სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. მიზეზი პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალებაა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ. გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
შალვა თადუმაძის უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, სკანდალური შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. სწორედ გაბუნიას ინტერესებს უკავშირდება სკანდალური შეწყალება. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის შესაბამისად.
ახლა თადუმაძის უწყებამ უნდა გაარკვიოს, შეწყალების უკან იდგა თუ არა კორუფციული გარიგება. დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, რომელმაც პროკურატურისგან მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.
როგორც ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.
ბრალდებას უარყოფენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მიესალმებიან გამოძიების დაწყებას. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და სალომე ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ რამაზ დევაძის ადვოკატი აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ჰქონდა უშუალო კომუნიკაცია შეწყალებაზე და მშვენივრად იცოდა რას აწერდა ხელს. თეონა ქორიძის განცხადებით, მათ პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მომხდარი მკვლელობა იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.
„შეწყალებაზე კომუნიკაცია არ ყოფილა დიმიტრი გაბუნიასთან. პრეზიდენტთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია შეწყალებაზე და მშვენივრად იცოდა მან, რას აწერდა ხელს, გააზრებულადაც გააკეთა ეს ყველაფერი. გადახედა სიტუაციას, დაზარალებულის დამოკიდებულებას, თუ რამდენად არ ჰქონდათ მათ პრეტენზია შეწყალებასთან დაკავშირებით, ნახა ვიდეოკადრებიც, გაითვალისწინა ისიც, რომ რამაზ დევაძის მიერ არ იყო ეს ყველაფერი წამოწყებული და ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თეონა ქორიძემ.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამტიცებს, რომ დასაკითხია პრეზიდენტი, დიმიტრი გაბუნია და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი.
„ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მიხვდნენ ალბათ, რომ სხვა გზა და გასაქანი არ ექნებოდათ, რადგან ამ ამბიდან ყოველდღე ახალ–ახალი მძიმე დეტალი გახდებოდა ცნობილი. იმედი დავიტოვოთ, რომ მეტ–ნაკლებად წესიერად წარმართავენ გამოძიების პროცესს, დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი. ხელისგულზე დევს ამბავი, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულების და ერთი ძებნილის საქმე თავისით არ შეფრენილა პრეზიდენტის მაგიდაზე, ვიღაცამ, ვინც ხელი მოითბო ადამიანების ბედზე, შეგნებულად შეუტანა პრეზიდენტს ეს საქმეები“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
გამოძიების პარალელურად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიცია. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიძრას. დეპუტატის განცხადებით, არასერიოზულია და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა, როდესაც პრეზიდენტის ამბობს, რომ ის არის მხოლოდ ხელმომწერი.
„საქართველოს პრეზიდენტი, სწორედ რომ, ამ ფაქტის მთავარი ფიგურანტია. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხიც კი დაიძრას აქედან გამომდინარე. ასევე, მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი აბსოლუტურად გაუგებარია. მაშინ გამოაცხადოს მორატორიუმი პრეზიდენტობაზე და აღარ იაროს სამსახურში.
რაც შეეხება გაბუნიას თემას, რახან ასეთი კითხვის ნიშნები ჩნდება, უკვე უპრიანია, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. მე შევუერთდები და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენც დავაყენოთ ეს საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ტიპის კითხვებს, დანაშაულებრივი ქმედებები რაც არის, უკვე იქ პასუხი გაეცეს. ხოლო პრეზიდენტმა არათუ მორატორიუმი გამოაცხადოს, არამედ ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს საზოგადოების წინაშე, შემდეგ თუ აპატიებს ამას საზოგადოება, მერე უკვე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად იყო სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული მისი ქმედება“, – განაცხადა ლევალ კობერიძემ.
„ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში დადგენილების პროექტი შეაქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. ოთარ კახიძის განცხადებით, თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები და გადამოწმდება კომუნიკაცია – თუ ამას არ გააკეთებენ.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, დეპუტატის განცხადებით, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურატურიდან ან შემდგომ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, მერე უკვე დაიწყება პროცესი, რომელსაც ითვალისწინებს კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის გადაცემა და პარლამენტში შესაბამისი პროცედურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის.
