რას ველი გახარიას მთავრობისგან?

რას ველი გახარიას მთავრობისგან?

ჩემი, ე.ი. ერთი რიგითი მოქალაქის განწყობა მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით, პიროვნულ დონეზე - უაღრესად პოზიტიურია. ცხადია, ბახტაძის მთავრობასაც ვენდობოდი, უფრო სწორედ - უნდობლობის რაიმე არსებითი და რეალური საფუძველი, არა მქონია, მაგრამ პიროვნულად - გახარიას გაცილებით მეტად ვენდობი, მეტიც, როგორც ძალიან ბევრს, მეც მიმაჩნია, რომ პიროვნული უნარ-თვისებებიდან გამომდინარე, გახარია ამჟამად არა მხოლოდ „ოცნების“, არამედ მთლიანად, მოქმედ პოლიტიკოსთა შემადგენლობიდან, საქართველოს საუკეთესო არჩევანია! შესაძლოა, უფრო უკეთესიც კი, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე იქნებოდა ამ პოსტზე.

რასაკვირველია, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ობიექტურად კვლავაც ყველაზე მეტი „სოციალური კაპიტალი“ აქვს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოზე ნაცების პერმანენტული შეტევის (რისი დაშვებაც უწინარესად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა), გამო, ეს „სოციალური კაპიტალი“ ძალიან გაუფასურდა.

აქ მოგვიწევს განვმარტოთ, რას გულისხმობს ეს ტერმინი „სოციალური კაპიტალი“ და როგორ შეიძლება მისი გაუფასურების შეფასება. სოციალური კაპიტალი - არამატერიალური რესურსია, იგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მიზნების მისაღწევად აუცილებელი, იმ სოციალური კავშირ-ურთიერთობების ერთობლიობა, რის გარეშეც ამ მიზნების განხორციელება შეუძლებელია, რაც უნდა დიდი იყოს, თუნდაც ამ მიზნისთვის დაბანდებული „მატერიალური კაპიტალი“. სოციალური კაპიტალი საზოგადოებრივად ღირებული მიზნების მისაღწევად სოციალური კავშირებისა და ქსელების მთავარი მახასიათებელია. ივანიშვილის მაგალითზე ეს საუკეთესოდ ჩანს - 2011 წლის 11 ოქტომბრამდე ივანიშვილი იყო საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი „მატერიალური კაპიტალი“ გააჩნდა, 2011 წლის ოქტომბრის შემდგომ იგი გახდა საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანიც, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ უმდიდრესი იყო, მან მოახერხა იმ სოციალური კავშირებისა და ქსელების ორგანიზება, რამაც სასიცოცხლოდ აუცილებელი და თითქმის შეუძლებელი ეროვნულ-პოლიტიკური მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახადა. შეიძლება ითქვას, რომ მისი „სოციალური კაპიტალი“ თავისი მნიშვნელობით გაცილებით აღემატებოდა მისსავე მილიარდებს. იგი „მილიარდერი“ გახლდათ არა მხოლოდ „მატერიალური კაპიტალის“, არამედ, ასევე - „სოციალური კაპიტალის“ ფლობის თვალსაზრისითაც! რაც მთავარია, ეს სოციალური კაპიტალი არა მხოლოდ ივანიშვილის იყო, მისი თანამოზიარე გახდა ყველა ის ადამიანი, ვინც იმედიანად უყურებდა მაშინ „ქართულ ოცნებას“....

...მას შემდეგ, რაც ინტერნეტში სოციალური ქსელები გაჩნდა, სოციალური კაპიტალის გარკვეული რაოდენობრივი შეფასება, ანუ „გაზომვა“, შესაძლებელია. კონკრეტული პიროვნების „სოციალური კაპიტალი“ ქსელში, თუნდაც ჩვენში ყველაზე პოპულარულ ფეისბუქში, შეიძლება შევაფასოთ სხვადასხვა რაოდენობრივი ინდიკატორების გამოყენებით: რამდენი კავშირი აქვს მას სხვა მომხმარებლებთან, რამდენი მეგობარი ჰყავს, რა ინტენსივობით აქტიურობს, რამდენ „ლაიკს“ იმსახურებს და ა.შ. ცხადია, ეს რაოდენობრივი მახასიათებლები „სოციალური კაპიტალის“ ხარისხობრივად შესაფასებლად იმდენად არის არსებითი, რამდენადაც უშუალოდ იქნება დაკავშირებული და პირდაპირი გავლენა ექნება რაიმე საზოგადოებრივად ღირებული მიზნის მიღწევისათვის. მართლაც, ფეისბუქში შეიძლება იყოს უამრავი მომხმარებელი, რომელიც ზღვრულად დასაშვებ სუბიექტებთან მეგობრობს, მისი ფოტოები ან პოსტები ყველაზე მეტ „ლაიკს“ იმსახურებს, ყველაზე ხშირადაც ქვეყნდება, იგი ყველაზე მეტადაც აქტიურია, მაგრამ რაიმე სოციალურ მიზანთან ეს ყველაფერი ვერ კავშირდება. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მისი „სოციალური კაპიტალი“ საქმეში არ არის და ისევე მკვდარია, როგორც, ვთქვათ - მიწაში დაფლული ფული (სახარებას თუ გავყვებით - „ტალანტი“).

