ანტიმონოპოლიური სამსახური დამსჯელი ორგანო არ უნდა იყოს

ანტიმონოპოლიური სამსახური დამსჯელი ორგანო არ უნდა იყოს

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სოლომონ პავლიაშვილი ფიქრობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა აუცილებელია, თუმცა ის არ უნდა იყოს დამსჯელი რგოლი. მისი თქმით, ანტიმონოპოლიური სამსახური იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ფაქტობრივად შეძლებს გარკვეული რეაგირება მოახდინოს სამომხმარებლო ფასებზე. ეს იქნება ინსტიტუტი, რომელიც არაკონკურენტუნარიან, არასრულყოფილ კონკურენციას აღმოფხვრის და ქვეყანაში ხელს შეუწყობს ინსტიტუტების თავისუფლად მოქმედებას.

ყოფილი ქონების მართვის მინისტრი და ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენის პროცესს სდევს თან.

რამდენად შეუშლის ხელს სააკაშვილის გუნდი ივანიშვილის მთავრობას პროგრამისა და წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელებაში და რა რისკები ახლავს ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას? - ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკურ ექსპერტთან, სოლომონ პავლიაშვილთა

- ძალზე სამწუხაროა, რომ  ანტიმონოპოლიური სამსახური შექმნა ან გაუქმება უკავშირდება ხელისუფლების ცვლილებეს. არადა ეს არის ინსტიტუტი, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე. უფრო მეტიც,ეს სამსახური იმდენად დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილება,ავტომატურად არ უნდა იწვევედეს მისი ხელმძღვანელის ცვლილებას, რადგან  ისიც გარკვეული ვადით უნდა ინიშნებოდეს

როგორ შეაფასებდით ახალი ხელისუფლების მიერ ეკონომიკური კუთხით გაჟღერებულ ინიციატივებს და რამდენად შესაძლებელია იგივე ანტომონოპოლიური სამსახურის შექმნით, სწორი ეკონომიკური ნაბიჯები გადაიდგას ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის კუთხით?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ხელისუფლებას გააჩნია გამოკვეთილი სტრატეგია და ეს სტრატეგია იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი ნაბიჯები არ იქნება ფრაგმენტული, სპონტანური. ვფიქრობ, მათ აქვთ ის ხედვა, რომელიც ერთიან ეკონომიკურ სტრატეგიას ჩამოაყალიბებს. მათ იციან, ხვალ და ზეგ რა უნდა გააკეთონ და რაც მთავარია, პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხედავს, რა არის გასაკეთებელი და იმის გამოცდილებაც აქვს, როგორ შეიძლება ეფექტური მართვა.

ყველა თემა და ყველა საკითხი ობიექტურად იქნება განხილული. მათი შესრულება ალბათ შემდგომში აღარ გაძნელდება. თავისთავად ის, რომ ამ ახალ მთავრობაში გამოიკვეთა ის სახეები, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამა თუ იმ სფეროში, ვფიქრობ, ეს არის უდავოდ პოზიტიური. იმიტომ, რომ ამით, ფაქტობრივად, თაობის რეაბილიტაცია მოხდა. ამით წინა პლანზე წამოვიდა პროფესიონალიზმი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საუბარი აღარ არის იმაზე, ეს კაცი მუშაობდა იქ, მუშაობდა აქ... ამით გარკვეული შეხამება და სინქრონიზაცია მოხდა თვითონ საკადრო პოლიტიკაში. ვფიქრობ, არავინ არ იქნება იზოლაციაში, ვისაც მართვის უნარი და გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ პილიტიკას, ის რაზეც ლაპარაკობს ჯანდაცვის მინისტრი და რაც იყო “ქართული ოცნების” ეკონომიკური კონცეფცია სოციალურ სფეროში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა; ეს არის სოციალური დაზღვევის დაგროვების ინსტიტუტი; ეს არის ის, რაც უნდა იყოს სოციალური გარანტი სიბერეში ყველა ქართველი მოქალაქის და აქ არის გადახდის სოლიდარობა. ყველა ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დაზღვევის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისათვის.

