ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. მმართველი პარტიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიძინა გეგიძე “2020NEWS“-თან აფასებს და აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობა არ აპატია.
- ბატონო ბიძინა, გუშინ პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია დაგატოვებინეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კონკრეტულად რას უკავშირებთ?
- უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის დატოვება ჩემს განსხვავებულ პოზიციებს უკავშირდება. მე ჯერ კიდევ წინა წილის დეკემბერში ვთქვი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, ჩემსა და ”ქართულ ოცნებას“ შორის შესაძლოა, წყალგამყოფი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მქონდა და მაქვს ძალიან კრიტიკული პოზიცია.
- სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორ ფიქრობთ, “ქართულმა ოცნებამ“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობა არ გაპატიათ?
- ბევრი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, ის, რაც ახლა თქვენ თქვით. ეს ყველაფერი ლოგიკურია. მე “ქართულ ოცნებას“ არ ვუპირისპირდები და არც მას მერე დავუპირიპირდი, რაც ჩემი საქმიანობის ქექვა დაიწყო. მე ვარ პოლიტიკოსი, ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ჩემი ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით ვმოქმედებ. იმ პასუხისმგბელობით, რომელიც ამომრჩეველმა მომანიჭა.
- “ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, პოლიტიკურ მომავალს “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს დაუკავშირებთ?
- ხაზარაძე-ჯაფარიძეს სხვა გეგმები და ხედვები აქვთ. მე მათთან თანამშრომლობაზე ახლა არ ვფიქრობ და არც აქამდე მიფიქრია. მათთან არანარი კომუნიკაცია არ მქონია.
- 2020 წელს პოლიტიკაში დარჩენას კვლავ აპირებთ?
- მე დღეს პოლიტიკაში ვარ. იქ, სადაც ვარ, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ჩემი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. ხალხმა უნდა განსაჯოს, რამდენად წამატებული ვიყავი პოლიტიკაში. სადაც არ უნდა ვიყო, პოლიტიკაში თუ კერძო სექტორის სივრცეში, გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, თავისუფლების ხარისხის შენარჩუნებას გავაგრძელებ.