ცხადია, ფეისბუქი მაინც ვირტუალურია, რეალურ სოციალურ ურთიერთქმედებებს, რასაც პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური კონკრეტული შედეგები აქვს, ვირტუალური ქსელი შეიძლება ან ასახავდეს ან არა. რასაკვირველია, პირიქითაც - ადამიანი შეიძლება სულაც არ იყოს ფეისბუქის მომხმარებელი, მაგრამ უზარმაზარი სოციალური გავლენა და კაპიტალი გააჩნდეს. ეს გავლენა სხვადასხვა სოციოლოგიური მეთოდოლოგიით ასევე ობიექტურად იზომება, თუმცა, თუკი ხარისხობრივად შევაფასებთ, აშკარაა - ივანიშვილის გავლენა, ე.ი. მისი „სოციალური კაპიტალიც“ ნამდვილად შემცირდა, ისევე, როგორც საერთოდ, დაეცა ჩვენს საზოგადოებაში „სოციალური კაპიტალის“ მნიშვნელობა, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას - „ღირებულება“.

ეს „სოციალური კაპიტალი“ რომ წარმოვიდგინოთ მატერიალური კაპიტალის ანალოგიურად და წარმოსახვით გავზომოთ, ვთქვათ, „საპარტნიორო წილების“ ან „აქციების“ ოდენობითა და ამ „აქციების“ „ნომინალური“ თუ „საბაზრო“ ღირებულებით, აშკარა გახდება - 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით, დღეს მთლიანობაში ჩვენი ერის „სოციალური კაპიტალის“ „საბაზრო ღირებულება“ ისევე გაუფასურდა, როგორც, თუნდაც ეროვნული ვალუტა. „სოციალური კაპიტალის აქციების“ ფასი ბაზარზე დაეცა, რჩება შთაბეჭდილება, ობიექტური რაოდენობრივი ინდიკატორებით რომ იზომებოდეს, დაახლოებით ლარის დევალვაციის მასშტაბისაა, ან შესაძლოა მეტიც, ყოველ შემთხვევაში - არანაკლებია, ეს ვარდნაც. თუმცა, აქ ხაზი უნდა გავუსვათ, რასაკვირველია, მთლიანობაში ამგვარი ვარდნა არ ნიშნავს, რომ „სოციალური კაპიტალის აქციათა“ საკონტროლო პაკეტი ივანიშვილმა დაკარგა, იგი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს ადამიანად, როგორც მატერიალური, ისე „სოციალური კაპიტალის“ ფლობის თვალსაზრისითაც. „სოციალური კაპიტალის აქციათა“ თანაფარდობა, თუკი გავლენებისა თუ ნდობის შესაფასებელ ობიექტურ კრიტერიუმად არჩევნების შედეგებს მოვუხმობთ (რაც შეიძლება აქციატა პაკეტის „ნომინალურ“ ღირებულებადაც წარმოვიდგინოთ), ივანიშვილის სასარგებლოდ გაიზარდა კიდეც. მართლაც, უკანასკნელ შუალედური არჩევნებში „ოცნების“ უპირატესობა რაოდენობრივად უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე თუნდაც 2012-ში იყო. თუმცა, ბუნებრივია, „სოციალური კაპიტალის აქციათა“ საბაზრო ღირებულების ინდექსი რომ იზომებოდეს, ვნახავდით, რომ „საბაზრო ფასი ნომინალზე“ გაცილებით ნაკლებია. „აქციათა“ გაუფასურება, სამწუხაროდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შეუქცევადია და შესაძლოა, კრიტიკულ დონესაც კი მიაღწია.