მთავარია და მნიშვნელოვანი, რა რაოდენობის პენსიას მიიღებს ესა თუ ის ადამიანი, როგორი იქნება მისი სოციალური გარანტია, მაგრამ ასევე მთავარია, რომ იმ ხალხს, ვინც დღეს დასაქმებულია, როგორი საპენსიო უზრუნველყოფა ექნება და რამდენად შეინარჩუნებენ ისინი იმ სოციალურ პირობებს, რომელიც დღეს გააჩნიათ. ეს ყველაფერი ჯამში ძალიან კარგად არის გააზრებული. ამას ემატება ისიც, რომ აქტიურად მიდის საუბარი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე, რომლის შექმნის აუცილებლობაზეც წლების მანძილზე ძალიან აქტიურად მიანიშნებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მაგრამ ამას საშველი არ დაადგა. შეიქმნა უსახო ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომელიც ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა. ანტიმონოპოლიური სამსახური იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ფაქტობრივად შეძლებს გარკვეული რეაგირება მოახდინოს სამომხმარებლო ფასებზე. საბოლოოდ, ეს იქნება ინსტიტუტი, რომელიც აი, ამ არაკონკურენტუნარიან, არასრულყოფილ კონკურენციას აღმოფხვრის და ქვეყანაში ხელს შეუწყობს ინსტიტუტების თავისუფლად მოქმედებას.

ანტიმონოპოლიური სამსახური გააკონტროლებს ბაზარს, მას გარკვეული სადამსჯელო ფუნქციებიც ექნება?

- თავისთავად ანტიმონოპოლიური სამსახური, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დამსჯელი ორგანო ხელისუფლების ხელში. ეს უნდა იყოს პრევენციის და რეგულირების ორგანო. ეს უნდა იყოს ძალზე დამოუკიდებელი ინსტიტუტი, დაახლოებით ისეთი სტატუსით, როგორიც არის მარეგულირებლები. უფრო მეტსაც გეტყვით, შეიძლება ეს ცალკე ორგანული კანონით დარეგულირდეს ანუ ეს უნდა იყოს თავისუფალი ინსტიტუტი, რადგან სხვანაირად, ევროინტეგრაციაზე როცა ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში შესვლას ხელს შეუწყობს. კერძოდ, ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახური; ეს არის ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია; ეს არის ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი სამსახურები ანუ ის ინსტიტუტები, რომლებიც რეგულაციას უკეთებენ ეროვნულ ეკონომიკას მაკრო და მიკროეკონომიკის დონეზე. 

როგორ ფიქრობთ როგორ გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას ეკონომიკური ბლოკის ახალი მინისტრები?

- აქ ძალზე მნიშვნელოვანია თვითონ პრემიერ-მინისტრის როლი. როგორც არჩევნებმა აჩვენა, ბატონი ბიძინას ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ამიტომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრემიერ-მინისტრის ფაქტორი. ყველა მინისტრი პრემიერთან იქნება კოორდინაციაში და რაღაც საკითხებში შეიძლება ბატონმა ბიძინამ თავისი გამოცდილებით იმოქმედოს და უშუალოდ თავის დაქვემდებარებაში მოაქციოს.

პოლიტიკურ ნებას რაც შეეხება, ჩანს, რომ ეს უნდა იყოს ძალიან თავისუფალ ეკონიმიკაზე, თავისუფალ ფასწარმოქმნასა და ნამდვილ საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანა. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ყველა იმ საერთო სტრატეგიას დაემორჩილება, რაც ქვეყანას ექნება.

პრეზიდენტის გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალ ხელისუფლებას გაუჭირდება იმ პროგრამის განხორციელება, რომელსაც საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად მოსახლეობის კეთილდღეობის წინაპირობად წარმოჩინდა. რა ფაქტორებმა შეიძლება შეუშალოს ხელი ივანიშვილს ამ პროგრამის განხორციელებაში?

- ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გადმოიბარებენ ამ ხელისუფლებას. ეს ისე სინქრონულად უნდა მოხდეს, რომ რაიმე ჩავარდნები და წყვეტა არ იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი უკვე უნდა გრძნობდნენ, რა სიტუაციაა თავიდან ბოლომდე ყველა მიმართულებით. თუ სწორად მოხდება ჩანაცვლება და თუ ორიენტაცია სწორად იქნება აღებული, მაშინ პროგრამის განხორციელებას პრობლემები არ ექნება. რაც მთავარია, ქვედა დონეზე არ უნდა მოხდეს ჩავარდნა.

ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მხოლოდ ანტიმონოპოლიური სამსახურის არქონა უშლიდა ხელს, რაზეც ახლა განსაკუთრებული აქცენტი კეთდება?

- არა, რა თქმა უნდა. იყო კერძო საკუთრების ხელყოფა და ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. საერთაშორისო ინსტიტუტები ამაზე ხშირად მიანიშნებენ. ეს იყო ანტიმონოპოლიური სამსახური, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ერთიანი პრობლემა. კერძო საკუთრების ხელყოფა, მეორადი ბაზრის ჩამოუყალიბებლობა. ეროვნული ბანკის ფუნქციების დაკნინება. ეს მთელი კომპლექსია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.

