პიროვნებამ, ვინც ლევან მამალაძის მიერ გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჭიძის სახელზე დაწერილი ახსნა-განმარტება (ასლი) მომიტანა, მითხრა, ამ დოკუმენტს 9 წლის განმავლობაში ვინახავდი, რადგან მჯეროდა, რომ ამის გამოქვეყნების დრო დადგებოდაო.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ახსნა-განმარტება კარგად წარმოაჩენს დაპირისპირებას ე.წ. რეფორმატორებსა და იმ გუნდს შორის, რომელსაც მმართველობის ბოლო წუთამდე ეყრდნობოდა ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ლევან მამალაძე გენერალური პროკურორისადმი გაგზავნილ წერილში ე.წ. რეფორმატორთა გუნდის წევრების - ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის არაერთ დანაშაულზე ლაპარაკობს. ამ პირებისთვის იმუნიტეტის მოხსნას და მათ გასამართლებას ითხოვს.
საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ ნ. გაბრიჭიძეს. მოქ. ლევან მამალაძის, ქვემო ქართალში პრეზიდენტის რწმუნებულის ახსნა-განმარტება.
მოგახსენებთ, რომ გავეცანი პარლამენტის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის, განცხადებას, შეტანილს საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე. განგიმარტავთ შემდეგს:
მიხეილ მაჭავარიანის განცხადების პირველი პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, სად გაქრა 400.000.000, განვმარტავ, რომ 400.000.000 კიდევ შემცირებული თანხაა იმასთან შედარებით, რაც ჟვანიას წარდგენილი მინისტრების მეშვეობით გაქრა და ვერ მიიღეს გაჭირვებულმა ადამიანებმა, არ დაფინანსდა ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური სფეროები. ეკონომიკური და საფინანსო სამინისტროების მონაცემებით, 1999 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდა 273 მილიონი ლარი, 2000 წელს დააკლდა 234 მილიონი ლარი, 2001 წელს დააკლდა 103 მილიონი ლარი. სულ ეს არის 610 მილიონი ლარი, რაც შემოსავლების მინისტრის პირდაპირი პასუხისმგებლობის, ამ შემთხვევაში, ყოფილი მინისტრის - მიხეილ მაჭავარიანის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხია. 1999-2001 წლებში ხარჯვით ნაწილს სახელმწიფოში დააკლდა 972 მილიონი ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ჩვენს რეგიონში მოსახლეობამ ვერ მიიღო ტრანსფერი - 1.000.247 ლარი, ხოლო პენსიონერებმა ასევე ვერ მიიღეს 6.000.300 ლარი მაშინ, როდესაც საგადასახადო ინსპექცია რეგიონში ამ წლებში ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1999 წელს, არჩევნების წინ, ზურაბ ჟვანია პირადად ახდენდა ბიუჯეტის ხარჯების განაწილებას, აჭარბებდა თავის უფლებამოსილებას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ მოვითხოვ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ პირების მიმართ და საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი პასუხი, სად გაქრა და სად წაიღეს ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც უნდა მიეღო მთელი საქართველოს მოსახლეობას ხელფასების, დახმარებებისა და პენსიების სახით.
რაც შეეხება საკითხს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მინდა ასევე დავამატო, რომ ზურაბ ჟვანიას დავალებით შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი ახორციელებდა ფინანსურ მანიპულირებას კანონსაწინააღმდეგოდ. ასე, მაგალითად, “ყაზბეგი-კასტელისათვის” სასამართლოს მიერ დაკისრებული 3.000.621 აშშ დოლარი, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ერთპიროვნულად შეამცირა 1.330.000 ლარამდე, მიახლოებით ხუთი მილიონი ლარით. ამ შემთხვევაში დაზარალდა სახელმწიფო. გთხოვთ, პროკურატურამ შეისწავლოს, სად წაიღო მან ეს თანხები.