რა იძლევა ამ „კრიტიკული ვარდნის“ სურათს? უწინარეს ყოვლისა, გინდ ბიზნესში, განსაკუთრებით პოლიტიკაში სოციალურ ურთიერთქმედებათა ის უკიდურესად ნეგატიური ფონი, რაც ერთი-მეორის მიმართ უნდობლობით, უარესიც - ისეთივე აგრესიულობითა და ლანძღვა-გინებით, რაც წყეულ 90-იანებში თუ იყო გაბატონებული, გამოიხატება. ასეთ ვითარებაში, ცხადია, რაიმე საზოგადოებრივად ღირებულის შექმნა უკიდურესად რთულია, სოციალური ურთიერთქმედება და კავშირები, თუ პოზიტიური შედეგისთვის მოწოდებული ქსელები, ანუ ჯამში - „სოციალური კაპიტალი“ აშკარად არ არის საკმარისი, რომ საზოგადოებრივად ღირებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ მიზნებს მივაღწიოთ.

მოკლედ რომ ვთქვათ - „ოცნების“ თავმჯდომარე კვლავაც ნომინალური ღირებულებით ყველაზე მეტ „სოციალური კაპიტალის აქციებს“ ფლობს, თუმცა იგი, ქართველი ერის შემდგომ, რომელმაც ვერ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა, ყველაზე მეტად დაზარალდა ამ საყოველთაო „საბაზრო“ გაუფასურების ფონზე. სწორედ ამიტომ, მისი მთავრობის მეთაურად დაბრუნება, შესაძლოა, სარისკო იყოს: მისი სოციალური კაპიტალის შემდგომი „ექსპლოატაცია“, იმ პირობებში, როცა მტრული ძალის მიერ სახელმწიფოზე შეტევა არ წყდება, შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს და უარესიც - ამ კაპიტალის ბოლომდე გაფლანგვისა და ივანიშვილის გაკოტრების წინაპირობადაც კი იქცეს. გახარიას ვარიანტი ივანიშვილის სოციალური კაპიტალის ექსპლოატაციას არ გულისხმობს და ამდენად, უმჯობესია.

გახარიას, რათა ეს „კრიტიკული ვარდნა“ შეაჩეროს, როგორც მისი შს მინისტრად ყოფნისას ნათლად გამოჩნდა, აქვს პოლიტიკოსისთვის მთავარი, უაღრესად დასაფასებელი თვისება - მტკიცე ნება, დამაჯერებლობა და მე ვიტყოდი, ის ქარიზმაც, რაც უდავოდ სჭირდება ლიდერს, რომ ადამიანები აიყოლიოს და საქმის საკეთებლად წინ გაუძღვეს. მას აქვს უნარი საზოგადოებრივად ღირებული მიზნის მისაღწევად სოციალური ურთიერთქმედებები, კავშირები და ქსელები „აამუშავოს“. პიროვნულად, გახარია, ვიმეორებ, უდავოდ საუკეთესო და თითქმის იდეალური არჩევანია!

მაგრამ, სისტემური თვალსაზრისით, ეს, თითქმის იდეალური პიროვნული თვისებები შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს! მიზეზი ნათელია - ქვეყნის პოლიტიკური და მმართველობის სისტემათა ხარვეზები კიდევ უფრო კრიტიკულია, ვიდრე თუნდაც „სოციალური კაპიტალის აქციათა“ გაუფასურება. ისიც კი შეიძლება ვთქვათ - მთავარი მიზეზი „სოციალური კაპიტალის“ გაუფასურებისა, სწორედ ეს ხარვეზებია.

ყველაზე უტყუარი კრიტერიუმი ასეთი სისტემური ხარვეზებისა - თავად მთავრობის, როცა მმართველი პარტია არ შეცვლილა, გამოცვლის ფაქტია!

მართლაც, თუ სისტემური თვალსაზრისით შევაფასებთ, საკმაოდ პრობლემური სურათი იკვეთება: ბახტაძის განცხადებით, მან საკუთარი თავი ამოწურა, ვინაიდან, როგორც თავადვე ბრძანა: „განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“.

სისტემურ ხარვეზის ინდიკატორად აქ უნდა მივიჩნიოთ უწინარესად ის, რომ „განვითარების სტრატეგიული ჩარჩო“, რაზეც ვრცლად არის საუბარი ბახტაძის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ - „გადადგომის ანგარიშში“ , უაღრესად ბუნდოვანი ტერმინია. წესით და კანონით მთავრობა მანდატს სამთავრობო პროგრამის განხორციელებისთვის იღებს, ხოლო „განვითარების სტრატეგიულ ჩარჩოს“, ვინაიდან ეს ტერმინი არანორმატიული, დამაბნეველი და გაუგებარია, ის შინაარსი ვერ ექნება, რაც კონსტიტუციიდან გამომდინარე, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო პროგრამას უნდა გააჩნდეს.

რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სამთავრობო პროგრამა არ შეიძლება მხოლოდ „ad hog“ (ლათინური ტერმინია, ქართულად ასე ითარგმნება: „მხოლოდ ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის“), თუნდაც ეს „განსაკუთრებულობა“ თუ „განუმეორებლობა“ იყოს „განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა“, არსებობდეს. ყოველი ხელისუფლების, მთავრობისა თუ მმართველობის სისტემის უზოგადესი, უნივერსალური მიზნებია ეროვნული უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამ ძირეული მიზნების, რაც, რასაკვირველია, თავისთავადაც, უკვე, მართალია, უზოგადეს, მაგრამ უნივერსალურ „სტრატეგიულ ჩარჩოს“ უკვე წარმოადგენს, მისაღწევად კი სამთავრობო პროგრამა არ შეიძლება რაიმე „ერთადერთი და განუმეორებელი“, „სპეციალური მისიით“ შემოიფარგლოს, გარდა იშვიათი, საგამონაკლისო საგანგებო შემთხვევებისა! როცა, ვთქვათ, ღმერთმა დაიფაროს და ომიანობაა, მაშინ - ერთადერთი და განუმეორებელი მთავარი მიზანი, რასაც ყველა და ყველაფერი ემორჩილება, ნათელია - ომია მოსაგები, ანდა, როცა „ტექნიკურ მთავრობასთან“ გვაქვს საქმე, როგორც წესი, ასეთი „ტექნიკური მთავრობები“ არა „განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა- დანერგვისთვის“, არამედ პოლიტიკური კრიზისების დროს ძირითადად სტაბილურობის შესანარჩუნებლად, გარკვეული შეზღუდული ვადით (მაგ. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე) იქმნება.

რაც შეეხება თავად „განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნასა და დანერგვას“, თუკი პრემიერყოფილი ამ ტერმინით პოლიტიკის სტრატეგიულ დაგეგმარებას გულისხმობს, თავისთავად, იგი ერთჯერადი აქტი ვერ იქნება, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ნებისმიერი მთავრობის საქმიანობისას უწყვეტი და მუდმივი პროცესი, ყოველი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი „მისია“. ასეთი „მისია“ რომელიმე მთავრობის ხელში ვერასგზით ვერ ამოიწურება. ასე რომ იყოს, პოლიტიკის განმახორციელებელი ცენტრალური ორგანო - მთავრობა საჭიროც არ იქნებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დანერგილ „განვითარების სტრატეგიულ ჩარჩოს“ პროფესიული სამოხელეო კორპუსიც პრობლემების გარეშე შეასხმადა ხორცს!

ცხადია, თუკი მდგრადი და უწყვეტი განვითარება გვსურს, პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმარება არც უნდა ამოიწუროს და ერთი წამითაც არ უნდა შეჩერდეს, როცა ერთი რომელიმე კონკრეტული სტრატეგია თუ მისი შემადგენელი რაიმე პროგრამა დასრულდება, იგი მიმდინარეობის პროცესშივე ან უნდა კორექტირდეს, ანდა, თუკი მისი მიზნები საბოლოოდ მიღწეულია და ყველა ამოცანა უკვე გადაჭრილი, ახალი გამოწვევების შესაბამისად, ახალი სტრატეგიით და შესაბამისად, პროგრამით უნდა შეიცვალოს. რაც მთავარია, ამ სტრატეგიული დაგეგმარების უწყვეტ და მუდმივ პროცესს სავსებით კონკრეტული შინაარსი უნდა ჰქონდეს, იგი არა „ერთჯერად და განუმეორებელ“, მით უმეტეს, არა აბსტრაქტულ პოლიტიკურ სპეკულაციებსა და სხვა „ღირებულებით“ მსჯელობებს, არამედ ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვის სრულიად კონკრეტული დოკუმენტების რაციონალურ მეთოდოლოგიასა და წესებზე დაყრდნობით შექმნას, მიღებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს, შეფასებასა და კორექტირება-განახლების მუდმივ პროცესს გულისხმობს. ეს კი, ყოვლად წარმოუდგენელია, მხოლოდ ერთი რომელიმე მთავრობის სპეციალური მანდატისა თუ „მისიის“ საგანი იყოს.

