სად გაქრა და რატომ დუმს კვირიკაშვილი - “იეჭვიანეს, რომ ის გახდა აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა”

სად გაქრა და რატომ დუმს კვირიკაშვილი - “იეჭვიანეს, რომ ის გახდა აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა”

 

პრემიერ-მინისტრების ჩუმი გადადგომა თუ გადაყენება და წასვლის შემდგომი დუმილი საქართველოში თითქმის ტრადიციად იქცა, საზოგადოება ფეისბუქის საშუალებით, ან მცირეხნიანი ბრიფინგით იგებს მხოლოდ იმას, რომ ისინი დაკავებული პოსტიდან მიდიან. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ დრომდე არსად არ გამოჩენილა, მისი წავლის შემდგომაც საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ლოგიკურია ჩნდება კითხვა - თუ სად გაქრა იგი.

ბოლო განცხადება, რაც კვირიკაშვილის შესახებ გაჟღერდა, ეს იყო „მთავარ არხზე" გაკეთებული მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ. ხაზარაძემ განაცხადა, რომ კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სწორედ დასავლეთ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების გამო, მისივე თქმით, კი საბოლოოდ ქვეყნის პრემიერს მისი მეგობრების დაჭერის მუქარით თანამდებობა დაატოვებინეს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ არ ჩნდება საზოგადოებასთან ამ დრომდე კვირიკაშვილი, არ იცის, მისი თქმით, ყოფილი პრემიერის გადაყენების მიზეზი პოლიტიკური ეჭვიანობა გახდა.

„არ ვიცი კვირიკაშვილი სადაა, მე თვალყურს არ ვადევნებ ამას, ის თუ რატომ გაუშვეს იგი პრემიერობიდან, მე სხვა ინტერპრეტაციით ვიტყოდი, იმიტომ კი არ გაუშვეს, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არამედ იეჭვიანეს, რომ ის გახდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში მთავარი ფიგურა, ანუ ამის მიზეზი უფრო ეჭვიანობა იყო და არა აშშ-ს მიუღებლობა ჩვენი ხელისუფლების მიერ.

"ეს იყო ეჭვიანობა და პოტენციური საფრთხე დაინახა ხელისუფალმა, რომ შეიძლებოდა კვირიკაშვილი კიდევ უფრო ურჩი გამხდარიყო და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა.

„ხელისუფალი ასეთია, ეჭვიანობს ყველაფერზე, რომ ვინმე არ გახდეს მასზე „ლამაზი და ჭკვიანი" ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანური თვისებაა, ხელისუფალიც ადამიანია, ეს იყო ეჭვიანობის სცენა მათ შორის აშშ-სთანაც, არ ვთვლი, რომ კვირიკაშვილი ლიდერად იკვეთებოდა იმიტომ, რომ თუ გვახსოვს ის ხაზგასმით არ ერეოდა პოლიტიკაში, ის ეკონომიკურ თემებზე ფიქსირდებოდა და ძირითადად და ხშირ შემთხვევაში გაურბოდა მწვავე თემებს" - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან" ასევე მამუკა ხაზარაძის განცხადებასა და გიორგი კვირიკაშვილის გაუჩინარების მიზეზებზე ისაუბრა.

„ხაზარაძემ კვირიკაშვილთან მიმართებაში მაინც უფრო პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, ისინი ერთმანეთთან ასოცირებულები არიან, ამიტომ გარკვეული პოლიტიკური პრომოუტირება მოახდინა.

თეორიულად ყველაფერი შესაძლებელი კია, თუმცა, ამის დასაბუთება ძალიან ძნელია, თეორიულად ისიცაა შესაძლებელი, რომ კვირიკაშვილზე უფრო სხვა ხმებიც ვრცელდებოდა, მათ შორის ფინანსურ მაქინაციებზე, სხვა ოფიციალურ კავშირებზე ამიტომ ვერსიები საკმაოდ ბევრია, კვირიკაშვილის სასაარგებლოდაც და მის საწინააღმდეგოდაც, თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ხაზარაძემ უნდა დაასაბუთოს.

„რაც შეეხება კვირიკაშვილის წასვლას, ზოგადად პრემიერები ასე მიდიან, ამ მხრივ ღარიბაშვილი იყო გამონაკლისი, რომ დაბრუნდა, თორემ ამ მხრივ თავის დროზე ღარიბაშვილიც, კვირიკაშვილიც და ბახტაძეც ჩუმად წავიდნენ.

"ეს მარტივად აიხსნება ჩრდილოვანი მმართველობის ფაქტორით, რომლის გამოც პრემიერები, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე მაღალი ძალაუფლების პირები არიან, ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ ადმინისტრატორებად არიან ქცეულები.

„გვახსოვს, რომ გარკვეული სამართლებრივი პროცედურებიც კი იყო დაწყებული კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მიმართ, რომელიც მერე შეკავდა, მანდ ასეთი ვერსიაცაა, რომ მათი დუმილი და სიჩუმის ზონაში ყოფნა სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდება და არა სხვა რამეს, სხვა შემთხვევაში ბევრად უფრო გახსნილად, ღიად და ადვილად შეეძლოთ პოლიტიკური აქტიურობა, თუმცა ჯერჯერობით თავს იკავებს ის ამ პროცესისგან.

„თუ კარგად და დამაჯერებლად მოახერხებენ ხაზარაძე და მისი გუნდის წევრები კვირიკაშვილის პრომოუტირებას, პოლიტიკური იმიჯის თვალსაზრისით, და ვთქვათ შემდგომ გამოჩნდეს კვირიკაშვილი, რომ მერე ნებისმიერი საქმე წინასაარჩევნოდ გასაღდეს, როგორც პოლიტიკური დევნა, აქამდე ამ პროცესს მისვლა უნდა იმიტომ, რომ კვირიკაშვილის პრემიერობა ნამდვილად არ იყო ნათელ ფერებში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი, ამ ფაქტორებით ვხსნი ხაზარაძის ძალიან ფრთხილ და მიზანმიმართულ არგუმენტირებას კვირიკაშვილთან მიმართებაში."-თქვა გამზარდიამ.

მან კვირიკაშვილის საზღვარგარეთ წასვლის ვერსიაზეც გააკეთა კომენტარი.

„საქმიანი ადამიანისთვის სხვა ქვეყანაში წასვლის მიზეზიც შესაძლოა უამრავი ყოფილიყო, პრემიერი რომ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად ის აქტივობებს ასრულებს, პირიქით.- ეს ყველაზე გულუბრყვილო ვერსიაა, მისი ქვეყნიდან წასვლის მეორე ვერსია შესაძლოა იყოს ის, რომ თუკი მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი რესურსებიც სახელმწიფოს აქვს, მაგრამ არ იყენებს, რატომ არ იყენებს, შესაძლოა გარიგების რეჟმშიც იყოს.

„როდესაც ოფიციალური პირები ასრულებენ თავიანთ საქმიანობას, შემდომ ისინი სხვა ფორმით აქტივობენ მათ შორის სოციალურ მედიაშიც, ეს ჩვენი ქვეყანაა პოსტსაბჭოური, სადაც ვიღაცა თანამდებობიდან მიდის ისე, რომ ის უნდა გაქრეს.

„როგორც ჩანს სოციალურ ქსელში ზედმეტი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით და მისი ერთგვარი სიმშვიდისათვის არჩიეეს ის, რომ იგი სოციალურ სივრცეში ამ ეტაპზე არ არსებობდეს."- აცხადებს გამზარდია.