დროებითი საგაფიცვო ზავის პერიოდი სრულდება

დროებითი საგაფიცვო ზავის პერიოდი სრულდება

საპროტესტო ტალღა თითქოს მინელდა, მაგრამ ამა თუ იმ კომპანიის გაფიცვის მოთავე თანამშრომლები სტარტზე დგანან. თუკი უახლოეს დღეებში მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მათ წარმოუდენიათ, დროებითი ზავი დაირღვევა, გაფიცვები კი ახალი ძალით იფეთქებს.

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები, რკინიგზელთა პრობლემების მოსაგვარებლად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მის მოადგილეს, დიმიტრი ქუმსიშვილს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

რკინიგზის თანამშრომლები სურვილს გამოთქვამენ, ახალ მთავრობასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წვლილი შეიტანონ.

«საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები: მემანქანეები, მემანქანეების თანაშემწეები, სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოების თანამშრომლები, სხვადასხვა სადგურების, სასიგნალო-საკონტროლო, ასევე, სარემონტო და სხვა სამსახურების წარმომადგენლები, ვაცხადებთ რომ, პატივს ვცემთ საქართველოს და საერთაშორისო შრომით კანონმდებლობას, ახლადარჩეულ მთავრობას და ვაცნობიერებთ ყველა იმ პრობლემას, რის წინაშეც დგას ქვეყნის ხელისუფლება.

ეკონომიკის ახალი მინისტრის თხოვნის საფუძველზე ჩვენი გაფიცვა წინა კვირას შემოიფარგლა 2 საათით. ასევე შევაჩერეთ ყოველგვარი საპროტესტო მოძრაობა. ვთხოვთ გიორგი კვირიკაშვილს ან მის პირველ მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილს, შეგვეხმიანოს დაპირებისამებრ და დავიწყოთ დიალოგი რკინიგზელთა უკიდურესად მწვავე პრობლემების გარშემო», - აღნიშნულია რკინიგზელთა განცხადებაში.

ამასთან, რკინიგზელები მზად არიან დიალოგის სანაცვლოდ არ გამოიყენონ გაფიცვის უფლება. «მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით მოცემული გაფიცვის უფლებისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამაფრთხილებელი გაფიცვიდან 2 კვირაში ჩავატაროთ სრულმასშტაბიანი გაფიცვა, გვესმის რა, პასუხისმგებლობის სიმძიმე ქვეყნის წინაშე, მზად ვართ მოლაპარაკების და დიალოგის სანაცვლოდ არ გამოვიყენოთ აღნიშნული უფლება», - ნათქვამია განცხადებაში.

რკინიგზელების მტკიცებით, მათ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან საერთო არაფერი აქვთ. ახლა ჯერი კვირიკაშვილის უწყებაზეა. ეკონომიკის სამინისტრომ დროულად უნდა დაიწყოს დიალოგი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კომპანიის თანამშროლებთან.

ბოლო დღეებში საგაფიცვო ტალღა ასე თუ ისე ჩაცხრა. პროტესტი დასრულდა ტყიბულში, ბორჯომში, რკინიგზაში, «თელასში» თუმცა ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდეა. ისევ დაძაბულობაა ჭიათურაში, «საქართველოს რკინიგზაში», ხოლო თუკი მოსკოვს გაფრენილმა «თელასის» ხელმძღვანელმა ზურაბ არსოშვილის თანამდებობის გათავისუფლების ბრძანება არ ჩამოიტანა, «თელასელების» ნამდვილ ძალას მაშინ დავინახავთ.

გარდა ამისა, საგაფიცვო მუქარას ახალ-ახალი ამქრის წარმომადგენლებიც ავრცელებენ. მაგალითად, სამარშრუტო მიკროავტობუსის თბილისელი მძღოლები მარტო გაფიცვასაც არ ყაბულდებიან.

«თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, გაფიცვით ხომ გავიფიცებით და ჩვენი ძველი სამარშრუტოებით გამოვალთ და ტარიფსაც ჩვენით შევამცირებთ და ისე ვივლით», - აცხადებენ «მარშრუტკის» მძღოლები. ისინი ყოველდღიური, გეგმური გადასახადის შემცირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან არ დაიხევენ. როგორც მძღოლები აცხადებენ, კომპანია «თბილისის მიკროავტობუსის» ხელმძღვანელობას ყოველდღიური, გეგმური გადასახადის 15 ლარით შემცირების მოთხოვნით უკვე მიმართეს, თუმცა კომპანიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

«ასე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, მით უმეტეს, ზამთარი მოდის და მანქანას მეტი გამართვა და მეტი საწვავიც დასჭირდება. ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ და თუ მოთხოვნას არ დაგვიკმაყოფილებენ, გავიფიცებით», - აცხადებენ მძღოლები.

არადა, უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ გაფიცვები ქვეყნის იმიჯზე და ინვესტიციების ზრდაზე გავლენას ახდენს. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატაში განმარტევენ თუ გაფიცვები გაგრძელდება, ინვესტორების მხრიდან ინტერესი მკვეთრად შემცირდება.

«სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში დაწყებული გაფიცვები ხელს უწყობს ურთიერთობების დაძაბვას სოციალურ პარტნიორებს შორის და საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.  ჩვენ მხარს ვუჭერთ მომუშავეთა კანონიერი უფლებების დაცვას, თუმცა არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზე მოტივირებული გამოსვლები ბიზნესის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს», - აცხადებენ საერთაშორისო სავაჭრო პალატაში.

სავაჭრო პალატა უმსხვილესი მსოფლიო ბიზნეს-ორგანიზაციაა, იგი 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ასიათასობით კომპანიას აერთიანებს. მათ მიერ გაკეთებულ ანალიზს ინვესტორები ყოველთვის ყურადღებით ეკიდებიან.