„ოპოზიციის განცხადების ქვეტექსტი ის არის, რომ მზად არიან „ნაცმოძრაობასთან“ ბლოკი გააკეთონ“

„ოპოზიციის განცხადების ქვეტექსტი ის არის, რომ მზად არიან „ნაცმოძრაობასთან“ ბლოკი გააკეთონ“

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, გააკეთოთ მკაფიო განაცხადი, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევლენ. გიგი უგულავას განცხადებით, მთავარი შეკითხვა, მთავარი მოწოდება და მთავარი მოთხოვნა საზოგადოების არის ცვლილებები. აქიდან გამოდინარე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი.

„ამ მიზნით ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ და წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას – ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში.

მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არ შევალთ კოალიციაში. ცალკე აღებული ივანიშვილის მთავრობა 50%–ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მზად არიან ამ საკითხზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამავე საკითხზე მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის დაწყებისთვის.

გამოწვევას ღებულობს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ხელს მოაწერენ ყველაფერს, რისი მიზანიც ივანიშვილის ჩამოშორება იქნება. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა გააფორმონ ხელშეკრულება, რომ არასდროს შევლენ გარიგებაში ივანიშვილის პარტიასთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც იზიარებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ შევაჩეროთ ფაქტობრივად ქვეყნის სრული ოკუპაცია რუსეთის მიერ ივანიშვილის ხელით, გააფორმონ ხელშეკრულება, რომ არასდროს შევლენ გარიგებაში ივანიშვილის პარტიასთან.

თუმცა ეს არის პირველი ნაბიჯი და ვფიქრობთ, არის მთელი რიგი ნაბიჯები, რაზეც ერთიანი პოზიცია უნდა შევათანხმოთ ოპოზიციურმა სპექტრმა. ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს ყველაფერს, რისი მიზანიც ივანიშვილის ჩამოშორება იქნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოწოდება წინ უსწრებს იმ მოვლენებს, რომელიც მიმდინარე რეფორმითა და კანონით იქნება უზრუნველყოფილი. პარლამენტის თავმჯდომარის განხადებით, ეს არის დანარჩენი ოპოზიციისთვის საკუთარი მოსაზრების თუ დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა.

„კოალიციის შექმნის თემა, ეს არის თემა, რომელიც უნდა იყოს განხილული და გადაწყვეტილი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და არა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ეს მახსენებს წარსულში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გადაწყვეტილებების სტილს, როდესაც ისინი წინასწარ ცდილობდნენ განესაზღვრათ ის, რაც რეალურად მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ.

მოქალაქეების დაკვეთა არის, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ პარტიებმა, რა კოალიცია შექმნან და როგორ დააკომპლექტონ მთავრობა და არა ის, რომ პოლიტიკური ძალის რომელიმე ერთმა ლიდერმა, იქნება ეს უგულავა თუ სხვა, მათ გადაწყვიტონ წინასწარ, თუ რა გადაწვეტილებას მიიღებს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კოალიციებზე სასაუბროდ პოლიტიკური პარტიები დასხდებიან მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გახდება ცნობილი. თალაკვაძე ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება იძლევა საშუალებას, ჩაატარონ ჯანსაღი პოლიტიკური დიალოგი ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც დაგეგმილია და ეს არ არის მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, არამედ აქ არის მთელი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობას.

„ეს არის ის ცვლილებები, რასაც თავად ოპოზიციაც ითხოვდა და პირველ რიგში, მათ სჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ ეს რეფორმები გავატაროთ. რაც შეეხება კოალიციებს, კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ჩვენ ვაპირებთ, ოპოზიციას მისცემს საშუალებას, რომ ისინი გაერთიანდნენ და ერთი სუბიექტის სახით წარსდგნენ არჩევნებში თუ ისინი თვლიან, რომ მათ ეს სჭირდებათ, ასევე ეს კანონმდებლობა მისცემს საშუალებას ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუ მათ რეალური მხარდაჭერა აქვთ, თუ მათ ჰყავთ რეალური ელექტორატი, დამოუკიდებლადაც მიიღონ ამ არჩევნებში საპარლამენტო მანდატები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ თვითონ გადაწყვეტს კოალიციაში ვისთან იყოს ან არ იყოს, მაგრამ ოპოზიცია მისი განცხადებით ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება. ვოლსკის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა დესტრუქციული ქმედებაა, თუმცა ეს მმართველ ძალას და ამომრჩეველს მეტ მოტივაციას მისცემს.

