„გვინდა ისეთი ჯარისკაცი, ვინც „გირჩის“ ცნობას აიღებს და, რომელსაც არ უნდა სამშობლოს ემსახუროს?!“

„გვინდა ისეთი ჯარისკაცი, ვინც „გირჩის“ ცნობას აიღებს და, რომელსაც არ უნდა სამშობლოს ემსახუროს?!“

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ხმაურიანი განცხადებებით იწყებს. პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარტია „გირჩის“ საქმიანობა სექტას შეადარა, რომლის საქმიანობა ღარიბაშვილის განცხადებით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას. როგორც ღარიბაშვილმა საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება.

„არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას. ჩემთვის, როგორც გარედან მაყურებლისთვის, ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩემი მინისტრობის ერთ–ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირებული იყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელების პროცესში დასავლური ქვეყნებს გამოცდილებას გაიზიარებენ. მისი თქმით, უნდა მოხდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაორგანიზება იმ ფორმით, როგორც არის აპრობირებული ცივილიზებულ სამყაროში.

„ჩვენ აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას. ამ დღეების განმავლობაში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია. არის კიდევ სხვა გამოცდილებები, მაგალითად, ისრაელის, რომელიც ჩემთვის ერთ–ერთი სამაგალითოა. ამიტომ მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და აქტიურად მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომლის განცხადებით, მოტყუებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება უპასუხისმგებლო საქციელია. მისი თქმით, წვევამდელთა ვალდებულება და ქვეყნის წინაშე სამხედრო სამსახური ადეკვატური და პროპორციული უნდა იყოს ახალგაზრდების ცხოვრებისეულ ინტერესებთან, რომელიც ასევე ქვეყანას უკავშირდება. სესიაშვილის თქმით, მათ ახალგაზრდების კარიერული ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ამავდროულად, უნდა შექმნან ის სისტემა, რომელიც თავდაცვის ინტერესებს გააძლიერებს.

„პრობლემას და გამოწვევას თვალებში უნდა შევხედოთ. ასევე, უნდა მოვუსმინოთ საზოგადოების გარკვეულ წუხილებს. ჩვენ ამ პრობლემას, როგორც ერთჯერად გამოწვევას, არ უნდა შევხედოთ. სამხედრო სავალდებულო სამსახური, ეს არის კომპლექსური საკითხი და არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სისტემას, ეს ეხება სხვა უწყებებსაც. ამიტომ ჩვენ ამას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და ზოგიერთ თავხედ პოლიტიკოსსა და ექსპერტს ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ. ჩვენ დრო უნდა დავუთმოთ რეფორმას“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც ირკვევა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავდაცვის კომიტეტმა ამდენჯერმე გაიარა საკითხი, რომელიც გაწვევის კომპლექსურ რეფორმას ეხება და შეჯერდნენ, რომ თითოეული მოქალაქე უნდა ემსახეურებოდეს ქვეყანას.

უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით პროგრამა ჩამოსაყალიბებელია და რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა ჩამოაყალიბებს ამ საკითხს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ახალგაზრდებს საჭიროა ჰქონეთ მოტივაცია, რომ ჯარი მათ იმ უნარ-ჩვევებსა და განათლებას მისცემს, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.

„ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით, პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რადგან ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეს მეტი. სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ უნდა წავიდნენ და იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება. აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას, უნარ–ჩვევებს, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რასაკვირველია, ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოჰყვეს. რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა, ზუსტადაც ამ მიმართულებით გაიყვანს და ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შევფუთოთ ოპოზიციური თუ მხარდამჭერი პლატფორმებიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ღარიბაშვილს კრიტიკას უწუნებს „გირჩის“ ლიდერი და მიმართავს, რომ თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციოს, „ასავალ–დასავალში“ გახვეულს დატოვებს თავდაცვის სამინისტროსთან. ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მისთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას აზრი არ აქვს.

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო. 8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ–დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი. მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – „ასავალ–დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ღარიბაშვილის პოზიციას იზარებს ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე, თუმცა აცხადებს, რომ რაც კანონით არ არის აკრძალული, ამის კეთება ადამიანს შეუძლია. მისი თქმით, თუ „გირჩს“ კანონი არ უკრძალავს იმ სახის საბუთის გაცემას, რომლიც წვევამდელს ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან და ამ დოკუმენტს იღებს სახელმწიფო, ნიშნავს იმას, რომ „გირჩი“ კანონს არ არღვევს.