ჟვანიას აქტიური მხარდაჭერით მიხეილ მაჭავარიანმა მოითხოვა სიგარეტზე აქციზის შემცირება და 2000 წლის ბოლოს მოახერხა ამ საკითხის პარლამენტში გატანა. ასე, მაგალითად, თუკი სიგარეტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2000 წელს (ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით) შევიდა 37 მილიონ 927 ათასი ლარი, 2001 წელს შევიდა 16.000.000 ლარი. მაჭავარიანი და ჟვანია ერთობლივად იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ აქციზის შემცირებით ბიუჯეტის შემოსავალი გაიზრდებოდა და თუ ეს არ მოხდებოდა, “გილიოტინაზე” დებდნენ თავს ქართველი საზოგადოების წინაშე (იხილეთ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის სხდომის სტენოგრამა). როგორც ხედავთ, “გილიოტინაზე” თავი არ დაუდვიათ და სახელმწიფომ იზარალა 20.000.000 ლარით. მოვითხოვ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გაირკვეს, სად წაიღეს 20.000.000 ლარი დასახელებულმა პირებმა.
ასევე, მიხეილ მაჭავარიანმა შეცდომაში შეიყვანა სახელმწიფო სტრუქტურები და ყველა ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ჩამოაჭრა ადგილობრივ ბიუჯეტებს შემოსავლების ერთი პროცენტი, რომელიც ავტომატურად ირიცხებოდა შემოსავლების სამინისტროს სპეცანგარიშებზე. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონებს მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ და საბიუჯეტო სისტემებისა და უფლებამოსილების შესახებ. გვაინტერესებს, გაარკვიოთ, რატომ აზარალა მაჭავარიანმა ყველა რაიონი და ქალაქი და გაარკვიოთ, სად დაიხარჯა ეს სპეცსახსრები და მოხმარდა თუ არა ის საგადასახადო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ასევე, გთხოვთ, ჩამოართვათ განმარტებები ჟვანიას, მაჭავარიანს და სააკაშვილს, რატომ შემოიღეს ჯართზე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი, რის შედეგადაც გაიძარცვა მთელი ქვეყანა და გაარკვიოთ, რა შეღავათებით სარგებლობენ ის ფირმები, რომლებსაც გააქვთ ჯართი და ხომ არ დგანან ისინი ჯართის ბიზნესის უკან. აქვე მოგვცენ განმარტება, შეგნებულად რატომ აზარალეს რაიონული ბიუჯეტები ენერგოსისტემიდან წინმსწრებად გადახდილი თანხების საფუძველზე.
რაც შეეხება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების თემას, იმ პერიოდში მიხეილ მაჭავარიანი იყო სმკ-ის გენერალური მდივანი, ხოლო ჟვანია - პარლამენტის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის უფროსი, სააკაშვილი კი ფრაქციას თავმჯდომარეობდა. ძირითადად, ეს სამეული იღებდა გადაწყვეტილებას; ჟვანიას დავალებით მაჭავარიანი ახორციელებდა ფინანსების მოზიდვას და მის განაწილებას, მათ ამისათვის სეიფში ჰქონდათ შენახული ჟურნალი, სადაც აღრიცხავდნენ შემოსავალსა და გასავალს. მე რამდენიმეჯერ მაჩვენა ეს ჟურნალი მაჭავარიანმა, იქ საკმაოდ დიდი თანხები იყო დაფიქსირებული. მინდა აღვნიშნო რამდენიმე მათგანი, რაც დამამახსოვრდა. ამას ვამბობ იმიტომ, რომ შემდგომ გაირკვა, რა მიზნებს ემსახურებოდა ეს თანხები, რომ ის იყო მიმართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, მაგალითად, იყო ასეთი ჩანაწერი, რუსული: “ოქსიანენკო 1+3 მილიონი”, ასევე იყო ბიუჯეტის თანხები დაფიქსირებული, ასევე იყო “სოროსი-ტრანზიტი” და სხვა.