ნოპოლიების და კარტელური შეთანხმებების პრობლემა დაისვა იგივე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შემდეგ შეიცვალა რამე?

- ასე მარტივად, ერთი განცხადებით ეს ვერ შეიცვლება. ამას უნდა სისტემური მიდგომა, სპეციალური საკანონმდებლო ბაზა. სხვათა შორის, 1996 წელს შექმნილი კანონი ანტიმონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენცის შესახებ, საკმაოდ კარგი კანონი იყო, მაგრამ თვითონ იმ ინსტიტუტმა მაშინ ვერ იმუშავა იმიტომ, რომ არ იყო მაშინ პოლიტიკური ნება და ვერავინ ვერ გაბედავდა მაშინ, რომ ან “მაგთი” ან “ჯეოსელი” დაეჯარიმებინა. მაშინ სხვა პოლიტიკური ნება იყო.

ეს ინსტიტუტი უნდა ამოქმედდეს და ძალიან დამოუკიდებელი უნდა იყოს. მარეგულირებელი სამსახურები, რომელმაც ფაქტობრივად ეკონიმიკა უნდა მართონ. მათი გამართული ფუნქციონირება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკის წინსვლა იყოს და თან - თვალნათელი.

ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ისე უნდა იმუშაოს კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით, ოლიგოპოლიებთან, მონოპოლიებთან, რომ ჩვენ ბიზნეს-გარემო არ დავაზიანოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ერთი მხრივ, უნდა იყოს ის პრევენცია და რეგულაციები, რაც სჭირდება ანტიმონოპოლიური საქმიანიბის განხორციელებას და მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა ბიზნეს-გარემო არ დაზიანდეს.

ჩვენ ვართ მსოფლიო ეკონომიკის რაღაც შემადგენელი ნაწილი და ამას უყურებენ სხვა ინვესტორებიც. ის ინვესტორები, რომლებიც აქ არიან შემოსული ან შემოსვლას აპირებენ, ყველაფერს აკვირდებიან. ყველა საკითხს ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა. წეღანაც ვთქვი, ანტიმონოპოლიური სამსახური არ უნდა იყოს დამსჯელი, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ მსოფლიოში უამრავი შემთხვევაა, როდესაც „მაიკროსოფტი“, “ინტელი” დააჯარიმეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შერწყმა და შეხამება, როგორც რეგულაციასთან და ჯარიმებთან. მეორეს მხრივ, ეს უნდა იყოს ბიზნესის ხელშეწყობის ფაქტორი. უნდა იყოს ყველა ეკონიმიკური სუბიექტის ერთიან პირობებში ჩაყენება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანია, ტრანსნაციონალური თუ კერძო კომპანია. თუ სეგმენტები სწორად განვითარდება, შედეგიც იქნება.

ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანი სასამართლოს და მთლიანად სახელმწიფოს მშენებლობის კურსი აიღო. ამ პირობებში ძალიან ბევრმა მტკივნეულმა საკითხმა იჩინა თავი იგივე კერძო საკუთრების ხელყოფის კუთხით. სადამდე შეიძლება წავიდეს ეს მძიმე პროცესი და გაუძლებს ასეთ დარტყმებს ბიუჯეტი?

- ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი, შეიძლება ითქვას - ყველაზე მტკივნეულიც. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს ქაოსურად, სპონტანურად და ეს არ უნდა გადაიზარდოს აზარტში. აქ საჭიროა ძალიან ფრთხილი მიდგომები. რაოდენობრივად ეს ტრანზაქცია, ასე ვთქვათ, ეს ფიქტიური ჩუქებები, გადაბარებები, ფიქტიური გაყიდვები, ეს არის ძალიან დიდი რაოდენობით და ამიტომ სისტემატიზაცია სჭირდება. ისე არ გავაკეთოთ, რომ ერთის გამოსწორების დროს მეორე ადამიანის უფლებები შევლახოთ. როცა ამბობენ, რომ სასამართლო ამას გაარჩევს, ეს ასე მარტივადაც არ არის. სასამართლომდე ეს საქმე უნდა მიიტანონ სპეციალისტებმა. იმ ხალხმა უნდა დაამუშაოს, შექმნას და სასამართლოს უნდა მიუტანოს რაღაც მომზადებული წინასწარი პირობები.

