„გახარია მოზიდულია ერთჯერადი ამოცანის შესასრულებლად - 2020 წლის არჩევნებში მაქსიმალური შედეგის მისაღებად“

„გახარია მოზიდულია ერთჯერადი ამოცანის შესასრულებლად - 2020 წლის არჩევნებში მაქსიმალური შედეგის მისაღებად“

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება აღარ ფიქრობს კრიტიკული ელექტორატის მოზიდვაზე, რადგან იცის, რომ ეს ოცნება ფუჭია. ახლა ხელისუფლების მიზანია – „ანტინაცის“ მაქსიმალური მობილიზება და გააქტიურება, რაც ძირითადი საყრდენი უნდა გახდეს. ხუხაშვილის შეფასებით, გახარიას პრემიერობა არსებულ სისტემას უფრო ეფექტურს გახდის, მაგრამ სხვა საკითხია ამ ეფექტურობის ამოცანა რა იქნება - ვიწრო პოლიტიკური ინტერესის დაკმაყოფილება, თუ სახელმწიფო ინტერესების გადაწყვეტა?

for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ბახტაძის გახარიათი ჩანაცვლებით მმართველობის კუთხით რა შეიცვლება, როდესაც არც ერთი ახალი სახე მთავრობაში წარმოდგენილი არ არის?

გია ხუხაშვილი: სისტემურად არაფერი არ შეცვლილა. სისტემა ისევ ისეთია. ძალის და ინსტიტუციური ცენტრები ისევ დაშორებულია ერთმანეთისგან. ერთი ადამიანის მარიონეტების თეატრი გრძელდება. ჩვენ იგივე სპექტაკლი ფარგლებში ვართ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ხარისხობრივად რაღაცა შეიცვლება.

რა მიმართულებით და რა ნაწილში ელოდებით ცვლილებას?

– შეიცვლება იმ მიმართულებით, რომ სისტემა, ალბათ, ცოტათი უფრო ეფექტური გახდება. სხვა საკითხია ამ ეფექტურობის ამოცანა რა იქნება - ვიწრო პოლიტიკური ინტერესის დაკმაყოფილება, თუ სახელმწიფო ინტერესების გადაწყვეტა? –სამწუხაროდ, რიტორიკული კითხვაა. მაინც მეჩვენება გახარიას ამოცანა არის წინასაარჩევნო კამპანია.

ანუ, ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია გახარია?

– ხელისუფლებამ ჩათავალა, რომ გახარია არის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი და არა ადამიანი, რომელმაც უნდა მოახერხოს სახელმწიფოებრივი განვითარება. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას ერთადერთი ამოცანა აქვს - თვითგადარჩენის მცდელობა, ჩათვალეს, რომ ამისთვის გახარია ოპტიმალური კანდიდატია და პრინციპში, წმინდა პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისით, შეიძლება დავეთანხმო კიდევაც. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი აქვს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ გახარიაზე უკეთესი კანდიდატი იქ არავინ არის. მას აქვს გარკვეული უნარები, რაც საინტერესოა. გარდა ამისა, თვითონ პოლიტ–ტექნოლოგიური მონახაზი რაც იცის „ქართულმა ოცნებამ“ – ისევ გახლეჩაა, საზოგადოების პოლარიზაცია და იმ განცდის შექმნა, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა – კეთილი ძალა „ქართული ოცნება“ და ბოროტი ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“. ამ სქემის დასალაგებლად საჭირო იყო ანტიგმირი გახარია. საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილში გახარია არის ანტიგმირი და ამ ფრონტის ხაზზე რომ არ იყოს დაშვებული ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა, ვფიქრობ, პოლიტიკურად არის სწორი ნაბიჯი.

ანტიგმირისთვის მთავრობის პირველი პირობა, რამდენად რთული გამოწვევის წინაშე აყენებს თავად გახარიას, რატომ მაინც და მაინც ანტიგმირი, გათვლა არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები?

– ვფიქრობ, ერთი მზეზი ეს არის. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწინად ივანიშვილს უნდა დამალვა, დაიღალა იმით, რომ ყველა პრობლემის ვექტორი მისკენ არის მიმართული. გარკვეულწილად, მას იმედი აქვს, რომ ამ ნაგვის გარკვეულ ნაწილს მაინც გახარია თავის თავზე წაიღებს. ანუ, სამიზნე უფრო გახარია გახდება, ვიდრე ივანიშვილი და მას მიეცემა გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება.

