“ქვეყანაში ამომრჩევლის უკვე დიდი სეგმენტი გაჩნდა, რომელსაც არ მოსწონს პოლიტიკური ელიტა - არ მოსწონს არც ძირითადი 2 პოლიტიკური ცენტრი და არც პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი. შესაბამისად, ეძებს ნაკლებად კომპრომეტირებულ არჩევანს და მამუკა ხაზარაძის უპირველესი გზავნილი სწორედ აქეთ იყო მიმართული. ის გაემიჯნა პოლიტიკურ ელიტას და უკვე აღმოჩნდა ორმაგ ცეცხლში. ის პოლიტიკურ “აღმოსავლეთის ექსპრესში” ჩაჯდა, სადაც მას მოკავშირე არა ჰყავს. ვფიქრობ, მან იცის ზუსტად, რაც ელის წინ. მას აქვს შანსი, ძალიან ძლიერი გამოვიდეს მომავალი ბრძოლიდან, შეიძლება მოხდეს პირიქითაც”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვის დაუჭერენ მხარს ბიზნესმენები პოლიტიკურ “ომში” / “საზოგადოების კონსოლიდაციის იმედი რომ ჰქონოდათ, გახარიას პრემიერად არ დანიშნავდნენ. სინამდვილეში გახარიას პრემიერობა კონსოლიდაციას კი არა, დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს”.
“ხაზარაძის საარჩევნო პოტენციალის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა - 0-დან 25-30%-მდე. ეს არის სწორედ აქტიური ამომრჩევლის ის სეგმენტი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ გაუკეთებია არჩევანი. ამ დიაპაზონში ხაზარაძემ ნებისმიერი შედეგი შეიძლება აჩვენოს. პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური გამოცდილების გარეშე, ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც დღეის ამოცანაა. მას აქვს საკმარისი დრო, რომ პოლიტიკური კომპონენტი გააძლიეროს თავის პარტიაში. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პოზიციონირება. მამუკა ხაზარაძეს საქართველოში კორპორაციული მართვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, რაზეც `თიბისი ჯგუფის~ სისტემა მეტყველებს, ამიტომაც მგონია, რომ შეძლებს ქმედითი გუნდის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, არჩევნების მოგებაზე ვერ ექნება პრეტენზია, მაგრამ მან თუ დადო სერიოზული შედეგი, მოუწევს პოსტსაარჩევნო პერიოდში კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკების გამართვა. ამიტომაც მას პოლიტიკაში პარტნიორებიც სჭირდება, თუნდაც არაგრძელვადიანი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ვფიქრობ, დიდ ქალაქებში ხაზარაძე მოახერხებს საზოგადოების განწყობის შეცვლას, მისთვის მთავარი პრობლემა რეგიონები იქნება. მისთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი დღის წესრიგის შექმნა. ხელისუფლება ცდილობს ხაზარაძე მუდმივად მოპასუხის როლში ჰყავდეს და პროკურატურის დონეზე დაიყვანოს. ხაზარაძე უნდა მოშორდეს ამ საქმეებს, ყველაფერი ადვოკატებს გადაულოცოს და აჩვენოს, რომ მისი ოპონენტი პროკურატურა კი არ არის, რის წარმოჩენასაც ხელისუფლება ცდილობს, არამედ მისი მთავარი ოპონენტია ამ ქვეყნის ხელისუფალი - ბიძინა ივანიშვილი. მან თან ძალა უნდა აჩვენოს და თან საკუთარი პოზიტიური დღის წესრიგიც შექმნას. როდესაც ხელისუფლება მას ტატამზე ეპატიჟება საჭიდაოდ, ხაზარაძე არ უნდა გაჰყვეს და საკუთარი მოედანი უნდა შექმნას. რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ასეთია მოცემულობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საქართველოში აქამდე არც გვინახავს ასეთი პოლიტიკური პროცესი, ყველა ციკლი აქამდე ორპოლუსიანი იყო, თავისი ბოროტი და კეთილი მხარეებით, ანუ შუის გაკრეფის პრინციპით მიდიოდა ყველაფერი. ხელისუფლება ახლაც იმავეს ცდილობს, იმიტომ არის ხაზარაძე მისთვის პრობლემა - მისი გამოჩენით ივანიშვილს შუის გაკრეფაში ხელი ეშლება, ანუ ჩნდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, შესაბამისად, ფრონტის ხაზის გატარება უჭირს და მთავარი სამიზნე სწორედ ამიტომ არის ხაზარაძე. ახლა “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა, ის როგორმე გაიყვანოს თამაშიდან. თუ დარჩა მოედანზე, ხელისუფლებას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ივანიშვილმა არ იცის ორ-სამ ფრონტზე ერთად როგორ იბრძოლოს. ის ხომ მუდმივად ამარტივებს ვითარებას და ასე წარმოადგენს პროცესს - მე ვარ კეთილი ძალა და “ნაციონალური მოძრაობა” არის ბოროტი. ვინც ჩემთან არ არის, მტერია, ანუ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის. აი, ვითარების ასეთ დალაგებას უშლის ხაზარაძის გამოჩენა ხელს, ამიტომაც ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ის გაანადგუროს. დიდი იმედი მაქვს, მხოლოდ პოლიტიკურად... გახარიაც ამისთვის დასჭირდათ”, - განმარტავს ექსპერტი.