„დავსვათ ასეთი კითხვა – წვევამდელები, რომლებიც „გირჩის“ ცნობას იღებენ და ასე არიდებენ შეიარაღებულ ძალებში მსახურს თავს, გვინდა ასეთი ჯარისკაცი?! გვინდა ისეთი ჯარისკაცი, ვინც „გირჩის“ ცნობას აიღებს და ჯარში არ წავა, გვინდა ასეთი ადამიანი ჯარში, რომელსაც არ უნდა სამშობლოს ემსახუროს?! ძალით უნდა წავიყვანოთ ჯარში?! არ ვიცი, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ, რაც კანონით აკრძალული არ არის, მისი აკრძალვა შეუძლებელია. ფაქტია, რომ თავის დროზე ეს დაუშვა სახელმწიფომ, რასაც იყენებენ წვევამდელები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაიასაია ამბობს, რომ მიღებულია კანონი, სადაც საუბარია კანონიკური ტიპის რელიგიებზე, თუმცა მისი თქმით, ყველა რელიგიაზე ეს არ ვრცელდება. როგორც მაისაია ამბობს, მეორე მხრივ არის კიდევ ცნება რელიგიური სექტების სახით, რომელიც ორგანული კანონით რეგულირდება.

„შესაბამისად, „გირჩმა“ თავისი ავანტურისტული გადაწყვეტილებებით უფრო სექტანტური ტიპის ორგანიზაცია შექმნა და ამით აკეთებს პოპულაციას. მე რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ვიყო, აპელირებას გავაკეთებდი ალტერანტიულ სამხედრო სამსახურზე და ვეტყოდი, თუ არ გინდა ჯარში და რელიგიური წარმოდგენები გაქვთ, რაც ხელს გიშლით ემსახუროთ სამშობლოს, არსებობს ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონი, რომლის თანახმად თავისუფლად შეგიძლიათ მოიხადოთ თქვენი ვალი, ამ სამსახურის ვადა 2–დან 3 წლამდეა. უფრო მეტია, ვიდრე სავალდებულო სამსახური მოიცავს. მარტივი საკითხია. „გირჩის“ მღვდელმსახური, თუ ქურუმი წავა და დაექვემდებარება ალტერნატიულ სამსახურს“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

 

DDDzia "თავისუფლად შეგიძლიათ მოიხადოთ თქვენი ვალი" - რომელი ვალი?
დაბადება ფული ღირს, ბაღი - ფული, სკოლაში სწავლა - ფული, მედიცინა - ფული, უმაღლესი განათლება (არის კი ის უმაღლესი?) - ფული, სამსახურში მოწყობა - ფული (თუ საერთოდ ნახე სამსახური მეტ0ნაკლებად ღირსეული ხელფასით), ბავშვის ყოლა -ფული, პენსია სამათხოვრო და მოხუცებულობა შვილებზე დამოკიდებული, გადრაცვალება - ფული.
თუ ყველაფერი ფული ღირს და მე ვიხდი, ნეტავ როდის დაგროვდა ეს ვალი?
რა ვალზეა საუბარი?
ამ რესპოდენტებიდან, დღეს აზრსა და ჭკუას ეკითხებით, რომელს აქვს რომელიმე არმიაში ნამსახური?
გთხოვთ, ჟურნალისტებო - პირველი შეკითხვა ეს დაუსვით ხოლმე რესპოდენტებს.
რა იციან მათ არმიის შესახებ?
არ გვყავს ოფიცერთა კორპუსი, არ არსებობს სამხედრო ტრადიციები და რაზე აპელირებენ?
რით უნდათ არმიის შექმნა?
არ გვაქვს ბიუჯეტი - წელს ტურისტები არ ჩამოვიდნენ და სახელმწიფო დაინგრა კინაღამ.
20 000 ჰექტარი სახნავ-სათრესი მიწა უცხოელებს მიყიდეთ. ქონების 100% ფლობს ჩვენი მისახლეობის 3-5% და ისინი უნდა დავიცვა? მათი ქონება უნდა დავიცვა? 100 000 ირანელი, თურქი, ინდუსი, არაბი, ჩინელი და სხვა ჩამოთრეული, რომელსაც მოქალაქეობა მიეცით, თუ იქნება ჯარში გაწვეული?
ქვეყანას არ აქვს რესურსები, წარმოება, კადრები, ვინ უნდა შექმნას არმია?
თუ თქვენ არმია მარტო თოფიანი კაცი გგონიათ?
ჯარი ეს მეცნიერებაა და არა მარტო სამხედრო, ჯარი ეს წარმოებაა, იდეოლოგიაა.
ჰო, მართლა - რა ხდება იდეოლოგიის მხრივ?
ისევ პიდარასტებს ვუჭერთ არასამთავრობოების მხარს?
პიდარასტებს თუ გაიწვევენ ჯარში?
ეეჰ, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა მძიმედაა ავად და ჯარში ქვეყნის გაწვევამდე ჯერ მკურნალობაა საჭირო.
5 წლის უკან