აქ არის გასათვალისწინებელი რამდენიმე მომენტი. ერთია ის, რომ ფიზიკურ პირებს ჩამოართვეს საკუთრება და სახელმწიფომ წაიღო, მეორეა, რომ ფიზიკური პირებიდან, ფიზიკურ პირებზე გადაფორმდა და მათ უკან სახელმწიფო იდგა. მესამეა, როცა შპს-ები ჰქონდათ და იქედან წილი დაათმობინეს.

აქ შეიძლება იყოს კიდევ უარესი, როდესაც ყოფილ ჩინოვნიკებს ან ვისაც მოეწონა ვინმეს ქონება, ჩამოართვეს სხვა ფიზიკურ პირს და სხვას გადასცეს. აქ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც წილი დათმეს ერთ კომპანიაში და ეს კომპანია სხვა კომპანიის მფლობელი იყო. ამიტომ ვამბობ, მთელი ჯაჭვია ამ ციკლისა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ ვეცადოთ აქ სამართლიანობა აღდგეს. აქაც ის პრობლემა დგება, რომ ჩვენ მაკროეკონომიკური გარემო, ბიზნეს-გარემო არ უნდა დავაზიანოთ. ისე უნდა გაკეთდეს, რომ ყველაფერი იყოს არგუმენტირებულად. ყველაფერი იყოს გათვლილი, რა შეიძლება მოყვეს ამ პროცესს. უფრო მეტსაც გეტყვით - უამრავი შემთხვევა იქნება, როდესაც ობიექტი ჩამორთმეულია, ის გადაეცა სახელმწიფოს და სახელმწიფომ გაყიდა და დღეს კეთილსინდისიერი მყიდველი ჰყავს.

გამოდის, ამ პროცესში სახელმწიფოს ინტერესი და ქვეყნის ბიუჯეტი შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს...

- ამაშია საქმე. ჩვენ გვახსოვს, შემნახველი ბანკების თემა, რომელიც დღესაც მტკივნეულად დგას. დაახლოებით ნახევარი მილიარდი სახელმწიფომ თავის თავზე აიღო და ძალიან მიკვირს, ამ ხარჯებს რომ ვუყურებ, რაც წინა ხელისუფლებამ გასწია. რატომ არ მოხდა ამ ვალების გასტუმრება? ძალიან მაღალი შემოსავლები იყო ამ მხრივ. სახელმწიფო კომპენსაციებზე ძალიან მარტივად საუბრობენ. ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტიდან უნდა წავიდეს. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. კარგით, დავუშვათ, დავსაჯეთ ჩინოვნიკი. კომპენსაცია ვინ უნდა გადაუხადოს? რამდენი უნდა ამოიღო იმ შემსრულებელი ჩინოვნიკისგან. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ყველაფერს სისტემური მიდგომა უნდა. რაც მთავარია, როგორც ერთი პერიოდი რომ იყო, ეს პროცესი რომ აზარტში გადაიზარდა, ახლაც აზარტში არ უნდა გადაიზარდოს. არავინ არ იძახის, რომ ამის გაკეთება არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ ნელა. ისე არ აღმოჩნდეს, რომ ახლა ჩვენ სხვისი უფლებები შევლახოთ. ქაოსურად არ უნდა წავიდეს ეს პროცესი. ამას სერიოზული მართვა სჭირდება. ძალიან საფრთხილო თემებია. ერთ-ერთი სერიოზული თემა არის კერძო საკუთრების თემა და ეს ძალიან მაფიქრებს.

შესაბამისად, ძალიან რთული დასაგეგმი იქნება ახალი ბიუჯეტიც...

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ასეთი შემთხვევა ალბათ 100 000-მდე იქნება. მუნიციპალური საკუთრების და, საერთოდ, ყველა საკუთრების ჩათვლით, რომელიც იქნა ხელყოფილი. ეს არ იქნება ცოტა რაოდენობის და, შესაბამისად, საკომპენსაციო თანხებიც მაღალი იქნება. შეიძლება ეს იყო ფიქტიური გაყიდვაც. დოკუმენტი დევს, რომ ამაში გადაგიხადა, ვთქვათ, 1000 ლარი. აი, აქ როგორი სამართლებრივი მიდგომა იქნება. მაშინ იმანაც უნდა აღიაროს, რომ ეს იყო ფიქტიური გაყიდვა და უკან დაბრუნების შემთხვევაში უნდა მოხდეს, როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, პირდაპირი შეთანხმებით. აქ საკითხი მარტივად არის, მაგრამ როგორც კი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაერევა ამაში, საჭიროა ძალიან ფრთხილი მიდგომა. ყველა საქმე ცალკე უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.