“ბიძინა ივანიშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას ბევრი საფუძველი აქვს. სუბიექტურ მიზეზებს არ ჩამოვთვლი, ვიტყვი მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს - ისინი ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი ანტაგონისტები არიან. ორივე ბანკირია, მაგრამ წარმოადგენენ მართვის ორ სხვადასხვა ფილოსოფიას. დროშიც აცდენილები არიან და ფასეულობათა სისტემაც ძალიან განსხვავებული აქვთ. აქედან გამომდინარე, მათ შორის ბუნებრივი აუტანლობაც არის, გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული მიზეზები, რომლებზეც ხაზარაძემაც ილაპარაკა. მაგალითად, კვირიკაშვილთან დაკავშირებული საკითხები, ლობისტების თემა, ანაკლიის პორტი და ა.შ. რაც შეეხება შეხვედრას ჩხარტიშვილის მონაწილეობით, რა გითხრათ, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაც ხაზარაძემ თქვა, მართალია, მაშინ ეს ჩრდილოვან მმართველობაზე კი აღარ მეტყველებს, არამედ მაფიოზურ მმართველობაზე მიანიშნებს. სწორედ ასე მოქმედებს მაფია”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“არაერთხელ მითქვამს, რომ წინა ხელისუფლების მერე სისტემა არ შეცვლილა, შეიცვალა ერთი რამ - გარდამავალ პერიოდებში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები და პოლიტიკური ელიტა რაღაც ეტაპზე ანტაგონისტები ხდებიან, იბრძვიან დომინირებისთვის. სააკაშვილის დროს პოლიტიკა იყო დომინანტი ინტერესჯგუფებზე და ისინი პოლიტიკურ ყულაბაზე მუშაობდნენ. დღეს ეს შეტრიალებულია და პოლიტიკური ელიტა ემსახურება ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნებს, ეს კი სახიფათო პროცესია. თუ სააკაშვილის დროს ყველაფერი მუშაობდა ერთ სალაროზე, ახლა შეიძლება მრავალი სალარო გაჩნდეს, შედეგად კი სისტემა საბოლოოდ დალპება და გაირყვნება”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ხაზარაძის თქმით, მას მხარს უჭერს ქართული ბიზნესი” - პასუხობს:
”სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ ხაზარაძის ოპტიმიზმს. მსხვილი ბიზნესი ჩვენთან ყოველთვის განიხილავდა ხელისუფლებას საკუთარ დირექტორად. ხედავენ, რაც ხდება “თიბისი ბანკის” ირგვლივ და, ბუნებრივია, დარტყმის ქვეშ თავს არავინ დაიყენებს. ასე იქცეოდნენ აქამდეც, ასე იქცეოდა თვითონ ხაზარაძეც - გაგახსენებთ, 2007 წელს იყო ერთი შანსი, როდესაც ბიზნესს მიეცა ხმის ამოღების საშუალება. ეს იყო გადამხდელთა კავშირში ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, ბიზნესს არეკეტებს ხელისუფლება და ეს უნდა დამთავრდესო. ეს ბიზნესელიტის წინაშე გამოსვლისას თქვა და ყველა თავჩაქინდრული იჯდა. ხმა არავის ამოუღია, ბადრისთვის არავის დაუჭერია მხარი, მათ შორის არც ხაზარაძეს”.
“რაც შეეხება განახლებული მინისტრთა კაბინეტს, ჩემი აზრით, ხელისუფლება არანაირ სახელმწიფოებრივ ამოცანებს არ ისახავს. მას ერთადერთი ამოცანა აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. იმის იმედი, რომ პოზიტიურ დღის წესრიგს შექმნის და საზოგადოების კონსოლიდაციას შეეცდება, მე კი არა, თვითონაც არა აქვთ. ამის იმედი რომ ჰქონოდათ, გახარიას პრემიერად არ დანიშნავდნენ. სინამდვილეში გახარიას პრემიერობა კონსოლიდაციას კი არა, დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს... ივანიშვილს აქვს თავისი ამოცანაც - ვფიქრობ, დაიღალა ნეგატიური განწყობის ტვირთის ზიდვით და უნდა ეს ტალახი გარკვეულწილად გახარიაზე გადაიტანოს. მოკლედ, ივანიშვილი ანტიგმირობით დაიღალა და ახალი ანტიგმირი შექმნა. გახარია მაქსიმალურად შეეცდება, ამ ტალახის დიდი ნაწილი თავის თავზე აიღოს. საარჩევნოდ ივანიშვილს ცოტას სააკაშვილიც დაეხმარება - მალე დაიწყებს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის თხრას, რასაც ხელისუფლება მაქსიმალურად გააბუქებს, ჩვენ კი უნდა ველოდოთ მორიგი სახელმწიფო გადატრიალების გამო საქმეების აღძვრას, რომელსაც არჩევნების შემდგომ ისევ მტვერი დაედება”, - დასძენს ხუხაშვილი.