ასევე წარმოუდგენელია, რომ საარჩევნო ვადის ამოწურვამდე სამთავრობო პროგრამა სრულად შესრულდეს. თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს - თავად პროგრამა იყო მცდარი და იგი, მიმდინარეობის პროცესშივე უნდა კორექტირებულიყო. საერთოდაც - მთავრობის გადადგომა იმიტომ, რომ მან მისია ამოწურა - უკვე არასერიოზულია, რადგან მართვა-გამგებლობა აშკარად დაუსრულებელი (და არა შეუსრულებელი) მისიაა!

ცხადია, გახარიას მთავრობასაც, ასევე - მის შემდგომ უკლებლივ ყველა მთავრობასაც, ვიდრე ეს ქვეყანა ჰგიებს, ეს მისიაც - ე.ი. პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმარებაც, უდავოდ, ყოველ მიზეზს გარეშე, უნდა ჰქონდეს და იმედია, ბოლოს და ბოლოს ექნება კიდეც! ამასთან, ამ სტრატეგიულ დაგეგმარებას, ბუნებრივია, თავისი მკაფიო „ინსტიტუციური ჩარჩო“ უნდა გააჩნდეს და ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემა სწორედაც ეს არის. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი ინსტიტუციური ჩარჩო, აგერ, უკვე, თითქმის 30 წელი გავიდა სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან, ვერ შეგვიქმნია. უნდა ვაღიაროთ - ეს ვერც ბახტაძის მთავრობამ მოახერხა, თუმცა კი მიიჩნევს, რომ „განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და უკვე დანერგა“ კიდეც!

სინამდვილეში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტრატეგიული დაგეგმარება პოლიტიკის კონკრეტული დოკუმენტების მიღება-განხორციელება-შეფასება-კორექტირების უწყვეტ, მუდმივ პროცესს ნიშნავს და ასეთი პროცესის მკაფიო ინსტიტუციური ჩარჩო დღემდე არ არსებობს, რადგან, ჯერ კიდევ, ბოლომდე გარკვეული არ არის პოლიტიკის დოკუმენტების რაობა, მათი სახეები და იერარქია, მათი მომზადების, მიღების და განხორციელებაზე ზედემხედველობის, შეფასების, მათი კორექტირების რაციონალური მეთოდები, ნათელი რეგლამენტები და გამართული წესები. მაგალითად, ისიც კი კვლავაც ღია, გადაუჭრელი საკითხია, რა გავლენა აქვს სამთავრობო პროგრამას, რომელმაც მოიპოვა პარლამენტის მხარდაჭერა და ამით მთავრობის ნდობის საფუძველი გახდა, თუნდაც ქვეყნის „ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების“, როგორც სწორედაც სტრატეგიული დაგეგმარების მთავარი დოკუმენტის მომზადებასა თუ კორექტირებაზე?

პრობლემა უდავოდ საკანონმდებლო ხასიათისაა, ვინაიდან საკანონმდებლო აქტებით (ძირითადად „საბიუჯეტო კოდექსით“) საუბარი შეიძლება კონკრეტული, კანონით დადგენილი შინაარსის მქონე პოლიტიკის მხოლოდ შემდეგი სამი სახეობის დოკუმენტზე, კერძოდ, საბიუჯეტო აქტებზე (სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონზე, ავტონომიური რესპუბლიკის ანალოგიურ კანონზე, საკრებულოს დადგენილებაზე ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ), ქვეყნის „ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე“, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის „პრიორიტეტების დოკუმენტზე“. მართალია, კანონი მოიხსენიებს აგრეთვე სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკისა თუ მუნიციპალიტეტის „საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებსაც“, თუმცა მათ კონრეტულ შინაარსს არ განსაზღვრავს.

ასევე, საინტერესოა საკანონმდებლო პრაქტიკა ტერმინ „სტრატეგიის“ რაობის გასარკვევადაც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერმინი არცთუ იშვიათად გამოიყენებოდა და კვლავაც გამოიყენება ჩვენს კანონმდებლობაში. „საკანონმდებლო მაცნეში“ ამჟამად იძებნება 100-ზე მეტი კანონი, რომელშიც ეს სიტყვა გვხვდება, თუმცა თუ დავაკვირდებით, სულ სხვადასხვაგვარ კონტექსტში და უაღრესად არაერთგავროვანი, ხშირად ურთიერთსაპირისპირო და წინააღმდეგობრივი შინაარსითაც.