ყველა შემთხვევაში, გახარიას გაპრიმერება უკავშირდება საარჩევნო პროცესს. გამომდინარე იქდან, საბოლოო ჯამში, გახარია რა მდგომარეობაში იქნება წინასაარჩევნო, ან პოსტსაარჩევნო პერიოდში, ამის შესაბამისად იქნება შემდეგი გადაწყვეტილება მიღებული. ერთია, რომ დატვირთო ადამიანი ნაგვით და მოისროლო, მეორეა თუ ის გაუძლებს და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება, კიდევ რამდენიმე პერიოდი დარჩეს.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილს 20–21 მოვლენების შემდეგ გარკვეული კომფორტი გაუჩნდა გახარიასთან. მანამდე, პრინციპში, გახარია გარკვეულწილად ეჭვიანობის საფუძველს აძლევდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები ივანიშვილს არ უყვარს თავის გარემოცვაში.

ანუ, გამოდის, რომ 20–21 მოვლენების შემდეგ გახარია პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს ივანიშვილისთვის?

– რა თქმა უნდა, დაზიანებულია, კომპრემეტირებულია და კომპრომეტირებული ადამიანებთან ეს კომფორტი ივანიშვილს ყოველთვის აქვს. ახლა გახარია მისთვის არის ძაფზე დაკიდებული მორიგი მარიონეტი და მეტი არაფერი, რომელსაც როცა უნდა მაშინ მოისვრის.

მოვლენები ადასტურებს, რომ მთავარი აქცეტი კეთდება 2020 წლის არჩევნებზე. 20–21 ივნისის მოვლენები; მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა; სოციალური აფეთქების რისკი და ა.შ.ოცნებამიგრძნო, რომ პროპორციული არჩევნები მისთვის ნიშნავს დაემშვიდობოს ხელისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტა გახარიას შემოყვანა, ანუ ძლიერი ხელი დასჭირდაოცნებას“?

– ძლიერ ხელში არ არის საქმე. გარკვეულწილად კი, ეფექტურობის თვალსაზრისით, ანუ ვერტიკალის დაწმენდის და დისციპლინის თვალსაზრისით, კი ბატონო, ძლიერი ხელის საჭიროებას გავიზიარებ, სწორია, მაგრამ გახარია უფრო დასჭირდა იმისთვის, მიუხედავად ამ პროპორციული არჩევნებისა, არსებული პოლიტიკური ველი შეინარჩუნოს. ანუ, ისევ ორპოლუსიანობა უზრუნველყოს, რომ ეს ორი პარტია დატოვოს პოლიტიკური ველზე, ამისთვის არის გახარია კარგი. მიუხედავად პროპორციული არჩევნებისა, რა თქმა უნდა, ეს ერთი ელემენტია, მაგრამ კიდევ არის ორი ელემენტი, რაც ხელისუფლებამ უკვე დაიწყო - ერთი ვერტიკალი, მთელი ადმინისტრაციული რესურსის მონოპოლიზება და გახარიამ ეს ფუნქცია უნდა შეუსრულს. გარდა ამისა, არის მეორე მიმართულება, ეს გახლავთ ფინანსური ნაკადების მონოპოლიზაცია და სრული კონტროლი. ამ მხრივაც გადაიდგა ნაბიჯები.

რას გულისხმობთ?

– „თიბისი ბანკზე“ შეტევის ერთ–ერთი პოლიტიკური მიზანი ზუსტად არის გზავნილის გაშვება ეკონომიკურ წრეებში, რომ არ გაბედონ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების სპონსორობა. ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მოგებას კი არ ფიქრობს, ფიქრობს, რომ მშრალზე დატოვოს მთელი დანარჩენი პოლიტიკური ელიტა და დატოვოს ეს მანკიერი მოცემულობა, რაც დღეის მდგომარეობით გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ასე არის მოწყობილი – ფულის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ანუ დილას ფული და საღამოს სკამი, - პრინციპში, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამის შანსები აქვს. თუ მან მოახერხა ფინანსური ნაკადების მთლიანად მონოპოლიზება და გამოაშრო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ამ შემთხვევაში, ის არჩევნებს კი არ იგებს, არამედ ყიდულობს.

შეძლებს ივანიშვილი ფინანსური ნაკადის მონოპოლიზებას?

– კი და ეს პროცესი დაწყებულია, ჩაშვებულია. „თიბისის“ საქმით ბიზნესს უთხრა, რომ გაფიქრებაც კი არ გაბედონ.

