ექსპერტი მამუკა არეშიძე მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას ეხმიანება და მის ნაცვლად გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნას აფასებს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ გახარიასნაირი კადრის დანიშვნა ოპოზიციისთვის წამგებიანია.
- თქვენი აზრით, საბოლოოდ რა გადაწყდება კონსტიტუციით დაწესებული უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ვინ შეცვლის მამუკა ბახტაძეს?
- გუნდიდან გამოსული ინფორმაციით, როგორც ყველასთვის ცნობილია, გიორგი გახარია უნდა იყოს, დეტალები არ ვიცი.
- რას უნდა ნიშნავდეს ძალოვანი მინისტრის ქვეყნის მმართველის პოსტზე გადაყვანა? რეალურად, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ უფრო მეტად – ეკონომიკური თუ კონფლიქტების კუთხით? ვანო მერაბიშვილის მაგალითი რომ გავიხსენოთ, სწორედ მის გაპრემიერებას მოჰყვა პანკისში უკვე არსებული პრობლემის გამწვავება და ლაფანყურის ცნობილი ამბები.
- ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, ცოტა სხვა ვითარება იყო. მისი მინისტრობის დროს, ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე მოხდა ჩეჩენი ახალგაზრდების ჩამოყვანა და ბაზებზე მათი მომზადების დაწყება. პრემიერ–მინისტრად გადასვლის დროს, ეს საქმიანობა უკვე პროცესში იყო და ლაფანყურის მოვლენები, მართალია, ახალაიას მინისტრობის პერიოდში მოხდა, მაგრამ დაწყებული იყო მერაბიშვილის დროს. ახალაიასა და მერაბიშვილს რომ დაპირისპირება ჰქონდათ, რისი შედეგიც იყო ლაფანყური, ეს კიდევ სხვა თემაა. იმასთან პარალელს ვერ გავავლებთ.
გახარიასთან დაკავშირებით კი საზოგადოების მხრიდან სხვა ტიპის შეკითხვებია, რომლებიც ივნისის მოვლენებს უკავშირდება. ექსპერტებთან შეხვედრაზე გახარიამ თქვა, რომ შემოდგომაზე ყველაფერს მოჰფენდა ნათელს. ჩვენ ყველანი გამოძიების საბოლოო შედეგებს ველოდებით, რომელიც საზოგადოების ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ამის პირობა მან უკვე დადო. ეს არავითარ პარალელში არ არის მერაბიშვილის დროს მომხდარ ამბებთან.
რაც შეეხება თვითონ გახარიას, მან თავი აჩვენა, როგორც მოქმედების ადამიანმა, აქედან გამომდინარე, საზოგადოების, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანას ძლიერი ხელმძღვანელი ჰყავდეს, ერთი ნაწილი მიესალმება მის დანიშვნას, მეორე – არა. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველას გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებ.
- ოპოზიცია როგორ შეხვდება გახარიას გაპრემიერებას?
- ოპოზიციის წარმომადგენლები სულ იმაზე საუბრობენ, რომ „ქართული ოცნება“ თავს დაიღუპავს და დამთავრდება, თუ გახარია წამყვან პოსტზე იქნება. მათი ეს შეფასება ცოტა უცნაური და არალოგიკურია, თუ „ქართული ოცნება“ დამთავრდება, ეს ხომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს და ახლა რა გამოდის? მათ რა ანერვიულებთ, ვერ გავიგე. თუ „ოცნება“ საკუთარ თავს თვითონ ღუპავს, მათთვის სასიამოვნო და გასახარი უნდა იყოს ეს ამბავი. უბრალოდ, მე სხვა რამეს ვფიქრობ, გახარიასნაირი ფიგურის პრემიერად მოსვლა, მათთვის წამგებიანია, შედეგები იციან, ბევრად უფრო მკაცრი შეფასებები მიეცემა მათ ზოგიერთ აბსოლუტურად არაკონსტიტუციურ ქმედებას. სწორედ აქედან გამომდინარე ამბობენ ამას.
ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მაინც უკვე მიღებულია. თუმცა, დაველოდოთ შედეგს. ვიცი, რომ გაკრვეული წინააღმდეგობაა თვითონ უმრავლესობაშიც, სხვადასხვა მიზეზის გამო და რა შედეგები იქნება, რთული სათქმელია. ეს ამბავი ჩვეულებრივად რომ არ ჩაივლის, ფაქტია. ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება სამთავრობო პაუზით ისარგებლოს და თავისი გაიტანოს. ხელისუფლების საქმე კი ის არის, რომ თავის თავზე აღებული პასუხისმგებლობის ჩარჩოებში ბოლომდე გააკეთოს თავისი საქმე.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა.