მერიის ტენდერის საქმე გენპროკურატურამდე მივიდა

მერიის ტენდერის საქმე გენპროკურატურამდე მივიდა

 

„თბილისის მიკროავტობუსს“ და მის მფარველ მერიას მინიმუმ გენპროკურატურასთვის მოუწევს ანგარიშის ჩაბარება. გამორიცხული არც ისაა, რომ მონოპოლიური ტენდერი გაუქმდეს და ზოგიერთი პიროვნების მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

ავტოტრანსპორტელთა და მგზავრთა უფლებების დაცვის ასოციაცია უახლოეს დღეებში გენპროკურატურაში სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გაუქმების მოთხოვნით განაცხადს შეიტანს.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ლალი მეტრეველი აცხადებს 2011 წელს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ჩატარებამდე იგი სამარშრუტო ტაქსების კომპანიას შპს „მერიდიანს“ ფლობდა, 500 სამარშრუტო ტაქსითა და ხაზებით დედაქალაქში.

2010 წლის ნოემბერში მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და „ბილაინის“ ე.წ. მწვანე ოფისში მისვლა მოთხოვეს, სადაც, შიშის ფაქტორის გამო, იგი ვაჟიშვილთან ერთად მივიდა.

მეტრეველი აცხადებს, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, რომელიც შარანგიების ახლობელია. მაქაცარიამ მეტრეველს მოსთხოვა, არ მიეღო მონაწილეობა სამარშრუტო ტაქსების ტენდერში, რადგან არავითარი შანსი არ გააჩნდა. როგორც მეტრეველი აღნიშავს, მას მაქაცარიამ უთხრა, რომ ეს საქმე პრეზიდენტისგან ჰქონდა დავალებული და მისი კომპანიის მძღოლებს წინააღმდეგობა არ უნდა გაეწათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა.

მეტრეველმა ასევე გაიხსენა 2010 წლის 28 თებერვალს სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვაც და აღნიშნა, რომ სამარშრუტო ხაზების ბრიგადირების დაკავებები და დაშინებები მოხდა.

ახლა კი ასოციაციაში შემავალი 1960 კაცის სახელით მეტრეველი გენპროკურატურაში განაცხადს შეიტანს და სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაუქმებას და ტენდერამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას მოითხოვს.

სატენდერო პირობების დარღვევა „თბილისის მიკროავტობუსის” ლიცენზიის გადახედვის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია.

შარშან ჩატარებულ ტენდერში შვიდი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მათგან ოთხმა ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელთაც მოძრავი საშუალებები არ ჰქონდათ. სატრანსპორტო სფეროში ინვესტიციისათვის 80-100 მილიონი ლარი იყო საჭირო, გამარჯვებულ კომპანიებს კი საწესდებო კაპიტალად ანგარიშზე მხოლოდ 100-100 ლარი ჰქონდათ.

ამასთან, არცერთ კომპანიას არ ჰქონია ამ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება. ტენდერში გამარჯვებული ოთხივე კომპანია ერთ თვეში გაერთიანდა როგორც „თბილისის მიკროავტობუსი“ და ამით სამარშრუტო მიკროავტობუსების სფეროში დედაქალაქის მასშტაბით მონოპოლისტი გახდა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მომხდარში თბილისის მერიას ადანაშაულებს და ითხოვს, ტენდერის შედეგები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ან საკრებულოში ამ მიზნით შექმნილმა კომისიამ გამოიძიოს.

„როდესაც კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა და სამარშრუტო ტაქსების განსაზღვრული რაოდენობა არ შემოიყვანა, თბილისის მერიამ ის 300 ათასი ლარის ნაცვლად, 100 ლარით დააჯარიმა. ეს სამარცხვინოა“, - აცხადებს სამუშია.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი კი სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვას საჭიროდ არ თვლის. მისი აზრით, ტენდერი საჯაროდ ჩატარდა და მასში საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატებიც მონაწილეობდნენ, შესაბამისად, ტენდერის არც ერთი მოთხოვნა არ დარღვეულა.

იონათამიშვილი ადასტურებს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს 100-100-ლარიანი საწესდებო კაპიტალი ჰქონდათ, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში მათ 3 მილიონი ლარის საგარანტიო თანხა წარადგინეს, რაც ტენდერის მოთხოვნებით იყო გათვალისწინებული. ასევე, იონათამიშვილის თქმით, „თბილისის მიკროავტობუსმა“ 18 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი შეიტანა იმ დროს, როდესაც დედაქალაქში მოქმედ სატრანსპორტო კომპანიებს ბიუჯეტში არაფერი შეჰქონდათ.

„ტენდერის არც ერთი მოთხოვნა არ დარღვეულა. რაც შეეხება, თუ როგორ გადაჯგუფდნენ გამარჯვებული კომპანიები ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ამის უფლება მათ ჰქონდათ. საკრებულოს უმრავლესობა მერიის მიერ 2011 წლის იანვარში ჩატარებული სატენდერო შედეგების გადახედვის მომხრე არ არის“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.