ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ პრეზენტაციასთან დაკავშირებით მეტი მოლოდინი ჰქონდა და პრეზენტატორებად მხოლოდ ორი კაცის ხილვა, დიდი შეცდომაა მაშინ, როდესაც გვერდით ისეთი ახალგაზრდები გყავს, როგორებიც ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე არიან.
- ვინაიდან მამუკა ხაზარაძე ოპოზიციაში მიდის, თავისი პარტიის პრეზენტაცია სწორედ იქ გამართა, სადაც მისთვის მომგებიანად მიიჩნია. ანაკლია, როგორც საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია, უსაფრთხოების კარიბჭე და პროდასავლური ორიენტაცია – ამასთან ასოცირების მიზნით ჩაატარა. სახელიც და მუსიკალური თანხლებაც ორიგინალურია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საარჩევნო სიაში უამრავი პარტია იქნება, მინიმუმ 50 მაინც და მათ შორის განსხვავება ძნელად გამოსაცნობია, რადგან ბევრი მათგანის სათაური ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებს, „ლელო“ გამორჩეული იქნება და ხაზარაძის მხრიდან, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მარტივად გასაპიარებელი და ბიულეტენშიც მარტივად მოსაძებნი იქნება. ეს რაც შეეხებოდა ტექნიკურ მხარეს.
თვითონ პრეზენტაციის შინაარსმა კი ერთგვარი უკმარისობის გრძნობა დამიტოვა, ჩანდა, რომ ეს ორი კაცის მოძრაობაა, რომლებიც საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე დადგნენ იქ, სადაც დადგნენ. მათ ძალიან კარგი წევრები შეიყვანეს თავიანთ გუნდში – ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე, ისინი მართლაც შენაძენია ნებისმიერი მოძრაობისთვის და როდესაც საერთო სახალხო მოძრაობაზე გაქვს ამბიცია, მასობრიობის ეფექტი მეტი უნდა იყოს, ეს აუცილებელია. რადგან ჩანდა, რომ ეს ორი ადამიანის მოძრაობაა, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ ანაკლიისა და ბანკის გამო და საკუთარი პრობლემებისგან თავდასახსნელად გამოვიდნენ, მაშინ როცა ასეთი საინტერესო წევრები შეემატნენ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. მხოლოდ ეს ორი ადამიანი იყო პრეზენტატორი, რაც შეცდომად მიმაჩნია.
- როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივები აქვს „ლელოს“ და მოსახლეობის რა სეგმენტი დაუჭერს მხარს?
- პერსპექტივები მართლაც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მასობრივი გახდება ეს მოძრაობა, კიდევ ვის დაიყენებენ გვერდით და რამდენად შეძლებენ გამკლავებას ორ უმნიშვნელოვანეს ძალასთან, ერთის მხრივ, „ქართულ ოცნებასთან“ და მეორეს მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი პრეზენტაცია არ ტოვებდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს მესამე ძალა იქნება, მაგრამ პოტენციალი და რესურსი ნამდვილად აქვთ. თუ ამას სწორად გამოიყენებენ, რომ ადამიანები მიიზიდონ, ასეთ შემთხვევაში, მესამე ძალად შეიძლება იქცნენ. ვის მიიზიდავენ, რა მესიჯებს გააცხადებენ და რა ნიშას დაიკავებენ, ამაზე საუბარი ამ პრეზენტაციიდან გამომდინარე, ძნელია. ცოტა არ იყოს, ამორფული იყო ის, რაც ჩვენ ვნახეთ და ნაკლებად შეესაბამებოდა იმ მოლოდინებს, რომლებიც საზოგადოებაში იყო. იმედს გამოვთქვამ, მათში არსებულ რესურსს ფუჭად არ გაფლანგავენ.
- დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიდან, ვისი ძირითადი კონკურენტი შეიძლება იყოს ხაზარაძის პარტია?
- როგორც აღვნიშნე, დღევანდელი პრეზენტაცია არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმსჯელო, შედგებიან თუ არა ისინი ვინმეს კონკურენტებად. სიმართლე გითხრათ, მე უფრო სხვა მოლოდინი მქონდა. რთულია საუბარი, რომ ისინი ვინმეს სერიოზული კონკურენტები იქნებიან. ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალების სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, დაველოდოთ, როგორ იმოქმედებენ. ამ პრეზენტაციამ დაუკმაყოფილებლობის განცდა დატოვა. მე თქვენთვის მოვედი, თქვენი პრობლემების გასაღები ვარ – ეს მოლოდინი ვერ შექმნა.