უსაფრთხოება და დაზვერვა იზორიას დაქვემდებარებაში გადადის

უსაფრთხოება და დაზვერვა იზორიას დაქვემდებარებაში გადადის

8 სექტემბერს პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება. ორშაბათს კი, პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებული შემადგენლობა შეიკრიბება. ამ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ ძალოვან მინისტრებს შეეხოთ.

გიორგი გახარიამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება თავად ლევან იზორიას, ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნი ხდება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსიც ხდება.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონის მიხედვით, საბჭოს მდივნის ფუნქციას პრემიერ–მინისტრი საბჭოს ერთ–ერთ მუდმივ წევრს აკისრებს. საბჭოს ერთ–ერთი მუდმივი წევრია დაზვერვის სამსახურის უფროსიც. რაც შეეხება დაზვერვის სამსახურის მოქმედ უფროსს, დავით სუჯაშვილს, არსებული ინფორმაციით, ის სუს–ში გადაინაცვლებს.

for.ge–ს ინფორმაციით, მთავრობა შსს–ს და სუს–ის გაერთიანებაზე მუშაობს. იდეა თავად გახარიას ეკუთვნის. ცვლილება ახალ წლამდე უნდა განხორციელდეს და სწორედ ამ ცვლილების შემდეგ გიორგი გახარია პარლამენტს ახალ სამთავრობო გუნდს წარუდგეს და for.ge–ს ინფორმაციით მთლიანად იცვლება მთავრობის შემადგენლობა.

ანალიტიკოსები გიორგი გახარიას კონსტიტუციის დარღვევაში სდებენ ბრალს, რომელმაც უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა, იზორიას შესთავაზა, რომელიც სტატუსით მინისტრი არ არის. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ–ერთ მუდმივ წევრს ეკისრება, მუდმივი წევრები კი არიან – საქართველოს პრემიერ–მინისტრი; თავდაცვის მინისტრი; შს მინისტრი; საგარეო საქმეთა მინისტრი; ფინანსთა მინისტრი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

თუმცა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, იმისთვის, რომ ლევან იზორიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელოს, აუცილებელი არ არის, რომ მას მინისტრის თანამდებობა ეკავოს. შესაბამისად, მდინარაძე ირწმუნება, რომ ამით კანონი არ დარღვეულა.

„არ არის აუცილებელი მას მინისტრის პოსტი ეკავოს. ეს გაწერილია კანონით. შესაძლებელია იყოს მინისტრიც, მაგრამ ეს შესაძლებელია უამისოდაც. აქედან გამომდინარე, პრობლემა, მით უმეტეს კანონისმიერი, აქ არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასე არ ფირქობს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, კანონი დაიწერა გიორგი გახარიაზე, უსაფრთხოების საბჭო არ არის საკონსიტუციო ორგანო, როგორც წინა კონსტიტუციაში იყო და, შესაბამისად, თუ დაჭირდებათ, გადააკეთონ და მოარგონ უკვე იზორიას. მისი თქმით, ამ ცვლილებასაც შეიტანენ ისე, რომ რეალურად არაფერი არ შეიცვლება ამ საბჭოს მუშაობაში.

როგორც ვანო მაჭავარიანი აცხადებს, გახარიას პრემიერ–მინისტრობა გულისხმობს იმას, რომ ის იქნება პირი, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა მთელ პროცესებზე, რომელიც წარიმართება წინსააარჩევნოდ ან შემდგომში, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაში.

„ის, რომ იზორია მოხსნილია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან და ცდილობენ, რომ მისთვის იპოვონ ადგილი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ პრობლემას, რომელიც არის „ქართულ ოცნებაში“, როგორც პარტიაში, ისე მმართველობით სისტემაში“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიუხედავად უამრავი გამოწვევისა და კრიზისისა, მათ შორის გამყოფ ხაზთან, საბჭო ერთხელაც კი არ შეკრებილა.

„ეს არის პოლიტიკური წარდგენა, შესაბამისად, თუ ცვლილებებია საჭირო, მოარგებენ იზორიას, როგორც მოარგეს გახარიას, ზუსტად იმ თანამდებობის მიხედვით, რომელიც მას ეკავა და გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვილებები, დიდი ალბათობით, სწორედ ის ცვლილებები იქნება შეტანილი უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურაში და დებულებაში“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.