„ოპოზიცია არის წინასაარჩევნო რეჟიმში ჩართული და გაცილებით მძიმე, დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, მომავალი მთავრობა არ უნდა დაკომპლექტდეს თურმე „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში. ჯერ ერთი, „ქართული ოცნება“ თვითონ გადაწყვეტს კოალიციაში ვისთან იყოს ან არ იყოს, რაც მთავარია, ამ განცხადებით ქვეყნის სტაბილურობას ემუქრებიან ანუ არ შედგეს კოალიცია და მთავრობის გარეშე ყოფნა ქვეყნისთვის იქნება მძიმე შედეგების მომტანი და თუკი ვერ შედგა კოალიცია, იქნება რიგგარეშე არჩევნები.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ კიდევ მეტ მოტივაციას მისცემენ საზოგადოებას და ჩვენც, რომ ხმების 50 პროცენტზე მეტი ავიღოთ და ქვეყანა არ დავაყენოთ იმ დესტრუქციის წინაშე, რითაც დღესვე გვემუქრებიან ჩვენი ოპონენტები. შევეგუოთ იმას, რომ დღეიდან მოყოლებული გაცილებით უფრო მეტი და მწვავე შინაარსის განცხადებები ექნებათ ჩვენ ოპნენტებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოწოდება ოპოზიციური პარტიებისადმი სწორი პოლიტიკური ნაბიჯი არ არის. „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა გასაშვებია, მაგრამ მიშა არ არის მოსაშვები. ამბობს, რომ პარტიის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო საპრეზიდენტო არჩევნების მე–2 ტურის წინ და ასე მოიქცევა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

„კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საუბარი ამ ეტაპზე უსაგნო და ზედაპირულია. არ მეგონა, თუ ოდესმე „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას აპირებდა. ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივად აღსაქმელია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში საქმით დავამტკიცეთ, ლაპარაკის გარდა. ივანიშვილი შესაცვლელია, თუმცა არა სააკაშვილით. ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა წინა ხელისუფლების უკან დაბრუნებით.

ეს არის ჩვენი პოლიტიკური კრედო და კონცეფცია, რასაც მივყვებით არჩევნებამდე და მას შემდეგაც. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის სამოქალაქო, ცივი ომი, რომელიც შთანთქავს მთელ პოზიტიურ ენერგიას. ახლა იმის თქმა, ვისთან ერთად მოახერხებს „შენების მოძრაობა“ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ისე გაშვებას, რომ სააკაშვილი არ მოუშვას, ამაზე პასუხი რომ მქონდეს, არასერიოზული ადამიანი უნდა ვიყო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების ფარული ქვეტექსტი ის არის, რომ მზად არიან „ნაცმოძრაობასთან“ ბლოკი გააკეთონ. როგორც ძაბირაძე აცხადებს, ოპოზიცია ამომრჩეველს მობილიზებას უკეთებს.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადება რეალურად მიმანიშნებელია იმისა, რომ გამოვრიცხოთ „ქართული ოცნება“, მაგრამ მათ დასაშვებად მიაჩნიათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკის შექმნა. დღეს ასეთი განცხადების გაკეთება, როდესაც სრულიად ჩამოუყალიბებელია ჯერ კიდევ არამარტო ოპოზიციური სპექტრი, არამედ ისიც კი არ ვიცით, რა საარჩევნო კანონით და კოდექსით მივალთ არჩევნებამდე, უაღრესად ნაადრევია.

იმ შემთხვევაში თუ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკს შექმნის, ეს მათზე ცუდად იმოქმედებს. „ევროპულმა საქართველომ“ ერთხელ უკვე დაკარგა შესაძლებლობა მესამე ძალის ცენტრი გამხდარიყო, როდესაც მხარი დაუჭირეს ვაშაძეს. მთელი ის ნამუშევარი, რაც მათ დააგროვეს – პოლიტიკური კაპიტალი, „ნაციონალებისგან“ წამოსვლის შემდეგ, ერთბაშად წყალს გაატანეს. თუ პროპაგანტისტული პიარის ამ ხაზს გაყვებიან, ისინი ამას კიდევ ერთხელ დაკარგავენ. ეს განცხადება მიმართულია არა ივანიშვილის ჩამოსაშორებლად, არამედ იმისთვის, რომ წინასწარ შეამზადონ ნიადაგი, რომ ბლოკი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ იყოს მიუღებელი“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

„კოალიციური მთავრობის შექმნაზე ოპოზიციის პოზიცია ხელისუფლებისთვის უფრო ძლიერი მობილიზაციის სტიმული იქნება“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მივიდეთ იმ მომენტამდე, როცა ეს პოზიცია ხელისუფლებისთვის იქნება უფრო ძლიერი მობილიზაციის სტიმული. საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამი იქნება უფრო მეტი, ვიდრე სახელისუფლებო დეპუტატებისა.

„თავისთავად შეიძლება ძნელი იყოს საერთოდ კაბინეტის ფორმირება. ბევრ ქვეყანაში ანალოგიური მდგომარეობა იქმნება ხოლმე პროპორციული სისტემის მუშაობის დროს, როცა შეუთანხმებლობა იმდენად დიდია, რომ პრემიერ–მინისტრს ვერ ირჩევენ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები. სწორედ ეს არის ხოლმე პოლიტიკური კრიზისი. მაგალითად, იტალიაში ბევრჯერ იყო, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ამ დროს იშლება პარლამენტი და ეწყობა ხელახალი არჩევნები.

