არჩევნებამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს. პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოპონენტზე არ ისაუბრა, რამაც „ნაციონალურ მოძროაბას“ იმედები გადაუწურა. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნეს. მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე მამუკა ხაზარაძემ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი – „მშობლიურო ჩემო მიწავ“ ორი სტროფი წაიკითხა და განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება „ლელო“.
ხაზარაძე–ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ესწრებოდნენ: მსახიობები, მხატვრები, იურისტები. კერძოდ: - კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევანი ბოძაშვილი, ზაალ ჩიქობავა, ნიკა ჩერქეზიშვილი, ირაკლი აფაქიძე, გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მისი გაერთიანება 12 ადამიანს მოძებნის ყველა სფეროში, რომელიც ლიდერი იქნება. ამბობს, რომ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული.
„მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, როგორც კონკურენტს არ უყურებს უმრავლესობა. ვიცე–სპიკერი გიორგი ვოლსკი არ მოელოდა, ასეთ „ბიბლიურ–მისტიურ–ლირიულ“ წარმოდგენას და მეტს მოელოდა. ვოლსკიმ „ქართული ოცნებისა“ და ხაზარაძის „ლელოს“ სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხი თავად გადაწყვეტს ვინ–ვისთან უნდა ითანამშრომლოს.
„ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადავხედოთ ყველამ ჩვენს ყოფიერებას, რადგან საზოგადოებამ გარკვეულწილად გაუსწრო პოლიტიკური კულტურით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც კვლავ ძველ ჩარჩოში აგრძელებენ ერთმანეთთან პოლემიკას. როგორც გადაწყვეტს საზოგადოება, ისე იქნება. ვინ შემოვა პარლამენტში, ვინ არ შემოვა, ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოლოდინის მიუხედავად ხაზარაძემ იმედები გაუწბილა „ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ „რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა“, მაგრამ როგორც პარტიაში განმარტავენ, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა. „ნაცმოძრაობაში“ უკმაყოფილო არიან იმით, რომ ხაზარაძეს ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ისიც კი არ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმთან თანამშრომლობას.
ხაზარაძე–ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას ცალი თვალით უყურებდა ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნიდან გაქცეული ექს–პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია და, რა თქმა უნდა, საქართველოში იქნება ლაზიკის პორტი.
„ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი, გასული წლის არჩევნების წინ – მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს და რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის, ანაკლიის პორტი ერთმანეთთან? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლის თავზე?
მართლა სულელები ხომ არ გგონიათ ქართველები და ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოითმენენ? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას, მევახშეებისა და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია და, რა თქმა უნდა, საქართველოში იქნება ლაზიკის პორტი. ამას ვამბობ მე, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2020 წელს იყრის კენჭს, იყოს გამბედავი, თქვას, აპირებს თუ არა თანამშრომლობას ოლიგარქთან. სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკითხი არის გამყოფი ხაზი მათთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
„არიან პარტიები, რომლებიც შეუქმნიან მთავრობას ივანიშვილს, ესენი არიან „ქართული ოცნება“ და პრორუსული პარტიები, ისინი ერთ ბანაკში არიან და არიან სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ შეუქმნიან მთავრობას მას. ეს, ჩვენ, ხაზარაძისგან დღეს ვერ მოვისმინეთ და იმედი მაქვს, ის და სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ასპარეზზე გამოვა, ეყოფა სითამამე და ამ განცხადებას გააკეთებს“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
დადებით თუ უარყოფოთ მხარეებზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ზოგი მიიჩნევს, რომ დასახელება „ლელო“ მუსიკალურ ფონთან ერთად ძალიან კარგი, სწორი პიარსვლა იყო, რაც საბრძოლო შემართებას უსვამს ხაზს.
თუმცა, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სტარტისთვის ეს არ იყო სასურველი პრეზენტაცია, რადგან მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა. ლაგაზიძეს განცდა დარჩა, რომ ეს იყო 2 კაცის და არა ახალი ლიდერების პრეზენტაცია.
„მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა ამ პრეზენტაციამ. სტარტისთვის ეს არ იყო სასურველი. იმიტომ, რომ ამომრჩევლის უზარმაზარი ნაწილი, 50% არის ახალი ძალის მოლოდინში, რაც ღონისძიებამ ვერ დატოვა. არადა, მთავარი ამოცანა, რაც ამ პრეზენტაციას უნდა გადაეწყვიტა, სწორედ ძალის მოლოდინი იყო. შანსი, რესურსი და პოტენციალი მათ მაინც რჩებათ, იმ ფონზე, როცა ძალიან დიდია ერთი მხრივ, იმედგაცრუება არსებული პოლიტიკური ძალებისგან, მეორე მხრივ, ძალიან დიდია მოლოდინი ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ. იმედი მაქვს, ისინი დღევანდელი პრეზენტაციის შეცდომებს გაითვალისწინებენ. დღევანდელი შეცდომები ისეთი რამ არის, რისი გადალახვა და გამოსწორებაც მარტივად შეიძლება, თუ ისინი ამას შეცდომად ჩათვლიან და თვითკმაყოფილებას არ მიეცემიან“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ჭკვიანური ნაბიჯია ის, რომ მამუკა ხაზარაძე დამოუკიდებლად, პოლიტიკურ პარტიებზე ორიენტაციის გარეშე აპირებს პარლამენტში შესვლას. საყვარელიძე ალეკო ელისაშვილთან აკეთებს პარალელს და ამბობს, რომ როგორც თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე, ანალოგიურ სტრატეგიად აღიქვა ხაზარაძის განცხადება, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორიენტაციას არ აიღებს.
„მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ორიენტაციაზე. ეს მიმაჩნია ძალიან ჭკვიანურ ნაბიჯად, რადგან საქართველოში პარტიებს არ აქვთ ისეთი ავტორიტეტი, რომ მათთან საქმიანობით ხალხი მოიზიდო - პირიქით. თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პარტიების მხადაჭერაზე თუ გახსოვთ, როცა მერის არჩევნებში მონაწილეობდა. ამან მას წარმატება მოუტანა და საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. ანალოგიურ სტრატეგიად აღვიქვი ხაზარაძის ეს განცხადება, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორინტაციას არ აიღებს და ეცდება დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში მაქსიმალურად მაღალი შედეგით და მერე, უკვე, იმის მიხედვით, ქვეყანას რა გამოადგება, იქნება ორიენტირებული ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე. ძალიან საღი დამოკიდეულებაა“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ფილოსოფოსის ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხაზარაძეს სახსრები არ ჰქონოდა, რათა დიდი და მასშტაბური ღონისძიებისთვის გაეწია ორგანიზება. როგორც ფილოსოფოსი აცხადებს, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების შედეგად, ჩიხი არსებობს.
„ამ ფონზე ნიადაგი ძალზე ნოყიერია იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა გაჩნდეს, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს პროცესებზე. იმედი მაქვს, რომ ამ მოძრაობის სახით კიდევ ერთი სერიოზული ძალა გაჩნდება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ რა ჭაობს დაემსგავსა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და რა ავსულებმა გაიღვიძეს. თუ არ ვცდები, 14–ში თუ 15–ში აპირებენ აქციას ამერიკის საელჩოსთან საქართველოს დეკოლონიზაციის მოთხოვნით. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გამოცოცხლდეს ქართული პოლიტიკური ცხოვრება და გაჩნდნენ ახალი ავტორები, რომლებისგანაც ამა თუ იმ ხარისხით მაინც რაციონალურ აზრს, ქვეყანაზე ზრუნვას ველით“, – აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.