სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, აქიდან ორი მკვლელობაში ბრალდებული. პრეზიდენტმა ამჯერად დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. მსჯავრდებულმა შეწყალების მოთხოვნით თავად მიმართა პრეზიდენტს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ბეჟანიძეს ამის საფუძველი ჰქონდა და პირველ რიგში ის, რომ არის სრულიად უდანაშაულო, რაც დაადასტურა საქართველოს სასამართლოებმა, პირველმა და მეორე ინსტანციამ, ხოლო გაუგებარ რეჟიმში მოხდა გასამართლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
„უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თავად ვისაც ეს საქმე ეწერა უზენაეს სასამართლოში, გიორგი შავლიაშვილს, თვლიდა, რომ ასლან ბეჟანიძე იყო უდანაშაულო. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებით ორი მოსამართლე თვლიდა, რომ ის იყო დამნაშავე და იცნო დამნაშავედ“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
2018 წლის 29 მარტს, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვის ვადით.
განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება მიუღებელია უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში ღიად საუბრობენ, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი. ამასთან, უმრავლესობა პრეზიდენტს მიმართავს, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია, რათა არ დადგეს ის შედეგი, როდესაც განხრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეიწყალონ.
სახალხო დამცველი იზიარებს საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას.
„შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას – იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
უმრავლესობა პრეზიდენტს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად უნდა დაიხვეწოს. უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ სტატისტიკური კუთხით, მოქმედი პრეზიდენტის სტატისტიკა, გარკვეულწილად, დაუახლოვდა ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს. ამასთან, მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სტატისტიკა შეწყალების კუთხით დასავლურ და ევროპულ სტანდარტებს აბსოლუტურად აცდენილი იყო.
„მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს. თუ არ ვცდები, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა შეწყალებასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ჩარჩოებში მოქცევაა საჭირო. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია, რომ სწორი ჩარჩო განისაზღვროს ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოიხსნება ყველანაირი კითხვები და სპეკულაციების საფუძველი შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით. საჭიროა მუშაობა, რათა სწორად ჩამოყალიბდეს შეწყალების სტანდარტი პრინციპების შესაბამისად, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა უმრავლესობაში. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე პირის შეწყალება კატეგორიულად მიუღებელია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის. მამუკა მდინარაძის განცხდებით, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულის შეწყალება ხდება, ამას მარტივი ახსნა ნამდვილად ვერ ექნება.
„კი, ბატონო, შეწყალების უფლება არის ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტის, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკა, რა ლოგიკაშიც, ალბათ, ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებს და მართლებიც არიან. როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე იწყალებ ადამიანს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მას უნდა ჰქონდეს თავის ახსნა. ჩემი აზრით, ამას მარტივი ახსნა ნამდვილად ვერ ექნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს საკითხი და დაიწყონ „სპეციფიურ ნორმებზე“ საუბარი.
„წინასწარ ამის რეგულირებაზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს. ჩვენ შეიძლება დავსვათ დღის წესრიგში საკითხი, რომ გარკვეულ სპეციფიურ ნორმებზე შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ როგორ და რა გზით, რა სამართლებრივი ხერხებით, ამაზე წინასწარ საუბარი არ შეიძლება. თუმცა ფაქტია, მოცემულობაა, რომ გადაწყვეტილებების კატეგორიულად მიუღებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია იფიქრო რაღაც რეგულირებებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვის აუცილებლობა დადგეს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ზოგჯერ დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებშიც, თუ ძალიან შორს შევიდა ამა თუ იმ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის უსაქციელობა, იხილება ამ ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვა.
„არჩევნებს აქვს შედეგები და ჩვენ ვიმკით იმ შედეგს, რომელიც დადგა არალეგიტიმური მეთოდებით, ძალადობით და მოსყიდვით. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, ვის ავირჩევთ ხოლმე. მე, ზოგადად არ მიყვარს, რომ ცუდი ადამიანი თუ მოხვდება არაშესაფერის თანამდებობაზე, ამის გამო ინსტიტუტების დაზიანება მოხდეს, ანუ წესები შეიცვალოს, ამის წინააღმდეგი ვარ. თუმცა, ზოგჯერ დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებშიც, ისტორიაში არის მაგალითი, რომ თუ ძალიან შორს შევიდა ამა თუ იმ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის უსაქციელობა და პოლიტიკური ზიანი, მაშინ იხილება ხოლმე ამ ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვაც. მე ამის მომხრე არა ვარ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამის აუცილებლობა დადგეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„როგორ მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს?“, – ამ კითხვით მიმართავს სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს „ნაციონალური მოძრობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება იმ ადამიანების სინდისზე უნდა იყოს, ვინც თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„იცით, რომ პოლიციელის მკვლელის შეწყალება უბრალოდ არ ხდება. შეუძლებელია, რომ აქ არ იყვნენ ჩართული ისეთი ადამიანები, რომელთაც გარკვეული ინტერესები გააჩნიათ. ამიტომ ქალბატონმა სალომემ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რატომ შეიწყალა ეს ორი ადამიანი. როდესაც პოლიციელის მკვლელს ათავისუფლებ, არ არის გამორიცხული, რომ აქ იყოს კორუფციული ან სხვა სახის ინტერესები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც პრეზიდენტამდე მიიტანეს ეს საქმეები და მასზე ზემოქმედება მოახდინეს.
ამიტომ გამოძიება უნდა ჩაერთოს და უნდა იყოს გამოკვლეული, ვინ ახდენს პრეზიდენტზე გავლენას. მივმართავ მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილი აირჩია პრეზიდენტად. ხანდახან უნდა აღიაროს პარტიამაც და ადამიანებმაც, რომ მოსდით შეცდომები. როგორ მოსწონთ მათ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს. ეს იმ ადამიანების სინდისზე იყოს, რომლებსაც დღესაც სჯერათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“, – აცხადება რომან გოცირიძე.