ჟვანიას ბევრჯერ აქვს აღნიშნული, რომ მას რუსეთი ეხმარება და დიდ ფინანსებს აძლევენ. ეს დადასტურდა იმითაც, რომ მათ საარჩევნო კამპანიისათვის ჩამოიყვანეს რუსული ფირმა “იმიჯ კონტაქტი”, რომელმაც თავის ყაიდაზე გადააწყო მაშინდელი შტაბის მუშაობა, აგროვებდნენ ყოველგვარ ინფორმაციას და ამუშავებდნენ გეგმას. შეკრებებზე, რომლებზედაც მე მომიხდა დასწრება, ჟვანია და სააკაშვილი რუსებს თხოვდნენ, გეგმა შედგენილიყო 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით. როგორც გაირკვა და პრესაშიც დაფიქსირდა, 1.000.000 აშშ დოლარი რუსებმა ამ ფირმას გადაუხადეს, დანარჩენი მიიღო ზურაბ ჟვანიამ. საინტერესოა, რომ თვითონ ჟვანიაც და სააკაშვილიც ამბობდნენ, რომ ეს რუსები სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან და ფლობენ საარჩევნო ტექნოლოგიებს.
არჩევნების შემდეგ (1999 წლის) ჟვანიას კაბინეტში უკვე გააჩნდა გეგმა, რომლითაც ძალიან კმაყოფილი იყო, მე ვფიქრობ, ეს ის გეგმაა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხორციელდება. ამიტომ მოვითხოვ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გაირკვეს, რა კავშირი აქვთ ამ პიროვნებებს რუსეთის სპეცსამსახურებთან, რატომ და რისთვის მიიღეს მათგან მილიონები და საზოგადოებისათვის გახდეს ცნობილი, თუ რა მიზნებისათვის დაიწერა ეს გეგმა. ამისათვის აუცილებლად მიმაჩნია, სადეპუტატო მანდატები ჩამოერთვათ მათ და თანაბარ პირობებში მზად ვარ, დამიპირისპიროთ.
არჩევნების მანიპულაციის მიზნით, ჟვანიას დავალებით, დაიბეჭდა დამატებითი ბიულეტენები, არჩევნების წინა დღით, ღამე, მოხდა ამ ბიულეტენების გადანაწილება, ასევე საუბნო ბეჭდები, რომლებიც უნდა დარტყმულიყო ამ ბიულეტენებზე კონსპირაციულ სახლში. ჩვენ ასეთი ბიულეტენები არ მოგვცეს, იმ მოტივით, რომ თქვენთან ისედაც პრობლემები არ არისო. ყველაზე მეტი ბიულეტენის მიცემა ჟვანიამ სააკაშვილისათვის გადაწყვიტა ვაკის არჩევნებში. ნიშანდობლივია ისიც, რომ შტაბის ხელმძღვანელი პირადად ანაწილებდა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს, ეს იქნებოდა ტრანსფერი თუ საპენსიო ხარჯები, რაც შემდგომ ევალებოდა ფინანსთა სამინისტროს.
რაც შეეხება რუსთავთან დაკავშირებით ბიულეტენების თემატიკას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მინდა განვაცხადო, რომ პირადი დაცვა არ მყავს, ხოლო იმ დასახელებულ პიროვნებას ვიცნობ და ვახასიათებ, როგორც ნორმალურ ადამიანს და არის პოლიციის თანამშრომელი. მაგრამ ამ საკითხის დაყენებას ცდილობენ იმიტომ, რომ ზეწოლა მოახდინონ ძიებაზე, როგორც ახდენდნენ სასამართლოზე.
2001 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ცსკო-ს წინ შეკრებილი იყვნენ მოქალაქეთა კავშირის აქტივისტები, საქმე მდგომარეობდა იმაში, რომ ჟვანია და მისი ჯგუფი ზეწოლას ახდენდნენ ცსკო-ზე, რომ მას არ შეესრულებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკაშირებით, რომ სმკ-ს არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. ამის თაობაზე ცსკო-ს თავმჯდომარემ პირდაპირ განაცხადა, დამეხმარეთ, თორემ ვერ ვუმკლავდები ჟვანიას მიერ გამოგზავნილ პარლამენტის წევრებსო. თავისი უფლების დასაცავად მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ცსკო-ს წინ და მოითხოვდნენ ცსკო-ზე ზეწოლის შეწყვეტას. იქ მე არ ვიმყოფებოდი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ჟვანიას გარემოცვამ მოაწყო პროვოკაცია.
