საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ძალთა გადანაწილების საკითხში კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ახალი პრემიერ-მინისტრი და მის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი, ყველანაირი რესურსების გამოყენებით შეეცდებიან 2020 წლის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ და მთავარ ოპოზიციურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი უფრო და უფრო მოუსპონ.
იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება უარყოფითად არის განწყობილი ნაცების მიმართ, მოსახლეობის სრული მხარდაჭერით ვერც „ქართული ოცნება“ სარგებლობს. მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, სახელისუფლებო ძალისთვის კი, დღის წესრიგში დგება ლაფსუსების გამოსწორების საკითხი. სწორედ ცვლილებების საწყისად მოგვევლინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად - გადამდგარიყო, უეცრად ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტის ბატონ-პატრონად მოგვევლინა.
მოვლენათა განვითარებას, სხვადასხვაგვარად აფასებენ ანალიტიკოსები და ექსპერტები. პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, for.ge-ს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.
რამდენად სწორად მიგაჩნიათ ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის შვიდ წელიწადში ხუთი პრემიერ-მინისტრის შეცვლა, როდესაც ეს პოზიცია ყველაზე მთავარ და პასუხისმგებლობით აღსავსე რგოლს წარმოადგენს ქვეყნის მართვაში?
- საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბებას ცდილობს. საპარლამენტო დემოკრატიას თავისი ტრადიციები აქვს. მაგალითად, ამგვარ რესპუბლიკებში არჩევნებზე ხალხი ხმას მხოლოდ პარტიას არ აძლევს. ხალხი დეპუტატებთან ერთად ნდობას უცხადებს საარჩევნო სიის პირველ ნომერს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მაშასადამე, ერთი საპარლამენტო ციკლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრად მუშაობის ლეგიტიმაცია გამარჯვებული პარტიის სიის მეთაურს აქვს. პრემიერ-მინისტრის ცვლილება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. ვთქვათ, თუ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობა შეიცვალა, მაშინ ბუნებრივად განიხილება მთავრობის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
1982 წელს გერმანიის ბუნდესტაგში ლიბერალები სოციალისტების კოალიციიდან გამოვიდნენ და უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატებთან შექმნეს. შედეგად, სოციალისტი კანცლერი შმიდტი, ქრისტიან-დემოკრატმა ჰელმუთ კოლმა ჩაანაცვლა. მთავრობის ლიდერის ცვლილება კონკრეტული პოლიტიკოსის აბსოლუტური კრახის მიზეზითაც შეიძლება მოხდეს. სულ ცოტა ხნის წინ ტერეზა მეიმ თემთა პალატასთან ბრექსიტის თაობაზე ვერც ერთი სტრატეგია ვერ შეათანხმა და იძულებული გახდა გადამდგარიყო. რაც მთავარია, პირველი მინისტრის ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილებას ფორმალურადაც და არაფორმალურადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იღებენ.
დავაკვირდეთ რა ხდება საქართველოში? რა იწვევს პრემიერ-მინისტრთა მონაცვლეობას? საპარლამენტო უმრავლესობა ტრადიცული და ძველი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული, არავითარი გადაადგილება არ მომხდარა. ბ-ნ მამუკა ბახტაძის მიმართ პრეტენზია არ აქვთ, მადლობით აცილებენ მას. პრემიერ-მინისტრის შეცვლამდე სამი დღით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამორიცხავენ სამთავრობო ცვილებებს და უცებ, მოულოდნელად ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თანამდებობაზე ახალი კადრი ინიშნება. ნებისმიერ დამკვირვებელს ასეთი უცნაური ვითარება აფიქრებინებს, რომ ქართული საპარლამენტო დემოკრატია მხოლოდ ფასადია, ფასადს მიღმა კი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული სისტემა იმალება.
20-21 ივნისის შემთხვევიდან მოყოლებული, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პერმანენტულად ითხოვდა გიორგი გახარიას გადაყენებას. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა?
- გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ მომავალ თვეებში ქართულ პოლიტიკურ ველზე ნამდვილი ორთაბრძოლები გაიმართება. გახარიას დაწინაურება აუცილებლად გააძლიერებს კონფლიქტებსა და რადიკალიზაციის პროცესებს. მიზეზი მარტივია, ბ-ნი გიორგი ძალიან უყვართ ხელისუფლების ორთოდოქს, კონსერვატორ მხარდამჭერებს და ძალიან სძულთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მას არ აქვს რესურსი, რომ საზოგადოებრივ შეთანხმებას, ყველაზე დაბალი დონის კონსესუსს მაინც ჩაუყაროს საფუძველი.
როგორ შეაფასებდით მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს და რამდენად განსხვავებული იყო მისი მოღვაწეობა წინა პრემიერ-მინისტრებისგან?
- ძალიან მიჭირს ამ კაცზე საუბარი. არ მინდა ზემდეტი მომივიდეს. დანიშვნის პირველივე დღიდან მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოურავის როლს შეასრულებდა. მას პატივს საკუთარ გუნდშიც არ სცემდნენ და სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ. კაცი სულ ერთი წელი იყო პრემიერ მინისტრი და თავად განაცხადა, რომ გაზაფხულიდან წასვლაზე ვფიქრობდიო. მაშასადამე, სულ სამი-ოთხი თვით სჯეროდა თავისი შესაძლებლობების. არ შეიძლება საზოგადოებრივი ბრძოლის გამოცდილების არმქონე, უმწიფარი ხალხის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. ყველა ასეთი მცდელობა ტრაგიკულად და სევდიანად დასრულდება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ სავარძლის ხიბლში ჩავარდნილი ადამიანისთვისაც.