ჩვენს კანონმდებლობაში გვხვდება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის მიერ ნორმატიული აქტის სახით მიღებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომელთა სათაურში ეს სიტყვა - „სტრატეგია“ გამოიყენება. სულ საქართველოს პარლამენტს 2 ასეთი სტრატეგია აქვს დადგენილებით დამტკიცებული, („საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 13 თებერვლის N4334 დაგენილება და „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014 - 2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 30 აპრილის N2315 – IIს დადგენილება), ხოლო საქართველოს მთავრობას - სულ 36 სექტორალური სტრატეგია აქვს მიღებული 2010 – 2019 წლებში. ასევე, სექტორალური სტრატეგიის მინისტრის ბრძანებით დამტკიცების შემთხვევებიც გვხვდება ჩვენს კანონმდებლობაში (კერძოდ, სულ 3 ასეთი შემთხვევაა - 2 იუსტიციის მინისტრის, ხოლო 1 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის).

ასეთი მდგომარეობა, როცა 2015 წლამდე სრულიად ბუნდოვანი იყო „სტრატეგიების“ როლი და ადგილი, ნათლად მიუთითებდა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემისა და შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტების სფეროში არსებულ მწვავე პრობლემებზე.

ბახტაძის პრემიერობამდე ჯერ კიდევ კვირიკაშვილის მთავრობა შეეცადა ამ ფუნდამენტური სისტემური ხარვეზის გადაწყვეტას და ამ მთავრობამ 2015 წლის 19 აგვისტოს მიიღო N427 დადგენილება: „საჯარო მმართველობის განხორციელების სტრატეგიული დოკუმენტების - „საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020-ისა“ და „პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია 2015-2017-ის“ დამტკიცების თაობაზე“ (იხ. „საკანონმდებლო მაცნე“ https://matsne.gov.ge/document/view/2953552?publication=0). თავად ამ დადგენილებაში არსებული ვითარება უაღრესად კრიტიკულად არის შეფასებული, კერძოდ, დაგეგმვის დოკუმენტების თაობაზე გამოტანილია ეს მძიმე დასკვნა:

„1. არ არსებობს უნიფიცირებული, სისტემური მიდგომა დაგეგმვის დოკუმენტების შესამუშავებლად;

  1. დაგეგმვის დოკუმენტების ხარისხი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო პრაქტიკით არსებულ მოთხოვნებს;
  2. არ არსებობს სახელმძღვანელო დოკუმენტი სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რომელშიც განმარტებული იქნებოდა პოლიტიკის დაგეგმვის ციკლი, სავალდებულო დოკუმენტების ნუსხა და მათი შემუშავების მეთოდოლოგია.“ (იხ. აღნიშნული დადგენილების დანართის პუნქტი 2.2.2. „დაგეგმვის დოკუმენტების სტრუქტურა და ხარისხი“);

ამ დადგენილებითვე „პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმირებისათვის“ დაისახა შემდეგი ამოცანები:

  1. საკანონმდებლო ბაზისა და მეთოდოლოგიური ჩარჩოს გაუმჯობესება პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტების მოსამზადებლად;
  2. პოლიტიკის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელშიც განსაზღვრული იქნება დოკუმენტების ნუსხა, იერარქია, ურთიერთმიმართება და მომზადების წესი;
  3. პოლიტიკის დაგეგმვასა და კანონმდებლობის შემუშავებას შორის კავშირის უზრუნველყოფა;
  4. პოლიტიკის დაგეგმვასა და ბიუჯეტირების პროცესს შორის კავშირის უზრუნველყოფა;

5.სამინისტროების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება;