რაც შეეხება “მადნეულის” და “კვარციტის” საკითხებს. ეს არის ავსტრალიური და ქართული მხარეების დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელშიც უამრავი მაქინაციები ხორციელდებოდა. ჩვენი ინიციატივით იქ დაიწყო წესრიგის დამყარება, რასაც თან მოჰყვა მწვავე რეაქცია ავსტრალიელთა მხრიდან, რომელთაც სამთავრობო ლობირებას უწევდნენ მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი და მისი მოადგილე. ნიშანდობლივია ისიც, რომ საადვოკატო მომსახურებას მათთან დაკავშირებული ფირმები ახორციელებდნენ. კონტროლის პალატის აქტით დადგინდა, რომ ავსტრალიურმა მხარემ 10.200.000 თავის სასარგებლოდ მიითვისა. ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ მთავრობის სხდომაზე, ხოლო სააკაშვილი ზეწოლას ახდენდა სახელმწიფო სტრუქტურებზე და მოითხოვდა, ყველაფერი დათმობილიყო ავსტრალიელთათვის და თუ ეს არ მოხდებოდა, სტოკჰოლმის არბიტრაჟში საქართველოს დაეკისრებოდა ფინანსური ვალდებულებები. როგორც შემდგომ გაირკვა, ქართული მხარე მართალი აღმოჩნდა, ხოლო მათი დირექტორი მ. მგალობლიშვილი, რომელიც მ. მაჭავარიანის საშუალებით გავიცანი, ამავდროულად იყო ავსტრალიური კომპანიის აქციონერი. გთხოვთ, გაარკვიოთ, რის საფუძველზე და რატომ ლობირებდა სააკაშვილი ავსტრალიურ მხარეს და რატომ არ იქნა დაბრუნებული ხსენებული თანხა.
მინდა, ჩემს განმარტებას დავამატო, რომ რაკი მაჭავარიანმა ისურვა და დამემუქრა პროკურატურაში საქმის დაყენებით, მოვითხოვ ამ საკითხთან დაკავშირებით, რითაც ზარალი მიადგა სახელმწიფოს და საფრთხე შეექმნა მის ეროვნულ ინტერესებს, მოეხსნათ იმუნიტეტი ჟვანიას, მაჭავარიანს და სააკაშვილს და თანაბარ პირობებში დამიპირისპირდნენ, რათა საზოგადოებამ დაინახოს მათი რეალური სახე, ხოლო ქართული სახელმწიფო იყოს დაცული ყოველგვარი აგრესიისაგან.
განმარტება დაწერილია ჩემი სიტყვებით, სწორია და ხელს ვაწერ.
24.04.2003წ.
ლევან მამალაძე
ლევან მამალაძის ბრალდებებს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, საგადასახადო შემოსავლების ყოფილმა მინიტრმა მიხეილ მაჭავარიანმა უპასუხა.
ბატონო მიხეილ, ალბათ, ეს არ იქნება ერთადერთი ბრალდება, რომელიც თქვენსა და თქვენი თანაგუნდელების წინააღმდეგ გაჩნდება. სავარაუდოდ, მომავალში კიდევ არაერთი დოკუმენტი გამოქვეყნდება თქვენს წინააღმდეგ…
- ეს ახსნა-განმარტება 2003 წლის აპრილით არის დათარიღებული, ანუ “ვარდების რევოლუციამდე” რამდენიმე თვით ადრე. პროკურატურას რაიმე ხელმოსაკიდი რომ ჰქონოდა, ჩვენს წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა. ლევან მამალაძის ეს ახსნა-განმარტება არის ჭორიკანობა, ზურა ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და ტალახის სროლა. იმ პერიოდში, როდესაც ლევან მამალაძეს ეს ახსნა-განმარტება დაუწერია, მისი კონკრეტული საქმეების გამო პროკურატურას მივმართე და ლევან მამალაძის ეს ახსნა-განმარტება არის ე.წ. პასუხის პასუხი.
