საქართველოს ხელისუფლება ყველაზე ხშირად მსოფლიო ბანკის კვლევის – „ბიზნესის კეთება 2011“-ის შედეგებით აპელირებს. ამ კვლევაში წელს საქართველომ მეთორმეტე ადგილი დაიკავა. გავლენიანმა გამოცემა „The Economist“-მა ოფიციალურ თბილისს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის რეიტინგის შედეგების გათვალისწინება ურჩია. „The Economist“-ი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ კვლევისგან განსხვავებით ეკონომიკური კრიტერიუმების უფრო ფართო საზომს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზეზი, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევა არ მოსწონდეს – წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში საქართველომ სამი საფეხურით უკან დაიხია და 139 ქვეყანას შორის 93–ე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ბანკის კვლევა „ბიზნესის კეთება 2011“ 9 კრიტერიუმისგან შედგება. იმ კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო დროს, პროცედურებს, ხარჯებსა და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს ეხება, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მერვე ადგილი უკავია. სამშენებლო ნებართვების ასაღებად საჭირო პროცედურების, დროის, ხარჯებისა და შემოწმებების მიხედვით მეშვიდე, ხოლო საკუთრების დარეგისტრირების – კომერციული უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების, დროისა და ხარჯების მიხედვით, მეორე.
ინვესტორთა დაცვის კატეგორიაში საქართველოს მე-20 პოზიცია უკავია, კრედიტის აღების კრიტერიუმში კი მე-15. გადასახადების პარამეტრში (გადასახადების რაოდენობა, გადასახადების გადახდა-დაბრუნებისათვის საჭირო დრო) საქართველოს მდგომარეობა 61-ე ადგილითაა შეფასებული. რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობას, ექსპორტისა და იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციის, დროისა და ხარჯების მიხედვით საქართველოს 35-ე ადგილი აქვს დაკავებული, კომერციული დავების მოსაგვარებლად საჭირო დროის, პროცედურებისა და ხარჯების მიხედვით კი 41-ე. „ბიზნესის კეთება 2011“-ის შეფასების ცხრა კრიტერიუმიდან ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ „ბიზნესის დახურვის“ კატეგორიაში მიიღო და 183 ქვეყანას შორის 105-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოს წინსვლა ჰქონდა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელ რეიტინგებშიც: „ფრეიზერის“ რეიტინგის მიხედვით, მან 42-დან 23-ე ადგილზე, ხოლო „ჰერიტიჯის ფონდის“ რეიტინგში 32-დან 26-ე ადგილზე გადაინაცვლა. „ჰერიტიჯის ფონდის“ მონაცემებით, საქართველომ გააუმჯობესა ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: ქვეყანაში სახელმწიფო დანახარჯების წილის შემცირება, საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, ბიზნესის დაწყების გამარტივება, სავაჭრო ბარიერების, ბიუროკრატიული დანახარჯებისა და პროცედურების შემცირება.
„ფრეიზერის ინსტიტუტის“ კვლევის ( კვლევა 2008 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა.) თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 5 პარამეტრიდან საქართველომ სამის გაუმჯობესება შეძლო, ორი კი ოდნავ შემცირდა. საქართველოს მაჩვენებლები გაუმჯობესდა მთავრობის ზომის პარამეტრში, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით საბიუჯეტო ხარჯები შემცირდა. ასევე გაუმჯობესებაა მყარი ვალუტის ხელმისაწვდომობის ნაწილში და საგარეო ვაჭრობისათვის ხელშემშლელი ბარიერების გაუქმების პარამეტრშიც. გაუარესება შეიმჩნევა რეგულაციებისა და სამართლებრივი სისტემის – საკუთრების უფლების ნაწილში. საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა კი ყველაზე დაბალი ქულითაა შეფასებული.
ორი საფეხურით გაუარესდა საქართველოს პოზიცია „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2010 წლის შედეგებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში საქართველომ 3.8 ქულით 178 ქვეყანას შორის 68–ე ადგილი დაიკავა. ორგანიზაციის განმარტებით, „სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტის, თბილისის მერისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების) გამჭვირვალობის ნაკლებობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანსების საკითხებში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართულობის დაბალი დონე – ეს იმ საკითხების ნუსხაა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება“.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული „საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ანგარიში“ ის კვლევაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებს. 2010 წლის კვლევის შედეგებით, საქართველოს 139 ქვეყანას შორის 93–ე ადგილი უკავია. სხვათაშორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებულ ანგარიშში აზერბაიჯანი 57-ე ადგილზეა, რუსეთი - 63-ზე, ირანი 69-ზე, ხოლო უკრაინა 89-ე ადგილზე. „საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ საქართველოს 5 საფეხურით ჩამორჩა სომხეთი – ის 98-ე ადგილზეა.
„საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ საკუთრების დაცვის კრიტერიუმით ჩვენი ქვეყანა 120–ე ადგილზეა, ხოლო სასამართლოს თავისუფლების ხარისხით 104–ე ადგილზე. ნაციონალური დაგროვების ინდექსით საქართველოს 110–ე პოზიცია უკავია, ანტიმონოპოლიური რეგულირებით კი 135–ე. კვლევითი ინსტიტუტების ხარისხის მიხედვით ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა 120–ე ადგილით შეფასდა. მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით კი საქართველოს 130–ე ადგილი მიუჩინეს.
ამ კვლევაში უმაღლესი განათლების დონით საქართველოს 90-ე ადგილი მიუჩინეს, ფინანსური ბაზრის განვითარების დონით კი 108-ე. ტექნოლოგიური მზაობის კრიტერიუმში საქართველოს 98-ე ადგილი უკავია, ხოლო ინოვაციებისა და გამოცდილების ფაქტორით - 121-ე. 97-ე ადგილითაა შეფასებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კრიტერიუმი. წვრილ აქციონერთა ინტერესების დაცვის მხრივ საქართველოს მდგომარეობა კი 122-ე ადგილით შეფასდა. გზების ხარისხის მიხედვით 65-ე ადგილი გვიკავია, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხით 86-ე. უმაღლესი განათლების ხარისხში საქართველოს მდგომარეობა 105-ე ადგილით შეფასდა, საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის მიხედვით -119-ეთი. ტვინების გადინების კრიტერიუმში საქართველო 104-ე პოზიციაზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე პრობლემატურ სფეროებად დაფინანსების ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო ძალის არაადექვატური განათლება, საგადასახადო რეგულაცია, არასათანადო ინფრასტრუქტურა, მაღალი გადასახადები, ინფლაცია, სამთავრობო ბიუროკრატია, შრომითი რეგულაცია და კორუფცია დასახელდა.