ამ შემთხვევაში რა მოწოდებასაც აკეთებს ოპოზიცია, გათვლა აქვთ იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამი იქნება უფრო მეტი, ვიდრე ივანიშვილის მომხრე დეპუტატებისა. ეს პუნქტი შეიძლება იყოს სიმბოლო იმის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება საიმისო უმრავლესობა მოაგროვოს მომავალ პარლამენტში, რომ ოპოზიციის ანალოგიურმა სვლამ – ყველა გავერთიანდეთ ერთის წინააღმდეგ, არ გამოიწვიოს მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კრიზისი. არ არის გამორიცხული მივიდეთ ამ მომენტამდე, როცა ეს პოზიცია ხელისუფლებისთვის იქნება უფრო ძლიერი მობილიზაციის სტიმული“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

გამი ვის რა სირად უნდა მათთან კოალიციაში შესვლა ამას არ კითხულობენ? და კიდევ ერთი - ეს ძაბირაძე რატომ გადაიქცა პოლიტიკოდან ექსპერტად, გამაგებინეთ.
5 წლის უკან
trampi თავში ქვაც უხლიათ....... თუნდაც ეშმაკს შეჰკვრიან
მაინც ყველა თხასავით გაყიდულია

ისე მაგათ ხალხი შტერი და მაზოხისტები ჰგონიათ (თავიაანთ გამაუბედურებელს ხმა რომ მისცენ)
ესე იგი ხალხს თავიააანთი წარდგინებით ფაქტიურად შეურაცხყოფას აყენებენ(ფხიზელი---აი სწორედ დავწერე ,,ვისწავლე,,)
ჰოოოდა თუ ეგენი შეურაწყოფას მაყენებენ, მეც რომ ეხლა მაგათ დდდდდდეეეეეპპპპპჭჭჭ ვაგინო ხომ ნიჩიაში ვიქნებით.??....რადა მთვლის შტერად???
ხოოოდა აი ვინც მაგათ პარტიაში შევა ...............................................
..წავიდააააააააააააააააააააააააააააააააააა.....
5 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციის" გულმხურვალე მხარდამჭერი ტელევიზიები: "აქუვიზია", "ემავიზია"... "ჭუტავიზია", "მთაგვარვიზია"... უკვე ღიმილის მომგვრელ ანალიზებზე გადავიდნენ. გუშინ "ემავიზიის" ცნობილი წამყვანი ამტკიცებდა, დოლარის კურსი 3-ჯერ გაიზარდაო. ელემენტარული არითმეტიკაც კი არ სცოდნი, სხვა "სიკეთეებთან" ერთად... ცნობისათვის, დოლარის კურსი 2012 წლის ოქტომბერში 1, 72 ლარი იყო. 3-ჯერ გაზრდა 5,16 ლარს ნიშნავს... კალკულატორი მაინ დაიდოს, ღრმად პატივცემულმა!!!
5 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციის" გულმხურვალე მხარდამჭერი ტელევიზიები: "აქუვიზია", "ემავიზია"... "ჭუტავიზია", "მთაგვარვიზია"... უკვე ღიმილის მომგვრელ ანალიზებზე გადავიდნენ. გუშინ "ემავიზიის" ცნობილი წამყვანი ამტკიცებდა, დოლარის კურსი 3-ჯერ გაიზარდაო. ელემენტარული არითმეტიკაც კი არ სცოდნი, სხვა "სიკეთეებთან" ერთად... ცნობისათვის, დოლარის კურსი 2012 წლის ოქტომბერში 1, 72 ლარი იყო. 3-ჯერ გაზრდა 5,16 ლარს ნიშნავს... კალკულატორი მაინ დაიდოს, ღრმად პატივცემულმა!!!
5 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციის" გულმხურვალე მხარდამჭერი ტელევიზიები: "აქუვიზია", "ემავიზია"... "ჭუტავიზია", "მთაგვარვიზია"... უკვე ღიმილის მომგვრელ ანალიზებზე გადავიდნენ. გუშინ "ემავიზიის" ცნობილი წამყვანი ამტკიცებდა, დოლარის კურსი 3-ჯერ გაიზარდაო. ელემენტარული არითმეტიკაც კი არ სცოდნი, სხვა "სიკეთეებთან" ერთად... ცნობისათვის, დოლარის კურსი 2012 წლის ოქტომბერში 1, 72 ლარი იყო. 3-ჯერ გაზრდა 5,16 ლარს ნიშნავს... კალკულატორი მაინ დაიდოს, ღრმად პატივცემულმა!!!
5 წლის უკან