ლევან მამალაძე ყვება, თუ რა ზარალი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს 1999-2001 წლებში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საქმიანობის შედეგად, არადა, 1999 წელს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო არ არსებობდა, ის 2000 წელს შეიქმნა. 1999 წელს იყო მცდელობა, რომ ზურაბ ჟვანიასთვის დაებრალებინათ ბიუჯეტის ჩავარდნა. მაშინ მოქალაქეთა კავშირიდან გამოყოფილი “ახალი მემარჯვენეების” გუნდი გვიყენებდა ამ ბრალდებებს. შეიქმნა კომისია, რომელმაც მთავრობას ხელი დააფარა (თუ არ ვცდები, მაშინ მთვარობის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო) და ბიუჯეტის ჩავარდნა პარლამენტს, კონკრეტულად კი - ზურაბ ჟვანიას დააბრალა. ეს იყო შევარდნაძისა და იმ გუნდის დაკვეთა, ვინც ზურას ებრძოდა. ამ კომისიის დასკვნა რომ ნახოთ, სიმწრით გაგეცინებათ, ისეთ რაღაცებს აბრალებენ მას. 1999 წელს პარლამენტის წევრი ვიყავი და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან საერთო არაფერი მქონდა.
თქვენს ბიოგრაფიაში წავიკითხე, რომ 1999 წლის დეკემბერში დაინიშნეთ საგადასახადო შემოსავლების მინისტრად...
- ამ თანამდებობაზე 2000 წელს დავინიშნე და ამავე წელს აღვადგინეთ სავალუტო ფონდის პროგრამა იმის გამო, რომ შემოსავლები შესრულდა და 1997 წლის შემდეგ პირველი ტრანში მივიღეთ. ამ მხრივ მამალაძის ახსნა-განმარტებაში ფაქტობრივი უზუსტობაა. იგი წერს, რომ ბიუჯეტს დააკლდა 234 მლნ ლარი. რეალურად ეს იყო 2000 წლის თავდაპირველი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ მერე მოხდა ე.წ. სეკვესტრი.
ლევან მამალაძის განცხადებით, თქვენი და თქვენი გუნდის საქმიანობის შედეგად 1999-2001 წლებში სახელმწიფოს 972 მლნ ლარი დააკლდა...
- 2001 წლის აგვისტოში შემოსავლების მინისტრის თანამდებობიდან გადავდექი და 2001 წლის შედეგებზე პასუხს ვერ ვაგებ. გადავდექი, რადგან მთავრობაში თავი იჩინა დაპირისპირებამ. მინისტრთა კაბინეტში დაჯგუფებები იყო, ბიუჯეტი კი - არარეალისტური. მთავარ პრობლემად მაშინ კონტრაბანდა და ძალოვანი სტრუქტურები ითვლებოდა. ერგნეთიდან, სამეგრელოდან და ქვემო ქართლიდან კონტრაბანდის (ძირითადად, საწვავის და სიგარეტის) შემოტანას ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებდა. აბსურდულია მამალაძის ბრალდება, თითქოს ზურაბ ჟვანია ბიუჯეტს ანაწილებდნენ. ამას აკეთებდა მთავრობა, რომელიც, მაშინდელი კონსტიტუციის თანახმად, იყო სათათბირო ორგანო; მას პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა და როგორ შეეძლო ზურაბ ჟვანიას, რაღაც მანიპულაციებით გავლენა მოეხდინა მთავრობაზე და ბიუჯეტის თანხები თავად გაენაწილებინა?
