საქართველოში მეცხოველეობის სულადობრივი მაჩვენებელი ყოველ წელს მცირდება, შესაბამისად, კლებულობს ადგილობრივი ხორცისა და ხორცპროდექტების წილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელს მეორე კვარტალში შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ხორცი 3,6 ათასი ტონით შემცირდა. ასევე შემცირდა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველის სულადობრივი მაჩვენებელი. სავარაუდოდ, ეს ბოლო 2-3 წელიწადში გაძლიერებულ ექსპორტს უკავშირდება.
ქართული საქონელი ექსპორტზე გადის, მაგრამ მეცხოვლეობის ხელშეწყობა არ ხდება. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში რაც ცხვარი და ძროხა გვეყოლება, ყველას არაბებს მივყიდით და თავად პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით. კერძოდ, 2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1113,4 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის ფური და კამეჩი აღიწერა, შარშან კი მათი რიცხვი 1133,2 ათასი სული იყო. ღორის სულადობრივი მაჩვენებელი 171,3 ათასი სულიდან 128 ათას სულამდე შემცირდა. ცხვარი და თხა 1070,2 ათასი სულიდან 889,5 ათას სულამდე შემცირდა. ფრინველი 11336,0 ათასი ფრთიდან 10907,5 ათას ფრთამდე დაეცა.
რაც შეეხება ხორც წელს მეორე კვარტალში ქვეყანამ 10,1 ტონა ადგილობრივი ხორცი აწარმოა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 13,7 ტონა. რძის მაჩვენებელი 192,8 ათასი ტონიდან 178,7 ათას ტონამდე შემცირდა. კვერცხმა კი 120,8 მილიონიდან 96,7 მილიონამდე იკლო.
საქართველოში მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგში არსებულ პრობლემას ექსპერტები საგანგაშოს უწოდებენ. მათი განცხადებით, ეროვნული ნაწარმი დახლებიდან თანდათან ქრება, რომლის ადგილს საეჭვო წარმოების პროდუქცია იკავებს.
სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია 1,7 მლნ რქოსანი პირუტყვის ყოლა. ასევე აქვს შესაძლებლობა, იყოლიოს 35-40 მლნ ფრთა ქათამი, რაც მნიშვნელოვნად მოხსნის ამ სფეროში არსებული პრობლემებს.
ექსპერტის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში გვყავს 10 მლნ ფრთა ქათამი მაშინ, როცა ყოველწლიურად მოვიხმართ 50 ათას ტონა ფრინველის ხორცს. აქედან 40 ათასი ტონა არის იმპორტი. არადა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცის იმპორტმა კი 2009 წელს შეადგინა 7700 ტონა, რომლის ღირებულება 12 მლნ დოლარი იყო. ღორის ხორცის იმპორტი 7500 ტონამდე დაფიქსირდა და 16,6 მილიონი დოლარი შეადგინა. შინაური ფრინველის (ქათამი) იმპორტი 36 ათასი ტონამდე განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 45 მილიონი დოლარია.
ღორის ქონის, მჭლე ხორცისგან გამოცალკავებული და შინაური ფრინველის ქონის ღირებულება არის 4,6 მილიონი დოლარი, რაც 3200 ტონას შეადგენს. გაყინული თევზის იმპორტი 26,6 მილიონი დოლარს აღწევს. მისი რაოდენობა 7700 ტონას შეადგენს.
ექსპერტის მონაცემებით, მეცხოველეობის სულადობრივი მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება, 2010 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ძროხის სულადობა, 2006 წელთან შედარებით, 50 ათასი სულითაა შემცირებული. მათ შორის, ფურების სულადობა 2006 წელს იყო 592 ათასი და 2010 წლის მეორე კვარტლის 524 ათასამდე შემცირდა. 2010 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით 128 ათას სულამდე შემცირდა, ეს მაშინ, როცა 2006 წელს 345 ათასი სული ღორი გვყავდა.
„მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - ასკვნის ექსპერტი. მისი განმარტებით, საქართველოში არის შესაძლებლობა, ზამთარში შევინახოთ 1,5 მილიონი სული ცხვარი, ხოლო ზაფხულში შეგვიძლია გვყავდეს 2,5 მილიონი, მაქსიმუმ 3 მილიონი სული.
„თუ მივაღწევთ და საქართველოში მეცხოველეობის დარგს ამ ციფრებამდე ავიყვანთ, დარგს არ ექნება საფრთხე. ექსპორტი თითქმის არ ხორციელდება. მის საწარმოებლად, ვთქვათ, მეცხვარეობის დარგში, აუცილებელია სელექციური საჯიშე მეცხვარეობის განვითარება. ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაწყდეს. ამასთან, უნდა დაიხვეწოს და მივიღოთ რაციონალური ვეტერინარუსლი სამსახური, რის გარეშეც არაფერი არ გამოვა. აქტიური მუშაობაა გასაწევი ფერმერებთან, რომ დავაინტერესოთ ისინი ამ დარგის მიღწევებით“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
მისი თქმით, გვაქვს ახალი მეთოდები, რომლის გამოყენება ხელს შეუწყობს სერიოზული თანხის დაზოგვასა და რაოდენობის ზრდას. მაგალითად, არის ახალი საკვები პრეპარატები, რომლებიც მიღებულია ქართველი სპეციალისტების მიერ და 1 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე 20 შეკვრა თივას ზოგავს. მისი ღირებულებაა, დაახლოებით, 80 ლარია, ანუ თუ ფერმერი დახარჯავს ახალ პრეპარატზე 20 ლარს, მიიღებს გაცილებით მეტი რაოდენობისა და ხარისხის რძეს.
„ამაში არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვეტერინარიის სამსახურის აქტიური მუშაობა საჭირო, რაც არ ხორციელდება“, - ამბობს კოღუაშვილი და დასძენს, რომ მატყლის პრობლემის გადაწყვეტის გარეშე, მეცხვარეობის განვითარება წარმოუდგენელია.
„ქართული ბაზრიდან ხორცის პროდუქცია ისედაც განვდევნეთ. სამაგიეროდ, ბლომად შემოვიდა იმპორტირებული საეჭვო წარმოშობის ნაწარმი. შეიძლება, არ გვწამლავდეს, მაგრამ ნორმალური სახელმწიფო თავის მოსახლეობას ასეთ ხორცს არ აჭმევს. მესაქონლეობის განვითარების ყველა პირობა გვაქვს. გავიდეს ექსპორტზე, ეს არ არის ცუდი, მაგრამ უნდა მოხდეს გადახალისება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დარგის (მეცხვარეობის) გარეშე დავრჩებით და ეს იქნება დიდი კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამბობს კოღუაშვილი.
მისი თქმით, ხორცის იმპორტი ხორცილედება ინდოეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ეს არის ტროპიკული ხორცი, რომელიც დაბალი ხარისხისაა და ჩვენი გენეტიკისა და კვების კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.