  1. შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების დანერგვა.“

ისიც აღსანიშნავია, რომ დაგეგმვის სისტემის მოწესრიგების ეს მცდელობა დიდად წარმატებული არ ყოფილა, რადგან მთავრობის ამ დადგენილებაში პოლიტიკის დაგეგმვის შემოთავაზებული ინსტიტუციური ჩარჩო არა სავალდებულო, არამედ ოდენ სარეკომენდაციო ხასიათისა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სისტემური თვალსაზრისით პრობლემა მხოლოდ „რეკომენდაციების“ დონზე მოგვარდა, ხოლო ნორმატიული, ე.ი. სამართლებრივი შედეგების მიღების კუთხით, კვლავაც ღია და მწვავე ხასიათი აქვს, უნდა აღვნიშნოთ: თუ ბახტაძის ტერმინს - „განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა“ გავიგებთ სიტყვა-სიტყვით, ე.ი. როგორც პოლიტიკის დაგეგმვის სისტემას, მაშინ - ასეთი „ჩარჩოს“ შექმნისა და თუნდაც ოდენ სარეკომენდაციოდ შეთავაზების ავტორი კვირიკაშვილის მთავრობაა და არა ბახტაძისა. ხოლო თუ ამ ბუნდოვან ტერმინს გავიგებთ განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და შესაბამისი დარგობრივი თუ სექტორალური, ანდაც მულტი-სექტორალური, მით უმეტს - საერთო ეროვნული მნიშვნელობის „სტრატეგიების“ განსაზღვრის თვალსაზრისით, როგორც ეს თითქოს გამომდინარეობს თავად ბახტაძის ზემოთხსენებული „გადადგომის ანგარიშიდან“, მაშინ ხაზგასმით ესეც უნდა აღვნიშნოთ: საქართველოს მთავრობას ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას მიღებული აქვს სულ სამად სამი ასეთი სტრატეგია („საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“, „საექთნო საქმის განვითარების“, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ სტრატეგიები). სამივე ან რეგიონული ანდაც ვიწრო-დარგობრივი შინაარსისაა და ამრიგად, ეროვნული განვითარების რაიმე „სტრატეგიულ ჩარჩოზე“, მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული დოკუმენტებიდან გამომდინარე, რასაც სათანადო სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა, ვერ ვისაუბრებთ. ცხადია, შესაძლებელია საუბარი თავად პარლამენტში მხარდაჭერილ სამთავრობო პროგრამაზეც (როცა ბახტაძის მთავრობამ ნდობა მოიპოვა) და განსაკუთრებით, ბახტაძის „გადადგომის ანგარიშში“ საკმაოდ დეტალურად წარმოდგენილ განვითარების პრიორიტეტებზე, მართლაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვან სამ მთავარ მიმართულებაზე (საგარეო უსაფრთხოება და ინტეგრაცია დასავლურ სამყაროსთან, ეკონომიკური განვითარების 21-ე საუკუნის მოდელი და განათლება, როგორც ეროვნული იდეა), ამ მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებზეც, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ „ღირებულებითი“ მსჯელობებია, თუ გნებავთ - უაღრესად სასარგებლო, მაგრამ ოდენ - პოლიტიკური სპეკულაციებია. მათ კი რაიმე არსებითი სამართლებრივი შედეგები პოლიტიკის დაგეგმვის, ამ პოლიტიკის „სტრატეგიული ჩარჩოს“ შექმნისთვის ვერ მოჰყვება, სანამ ეს მსჯელობანი ეროვნული განვითარების სტრატეგიული ვექტორების თაობაზე სათანადო, მკაფიო ნორმატიულ შინაარსს არ შეიძენენ, ე.ი. არ აისახებიან პოლიტიკის დაგეგმვის კონკრეტულ ნორმატიულ დოკუმენტებში: სამთავრობო სტრატეგიებსა, სამოქმედო პროგრამებსა თუ გეგმებში, იგივე „ძირითადი მონაცემებისა თუ მიმართულებების დოკუმენტსა“ თუ საბიუჯეტო აქტებში!

ამავდროულად, უაღრესად მნიშვნელოვანია განვითარებაში ადგილობრივი და რეგიონული დონეების მკაფიოდ გამოკვეთა, მათი მნიშვნელობის ხარისხობრივი გაძლიერება: ახლა სრულდება მუშაობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, სადაც სწორედ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე პოლიტიკის სისტემური წარმოებისათვის საჭირო დაგეგმარებაზეც, რომელიც დღემდე ასევე არ არსებობს, სისტემურად შექმნის აუცილებლობაზეც არის საუბარი.

ამრიგად, ჩვენი მმართველობის ფუნდამენტურ პრობლემად პოლიტიკის დაგეგმვის სისტემურობა, დაგეგმვის დოკუმენტების რაობა, შინაარსი, მათი სახეები და იერარქია, დაგეგმვის დონეების (ეროვნული, რეგიონული და მუნიციპალური) და შესაბამისი ინსტიტუციების გაურკვევლობა, პოლიტიკის დოკუმენტების მომზადების, მიღების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების, მათში ცვლილებების შეტანის მეთოდები, რეგლამენტები და წესები კვლავაც ყველაზე სუსტ წერტილად და მე ვიტყოდი, უმთავრეს თავის ტკივილად რჩება! ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე ვერანაირი მატერიალური კაპიტალი თავისთავად პროგრესს ვერ მოიტანს, ხოლო „სოციალური კაპიტალი“ კი, თუ იგი კიდევ შეგვრჩენია - ფუჭად გაიფლანგება! ამიტომ,