მამალაძის განცხადებით, თურმე, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზურაბ ჟვანიას დავალებით ფინანსურ მანიპულაციებს ვახორციელებდი, თითქოს სასამართლოს მიერ “ყაზბეგი-კასტელისთვის” დაკისრებული 3.000.621 აშშ დოლარი კანონსაწინააღმდეგოდ ერთპიროვნულად შევამცირე 1.330.000 ლარამდე. ყველა მოქმედება, მათ შორის - “ყაზბეგი-კასტელთან” დაკავშირებულიც, იყო კანონიერი. ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად რომ არ მომხდარიყო, 2001 წელს თანამდებობიდან გადადგომის მერე, 2003 წლამდე არავინ მომასვენებდა. რამე რომ უკანონოდ ჩამედინა, ვინ შემარჩენდა?
მამალაძე ამბობს, რომ ჟვანიას აქტიური მხარდაჭერით სიგარეტზე აქციზის შემცირება მოვითხოვე. აქციზის გაზრდა მთავრობის ბრალი იყო - სავალუტო ფონდთან თავიანთი პოზიცია ვერ დაიცვეს. ამის გამო შემოსავლები კატასტროფულად შემცირდა. მთვარობამ საკითხის განხილვა დაიწყო პარლამენტში და დეპუტატებმა ერთსულოვნად, ტაშის გრიალით მიიღეს აქციზის შემცირების გადაწყვეტილება. ერთპიროვნულად ამის გაკეთების საშუალება მე არ მქონდა. ეს საკითხი პარლამენტმა გადაწყვიტა, მამალაძე კი რატომღაც მე და ზურას გვაკისრებს პასუხისმგებლობას. მაშინ სავალუტო ფონდს თამბაქოსა და ნავთობთან დაკავშირებით თავისი პარამეტრები ჰქონდა. ის მარტო ბიუჯეტის შესრულებას კი არა, იმასაც ადევნებდა თვალს, როგორი იყო თამბაქოსა და ნავთობის შემოსავლები. ერთ-ერთი საფუძველი სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენისა სწორედ ის იყო, რომ მათი შეფასებით, სწორად ვმოქმედებდით. ტყუის ბატონი მამალაძე, როდესაც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე. აქციზის გაზრდის ან შემცირების უფლებამოსილება მინისტრს მაშინ არ ჰქონდა.
სიცრუეა მამალაძის ის განცხადებაც, თითქოს ადგილობრივი ბიუჯეტის 1% შემოსავლების სამინისტროს სპეცანგარიშზე ირიცხებოდა. რაც მინისტრობიდან წამოვედი, ეს სპეცანგარიშები ბევრჯერ შეამოწმეს, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ ხელმოსაკიდი ვერაფერი ნახეს. მერე ეს სამინისტრო გაუქმდა და ფინანსთა სამინისტროს შეუერთდა. 2002-2003 წლებში როგორ შესრულდა ბიუჯეტი, გეხსომებათ. რამდენმილიონიანი დავალიანებები იყო ყველა სფეროში - იქნებოდა ეს საპენსიო თუ სახელფასო. ჯარი და პოლიცია როგორი იყო, ისიც გეხსომებათ - იმ დროს ხომ არც ერთი სფერო არ ფინანსდებოდა.
ლევან მამალაძე ამბობს, მოსთხოვეთ მაჭავარიანს, ჟვანიასა და სააკაშვილს, განმარტონ, რატომ შემოიღეს ჯართზე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმიო. არც ჟვანიას, არც სააკაშვილს და არც მაჭავარიანს ეს რეჟიმი არ შემოუღიათ, იგი საქართველოს პარლამეტმა შემოიღო, ალბათ, მთავრობის წინადადებით. როგორც წესი, ასეთი რამ არ იმალება. ექსპორტი ჩვენგან არ იბეგრებოდა, იბეგრებოდა მხოლოდ ჯართი და მისი ნულოვანი დაბეგვრა მთავრობის წინადადებით მოხდა. მაშინ მე, როგორც შემოსავლების მინისტრს, ამ გადაწყვეტილების მიღEებაში მონაწილეობა არ მიმიღია.
