„ანტისომხური განწყობები აფხაზურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო და ახლაც არის. აფხაზური საზოგადოება ცდილობდა, რომ ცვლილებებისთვის მიეცა ხმა და, რატომღაც, ვარაუდობდნენ, რომ კვიცინია ამის გამკეთებელია, მაგრამ სომხების ხმებმა განაპირობა ხაჯიმბას გამარჯვება, რის გამოც გაღიზიანება გარეთ გამოვიდა და მოჰყვა დაპირისპირებები", - ასე შეფასა „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტურის" შემდეგ ადგილობრივ სომხებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის მკვეთრად დაძაბვას.
„აფხაზები ყოველთვის ცდილობენ, რომ ვიღაც სასიკეთოდ გამოიყენონ და შემდეგ, ეს ვიღაც გააცურონ, გააგდონ და მოიშორონ თავიდან. ეს რუსების „დამსახურებაა" - თავის დროზე აფხაზებს მისცეს იმის საშუალება, რომ განსაკუთრებულ ხალხად ეგრძნოთ თავი და ამის შემდეგ აგდებული დამოკიდებულების დემონსტრირება აფხაზეთში მცხოვრები დანარჩენი ეთნოსების მიმართ ყოველთვის ხდება", - აცხადებს არეშიძე.
ამ შემთხვევაში აგრსია არა კონკრეტულად რაულ ხაჯიმბას, არამედ მისი მხარდამჭერი ადგილობრივი სომხების მიმართ ვლინდება. 9 სექტემბერს გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა „პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ მცირე უპირატესობით მოუგო თავის კონკურენტ ალხას კვიცინიას. კვიცინიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს აფხაზეთში მცხოვრები სომხების დამსახურებაა, რომლებმაც მასიურად ხაჯიმბას მისცეს ხმა. შესაბამისად, ადგილობრივი სომხობა მათი აგრესიის ობიექტად გადაიქცა.
ანტისომხურ განწყობების მკვეთრ ზრდასა და „რესპუბლიკაში" ქსენოფობიურ ნიადაგზე მომხდარ ინციდენტებზე თავად აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა დაიწყეს ხმამაღლა საუბარი. „აფხაზეთის სომეხთა საზოგადოების" ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნით, ბოლო მოეღოს სომხური საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს, თუმცა ამან შედეგი ჯერ ვერ გამოიღო. მისივე თქმით, ეს ტენდენცია გრძელდება და სამართალდამცავი ორგანოები დღესაც უარს ამბობენ რეაგირება მოახდინონ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე. ამისთვის, გალუსტ ტრაპიზონიანის თქმით, ისინი ფაქტებს ითხოვენ. ამის დამადასტურებელი ფაქტი ტრაპიზონიანს „ეხო კავკაზთან" საურსისას მოჰყავს:
„ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს როგორ ესვრიან ქვებს ომის ინვალიდს, უსინათლო, სამოცდაათი წლის კაცს. ეს ფაქტი და ეს ვიდეორგოლი არსებობს. მას მიმართავენ და ეკითხებიან:
„- ვინ ხარ?
„- სომეხი.
„- იბრძოდი?
„- კი.
„- თავს გმირად მიიჩნევ?
„- კი.
„- რადგან გმირი ხარ, მაშინ მიიღე. - და ადამიანი მას ესვრის ქვებს.
„გესმით? იზოლირებაა საჭირო ისეთი ადამიანისა, რომელიც ფიქრობს, რომ სომხობა დასასჯელია.
„ყველაზე ცუდი და მტკივნეული იქნება, თუ ეს ეროვნებათშორის დაპირისპირებას გამოიწვევს.ეს ძალიან სახიფათოა. სომხური თემი სხვებთან ერთად ქმნის და აშენებს აფხაზურ სახელმწიფოს. ორას სომეხზე მეტი დაიღუპა 1992-93 წლების ომში, ომის ერთ-ერთი მეთაური მე თავად ვარ და თუ ასეთი რამ ერთად გავიარეთ, ხალხი ერთიანი იყო, დღეს ვინ ცდილობს აფხაზეთის ხალხის გაყოფას? ვისთვისაა ეს ხელსაყრელი? მოდი დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ", - ამბობს ტრაპიზონიანი.
მისივე ცნობით, სოხუმის ქუჩებში ანტისომხური პროკლამაციები გაჩნდა. ტრაპიზონიანი იხსენებს, რომ მსგავსი პროკლამაციების გავრცელება წელიწადნახევრის წინაც მოხდა. მისი ცნობით, სომხურმა სათვისტომომ მაში პროკლამაციების ავტორის და გამავრცელებლის ვინაობაც დაადგინა - ეს იყო ვინმე ჯემალ ბარციცი, რომელიც თავის განწყობებს დიდად არც მალავდა; მათ შესაბამისი განცხადებით დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებსაც მიმართეს, მაგრამ ამ საქმეს არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია.
პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში აფხაზებსა და ადგილობრივ სომხებს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია ჩატარებულმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც სომეხი ამომრჩევლების ხმების ხარჯზე ხაჯიმბა დარჩა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე:
„ანტისომხური, ანტიქართული და ანტირუსული განწყობები აფხაზურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო და ახლაც არის. საერთოდ, ეს რუსების „დამსახურებაა", თავის დროზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში, მათ აფხაზებს მისცეს იმის საშუალება, რომ განსაკუთრებულ ხალხად ეგრძნოთ თავი და ამის შემდეგ, აგდებული დამოკიდებულების დემონსტრირება აფხაზეთში მცხოვრები დანარჩენი ეთნოსების მიმართ ყოველთვის ხდება სხვადასხვა ფორმით.
