შეტევა გენურ პროდუქციაზე, ანუ მთელ სამომხმარებლო ბაზარზე

შეტევა გენურ პროდუქციაზე, ანუ მთელ სამომხმარებლო ბაზარზე

სოფლის მეურნეობის აღორძინებასთან ერთად ახალმა მთავრობამ საეჭვოდ იაფი, უხარისხო და გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის წინააღმდეგაც დაიკაპიწა ხელები. ბრძოლა კი ძალიან სერიოზული იქნება, რამდენადაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის 3/4 გმო ნაწარმითაა გაჯერებული. ის ნაწარმიც კი, რომელიც მომხმარებელში დიდი სანდოობით სარგებლობს, ხშირად გენური ინჟინერიის შედეგია.

„მწვანეთა პარტია“ ქართულ ბაზარზე არსებული გმო პროდუქციის ჩამონათვალს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობა გენმოდიფიცირებული თესლის და სანერგე მასალის იმპორტის აკრძალვას და გენმოდიფიცირებული პროდუქციის სავალდებულო მარკირებას გეგმავს.

პარტიის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, მითითებული პროდუქციის ანალიზი რუსეთის მწვანეების მიერ მოსკოვის ციტოლოგიის ინსტიტუტშია ჩატარებული. ჩამონათვალში, ძირითადად, ხორცეული, თევზეული და სხვა მზა პროდუქცია მოხვდა, ხოლო მწარმოებლები რუსული კომპანიები არიან. მათ შორისაა ხორცპროდუქტების საწარმო „მიქოიანი“, „დარია პოლუფაბრიკატი“, „ჩერკიზოვსკი“, „კამპომოსი“, „ხორცკომბინატი კლინსკი“ და სხვები.

საქართველოში „მიქოიანის“ პროდუქცია საკვები პროდუქტების და სასმელების ერთერთ უმსხვილეს დისტრიბურ კომპანია „კანტს“ შემოაქვს. „კანტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მიქოიანი“ ისეთ ქვეყნებში შედის, სადაც ხარისხის კონტროლი საქართველოსთან შედარებით გაცილებით მკაცრია და პროდუქციაში გენმოდიფიცირებული ელემენტების არსებობა აქამდეც დადგინდებოდა. მათივე თქმით, პროდუქციის შემოტანამდე ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ამოწმებენ და ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში რუსული პროდუქცია მეტ-ნაკლებად მაღალი სანდოობით სარგებლობს. მათი დიდი ნაწილი კი გენმოდიფიცირებულია. ადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაა კიდევ უფრო მდარე ნაწარმთან (თურქული, ჩინური, ინდური) დაკავშირებით, რომელიც უფრო იაფი ღირს და მთელ სამომხმარებლო ბაზარზე დომინირებს.

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, ბაზრის რა ნაწილი უკავია გენმოდიფიცირებულ (გმო) საკვებს.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში სამომხმარებლო ბაზრის დაახლოებით 3/4 გენმოდიფიცირებული ნაწარმითაა გაჯერებული.

წინა მთავრობა გმო პროდუქციის წინააღმდეგ კანონის ამოქმედებას მუდმივად აჭიანურებდა და თავს იმით იმართლებდა, რომ საქართველოში მოსახლეობის 50-60% ღარიბია, 25% კი - ღატაკი. ამ კატეგორიას კი საკვებად იაფი სურსათი სჭირდება.

სურსათის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გენმოდიფიცირებული საკვების ბაზრიდან გაქრობა პროდუქტების გაძვირებას არ გამოიწვევს. ეთერ სარჯველაძის განმარტებით, რეალურად არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს ბიოპროდუქტის წარმოება, რაც გაცილებით მეტ მოგებას მოიტანს.

„აუცილებლად უნდა ხდებოდეს გენმოდიფიცირებული ნაწარმის მარკირება, რაც მომხმარებლის ელემენტარული უფლებაა. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს რით იკვებება, რას სთავაზობენ მას, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი. აქამდე ეს საკითხი იგნორირებული იყო.

საქართველოში გენმოდიფიცირებული და არაგენმოდიფიცირებული საკვების ფასს შორის დიდი სხვაობა არ არის. აქედან გამომდინარე, აკრძალვა არ გამოიწვევს არანაირ ფასის ზრდას. ერთადერთი, ამის შედეგად შეუმცირდებათ შემოსავალი იმ ვაჭრებს, რომლებსაც ქვეყანაში გენმოდიფიცირებული საკვები შემოაქვთ. ისინი ძალიან იაფად ყიდულობენ ასეთ პროდუქტებს და საქართველოში ძვირად ყიდიან“, - აღნიშნავს ეთერ სარჯველაძე.