ერთია რა უთხრა და მეორეა რას იზამს ბიზნესი?

– ბიზნესი, როგორც წესი, ძალიან ფრთხილია ასეთი გზავნილებისადმი და ეს ყოველთვის ასე იყო. გაგახსენებთ ბადრი პატარკაციშვილზე შეტევას, როგორ მოიქცა მაშინ ბიზნესი და არა მხოლოდ მაშინ. ამ ხელისუფლების პირობებში გარკვეული პერიოდი ბიზნესს ჰქონდა ილუზია, რომ მას გარკვეული თავისუფლება აქვს, მაგრამ დღეის მდგომარეობით უკვე ცალსახა გზავნილებს უშვებს ხელისუფალი, რომ არც კი გაბედონ რაიმე ამის მაგვარი.

ნახეთ როგორი მოცემულობაა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად არის ამომრჩევლის დაახლოებით 40%, დანარჩენი 60% განიხილება როგორც სამობილიზაციო რესურსი, რომელიც, წესით, უნდა გადანაწილდეს სხვა პარტიებზე. იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ არც წინა ხელისუფლება და არც დღევანდელი. მაგრამ, თუ შეთავაზება ბაზარზე ვერავინ ვერ მოახერხა, სხვადასხვა მიზეზებით, რესურსების არქონის, წარსული ცოდვების, თუ სხვა მიზეზით, ასეთ ვითარებაში ამ სამობილიზაციო ნაწილის გარკვეული რესურსი დარჩება სახლში, გარკვეული ნაწილი უბრალოდ გაიყიდება და გაიყიდება იმაზე, ვინც მეტს გადაუხდის. ფული არ მაქვს მხედველობაში, უბრალოდ, ეს ადამიანები ასე ფიქრობენ – სხვა არჩევანი არ არის, არც ერთი არ მომწონს, მაგრამ ვინც გადამიხდის, იმას გადავუგდებ ჩემს ხმას.

დღეს ხელისუფლება ამ ვითარების შექმნას ცდილობს საარჩევნოდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გამოვა, მაგრამ ხელისუფლებას სხვა თამაში არ აქვს, მიუხედავად იმისა, გამოუვა თუ არა, იძულებულია, ასე ითამაშოს, სხვა არაფერი არ იცის, არ უსწავლია სხვა არაფერი. რაც ისწავლა იმას აკეთებდა ყოველთვის და ახლაც იმას აკეთებს.

გასაგებია, რომ ამ ცვლილებით ივანიშვილი ცდილობს აქცენტი გააკეთოს გაბრაზებულ ამომრჩეველზე, რაც საკამაოდ დიდი ციფრია, მაგრამ ძველი სახეების დაბრუნება მინისტრთა კაბინეტში და ძალოვანი უწყების ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირებისთვის ჩაბარება, ამით რას ეუბნება მმართველი ძალა ამომრჩეველს?

– არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქ რაღაცა პოლიტიკური გზავნილის გაშვება ჰქონოდა მიზნად. ეს არის წმინდა შიდა მენეჯმენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მისი საკამოდ ხისტი განცხადებები, რომელიც გუშინ გააკეთა და არც თუ აქტუალური, მისი თავდაცვის სამინისტროში გაშვებით, ფაქტობრივად, გაიყვანა საჯარო პოლიტიკიდან. იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრის სტატუსით საჯარო პოლიტიკაში ყოფნა გაუგებარი იქნება. ამიტომ, ის რბილად გაიყვანეს პოლიტიკიდან. თუმცა, ამასთანავე, იგივე, საგარეო–უსაფრთხოების თემები, ბიძინა ივნაშვილმა პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა მომავალში დასავლეთთან სავაჭროდ. ღარიბაშვილისთვის ბიძინა ივანიშვილს კეთილგანწყობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ფასეულობათა სისტემა, ან ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი. შესაბამისად, ივანიშვილს მასთან აქვს კომფორტი მომავალ დიდ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში. ეტყვის ნატოში – ღარიბაშვილი იტყვის ნატოში, ეტყვის წითელ არმიაში – ღარიბაშვილიც იტყვის წითელ არმიაში. ბევრი სხვისგან განსხვავებით ღარიბაშვილს ეს პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ღარიბაშვილი ბევრად უფრო კომფორტულია ივანიშვილისთვის.

