„მმართველ გუნდს ოპოზიცია ვერ უკარნახებს, როგორ წარმართოს ამა თუ იმ საკითხში პოლიტიკა“

„მმართველ გუნდს ოპოზიცია ვერ უკარნახებს, როგორ წარმართოს ამა თუ იმ საკითხში პოლიტიკა“

ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს „ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს. სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ „აღარც მალავს თავის პრორუსულ განწყობებს“. ეს დადგენილება ძალიან მარტივი ტესტია, ვის რა პოზიცია უჭირავს პარლამენტში.

„ინიციატივა იმდენად საღი აზრის ფარგლებშია, რომ წარმოუდგენელია, პატრიოტმა ადამიანმა მის წინააღმდეგ ხმა როგორ უნდა მისცეს. ეს დადგენილება რეალურად მიზნად ისახავს, რომ მთავრობას ანტისაოკუპაციო მიმართულებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში საქართველოს თემატიკა და ასევე, ის კომპანიები ჩაერთოს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ. ძალიან მარტივი ტესტია იმისა, თუ ვის რა პოზიცია უჭირავს საქართველოს პარლამენტში. ნიშანდობლივია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრებად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არ აპირებს ამ დადგენილებას მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დადგენილების პროექტის თანახმად – 1. ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

  1. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;
  2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზე მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებული გახადოს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პრობლემატიკის გატანას არ ცდილობს.

„ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის კონტექსტში საქართველო უნდა მოექცეს, ამიტომ დადგენილებას მხარს დავუჭერთ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტში, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენის გაზრდა. ზაფხულში ხელისუფლების მიერ დაწყებული ისტერიკა ვიხილეთ რუსეთიდან ტურისტების შემოდინებაზე.

სტატისტიკა გვაჩვენებს საპირისპიროს, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და რუსეთი არ არის პირველ ადგილზე ტურისტების შემოსვლის მიხედვით. როცა 7 წელია ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკა არის რომ ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული გახადოს ეკონომიკურად, რა თქმა უნდა, მათი ამოცანაა გაღრმავდეს ეს დამოკიდებულება და სანქციების საკითხის წამოწევა კი არა, საერთაშორისო დღის წესრიგიდან არის გამქრალი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თემატიკა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება. არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს ურჩია - თუ სჯერათ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანონ საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს და შეხვდნენ საზოგადოებას, მიიღონ მანდატი. თალაკვაძის თქმით, წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ქართველ ხალხს ახსოვს და აღნიშნულის შედეგიც კარგად ნახა.

„ქრონოლოგიურად, წესით, პირიქით ხდება. ჯერ უნდა გაიაროთ პოლიტიკური კონსულტაციები და როცა შეთანხმება შედგება, მერე უნდა დააინიციროთ ისეთი დადგენილებები, სადაც გინდათ რომ შეთანხმება შედგეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიაზე“ მართლაც მოხდა ასეთი შეთანხმება და შემდეგ მოხდა მისი ინიცირება.

სანქციებს რომ ითხოვდით დადგენილების პროექტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“, ამაზე უკვე მიღებული გვაქვს რეზოლუცია. არ ვიცი რას ემსახურებოდა თქვენი მიზანი. მმართველ გუნდს ოპოზიცია ვერ უკარნახებს როგორ წარმართოს ამა თუ იმ საკითხში პოლიტიკა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დადგენილების მიღება რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს გამოიწვევს. მისი თქმით, ეს დააზარალებს ღვინის, ხილისა და ციტრუსის მწარმოებლებს.

„პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ დადგენილებას წარმოადგენს, თავად არის იმ უბედურების შემოქმედი, რაც თავს დაგვატყდა ოკუპაციის სახით. ნებისმიერი ქვეყანა, ვინც აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ექვემდებარება ეკონომიკურ სანქციებს აშშ–ის მხრიდან. ამ მიმართულებით დამატებითი მოძრაობები ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები გამოიწვიო, რომელიც რეალურია და ყველამ კარგად ვიცით, რაშიც არის საქმე.

მათი მიზანი გამომდინარეობს არა კეთილშობილური აზრიდან, რაზეც მართლაც ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, არამედ იმ საკითხებზე ხაზგასმის ინტერესიდან, რაც გამოიწვევს საპასუხო ქმედებებს, რეალურ სანქციებს. ეს თავზე უბედურებად დაატყდება თუნდაც ღვინის, ხილის თუ ციტრუსის მწარმოებლებს.

კარგად იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბაზრების დივერსიფიკაცია მართლაც უპრეცედენტოა: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასა და ჩინეთთან და ჩვენი საექსპორტო ბაზრის გაფართოება. თუმცა რეალურია, რომ არსებობს რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვისთანაც ჩვენ ვვაჭრობთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიცე–სპიკერს რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კრემლის ხელში მძევლად აყვანაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა, რომლის განცხადებით, ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს მოუწოდა რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე.

„ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ სართოდ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს. ამასთანავე, თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, ვერ გამოაძევებენ. ვოლსკის ეს „რუსეთის მოპატიჟება“ პასუხია „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ–რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა გიგი უგულავა.