გიორგი გახარიას სახელთან დაკავშირებულია მთელი რიგი საინტერესო მოვლენები, მათ შორის: სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული რეიდები „ბასიანსა“ და „გალერიში“, ხორავას საქმე, რომელიც დიდი ხანი გამოუძიებელი იყო და განსაკუთრებით აქტუალური, 20 ივნისის ღამე... როგორ ფიქრობთ, რამდენად გააძლიერებს სამთავრობო ძალის გავლენას მოსახლეობაში გახარიას პრემიერ-მინისტრობა?
- „ქართული ოცნება“ უმწვავეს საკადრო დეფიციტს განიცდის. მის შემადგენლობაში სერიოზული, პრინციპული, გაბედული და ბრძოლისუნარიანი ადამიანები არ ირიცხებიან. ხელისუფლებაში გახარია ერთადერთია, რომელსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ ეშინია და მზად არის წინააღმდეგობებისთვის. მოკლედ, ის თავისი პიროვნული თვისებებითა და ვერაგობით არის გამორჩეული, თორემ დიდი მიღწევებით არ გამოირჩევა. ეკონომიკის მინისტრობის დროს პარლამენტში, კომიტეტზეც კი არ გამოსულა სიტყვით. შს მინისტრობის დროს კი ყველგან, სადაც გამოჩნდა, ან ხალხი მოატყუა, ან ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით დაარბია, ან თვალები დათხარა. გახარია ივანიშვილისთვის სანდო და ხალხისთვის სახიფათო ლიდერია, რომლის მიღმაც არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა „ოცნებას“ აღარ დარჩა. ერთმა ნაკლებად ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა, გოჩა ლობჟანიძემ თქვა: „გახარია ბოლო ტყვიაა ივანიშვილის მჭიდში, მანაც თუ არ გაამართლა, უკვე თავად მილიარდერს მოუწევს პოლიტიკაში დაბრუნება, გახარიას იქით უკვე კედელია.“
ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. ყველას კარგად გვახსოვს ღარიბაშვილის შს-ის მინისტრობის დროს გახმაურებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად გაართმევს თავს ის ახალ თანამდებობას და რატომ დასჭირდა ივანიშვილის გუნდს პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება?
- ძალიან სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია, რომ ჩვენნაირ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანში პარტიის პოლიტიკურ მდივანს პარალელურად თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებაც მოუწევს. ივანიშვილი არჩევნებისთვის ემზადება და გამარჯვებისათვის ძალოვან სტრუქტურებზე სრული და ყოვლისმომცველი კონტროლი სჭირდება. ბ-ნი ღარიბაშვილი კი მისთვის უერთგულესი კადრია. ის ყველაფერს გააკეთებს პარტიისთვის და არა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამასთანავე, აღსანშნავია, რომ ღარიბაშვილი პრემიერობიდან თავისი ნათესაურ-კლანური კავშირების გამოც წავიდა. ის თავად ამბობს, რომ ზოგიერთ ნათესავს აღარც ელაპარაკება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ნათესავები, რომლებსაც ელეპარაკება, წარმატებით ისარგებლებენ თავდაცვის სამინისტროს მსუყე გასაიდუმლოებული ტენდერებით.
საბოლოოდ რას უნდა ველოდოთ ახალი პრემიერ-მინისტრისგან, რა მიმართულებით გააკეთებს აქცენტს გახარია და რამდენად კარგად იმოქმედებს აღნიშნული ცვლილებები 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე?
- არაფერს ახალს არ უნდა ველოდოთ. უბრალოდ, საქართველოს მთავრობა ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით უფრო ორგანიზებულად შეეცდება დემოკრატიული პროცესების შეზღუდვას და არჩევნებში მორიგი გამარჯვების მოპოვებას.
გასაგებია, ჩვენო მხცოვანო მოძღვარო, გასაგებია ყველაფერი!
ამ ინტერვიუთი, როგორც ხედავთ, საიტის 6.024 (sic!) მომხმარებელი დაინტერესებულა!
მასალას კი, რომელიც ეხება უმწვავეს ქართულ პრობლემას („ქართველები ორ კაპიკს იშოვიან და გარბიან ტოტალზიატორში, ჰგონიათ, გაასამმაგებენ მოგებას“) , მხოლოდ 537 ნახვა აქვს! მხოლოდ 537 ადამიანი დაინტერესებულა, როგორ ვიქცევით და ვიღუპებით ამ აზარტული თამაშების სენისაგან...
აი, ასეთები რომ ვართ, იმიტომ არის დედა რომ აღარა გვყავს!
მაგრამ თითი სულ გამზადებული გვაქვს, რომ ხან ზვიადისკენ გავიშვიროთ, ხან შევარდნაძისკენ, ხან მიშასკენ, ხან ბიძინასკენ: სულ იმათი ბრალია, რაც ცუდი გვჭირსო!