1999 წელს საპარლამენტო არჩევნებისათვის თანხებს თურმე რეფორმატორების სამეული (ჟვანია, სააკაშვილი, მაჭავარიანი) შოულობდა. ლევან მამალაძე ლაპარაკობს სეიფში დამალულ ჟურნალზე, სადაც შემოსავალსა და გასავალს იწერდით.
- ჩვენს პარტიას მაშინ ძალიან მწირი ბიუჯეტი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ბიზნესიდან მოვიყვანეთ დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, დავით საგანელიძე... ბიზნესმენებმა დაუფარავად განაცხადეს, რომ გვაფინანსებდნენ და გვერდით გვედგნენ. არ ვიცი, რა ჟურნალი აქვს ნანახი ლევან მამალაძეს და სად. რაც შეეხება მის ნათქვამს, რომ ჩვენ რუსულ კომპანიასთან გვქონდა კავშირი, ამას ვადასტურებ. მართლაც გვქონდა ურთიერთობა “იმიჯ კონტაქტთან”,”რომელიც ძალიან დაგვეხმარა “აღორძინების” წინააღმდეგ კამპანიის წარმართვაში.
უცნაური ის არის, რომ ამისათვის ამ კომპანიას რუსებმა მილიონი დოლარი გადაუხადეს...
- მოქალაქეთა კავშირმა თავისი წილი გადაიხადა და რუსებმა რა გადაიხადეს, იმან თქვას, ვინც ეს დაწერა. 1999 წლის აპრილში მოსკოვში ვიყავი ზურასთან ერთად და ამ კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდით. მათ გვითხრეს, რომ საქართველოში მუშაობის გაგრძელებით და აქაური ბაზრით დაინტერესებული იყვნენ რუსული კომერციული სტრუქტურები; თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ამ კომერციულ სტრუქტურებთან მუშაობას გავაგრძელებთ, რომ დამატებითი თანხა მოვიპოვოთო.
ჩვენ “იმიჯ კონტაქტს”” ჩვენი წილი გადავუხადეთ და ამ კომპანიისაგან ვისწავლეთ ბევრი რამ: კარდაკარი, მაჟორიტარებთან მუშაობა, როგორი უნდა იყოს საარჩევნო პლაკატები...
როგორც ლევან მამალაძეE ამბობს, ამ კომპანიამ თქვენ მოგცათ გეგმა, რომელშიც დაგეგმილი იყო ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფის მოქმედებები 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
- რა 2005 წლამდე? ეს კომპანია დაგვეხმარა 1999 წლის არჩევნების დაგეგმვაში, სადაც “მოქალაქეთა კავშირი” “აღორძინებას” უპირისპირდებოდა. ამ ფირმასთან ურთიერთობა გაგრძელდა 2000 წელს, შევარდნაძის არჩევნების დროსაც, მაგრამ, როგორც ჩანს, კახა თარგამაძეს, ლევან მამალაძეს და სხვებს (ამაში ჩართულნი იყვნენ რაღაც სპეცსამსახურებიც) ეჭვი გაუჩნდათ და ამ კომპანიის წარმომადგენლების თვალთვალი დაიწყეს, მათ საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურაც დაამონტაჟეს. ფირმის თანამშრომლები მივიდნენ ზურასთან და უთხრეს, აქ რაღაც საშინელება ხდება, თქვენ, ერთმანეთთან ვერ გაგირკვევიათ რაღაცები - შენ გებრძვიან, ჩვენ გვითვალთვალებენ, ამიტომაც მივდივართო. პრეზიდენტის არჩევნები აპრილში იყო, რუსები კი მაისში გაიქცნენ.
რატომ გადაწყდა რუსული კომპანიის თანამშრომლების თვალთვალი?
