"პარტიული ამოცანაა, ქვეყნის ცხოვრებაზე „ნაციონალების“ გავლენა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“

98 ხმით პარლამენტმა გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მე–5 პრემიერია. გახარია დაწინაურებას აპროტესტებენ „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეები, რომლებმაც დილიდან „სირცხვილის კორიდორების“ მოაწყვეს პარლამენტთან. გიორგი გახარიას პრემიერობის წინააღმეგ გამოვიდა არასამთავრობოების ნაწილი და ამბობენ, რომ 20–21 ივნისის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

ახალი პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობას ბევრი კარგი ინიციატივა და გეგმა აქვს და ახლა არის დრო, კონცენტრირებული ვიყოთ შედეგებზე. როგორც გახარია ამბობს, სრულად, ეფექტურად უნდა ამუშავდეს სახელმწიფო ბიუროკრატია იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა, როგორც შედეგი, თითოეულ მოქალაქემდე მიიტანონ.

„ეს არის ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა – საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მაქსიმალურად სწრაფად, გაზომვადი შედეგები ვაგრძნობინოთ მოსახლეობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ტელეკომპანიების ვალებზე ისაუბრა და პირველი დავალება ფინანსთა მინისტრს მისაცა – სწრაფად დაიწყოს ამ თანხების მიქცევა ბიუჯეტში. როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიზნესები ხშირად ფარად იყენებენ მედიას, რაც დასასრულებელია.

„არ არის სწორი, როდესაც არათანაბარი პრინციპების გამოყენება ხდება სხვადასხვა სახის ბიზნესების ან სექტორალურად სხვადასხვა ბიზნესების წარმომადგენლებთან. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვერ მანახებთ ვერც ერთ მედიასაშუალებას, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ მედია. ყველა არის სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებების ან კონგლომერატების ნაწილი. მათი ინტერესები ისეა გადანაწილებული, რომ ბევრ შემთხვევაში, ფარად იფარებენ მედიას იმისთვის, რომ სხვა ძირითადი ბიზნესები, სადაც ძირითად კომერციულ საქმიანობას აწარმოებენ, დაიცვან ელემენტარულად ბიუჯეტში გადასახადების გადახდისგან. ეს არის დასასრულებელი და დასამთავრებელი. მე როგორც ვიცი, საბედნიეროდ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები აღასრულოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას შეფასებით, მსგავსი ტიპის მედია ობიექტური ვერ იქნება, რადგან მათ უკვე აქვთ სუბიექტური ინტერესი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული.

„თამაშის წესები ყველასთვის უნდა იყოს ერთი. მე გპირდებით, რომ ფინანსთა სამინისტროს მოვუწოდებ, მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ამ თანხების მიქცევა სახელმწიფო ბიუჯეტში, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელი მედიასაშუალებაა და რომელ ბიზნესჯგუფს განეკუთვნება და რა ორიენტაციის არის ეს მედიასაშუალება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება და მთავრობის პასუხისმგებლობის დონეც იზრდება.

„როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს მოუგონოს რაღაც სხვა სახელი, ან როდესაც ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან, შეიძლება, რაღაცით იყოს გამართლებული, პოლიციასთან, რომელიც იცავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სახელმწიფო ინსტიტუტს. უბრალოდ შეუძლებელია, რომელიმე, თუნდაც განვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოში, მსგავს ქმედებას მოჰყოლოდა ასეთი შედეგები. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ვუთხრათ მათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა არსებული დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ეს სიმართლე ჩვენ უნდა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე, თითოეულ პასუხისმგებლიან მოქალაქემდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამბიციური და მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილის გეგმები. თავდაცვის მინისტრი ერთ–ერთი მთავარ ამოცანად ახალგაზრდების ნარკოტიკებისგან დახსნას ასახელებს. ამბობს, რომ იქნება თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი. მიდის ძალიან მაღალი მოტივაციით და აცხადებს, რომ იქნება აბსოლუტურად მობილიზებული მთელი მისი ენერგიით და გამოცდილებით.

„ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე არის ახლა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი, ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი.