გახარიას მთავრობისგან არა მხოლოდ ველით, არამედ უნდა მოვითხოვოთ კიდეც სამთავრობო პოლიტიკის სისტემურ რელსებზე რაც შეიძლება დროულად გადაყვანა, რაც, უწინარეს ყოვლისა, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე განვითარების სტრატეგიული დაგეგმარების, ზოგადად თუ ვიტყვით - პოლიტიკის დაგეგმვისა და გატარების მწყობრი სისტემის შექმნას, ამ სისტემის სამართლებრივ თუ ინსტიტუციურ უზრუნველყოფას გულისხმობს. ეს იქნება ახალი მთავრობის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, უმთავრესი ამოცანა!

მეორე, არანაკლებ ფუნდამენტური მნიშვნელობის ამოცანა, რასაკვირველია, პოლიტიკური სისტემის არსებითი ცვლილებებია. უწინარეს ყოვლისა - მტრული ძალის (იგულისხმება ნაცების ორივე პოლიტიკური ფრთა და მთლიანად მათი მკვებავი „ლიბერასტული“ ბანაკი) სახელმწიფოზე შეტევის აღკვეთა და ე.წ. კოაბიტაციის მავნე შედეგების ძირფესვიანად აღმოფხვრა-გამოსწორება! ამ თემაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მათ შორის, მეც არაერთი წერილი მივუძღვენი და სიტყვას აღარ გავაგრძელებ. თუმცა დავსძენ: პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ხარისხობრივი გაჯანსაღებისთვის ასევე არსებითია უკვე დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა - პროპორციული არჩევნები „ბუნებრივი“ ბარიერით, ყოველ მიზეზს გარეშე, 2020 წელს რეალობად უნდა იქცეს!

სწორედ ამ ორი უმთავრესი მიზნის - პოლიტიკური და მმართველობის სისტემების ფუნდამენტური რეფორმების საფუძვლების შექმნას უნდა მოხმარდეს მომავალ არჩევნებამდე გახარიას თითქმის იდეალური პიროვნული უნარ-თვისებები და მისი მთავრობის ძალისხმევაც!

იმედია, ასეც იქნება და მხოლოდ წარმატებები უნდა ვუსურვოთ საქართველოს ახალ მთავრობას!

სოციალისტი ერთი შეკითხვა მაქვს, ეს ვიღაც გაურკვეველი არსებები, რომლებიც პარლამენტის მახლობლად დაძრწიან, "შვიშტოკს უფშვიტინებენ", "საპრუწუნას აპრუწუნწბენ" ხმაურობენ, გნიასობენ, თვალებს ქაჩავენ ... შემთხვევით საგიჟეთიდან ხომ არ გამოქცეულან?! თუ ეს სტვენა და ჭყვიტინი დასაშვებია, მაგათ რომ იშოვნონ გენის ან ელმავალის საყვირები და იმით ატეხონ ხმაური, მაშინ რა ვქნათ, ისიც, ის ხმაური, დემოკრატიის და ზოგადად ადამიანის უფლებების არეში ჯაჯდება?!
5 წლის უკან
სოციალისტი გემის უნდა იყოს და არა გენის, შემეშალა.. (((
5 წლის უკან
შაქრო ქვეყნის მოდერნიზაციის, განვითარების, რამე სტრატეგიული გეგმის შედგენის შესაძლებლობაც კი მოდის წინააღმდეგობაში საქართველოში გაბატონებულ შეხედულებებზე სახელმწიფოზე, ეკონომიკაზე.
ამ შეხედულებებს სავსებით იზიარებს მმართველი გუნდიც თავისი კომპაქტური მთავრობით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ მოსწონს მოსახლეობის უმრავლესობას, მაგრამ სავსებით მისაღებია არსებული ბიზნეს და პოლიტიკური ელიტისთვის და ის გაუწევს გააფთრებულ წინააღმდეგობას ყოველგვარ ცვლილებებს.
ოდესღაც დიდი ყურადღებით ვსწავლობდი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ისტორიას და გამოცდილებას. შეიძლება ითქვას ტყუილად დავკარგე დრო, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია დანამვილებით: ღარიბი ქვეყნები განწირული არიან დარჩნენ სულ ღარიბებად, მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს განვითარება.
არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს გახარიასი, მით უმეტეს ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მაგრამ ვვეწვობ რომ მან რამე შეძლოს.
შეცვალოს ქვეყნის ბედში.
5 წლის უკან