„პრინციპში, ახლა ბუმერანგივით უბრუნდებათ ის განწყობები, რომელიც თავის დროზე თითონ დათესეს. ვგულისხმობ რუსებს. აფხაზებმა ადგილობრივი რუსები, პრაქტიკულად, მოილიეს - 4500-ზე მეტი საჩივარი იდო „რუსეთის საელჩოში" აფხაზებზე, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია არცერთს.
„ქართველები ხომ მოლეული ჰყავდათ, მოილიეს რუსები და გადაერთნენ სომხებზე. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ხაჯიმბას გამარჯვება განაპირობა სომეხი ამომრჩევლების ხმებმა გაგრაში და ოჩამჩირეში. მაგრამ ანტისომხური განწყობა მანამდეც იყო. გახსოვთ ალბათ, ბარციცის წერილი, რომელიც გასულ წელს დაიბეჭდა, სადაც ის სომხებს უაღრესად აგდებულად მოიხსენიებდა, ხოლო ის უკანასკნელი ადამიანი არ არის, ომის ვეტერანი და გაგრაში საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანია. მაშინ ბარციცის მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში იგრძნობოდა, უბრალოდ ამას არ ჰქონდა ანტისომხური განწყობების მასობრივი გამოხატვის სახე.
„ახლა მდგომარეობა შეიცვალა - აფხაზური საზოგადოება ცდილობდა, რომ ცვლილებებისთვის მიეცა ხმა და, რატომღაც, ვარაუდობდნენ, რომ კვიცინია ამის გამკეთებელია, რაშიც მე ეჭვი მეპარება. მაგრამ ადგილობრივი სომხების ხმებმა განაპირობა ხაჯიმბას გამარჯვება, რის გამოც გაღიზიანება გარეთ გამოვიდა და მოჰყვა დაპირისპირებები", - ამბობს მამუკა არეშიძე.
ექსპერტი განმარტავს, რომ აფხაზებსა და ადგილობრივ სომხებს შორის სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას და დაპირისპირებას არ ელის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ჩარევა გახდება სიტუაციის განმუხტვისთვის საჭირო, ოფიციალური მოსკოვი სომხების მხარეს დადგება:
„ერთ რამეს გეტყვით ცალსახად - კონფლიქტის შემთვევაში რუსეთი აუცილებლად სომხების მხარეს დაიჭერს და, სამწუხაროდ, მართალიც იქნება. სომხების პოზიციიდან გამომდინარე, რუსეთისთვის ბევრად უფრო პრაგმატული იქნება, რომ სომხებს დაუჭიროს მხარი, ვიდრე აფხაზებს, რომლების განუწყვეტლივ „პოზაში" დგანან. უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ადგილობრივი სომხები დღევანდელი რუსული სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობისთვის მთავარი საყრდენია.
„აფხაზები ყოველთვის ცდილობენ, რომ ვიღაც სასიკეთოდ გამოიყენონ და შემდეგ, ეს ვიღაც გააცურონ, გააგდონ და მოიშორონ თავიდან - სამწუხაროდ, ეს არის აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ ექსცესებს ახლო მომავალში არ ველი, მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს სასამართლო არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ერთმანეთის გინება უსაზღვროდ გაგრძელდება.
„საქმე ისაა, რომ აფხაზეთში სომხები პრაგმატულად იქცევიან და ცდილობენ, რომ აფხაზური ინტერესები არ გადაკვეთონ. სომხებს ხელთ უპყრიათ საშუალო და მცირე ბიზნესი, აფხაზებს კი ამის კეთება, მოგეხსენებათ, ეზარებათ - ერის თვისებაა ასეთი, მათთვის მთავარია პორტფელი და ხელმძღვანელი თანამდებობა. სომხები კი არ კვეთენ მათს ამ ინტერესებს. ამიტომ უფრო დიდ დაპირისპირებას, ვიდრე ინტერესების კვეთა არ მოხდება, არ ვვარაუდობ, თუმცა ცალკეული ექსცესები შეიძლება მოხდეს", - აღნიშნავს არეშიძე.
„რეზონანსთან" საუბრისას, მამუკა არეშიძე იხსენებს შემთხვევას, როდეც აფხაზმა მოქალაქეებმა სომეხი ავტოინსპექტორი სცემეს, მაგრამ ადგილობრივ კლანებთან კავშირების ქონის გამო, ისინი არავის დაუსჯია:
„გარკვეული ექსცესები ისედაც ხდება. რამდენიმე თვის წინ სომეხი ავტოინსპექტორი სცემეს ისე, რომ კინაღამ მოკლეს - ერთერთი კლანის წარმომადგენლები შეედავნენ, მანქანა რატომ გააჩერეო და შერჩათ ეს. მაშინ სომხური დიასპორის ხელმძღვანელობა ცდილობდა, რომ თავისი თანამოძმე დაეცვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ჯერჯერობით ასეთი ტიპის ექსცესებით შემოიფარგლება ორივე მხარე და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.
„რაც შეეხება ხაჯიმბას პოზიციას, ამ შემთხვევაში კონკრეტულ სომეხს ავიწროვებს კონკრეტული აფხაზი, რომელსაც კლანი უნდგას გვერდით და უმაგრებს ზურგს. გამომდინარე აქედან, იმ კონკრეტულ აფხაზთან დაპირისპირება ნიშნავს მთელ კლანთან დაპირისპირებას. ამიტომ, ასეთ შემთვევაში, რატომ უნდა აიტკიოს ხაჯიმბამ თავი?!", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.