უახლოეს მომავალში მე წარვუდგენ საზოგადოებას დაპირებულ რეფორმას, ჩემი ერთ–ერთი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, ნარკომანიას, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია და რაც მთავარია, დავახვედრო მათ ის პირობები, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს ძალიან საამაყო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობა მუშაობას შეუდგა. ანალიტიკოსის, ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ გახარია მოქმედებებში იქნება შეზღუდული, იქნება რთული, რადგან რეალურად, გახარია არ არის პირველი პირი აღმასრულებელი ხელისუფლების. პირველი პირი არის ივანიშვილი და თუ ვინმე შეზღუდავს, შეზღუდავს ივანიშვილი. სხვა შემზღუდავი ფაქტორი ძაბირაძის განცხადებით, გახარიას არ აქვს.

„არ არის ეს აქციები ისეთი, რომ მთავრობის მოქმედებებს ხელს უშლიდეს. არის პროტესტი, რომელიც გადაჭარბებულია, გაწელილია, ფაქტიურად აღარ მუშაობს საზოგადოებაზე. სათქმელი რაც იყო ითქვა ყველაზე მიუღებელ ფორმაში და ამ მხრივაც ლიმიტი ამოწურულია. საზოგადოება ამ თემაზე არ რეაგირებს უკვე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი სადღაც გაქრა, ეს პროტესტი მოსახლეობის მეხსიერებაში დაილექა, თავის დროზე ის იმუშავეს და იქნება ერთ–ერთი დეტონატორი, მაგრამ ამჟამად და ამ წუთში არ მუშაობს. ოპოზიცია ამას არ ხვდება და ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავეს. ასე რომ, ამ მხრივ გახარია შეზღუდული არ არის“, – აცხადებს ძაბირაძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, საზოგადოებაზე არ მუშაობს გახარიას ფრაზა – მე თქვენ დაგამთავრებთ, რადგან ესეც არის ძველი ოპერიდან. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს რამდენიმე საყრდენი მომავალი არჩევნებისთვის, წერტილი რომლითაც უნდა იმუშაოს.

„ერთ–ერთი არის დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც მისთვის არის ხელსაყრელი, ეს არის და მეტი არაფერი. სხვა როგორ უნდა დაასრულოს გახარიამ „ნაციონალური მოძრაობა“, ვინც დასაჭერი იყო ან - არა, დაიჭირეს, მეტი რა უნდა გააკეთოს? ის, რომ მე თქვენ დაგასრულებთ და ა.შ. არის პაირი და მეტი არაფერი. რომელსაც ხელისუფლებისთვის შედეგი მოაქვს.

გაიმეორებენ ისევ იმას, რომ ჩვენ თუ წავალთ, ნაციონალები მოვლენ, ეს ფაქტორია, მეტი არაფერი. გახარიას პრობლემა არ არის 20–21 ივნისის მოვლენები, პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყანაში პრინციპული პროცესის შეცვლის თავი არ აქვთ, ეს პროცესი მიდის დაღმავალი გზით. ეს არის და ეს“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტი ერთწლიანი კაბინეტია და მისი ძირითადი ფუნქცია არჩევნებამდე ქვეყნის ნორმალურად მიყვანაა. პოლიტოლოგის თქმით, გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი გეგმებით ამ კაბინეტს ვერ აამუშავებენ, რადგან მას ოთხი წელი არ აქვს.

„არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა საკმაოდ სერიოზული მოვლენაა, რადგან ქვეყანა ცხოვრობს, ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას თავისი მოთხოვნები აქვს. ყველა ეს საკითხი გადაწყდება. მაგრამ ამ საკითხების გადაწყვეტა იქნება ერთწლიანი პერიოდის ფარგლებში. ახალ კაბინეტს, გარდა სამეურნეო და საგარეო პოლიტიკური თუ სხვა პრობლემების გადაჭრისა, ერთი შედარებით ახალი პრობლემა აქვს, რაც გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უფრო მკაცრ დამოკიდებულებას. პარტიული ამოცანა დგას ამ კაბინეტის მუშაობის უკან. ეს პარტიული ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ, ჩემი აზრით, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ქვეყნის ცხოვრებაზე „ნაციონალების“ გავლენა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.