„ჩვენ პროკურატურას რეალური შედეგების დასადებად 1– თვიან ვადას ვაძლევთ, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს. ამის გამოძიება არ არის რთული, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ჩემი კოლეგების წყარო და უშუალოდ მოკლულის ოჯახის წევრები. ისინი საუბრობენ, რომ კონკრეტული კორუფციული ინტერესებია ამ საქმის ირგვლივ. თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები, გადამოწმდება კომუნიკაცია. ამის გაკეთებას არც დიდი დრო უნდა, ამას სჭირდება მხოლოდ ნება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მმართველ გუნდში აცხდებენ, რომ შეწყალების საკითხს ოპოზიცია ხელოვნურად აჟიტირებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძეს განცხადებით, პროკურატურა დაადგენს, იყო თუ არა ამ პროცესში დანაშაულის ნიშნები.
„არ მგონია, ამ თემების ხელოვნურად აჟიტირება სწორი იყოს. ზედმეტი აჟიტირება ამ პროცესს უფრო აზიანებს. თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში ერთ–ერთი მიმართულება არის ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და აქედან გამომდინარე, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. დღეს პრემიერმაც თქვა, რომ თუ საჭირო გახდება საგამოძიებო ორგანოებში მივა და გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლებს.
ხედავთ, რომ პროკურატურამ პრეზიდენტთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამიტომ ამ საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, რაც საჭირო იქნება აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ჩემიდან დაწყებული, ნებისმიერ შემთხვევაში კანონს დაემორჩილება“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
სკანდალური შეწყალების საქმეზე სალომე ზურაბიშვილის დაკითხვას ითხოვს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი, რომლის განცხადებით, ყველა, ვინც შეწყალების საქმეში იყო ჩართული, უნდა დაიკითხოს. კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასაკითხად ყველაზე ლეგიტიმური ადგილი პარლამენტი და საგამოძიებო კომისია იქნება.
„საჯაროობის თვალსაზრისით, ვფიქრობ, უფრო ლეგიტიმური იქნება მოთხოვნა, რომ საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე მოიქცეოდნენ, იმიტომ, რომ უმაღლესი პირდაპირი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირზეა საუბარი და მის საპირწონედ პოლიტიკური უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ერთადერთი ორგანო არსებობს დემოკრატიაში და ეს არის პარლამენტი“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, ის რომ შეწყალების თემას არ ჰქონდეს მეტი მსვლელობა, პრეზიდენტზე მეტად ხელისუფლებას სჭირდება, რადგან სალომე ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით ხელისუფლება ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდო.
„დღეს სალომე ზურაბიშვილზე მეტად ხელისუფლებას სჭირდება, რომ ამ თემას არ ჰქონდეს მეტი მსვლელობა და საზოგადოების ყურადღების დღის წესრიგიდან ჩავიდეს ქვემოთ და საბოლოო ჯამში, ეს თემა აღარ იყოს ასეთი აქტუალური. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით იქნა ინსტრუმენტად გამოყენებული პროკურატურა და გამოძიება, რომელიც სავარაუდოდ იტყვის, რომ გამოვიკითხეთ, თუმცა ვის და რა ჰკითხეს, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ“, – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ვიდრე პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე პროცედურულ საკითხს არ გაივლის, მანამდე დაუშვებელია პრეზიდენტის დაკავება ან მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.
„საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ეს იმას ნიშნავს,რომ შეუძლია გამოიყენოს ყველა ის პროცედურა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არის გათვალისწინებული. თუ ჩათვლის, მას შეუძლია,რომ ყველა ის პირი ვინც რელევანტურია ამ საქმეში, მათგან მოიპოვოს ინფორმაცია, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან. თავად საქმის პროკურორის გადასაწყვეტია მოცემულობიდან გამომდინარე ქვეყნის პრეზიდენტის დაბარება“, – ამბობს მენაბდე.
რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, თუ პროკურატურა მოაგროვებს შესაბამის მონაცემებს და, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, მაშინ უკვე დეპუტატთა ერთმა მესამედმა დასაბუთებული მოთხოვნით შეიძლება მიმართოს პარლამენტს და დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა.
„საკითხი განსახილველად გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ არსებობს, საქმე წყდება და თუ პირიქით გადაწყვიტა, საქმე ბრუნდება პარლამენტში და პარლამენტის ორი მესამედი იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი არის ხელშეუხებელი, დაუშვებელია როგორც მისი დაკავება, ასევე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.