- მათ თარგამაძე და სპეცსამსახურები შევარდნაძის დავალებით უთვალთვალებდნენ. აინტერესებდათ, ხომ არ ემზადებოდა ზურაბ ჟვანია შევარდნაძის ჩასანაცვლებლად. მაშინ ხშირად ისმოდა კითხვა: “ვინ შეცვლის შევარდნაძეს 2005 წელს?” ჰოდა, ამიტომაც ცდილობდნენ ზურასთვის სახელის გატეხას. კარგად მახსოვს, როგორ ებრძოდნენ, ვინ ებრძოდა და რა გადაიტანა.
თქვენს გუნდს ჰბრალდება არჩევნების გაყალბება - დამატებითი ბიულეტენების დაბეჭდვა...
- მაშინ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეE იყო და მას უკეთ ეხსომება ყველაფერი. არ ვიცი, რას გულისხმობს მამალაძე - ბიულეტენებს მხოლოდ ცესკო ბეჭდავდა.
მამალაძე თავის წერილში ლაპარაკობს “მადნეულსა” და “კვარციტზეც”. ეს მისი საყვარელი თემები იყო. რა ბიზნესურთიერთობა ჰქონდა ლევანს “მადნეულსა” და “კვარციტთან”, ჩემი გასარჩევი არ არის. ეს ჯგუფი, როგორც მახსოვს, იყო “თბილკრედიტბანკის” დამფუძნებელი და რაღაც შავბნელი ისტორია უკავშირდება ამ საქმეს, რომლის დეტალები მე არ ვიცი.
რატომ ითხოვდა ლევან მამალაძე თქვენთვის, სააკაშვილისა და ჟვანიასათვის იმუნიტეტის მოხსნას და “თანაბარ პირობებში” დაპირისპირებას?
- არ მინდა სიბინძურეების ამოქექვა. თუ ვინმეს ეს ამბები აღარ ახსოვს, კარგია. პროკურატურისათვის გაგზავნილ ამ ბარალდებებში რაიმე სიმართლე რომ იყოს, ვიტყოდი, რომ იმ ადამიანს, ვინც ეს დოკუმენტი მოგაწოდათ, შურისძიება ამოძრავებს. აქ ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა. გამახსენდა... წერილი მივწერე პროკურატურას და ეს იყო ლევან მამალაძის პასუხი - რაკი ჩემზე ეს დაწერე, გაჩვენებ, შენზე რას დავწერო და ათასი სისულელე მოიგონა.
მამალაძე ახსენებს, რომ მას 400 მილიონის გაქრობას აბრალებდით.
- ასეთი ბრალდება კიდევ ბევრი გამოჩნდება, მაგრამ მე ყველაფრის პასუხი მაქვს. ისეთი პერიოდია, თუ ვინმეს რამე კითხვა ჰქონდა და ერიდებოდა მის დასმას, ახლა დასვამს. კი ბატონო, პასუხს მიიღებენ. როდესაც ლევან მამალაძემ ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცა პროკურატურას, ოპოზიციაში ვიყავი და ისეთი “მოყვარეები” მყავდა, ვინ დატოვებდა ამას ისე? მამალაძის, ჯორბენაძის და ავთო ჩხაიძის დაჯგუფებები ერთად ებრძოდნენ ჟვანიას გუნდს. მაშინ ჩვენსა და მიშას შორისაც იყო დაპირისპირება, თუმცა მისი გადალახვა მოვახერხეთ...
ჟვანიასა და სააკაშვილის დაპირისპირების მიზეზი რა იყო?
- მიშა და ზურა სხვადასხვა სტრატეგიას ემხრობოდნენ. ზურა უფრო რბილი სტრატეგიის მომხრე იყო, მიშა - რადიკალურის. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ მიშას სტრატეგიამ გაამართლა. ზურა თვლიდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეცნო 2003 წლის არჩევნების შედეგები, არ შევდიოდით პარლამენტში... მაგრამ ეს თემა სხვა წერილისთვის იყოს... ისეთი რაღაცები გამახსენეთ, ჯობს, ამაზე წიგნი დავწერო. არ ვიცი, ვის მოეწონება და ვის - არა, მაგრამ ძალიან საინტერესო მემუარები გამომივა.