც პოლიტიკური გონიერების და არც კეთილსინდისიერების მჯერა. ამიტომ, დაველოდებით რა სიახლეს შესთავაზებს ეს პარტია საზოგადოებას გაზაფხულზე.