რაც შეეხება გომელაურს, მიუხედავად შიდა გადაადგილებებისა, არაფორმალურად შსს და სუს უკვე ერთი სახურავის ქვეშ მოიაზრება. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ კონტროლს იღებს ამ უწყებაზე. მოგეხსენებათ გომელაური მისი პირადი ნდობით აღჭურვილი პირია. გახარიას ვერტიკალში მისი მოაზრება შემთხვევითობა არ არის. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდი სერიოზული დაპირისპირება იყო ამ ორ უწყებას შორის. ახლა, ფაქტობრივად, ისევ გაერთიანდა ეს ორი უწყება, ჯერ ფორმალურად არა, მაგარმ ფაქტობრივად გაერთიანდა და პირდაპირ მართვაში აიღო ბიძინა ივანიშვილმა.

ანუ, დღეის მდგომარეობით გახარია ინსტიტუციურად უკვე ძლიერი ვერ არის. ამიტომ ვამბობ, რომ გახარია მოზიდულია ერთჯერადი ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია 2020 წლის არჩევნებში მაქსიმალური შედეგის მიღება. გახარიაზე უკეთესი ამ როლზე, იმ პოლიტ–ტექნოლოგიური ხაზიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ნამდვილად არავინ არ ჰყავს. ერთი მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ გახარია ანტიგმირია და ანტიგმირი სჭირდებოდა, გმირი არ სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, რადგან ახლა მთავარი ამოცანა არის შუას გაკრეფა. შუა რომ გაკრიფო, ამისთვის ანტიგმირია საჭირო, რომ ფრონტის ხაზმა მასზე გაიაროს - არა ბიძინა ივანიშვილზე, არამედ გახარიაზე. გახარია, გარკვეულწინად მახეშია მოქცეული, მაგრამ მას სხვა რა თამაში აქვს?

გამორიცხავთ, რომ მან დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში?

– 20–21 რომ არ ყოფილიყო, თეორიულად შეგვეძლო დაგვეშვა. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ჭკვიანია და ქარიზმატულიც, „ქართული ოცნების“ დანარჩენი შემადგენლობიდან განსხვავებით, გარკვეული საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა, შეგვეძლო დაგვეშვა მისი რაღაცა წონის პოიტიკოსად ჩამოყალიბება, მაგრამ 20–21 ივნისის ღამემ იმდენად დააზიანა, რომ მას მანევრის საშუალება არ აქვს, მთლიანად ძაფზე დაეკიდა, რომელიც ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილს უჭირავს.

tngh გახარია ერჯერადი ამოცანის შესასრულებლად არის... სამაგიეროდ ღრმად პატივცემული "ხუხა" არის მრავალჯერადი "განდონი"...
5 წლის უკან
tngh გახარია ერჯერადი ამოცანის შესასრულებლად არის... სამაგიეროდ ღრმად პატივცემული "ხუხა" არის მრავალჯერადი "განდონი"...
5 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი თავდაცვის მინისტრი საჯარო პოლიტიკაში რატომ არ არის? მინისტრი და მტავრობის კაბინეტის წევრია და პოლიტიკაში როგორ არ იქნება? ამას რომ ტავი დავანებოთ, მთელი ეს ანალიზი მცდარ წანამძღვარზეა აგებული - 20 ივნისის გამო გახარია ვისთვის ანტი გმირი, ვისთვის კი სწორედაც გმირი გახდა. დარწმუნებული ვარ - ქართველტა დიდი უმრავლესობისთვის, ის ანტი-გმირი ნამდვილად არ არის. ის ოცნებაში ყველაზე მძლავრი ფიგურაა ივანიშვილის შემდგომ, რა ტქმა უნდა. თუმცა მანძილი "ზალისა და ინსტიტუციურ ცენტრებს შორის - შემცირდა, რადგან გახარიას მტკიცე ნება და რეპუტაცია, მე ვიტყოდი - ქარიზმაც კი, მას საშუალებას აძლევს ძალის ცენტრიც იყოს. და იქნება კიდეც. მარტალია მაინც ივანიშვილის ხელდასმით, მაგრამ არა ისე, რომ ძაფზე ისე ეკიდოს, როგორც ეს ბატონ გიას წარმოუდგენია.
5 წლის უკან
Maverick დაანებეთ თავი ამ ანნალლ ტიკტიკოსს, ვეტრ ხედათ ბოღმიგან თანდათან მუმიას რომ ემგვანება,მალე ალბათ საერთოგ შარშანდელი თოვლივით დადნება და გაიპარება...
5 წლის უკან